ცხიმნარევი ტყუილი
გააზიარე:
რაკი მცდარ წარმოდგენებს ვამსხვრევთ, შეუძლებელია, ქოლესტეროლს გვერდი ავუაროთ. პირველ მითს ამ აბზაცშივე დავანგრევთ: ქოლესტეროლი მავნე ა
რ არის! მეორე კიდევ უფრო ადრე მოვაშთეთ. ის რატომღაც პოპულარობის ზენიტში მყოფი ცხიმოვანი ნივთიერების სახელწოდებას ეხებოდა. არ ვიცი, რუსული სამედიცინო სკოლის გავლენა იყო თუ ასე უკეთ ჟღერდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ტერმინ “ქოლესტერინს” უფრო ხშირად გაიგონებდით. აშშ-სა და ევროპაში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა “ქოლესტეროლი”. ჩვენც შევეცადეთ, მათთვის მიგვებაძა და უკვე მერამდენე ნომერია, დაბოლოება “ინი” “ოლით” ეფექტურად ჩავანაცვლეთ.
საქმე მხოლოდ სახელწოდებაში როდია. ქოლესტეროლს რა ცოდვა აღარ აჰკიდეს: ინფარქტსაც ის იწვევს, სიმსუქნესაც და ლამის სიბერესაც. თუმცა ზღაპრები, რომლებსაც მის შესახებ თხზავენ, იმდენად საინტერესოა, რომ მათთვის გვერდის ავლა არ ღირს. ჰოდა, მოდი, მოვყვეთ.
იყო ერთი ქოლესტეროლი, რომელიც ორგანიზმს არაფერშიც არ სჭირდებოდა... სინამდვილეში კი მის გარეშე არსებობა არ შეეძლო. უიმისოდ უჯრედები – გარსის, ორგანიზმი კი ნაღვლის მჟავას, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ქოლესტეროლი გაბოროტდა და ორგანიზმს ინფარქტით დაემუქრა: ჯერ ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის გეგმა შეიმუშავა, რომელთა წყალობითაც სისხლძარღვის სანათურის შევიწროება და დახშობა გადაწყვიტა... ასე მართლაც ხდება, თუმცა ყოველგვარი ქოლესტეროლი როდია ბოროტმოქმედი. არსებობს “კარგი” ქოლესტეროლი (სხვაგვარად – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები), რომელსაც მხოლოდ სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. მის მეზობლად სახლობს “ცუდი” (დაბალი სიმკვრივის) ვარიანტი, რომელსაც ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში მიუძღვის ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სისხლძარღვის შიგნითა კედელზე მავნე ცხიმების დალექვას სხვა დამატებითი ფაქტორებიც უწყობს ხელს. ქოლესტეროლს, თუნდაც ცუდზე ცუდს, ამ ბოროტების ჩადენა მარტოს ძალიან გაუჭირდებოდა.
როდესაც ადამიანებმა ქოლესტეროლის ავი ზნის შესახებ შეიტყვეს, ამ ცხიმოვანი ნივთიერებით მდიდარი საკვების აკრძალვა განიზრახეს... მალევე გახდა ცნობილი, რომ ორგანიზმში არსებული ქოლესტეროლის 20% საკვებიდან არის იმპორტირებული, ხოლო 80% ადგილობრივი წარმოებისაა. ასე რომ, უფრო მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, “ცუდი” ქოლესტეროლი ჭარბად რომ არ წარმოიშვას. ეს უკანასკნელი უმთავრესად უჯერი ცხიმებისგან სინთეზირდება, ამიტომ უფრო გონივრული იქნება, მენიუდან უჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები ამოვიღოთ.
The New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა ასეთი ინფორმაცია: “88 წლის მამაკაცს, რომელიც დღეში 25 ერბოკვერცხს მიირთმევდა, სისხლში ქოლესტეროლის დონე ნორმალური ჰქონდა”. როგორც ჩანს, კვერცხის ქოლესტეროლი ორგანიზმში არცთუ სავსებით ნეგატიურ ტრანსფორმაციას განიცდის.
ქოლესტეროლი სპორტსმენებმაც შეიძულეს... ფიზიკური დატვირთვისას სისხლში ქოლესტეროლის დონე იკლებს, თუმცა უმნიშვნელოდ, ამიტომ მხოლოდ ვარჯიშით ამ ცხიმს ასე იოლად ვერ მოვიშორებთ. საზოგადოდ, ქოლესტეროლის დონეზე გავლენას ახდენს სქესი (მამაკაცებს, როგორც წესი, მოეჭარბებათ), საკვების შემცველობა, გენეტიკა, ცხოვრების წესი...
ცოტა ხანში ნაღების კარაქზე მეტად მარგარინი შეიყვარეს, აქაოდა უფრო სასარგებლო ცხიმებს შეიცავსო... მართალია, მარგარინი მცენარეული კომპონენტებისგან მზადდება, მაგრამ ტექნიკური დამუშავების შემდეგ მავნე ნივთიერებები მასშიც უხვად წარმოიქმნება.
***
არც კი ვიცით, როგორი უნდა იყოს ზღაპრის ბოლო. მთავარი გმირი დადებითი თვისებებით შევამკეთ, მის საგმირო საქმეებზეც ვისაუბრეთ. ერთი რამ კი ფაქტია: ზღაპრები ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ.