მეტაბოლიზმი

გააზიარე:

არსებობს ერთი უცნაური ჩიტი ჩვამა – ყოველდღიურად იმაზე მეტ საკვებს მიირთმევს, ვიდრე თვითონ იწონის და არც ღიპი ედება, არც გავა უსქელდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცელულიტიც კი არ ემართება. ვერ გეტყვით, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ფაქტია, ეს საიდუმლო სხვა ცხოველებმაც იციან.
განურჩევლად იმისა, რამდენი საკვები მოიგდეს ხელთ, სტაბილური წონის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. ვერ გეტყვით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და ჯადოსნურ ჯოხს იპოვით, რომელიც ამქვეყნად ყველა დიეტას აზრს დაუკარგავს, მაგრამ იმ ძირითად ტერმინებში, ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად მებრძოლს ყოველ წუთას რომ ესმის, ნამდვილად გაგარკვევთ.

თითის განძრევიდან დაწყებული, აზროვნებით დამთვარებული, ყველაფერს ენერგია სჭირდება. ქიმიური რეაქციების ჯაჭვს, საკვებისგან მიღებულ საწვავს ჩვენი უჯრედებისთვის საჭირო ენერგიად რომ გარდაქმნის, მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა ეწოდება. ჩვენს ორგანიზმში ყოველ წამს ათასობით ასეთი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.
ნივთიერებათა ცვლა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი პროცესია. მისი შეწყვეტა სიკვდილს უდრის. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ნახშირწყლებთან (მარტივ თუ რთულ შაქრებთან) ერთად ჩვენს ორგანიზმში მზის ენერგია ხვდება, დაშლისას თანდათან თავისუფლდება და თითოეულ უჯრედს ცხოველქმედებისთვის საჭირო საწვავს აწვდის? მცენარეები სინათლეზე რომ ჟანგბადს გამოყოფენ, ყველამ ვიცით, თუმცა ამ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აირი ნარჩენი პროდუქტია. მცენარე ამ დროს მზის ენერგიის გამოყენებით ნახშირორჟანგისა და წყლისგან შაქრებს წარმოქმნის. ცხოველებს კი ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა არ შეგვიძლია, იგი საკვებისგან (ანუ მცენარეებისა და ცხოველებისგან) უნდა მივიღოთ.
გარდა ენერგიისა, საკვები ქსოვილების საშენ აგურებს, მაგალითად, ამინომჟავებს გვაწვდის. ორგანიზმისთვის საჭირო მოლეკულათა უმრავლესობა, თუ საკმარისი ენერგია გვექნა, შეგვიძლია თავადაც წარმოვქმნათ, მაგრამ დანარჩენები – შეუცვლელი ამინომჟავები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და მინერალები – საკვებში აუცილებლად უნდა იყოს.
ყველაფერს, რაც ჩვენს კუჭში ხვდება, სამნაირი ბედი ეწევა: ნაწილი სასიცოცხლო პროცესებისთვის აუცილებელი ენერგიის მარაგის შესავსებად იხარჯება, ნაწილისგან სტრუქტურული ან ფუნქციური მოლეკულები, მაგალითად, კუნთის პროტეინი, ჰორმონები, ენზიმები წარმოიქმნება, ნაწილი კი შავი დღისთვის ინახება, მაგალითად, ღვიძლში – გლიკოგენი, ცხიმოვან ქსოვილში – ცხიმი.
ნივთიერებათა ცვლის პროცესები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. პირველი ანაბოლიზმია. ამ დროს ქსოვილების წარმოქმნა და ენერგიის მარაგის შექმნა ხდება. მეორეს კატაბოლიზმი ეწოდება. მისი მეშვეობით უჯრედები, ცილები და ენერგიის მარაგი იშლება, რათა ორგანიზმს საქმიანობისთვის საწვავი გამოუთავისუფლოს. როდესაც ორივე პროცესი ერთნაირი ინტენსივობით მიმდინარეობს წონა უცვლელი რჩება, თუ ანაბოლიზმი აჭარბებს, წონას ვიკლებთ, თუ კატაბოლიზმი – პირიქით, ვიმატებთ.
ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობის გაზომვის საკითხი იჩენს თავს. ექიმებს აქ ფიზიკოსები დაეხმარნენ და საზომ სიდიდედ პროცესების დროს გამოყოფილი სითბო შესთავაზეს. საქმე ის არის, რომ კატაბოლური პროცესების დროს გამოთავისუფლებული ენერგიის მხოლოდ 40% ხმარდება ორგანიზმის საჭიროებას, დანარჩენი კი სითბოს სახით გარემოში იკარგება (ეს არც ისე ბევრია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ადამიანის მიერ შექმნილ მანქანათა უმრავლესობის მარგი ქმედების კოეფიციენტი სულ 10-20%-ს შეადგენს). სითბო კინეტიკური ენერგიის ფორმაა, რომელსაც ვზომავთ როგორც ტემპერატურას და კალორიებით გამოვხატავთ. 1 კალორიას შეუძლია 1 გრამი წყლის ტემპერატურა 1 გრადუსით ასწიოს. ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ ექიმები თუ დიეტოლოგები უფრო ხშირად კილოკალორიას (ანუ 1000 კალორიას) იყენებენ. ინგლისურენოვან ქვეყნებში საქმე გაიმარტივეს – თუ კალორია დიდი ასოთი დაწერეს, სწორედ კილოკალორიას გულისხმობენ. სწორედ კილოკალორიებით ზომავენ საკვების სითბოს გამომყოფ პოტენციალს და ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას – ე. წ. ძირითად ცვლას. საქმე ის არის, რომ მეტაბოლიზმის ინტენსივობა მრავალ ფაქტორზე – ფიზიკურ აქტივობაზე, სტრესებზე, საკვების მიღებასა და მონელებაზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის მაქსიმალური გამორიცხვისას (ანუ ცარიელ კუჭზე და სრული უსაქმურობისას) გამოყოფილი სითბოს ოდენობას ძირითად ცვლას უწოდებენ. ამ უკანასკნელს სქესი, ასაკი, ჰორმონები და სხეულის ტემპერატურა განსაზღვრავს. სითბო არც ისე ადვილი გასაზომია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ამიტომაც თერმოსტატში ხალხის ჩასმის მაგივრად არაპირდაპირი მეთოდი მოიფიქრეს: თვლიან ჟანგბადის მოხმარებას დროის განსაზღვრულ ერთეულში. (ენერგიის გამოთავისუფლების რეაქციებს ჟანგბადი სჭირდება, რაც მეტს მოვიხმართ, მით უფრო ინტენსიურია ნივთიერებათა ცვლა). სპეციალური ფორმულა კი ამ მაჩვენებლის, თქვენივე წონისა და სიმაღლისგან  ძირითად ცვლას დაადგენს. შემდეგ კი სქესისა და ასაკის მიხედვით ამ მაჩვენებელს ნორმას ადარებენ. ყველაზე მეტად ამ მაჩვენებელს ფარისებრი ჯირკვალი, უფრო სწორად, მისი ჰორმონი ცვლის. როცა ეს უკანასკნელი მეტისმეტად ბევრი ან მეტისმეტად ცოტაა, ძირითადი ცვლის მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს ან განახევრდეს კიდეც.

გააზიარე: