ჯანჯაფილი – ყოვლისშემძლე ფესვი ტროპიკული ქვეყნებიდან

გააზიარე:

რა იქნებოდა აზიური სამზარეულო ჯანჯაფილის ციტრუსოვანი არომატისა და ცეცხლოვანი სიცხარის გარეშე? თუმცა ის არა მხოლოდ სანელებელი, არამედ საუკეთესო მკურნალიცაა.

წარმოშობა

ჯანჯაფილის (Zingiber officinale) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა. ლეგენდები მოწმობს, რომ იქ ის მეტად პოპულარული სანელებელი იყო. ერთი ლეგენდის თანახმად, ჯანჯაფილის ფესვი ადამიანს ისეთ ძალას აძლევდა, რომ მას ვეფხვის მოთვინიერებაც კი შეეძლო.

ჯანჯაფილს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყენებდნენ ჩინელი, ინდოელი და იაპონელი მკურნალები. დაახლოებით 2000 წლის წინ ის ძველ საბერძნეთსა და რომშიც გავრცელდა.

ჯანჯაფილის ბაზარს საუკუნეების განმავლობაში არაბი ვაჭრები აკონტროლებდნენ. XIII-XIX საუკუნეებში ერთი გირვანქა (დაახლოებით 500 გრამი) ერთი ცხვრის ფასი ღირდა.

შუა საუკუნეებში ტკბილეულის ჯანჯაფილით შეკაზმვის ტრადიცია დამკვიდრდა. დღესაც პოპულარულია კაცუნას ფორმის თაფლაკვერი – Gingerbread man, რომელიც, გადმოცემით, ელიზაბეტ პირველმა მოიგონა.

კვებითი ღირებულება

ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებული ქიმიური ანალიზის შედეგად ჯანჯაფილის შემადგენლობაში შემავალი 400-ზე მეტი ნივთიერების იდენტიფიცირება მოხერხდა. ცხარე არომატს მას ჯინჯეროლი (Gingerole) და შოაგოლი (Shogaole) აძლევს. მთლიანობაში, ჯანჯაფილის ფესვში ექვსამდე ასეთი ნივთიერებაა აღმოჩენილი, რომლებსაც ანთებასაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

100 გ ნედლი ფესვის შემადგენლობაში შედის:

საკვები ნივთიერებები

ნახშირწყლები – 9 გ, მათ შორის – 8,9 გ შაქარი

ცილა – 1,2 გ

ცხიმი – 1 გ

უჯრედისი – 1,1 გ

ვიტამინები

B6 – 160 მკგ

B2 – 40 მკგ

B1 – 20 მკგ

C – 5 მგ

მინერალები

რკინა – 500 მკგ

სპილენძი – 150 მკგ

მანგანუმი – 2 მგ

თუთია – 1,2 მგ

გამომშრალი და მოხარშული

ჯანჯაფილის გამოშრობით და თერმული დამუშავებით ახალი ნივთიერებები წარმოიქმნება, განსაკუთრებით – ჯინჯეროლისგან. ასე რომ, ნედლი, გამომშრალი და თერმულად დამუშავებული ჯანჯაფილი სხვადასხვანაირად მოქმედებს, ამიტომ ინდოეთში ნედლ და გამომშრალ ჯანჯაფილს სხვადასხვა სახელი ჰქვია.

გამოშრობის შედეგად ჯინჯეროლი შოაგოლად გარდაიქმნება. ლაბორატორიული კვლევები მოწმობს, რომ 6-შოაგოლი ანელებს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესს, ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციის ალაგებას, ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებას. გამოშრობისა და მოხარშვის შედეგად წარმოიქმნება ზინგერონიც, რომელიც ჯანჯაფილს მოტკბო გემოს აძლევს. მას ახასითებს ანთებასაწინააღმდეგო მოქმედება, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, საუკეთესოა ფაღარათის დროს.

აღიარებული მკურნალი

დიდი ხანი არ არის, რაც მედიცინა ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებებით დაინტერესდა. 12 ქვეყნის 128 მეცნიერმა, რომლებიც პროქტ “შტატე ოფ ტჰე ჭორლდ’ს Pლანტს”-ში მონაწილეობდნენ, მცენარეთა 30 000-მდე სახეობა სამკურნალოდ აღიარა. საინტერესოა, რომ ცნობილ სამედიცინო გამოცემებში მათი მხოლოდ 16%-ია ნახსენები. ჯანჯაფილი სწორედ ამ მცირე ჩამონათვალში შედის.

ამასობაში სხვა კვლევებმაც დაადასტურა მისი ეფექტიანობა.

ღებინებისა და გულისრევის დროს

ორსულობა, მგზავრობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ქიმოიოთერაპია... გულისრევასა და ღებინებას არაერთი მიზეზი აქვს. ჯანჯაფილი საუკეთესო საშუალებაა მათ დასაძლევად.

ჯანჯაფილს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთებასაწინააღმდეგო ეფექტი და პირდაპირ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე: ააქტიურებს პერისტალტიკას და აადვილებს ნაწლავების დაცლას. იმავდროულად, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა ნაწლავებში, იმატებს ნაღვლის წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს მონელების პროცესს.

ამერიკაში, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მგზავრობით გამოწვეული გულისრევის დროს ჯანჯაფილი ხშირად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დიმენჰიდრინატი (Dიმენჰყდრინატ), რომელსაც გვერდითი მოვლენებიც – მოდუნება, ძილიანობა – ახასიათებს. ექსპერტები გვირჩევენ, თერაპია წინა დღეს დავიწყოთ, მგზავრობისას კი ან ნედლი ფესვი ჩავღეჭოთ, ან ჯანჯაფილის ჩაი წავიყოლოთ და ცოტ-ცოტა ვსვათ.

თეირანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჯანჯაფილი საგრძნობლად ამცირებს ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებულ გულისრევას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

მეძუძური დედებისთვის

ტაილანდში მდებარე მაჰიდოლის უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ჯანჯაფილი საუკეთესოა იმ მეძუძური დედებისთვის, რომლებსაც ცოტა რძე აქვთ. კვლევაში მონაწილე ქალებს 2 კვირაში 50%-ით, ხოლო 4 კვირაში 100%-ით მოემატათ რძის ოდენობა. რძის შემადგენლობა არ შეცვლილა, არც რაიმე უკუეფექტი გამოვლენილა. თუმცა ლაქტაციის გასაუმჯობესებლად ჯანჯაფილის მიღებამდე უმჯობესია კონსულტაცია თქვენს ექიმთან გაიაროთ.

ანთებისა და ტკივილის დროს

ჯანჯაფილის ანტიბაქტერიული, ანთებასაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები არაერთმა კვლევამ დაადასტურა. მეტიც – ის ტკივილგამაყუჩებელი თუ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების საუკეთესო ალტერნატივად აღიარეს.

დანიაში, ფრედერიკსბერგის ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, პაციენტებს, რომლებსაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ართროზი ჰქონდათ, იბუპროფენს, ჯანჯაფილის ექსტრაქტსა და პლაცებოს აძლევდნენ და ეფექტს აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ იბუპროფენი და ჯანჯაფილი ერთნაირად მოქმედებდა.

ჯანჯაფილის ეფექტიანობა რევმატოიდული ართრიტის დროს შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევრებმაც დაადასტურეს. ამას მისი ანთებასაწინააღმდეგო ეფექტით ხსნიან.

ჯანჯაფილი საგრძნობლად ამცირებს ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეულ კუნთების ტკივილს. საუკეთესოა მენსტრუაციის თანმხლები ტკივილის დროსაც.

გაფანტული სკლეროზის დროს

აღმოჩნდა, რომ ჯანჯაფილი ხელს უშლის გაფანტული სკლეროზის განვითარებას და ახდენს მრავალმხრივ თერაპიულ ეფექტს. ამ დასკვნამდე 2018 წელს ირანში მდებარე კერმანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ. მათ აღიარეს, რომ ჯანჯაფილის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს იმუნომოდულაციური, ტკივილის შემამსუბუქებელი, ანტიოქსიდანტური და ანთებასაწინააღმდეგო მოქმედების უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

წონის კლებისას

ჯანჯაფილის ჩაის აქტიურად იყენებენ წონის კლებისთვის. ის, მართალია, სასწაულს არ ახდენს, მაგრამ დაბალანსებულ კვებასა და მოძრაობასთან ერთად მიზნის მიღწევაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ჯანჯაფილი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და მონელებას. იაპონელი მკვლევრები მის დილაობით მიღებას გვირჩევენ. ამასთან, ჯანჯაფილი თრგუნავს შიმშილის გრძნობას.

დიაბეტი ტიპი 2-ის დროს

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯანჯაფილი ხელს უშლის სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის დონის მატებას, ოქსიდაციურ სტრესს, ანთებით პროცესს. კვლევაში მონაწილე დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე 50 ადამიანს, რომლებიც ინსულინს არ იღებდნენ, 3 თვის განმავლობაში დღეში 3 გრამ დაფქულ ჯანჯაფილს აძლევდნენ. შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ინსულინრეზისტენტობა და შაქრის დონე სისხლში საგრძნობლად შემცირდა.

გაციების დროს

ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს, თანაც არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგანი მოხმარების დროსაც. ზამთარში ხშირი გაციების ერთ-ერთი მიზეზი სისხლის მოძრაობის შენელებაა. ჰოდა, თუ ფეხები ხშირად გიცივდებათ, ჯანჯაფილის აბაზანები მიიღეთ: დაახლოებით 70 გ ნედლი ფესვი თხლად დაჭერით, ცხელ წყალში ჩაყარეთ და ფეხები ჩაყავით. ჯანჯაფილის აბაზანის შემდეგ სითბოს შეგრძნება უფრო მეტხანს გაგყვებათ, ვიდრე მდოგვის აბაზანის შემდეგ.

გასათბობად

ჯანჯაფილის ჩაი საუკეთესოა ზამთრის ცივ დღეებში. დადგენილია, რომ ის დაახლოებით 20-30 წუთით სწევს მაღლა სხეულის ტემპერატურას.

ხველის დროს

გაციებას ხშირად ახლავს ხველა. ბრონქებში ნახველი გროვდება. ჯანჯაფილი ხელს უწყობს ნახველის გათხელებას, რაც მის ამოღებას აადვილებს.

სწორი მოხმარება

ჯანჯაფილი იყიდება ნედლი, გამომშრალი, დაფქული და ექსტრაქტის სახით.

გამომშრალ ფესვს აფთიაქშიც შეიძენთ. მისი სადღეღამისო ნორმა ზრდასრულებისთვის 1 ან 2 გრამია. ზოგჯერ, მაგალითად ანთებითი პროცესების დროს, შეიძლება, დოზა 4 გრამამდე გაზარდოთ, ოღონდ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 15 კილოგრამამდე წონის ბავშვების სადღეღამისო დოზამ 0,25-0,5 გრამს არ უნდა გადააჭარბოს.

ჩაის მოსამზადებლად უმჯობესია ჯანჯაფილი წვრილად დაჭრათ. რაც უფრო მეტად არის დაქუცმაცებული, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას გამოყოფს. ადუღებულ წყალს რომ დაასხამთ, 10 წუთი თავდახურული გააჩერეთ, ბოლოს გადაწურეთ.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში პოპულარულია ჯანჯაფილის ნახარში. ის ასე მზადდება: ჯანჯაფილს ცივი წყალი დაასხით და 1-2 საათი გააჩერეთ, მერე თავდახურული ადუღეთ 5-10 წუთი, ბოლოს საწურში გაატარეთ.

დაფქულ ჯანჯაფილს უმეტესად სანელებლად იყენებენ, – ის კარის შემდგენლობაშიც შედის, – თუმცა შეგიძლიათ, თბილ წყალში გახსნათ და ყოველდღე მიიღოთ ერთი-ორი კოვზი ან მისგან ჩაი მოამზადოთ.

ნედლი ჯანჯაფილი კულინარიაში გამოიყენება. ის, უმჯობესია, გახეხოთ ან დაკეპოთ.

ჯანჯაფილის ექსტრაქტის უპირატესობა კი ის არის, რომ მასში ნივთიერებები კონცენტრირებულია და, შესაბამისად, უფრო ძლიერი ეფექტი აქვს. კარგია მათთვის, ვისაც ცხარე გემო არ მოსწონს.

ეთერზეთი

ეთერზეთს არომათერაპიისა და გარეგანი მოხმარებისთვის – კომპრესებისთვის, მასაჟისთვის, აბაზანებისთვის – იყენებენ.

5 წვეთი ჯანჯაფილის ზეთი დაამატეთ 10 მლ სხვა საბაზისო, მაგალითად, ნუშის ან ავოკადოს ზეთს. საუკეთესოა კუნთების ტკივილისა და სარელაქსაციო მასაჟის დროს.

გვერდითი მოვლენები

ჯანჯაფილი იმ მცენარეთაგანია, რომლებიც სწორი დოზირების შემთხვევაში იშვიათად ავლენს გვერდით ეფექტს, თუმცა მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანებში შესაძლოა გულძმარვა, კუჭის ტკივილი, დიარეა გამოიწვიოს, რადგან კუჭის წვენის წარმოქმნას ააქტიურებს, თუმცა ზოგჯერ, პირიქით, ამ სიმპტომების ალაგებას უწყობს ხელს. მისი განსხვავებული მოქმედების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნუ მიიღებთ ჯანჯაფილს ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუ ნაღველში კენჭები გაქვთ – ის ააქტიურებს ნაღვლის წარმოქმნას, რის გამოც შესაძლოა კენჭი დაიძრას, ნაღვლის სადინარში გაიჭედოს და კოლიკამდე მიგიყვანოთ.

ზრდასრულთა დაახლოებით 2%-ს ჯანჯაფილის ალერგია აქვს. ის გამონაყარით ვლინდება და უმეტესად მათ ემართებათ, ვინც სანელებელს ამზადებს.

ჯანჯაფილი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, ამიტომ თუ სისხლის გამათხელებლებს იღებთ, უმჯობესია, ერიდოთ. მართალია, ეს უმთავრესად ექსტრაქტს ეხება და არა ჩაის, მაგრამ ექიმთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია.

როგორ შევარჩიოთ

ჯანჯაფილის ფესვს, სახეობისა და წარმოშობის მიხედვით, სხვადასხვა თვისებები აქვს. მაგალითად, დასავლეთაფრიკული, ზეთის უხვი შემცველობის გამო, უფრო ცხარეა, იამაკური საოცარი არომატით გამოირჩევა, მალაბარის ჯანჯაფილს კი ინტენსიური ციტრუსოვანი გემო აქვს; ჩინური ჯანჯაფილი მოყვითალოა და ეგზოტიკური ყვავილების გემო დაჰყვება.

ახალ ჯანჯაფილს გლუვი, ნათელი კანი უნდა ჰქონდეს, არ უნდა ეტყობოდეს დეფექტი და ობი, იყოს წვნიანი და არ ჰქონდეს ბოჭკოები.

დაფქული ჯანჯაფილის ყიდვისას შემადგენლობას გაეცანით. მთავარია, არ შეიცავდეს დანამატებს და ჰქონდეს მოყვითალო ფერი. სითეთრე იმაზე მიანიშნებს, რომ ფესვი დამუშავებამდე გაუფერულდა.

უპირატესობა ბიოჯანჯაფილს მიანიჭეთ. ჩინურ ჯანჯაფილში ხშირად ჭარბადაა პესტიციდები.

როგორ შევინახოთ

გაუჭრელი და გაუთლელი ფესვი, თუ თავდახურული ჭურჭლით შეინახავთ, გრილ, ბნელ ადგილას რამდენიმე კვირა გაძლებს, გაჭრილი კი კარგად შეახვიეთ და მაცივარში მოუძებნეთ ადგილი – იქ 3 კვირამდე შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

გამომშრალი ფესვი მინის თავდახურულ ჭურჭელში ჩადეთ და მშრალ, გრილ, ბნელ ადგილას დადგით – ასე დაახლოებით 24 თვე გაძლებს. დაფქული ჯანჯაფილი მალე კარგავს არომატს, ამიტომ მალევე გამოიყენეთ.

ჯანჯაფილი შეგიძლიათ გაყინოთ – გაძლებს 3-6 თვე.

სამზარეულოში

XX საუკუნის ბოლოს, როცა ევროპაში პოპულარული გახდა აზიური სამზარეულო, ჯანჯაფილი ხელახლა აღმოაჩინეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი ის ყოველდღიურ რაციონში შედის. მას ამატებენ სალათებს, წვნიანებს, მისი მოტკბო-მომჟავო მწნილი გარი იაპონური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

მომზადებისას ბევრი თლის ჯანჯაფილს, რადგან მის კანს მომწარო გემო აქვს, მაგრამ სამკურნალოდ გამოყენებისას, უმჯობესია, კანი არ მოაცილოთ, რადგან ძვირფასი ნივთიერებები სწორედ მის ქვეშ იმალება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: