ტვინსაკვები ანუ სააზროვნო მენიუ

გააზიარე:

რა ვჭამოთ გამოცდების პერიოდში ძირითადად რა თქმა უნდა სტუდენტებსა და მოსწავლეებს აინტერესებთ. თუმცა ცხოვრება გამოცდას გამოცდაზე გვიწყობს. ჩვენი სხვენის ბინადარსაც ხშირად ვთხოვთ სწრაფ მობილიზაციას, და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. თანაც როდის მოხდება ეს წინასწარ
ხშირად არავინ იცის. ასე რომ ტვინის სასარგებლო საკვებით განებივრება არასოდეს არის ზედმეტი. 

ალბათ გახსოვთ, შერლოკ ჰოლმსი საქმის გახსნამდე ძვირფასი დროის დაზოგვის მიზნით საჭმელს საერთოდ არ ეკარებოდა, ტვინს კი მხოლოდ კონიაკით ასაზრდოებდა. მიბაძვა არც კი იფიქროთ, თორემ ორიანს ვერ გადაურჩებით და შეიძლება, საავადმყოფოს პალატაშიც კი ამოყოთ თავი. 
ამთავითვე შევთანხმდეთ: საკვები საჭიროა, ხოლო თუ სწორად შეარჩევთ, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.
მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ერთობ პოპულარულია შეხედულება, რომ ინტელექტუალური განსაცდელის წინა საღამოს რაიმე ტკბილი უნდა მიირთვათ, თუნდაც შაქრის ნატეხი.
ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა, ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ. თუმცა გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შაქრის დონეც სწრაფად დაიწევს, შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება, თავს სუსტად გრძნობთ, გამოცდის დროისთვის კი თქვენს სისხლში გრამი კი არა, მილიგრამი გლუკოზაც აღარ დარჩება.
იმედს მაინცდამაინც ნურც ყავაზე, კოკა-კოლასა და სხვა ენერგოტონიკებზე დაამყარებთ – ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავს, ფიტავს, განსაკუთრებით – თუ დიდი დოზით მიიღეთ. შრომისუნარიანობის ხანმოკლე გაუმჯობესება კი ძვირად მიიღწევა.
მაშ, რაღა დაგვრჩა? გაგიკვირდებათ და იგივე, რაც მრავალჯერ გვითქვამს: ჯანსაღი საკვები და ცხოვრების წესი მხოლოდ ტანს კი არა, ტვინსაც რგებს. ასე რომ, არავითარი სიგარეტი, ალკოჰოლი და ლოგინში ნებივრობა. გამოცდების პერიოდში კი ტვინს უფრო მეტი მიაწოდეთ:
* თევზი – ვგონებ, ყველა დროისა და ქვეყნის დედები უჩიჩინებენ შვილებს, თუ გინდა, ჭკვიანი გაიზარდო, თევზი ჭამეო და არც ცდებიან. ერთხანს ამ გავლენას ფოსფორის მაღალ შემცველობას მიაწერდნენ, ბოლო ხანებში კი ნამდვილი მიზეზიც იპოვეს:  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ისინი ყველაზე მეტი ცივი წყლის ცხიმიან თევზებშია, ამიტომაც ქაშაყი, ორაგული, სარდინი, სკუმბრია, თინუსი თქვენი სუფრის სასურველი სტუმრები ბრძანდებიან. ხახვი, ლიმონის წვენი, მოხარშული ჭარხალი და ანტიოქსიდანტებით მდიდარი სხვა სურსათი დელიკატურ მჟავებს ეხმარება, დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მიაღწიონ და არც სასარგებლო თვისებები შემოეფანტოთ.
* კვერცხი – მიუხედავად ქოლესტეროლის მაღალი შემცველობისა, როგორც ტვინსაკვები, ისინი ნამდვილად იმსახურებს ვერცხლის მედალს, თანაც თუ ქათმის გრიპის არ გეშინიათ, თოხლოდ მოხარშული მიირთვით – ის უფრო სასარგებლო ყოფილა. კარგია ნაზი ომლეტიც პომიდვრით, ყველითა და მწვანე ხახვით.
* ხილი – თუ მთელი დღის განმავლობაში ნება-ნება, ცოტ-ცოტას მიირთმევთ, ტვინი გლუკოზას თანაბარზომიერად მიიღებს, თქვენც უფრო ბეჯითად და, რაც მთავარია, ნაყოფიერად შეძლებთ სწავლას.
* წყალი – ამ ჩამონათვალში მისი მოხვედრა ნუ გაგიკვირდებათ. აქაოდა ყოველ ნაბიჯზე გვხვდებაო, მისი მნიშვნელობა ხანდახან გვავიწყდება კიდეც. ტვინის 70% წყალია. რაც უფრო უკეთ დაარწყულებთ, მით უფრო უკეთ იმუშავებს. ამერიკელმა სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ნება დართეს, ნებისმიერ დროს მისულიყვნენ სასმელი წყლის ავზთან, აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა;
* გინგკო ბილობა – ჩვენთვის უცხო მცენარეს აღმოსავლეთში უკვე ათასწლეულებია იყენებენ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის და ერთობ ეფექტურადაც. ის ტვინის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასე რომ, სააზროვნო ორგანო საბოლოოდ მეტ ჟანგბადს მიიღებს. რაკი ინდოეთში არ ვცხოვრობთ, ბაზარში მის შეძენას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, აფთიაქში მიბრძანდეთ და ამ მცენარისგან დამზადებული პრეპარატები (ტანაკანი, ბილობილი) შეიძინოთ. უცაბედ სასწაულს ნუ ელოდებით, შედეგები 3-4 კვირის შემდეგ ხდება საგრძნობი.
* B ჯგუფის ვიტამინები – ტვინს მათი ასე სჭირდება: ჯგუფურად და კომპლექსურად. ერთის ნაკლებობა სხვებს სრულყოფილად მუშაობის საშუალებას არ აძლევს, ერთად კი ორგანიზმს ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის გადატანას უადვილებენ. ასეთი ვიტამინებით განსაკუთრებით მდიდარია კვერცხი, ღვიძლი (ქათმის, საქონლის), ლუდის საფუარი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური.

გააზიარე: