რატომ ვერ ვიკლებთ წონას

გააზიარე:

ზოგჯერ ყველაფერს აკეთებ წონის დასაკლებად: ზედმიწევნით იცავ კვების გეგმას, გულის ამოვარდნამდე ვარჯიშობ, ზედმეტ კილოგრამებს კი არაფერი აკლდება. “რატომ ვერ ვიკლებ წონას?” – ეკითხები საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს. მიზეზების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. წონის კლება ვარჯიშისა და დაბალკალორიული დიეტის გარდა არაერთ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული.

მაინც რამ შეიძლება შეუშალოს ხელი წონის კლებას? ამის შესახებ ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა გვესაუბრა:

– ჭარბწონიანთა რიცხვი მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება. მრავალი მათგანი, მიუხედავად სურვილისა, მოტივაციისა, გამძლეობისა თუ ნაირ-ნაირი დიეტის მოსინჯვისა, უბრალოდ ვერ ახერხებს წონის დაკლებას.

ერთი რამ ცხადია: გავრცელებული მოსაზრება, რომ წონის დასაკლებად საკმრისია, კალორიების რაოდენობა შევამციროთ და ფიზიკური დატვირთვა (კარდიოვარჯიში) გავზარდოთ, მცდარია. წონის კლება შესაძლოა სხვა ფაქტორებზეც იყოს დამოკიდებული, მოითხოვდეს ამა თუ იმ ჩვევის შეცვლას, ჯანმრთელობის ამა თუ იმ დარღვევის გამოსწორებას და სხვა.

თუმცა წონის კლების ხანმოკლე შეჩერება, მაგალითად, ერთიდან ოთხ კვირამდე, ნორმალურია და თითქმის ყველა დიეტას ახასიათებს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კილოგრამების კლება ისევ უნდა გაგრძელდეს.

თუ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, წონას ვერ იკლებთ, მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე ჩამოთვლილ ფაქტორთაგან:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა

– ფარისებრი ჯირკვალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონების – ტრიიოდთირონინის (T3) და თიროქსინის (T4) გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. მათი ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში მეტაბოლიზმის რეგულირებაა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ამა თუ იმ მიზეზით შესაძლოა უფრო მეტად გააქტიურდეს ან შესუსტდეს. ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონს. ის თანდათანობით ვითარდება, ამიტომ ადრეულ საფეხურზე მისი გამოვლენა ჭირს. ჰორმონების დეფიციტი მეტაბოლური პროცესების შენელებას იწვევს, ამ დროს ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლისთვის მცირე ენერგიაც ჰყოფნის და დიდი ენერგეტიკული მოთხოვნილება არ აქვს. ამიტომ ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანი, მიუხედავად დაბალკალორიული დიეტისა, წონას ვერ იკლებს, მეტიც – შესაძლოა მოიმატოს კიდეც.

ჰიპოთირეოზი თავდაპირველად მსუბუქი დაღლილობით ვლინდება. დროთა განმავლობაში თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც:

* დაბალი წნევა და გულის რიტმის შენელება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ჰიპოთირეოზს შესაძლოა თან ახლდეს მაღალი არტერიული წნევა;

* ყაბზობა;

* ძილის დარღვევა;

* კანის, თმისა და ფრჩხილების სიმშრალე;

* მტკივნეული მენსტრუაცია და არარეგულარული ციკლი;

* ქოლესტეროლის დონის მომატება;

* კუნთებისა და სახსრების ტკივილი;

* წონის აუხსნელი მატება;

* უგუნებობა, მოტივაციის დაქვეითება;

* დეპრესია.

თუ ამ სიმპტომებს უჩივით, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს. ჰიპოთირეოზის გამოსავლენად აუცილებელია სამი ჰორმონის – თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH), თავისუფალი T4-ისა და თავისუფალი T3-ის გამოკვლევა.

TSH ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რათა ამ უკანსკნელმა მეტი ჰორმონი გამოიმუშაოს. ის მაშინ გამოიყოფა თავის ტვინში (კერძოდ, ჰიპოფიზში), როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე ეცემა, ამიტომ TSH-ის მომატება ჰიპოთირეოზზე მიუთითებს.

თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქცია

– როცა თირკმელზედა ჯირკვლები გაძლიერებულად გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს, შესაძლოა განვითარდეს კუშინგის სინდრომი. კორტიზოლის სიჭარბის დროს ორგანიზმი მუდმივ სტრესშია, შედეგად მადა იმატებს და ცხიმოვანი ქსოვილიც იზრდება, განსაკუთრებით – მუცელზე, გულმკერდსა და სახეზე.

ჰორმონული დისბალანსი

– ჭარბ წონას ჰორმონული დისბალანსიც იწვევს.

ჰორმონულ დარღვევებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიმსუქნის განვითარებაში და უკიდურესად გაართულოს წონის კლება – ჰორმონები ხომ შიმშილს, ცხიმოვანი ქსოვილი განაწილებას და ორგანიზმის მრავალ სხვა ფუნქციას აკონტროლებენ. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი კუჭსა და ტვინს შორის კომუნიკაციას ემსახურება – შიმშილის ჰორმონ გრელინის გამოყოფით კუჭი ტვინს აუწყებს, რომ ცარიელია და უნდა შეივსოს, ხოლო ლეპტინი პასუხისმგებელია ჭამის შეწყვეტაზე, როცა ორგანიზი უკვე გაჯერებულია ცხიმით. ამ ორი ჰორმონის დისბალანსი არღვევს კვებით ქცევას, რაც ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.

ლეპტინის დონის დასარეგულირებლად უნდა ერიდოთ რადიკალურ დიეტებს. როცა ორგანიზმში ცხიმის წილი იკლებს, ლეპტინიც ნაკლები გამოიყოფა და გამუდმებით გშია. ყურადღება მიაქციეთ თუთიის მარაგსაც – მისმა ნაკლებობამ შესაძლოა  ხელი შეუშალოს ლეპტინის სინთეზს.

რაც შეეხება გრელინს, მისი დონის დასარეგულირებლად ეცადეთ მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, რომელიც დიდი ხნით ანაყრებს, რადგან როცა ძალიან ცოტას ჭამთ, კუჭი პანიკით რეაგირებს და სიფრთხილის მიზნით კიდევ უფრო მეტ გრელინს გამოიმუშავებს. ამ ჰორმონის დონეს ძილის ნაკლებობაც ზრდის.

სტრესი დღევანდელი ცხოვრების თანამდევი პრობლემაა. ზოგი სტრესის დროს, ფაქტობრივად, არ ჭამს, ზოგი კი პირიქით, გაუაზრებლად იღებს რაც შეიძლება მეტ საკვებს. კვლევათა შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მადის მატებაში ბრალი მიუძღვის ჰორმონ კორტიზოლს. სტრესის დროს ის ტვინს "გადარჩენის ბრძანებას" უგზავნის, ორგანიზმი  თავის დაცვის რეჟიმში გადადის, რისთვისაც მეტი ენერგია სჭირდება, სტრესის ჩაწყნარების შემდეგ კი კორტიზოლი ზრუნავს იმაზე, რომ ორგანიზმა გამოთავისუფლებული ენერგიის მარაგი შეივსოს და ამ მიზნით მადის სტიმულირებას იწვევს.

ამერიკელმა მეცნიერებმა 2018 წელს ჩაატარეს უჯრედული მეტაბოლიზმის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კორტიზოლის მაღალ დონესა და პროგრესირებად სიმსუქნეს შორის პირდაპირი კავშირია.

კორტიზოლის დონე მოწესრიგებული რომ იყოს, შეძლებისდაგვარად ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ქრონიკული სტრესის მოსახსნელად გამოიყენეთ ღრმა სუნთქვა ან მედიტაცია, ბევრი იცინეთ.

სხეულზე ცხიმის არასწორი განაწილება ხშირად გამოიხატება დუნდულებზე ან მუცელზე ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სასქესო ჰორმონების: ესტროგენის, პროგესტერონის ან ტესტოსტერონის სიჭარბით ან დეფიციტით.

სხვა ფუნქციებთან ერთად, ტესტოსტერონი ხელს უწყობს ცხიმის დაშლას (განსაკუთრებით – მუცლის არეში). როცა მისი დონე მეტისმეტად დაბალია, ცხიმის დაშლა ავტომატურად იკლებს.

პროგესტერონი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უშლის განსაზღვრულ ადგილებში ცხიმის დაგროვებას.

ორგანიზმში ესტროგენების დომინირება იწვევს ცხიმოვანი უჯრედების დაგროვებას, გარდა ამისა, გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაზე, ყველა ეს ფაქტორი კი ძალიან ართულებს წონის კლებას.

ნაწლავის ფლორა

– ცნობილია, რომ ჭარბწონიან ადამიანებს ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობა განსხვავებული აქვთ, ვიდრე ნორმალური წონის მქონეებს, ნაწლავების არასწორი მიკრობიოტა კი ხელს უწყობს ინსულინისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, რაც ართულებს გლუკოზის ათვისებას და წონის მატებასაც კი იწვევს, ამიტომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სპეციალური პრობიოტიკების მიღება, რასაკვირველია, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით.

ზედმეტი კილოგრამების მოცილებას ართულებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებიც – ნაწლავთა დისკომფორტიდან ჩვეულებრივ ყაბზობამდე.

კვებითი ალერგია და საკვების აუტანლობა

– წონის კლებას კვებითი ალერგია და საკვების აუტანლობაც ართულებს. ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, თუმცა დიაგნოზის დასმამდე შესაძლოა საკმაო დრო გავიდეს.

განსაზღვრული საკვების მიმართ ორგანიზმის გადაჭარბებულმა რეაქციამ შესაძლოა  ანთებითი პროცესები გამოიწვიოს, მათ კი, თავის მხრივ, დაარღვიონ უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისება და ხელი შეუწყონ დიაბეტი ტიპი 2-ის ან პრედიაბეტის განვითარებას. შედეგად წონის დაკლება შესაძლოა გადაულახავ პრობლემად იქცეს.

უფრო მსუბუქ შემთხვევებში ფარულმა კვებითმა ალერგიამ  შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის საკვებისადმი ლტოლვას და ასევე შეუშლის ხელს წონის კლებას.

ამიტომ თუ უკვე იცით, რის მიმართ გაქვთ ალერგია ან აუტანლობა, მოერიდეთ ამ საკვებს. კუჭ-ნაწლავის გაწმენდა ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან და შესაბამისი პრობიოტიკების მიღება, რაც ნაწლავის ფლორას დაასტაბილურებს, საგრძნობლად გაამარტივებს წონის კლების პროცესს.

შიმშილი

– წონის დასაკლებად კალორიების შემცირება აუცილებელია, მაგრამ თუ იმაზე ნაკლებს მიიღებთ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, თანაც – დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა, თქვენი მეტაბოლური სისტემა “შიმშილის” მდგომარეობაში გადავიდეს: როცა სხეულმა არ იცის, მეორედ როდის დანაყრდება, თავის გადასარჩენად ცხიმს აგროვებს.

ბოჭკოს ნაკლებობა

– წონის კლების შეჩერება ხშირად რაციონში ბოჭკოს ნაკლებობის ბრალია. ბოჭკო ააქტიურებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამით ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, მოდუნებული ნაწლავი კი  აფერხებს წონის კლებას.

რაციონში ბოჭკოს საკმარისი შემცველობა ნახშირწყლების ნელ ათვისებას უზრუნველყოფს, რის გამოც სისხლში გლუკოზა თანდათანობით იმატებს და არა სწრაფად. გამოუყენებელი გლუკოზა კი, როგორც ვიცით, ცხიმად გარდაიქმნება და ცხიმის საცავებში ინახება, რაც, რა თქმა უნდა, წონის კლებას ვერ შეუწყობს ხელს.

დაბოლოს, ბოჭკო ბლოკავს ლიპაზებს – ცხიმის მომნელებელ ფერმენტებს, რის გამოც საკვებიდან ნაკლები ცხიმი შეიწოვება.

ბოჭკო უმთავრესად ბოსტნეულში, ხილში, კენკრაში, თესლეულში, თხილეულში, ასევე პარკოსნებსა და მთლიან მარცვლეულში გვხვდება.

ზოგიერთი მედიკამენტი

– წონის კლებას შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთმა მედიკამენტმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბევრი წამალი, მათ შორის – ურეცეპტოდ გასაცემიც, ძალიან ართულებს წონის კლებას და ხელს უწყობს მატებას, მათ შორის – შაქრისა და ქოლესტეროლის დამწევი მედიკამენტები, ბეტა-ბლოკატორები, კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შაკიკის სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები.

ეს წამლები გავლენას ახდენს ენერგიის ცვლაზე, ცხიმების წვაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, წყლის შეკავება, მადის სტიმულირება, ამიტომ, თუ ასეთ პრეპარატებს იღებთ, მიზანშეწონილია, ექიმს მიმართოთ.

ძილის დარღვევა

– თუ რეგულარულად გაკლიათ ძილი, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს წონის მატებასაც შეუწყობს ხელს. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ კავშირს ძილის ნაკლებობასა და წონის მატებას შორის, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მთავარი მიზეზი უძილობის დროს დიდი ოდენობით საკვების მიღებაა.

გარდა ამისა, ძილის ქაოსური რეჟიმი არღვევს ცირკადულ რიტმს, რაც გავლენას ახდენს ჰორმონულ და მეტაბოლურ რეგულაციაზე. თუ ძილისთვის განკუთვნილ პერიოდში არ იძინებთ, ჰორმონები აჯანყდებიან: ლეპტინის ნაცვლად, რომელიც არეგულირებს ენერგიას და თრგუნავს მადას, გამოიყოფა მეტი გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას აღვიძებს.

მოიწესრიგეთ რუტინა: ეცადეთ, დროულად დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რათა თქვენი ორგანიზმის ცირკადული რიტმი აღდგეს. საძინებელში დაიცავით სათანადო ჰიგიენა, ივახშმეთ  დაძინებამდე ორი საათით ადრე, გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები. თუ დაძინებაში ხელს გიშლით, ერიდეთ კოფეინის მიღებას დღის მეორე ნახევარში.

თამბაქო

– მოწევაზე უარის თქმამ შესაძლოა დოფამინის (მყესეულ სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი) დაქვეითება გამოიწვიოს. ამ დროს ორგანიზმს კვლავ აქვს დოფამინის მოთხოვნილება, რომელსაც ბევრი რაფინირებული შაქრისა და სახამებლის ჭარბი მიღებით იკმაყოფილებს, ამიტომ წონის კლებს პროცესი ხანგრძლივდება. როგორც კი მოწევას თავს დაანებებთ, დაიწყეთ ვარჯიში ან მედიტაცია – ეს ხელს შეუწყობს ენდორფინების გამოთავისუფლებას. 

მენოპაუზა

– მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში იკლებს სასქესო ჰორმონების – ესტროგენების ოდენობა და იმატებს მამაკაცის ჰორმონის – ტესტოსტერონის დონე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას. მენოპაუზისთვის დამახასიათებელმა ალებმა, ძილის პრობლემებმა და გუნება-განწყობილების ცვალებადობამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს.

გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად კუნთები ნელ-ნელა ილევა, მეტაბოლიზმი ნელდება, ამიტომ ორგანიზმს ნაკლები ენერგია სჭირდება და ნაკლებ კალორიას მოითხოვს, ვიდრე ახალგაზრდობაში.

ხელოვნური დამატკბობლები

– ადამიანები, რომლებიც წონის დაკლებას ცდილობენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ საკვებს, რომლებშიც შაქრის ნაცვლად ხელოვნური დამატკბობელია გამოყენებული.

თუმცა სინთეზურად წარმოებული დამატკბობლები – ასპარტამი, საქარინი და სუკრალოზა – ხშირად  უკუშედეგს იძლევა.

არსებობს კვლევები, რომლებიც მოწმობს პირდაპირ კავშირს დამატკბობლების მოხმარებასა და წონის მატებას შორის, თუმცა ამის მიზეზი მეცნიერებს ჯერ კიდევ ვერ დაუდგენიათ. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ორგანიზმი ტკბილზე ინსულინის გამოყოფით რეაგირებს, რის შემდეგაც სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემა და სხეული  მარაგის შევსებას ითხოვს. შესაბამისად, იზრდება მოხმარებული კალორიების ოდენობა, იმატებს ცხიმოვანი ქსოვილი, ფერხდება ცხიმების წვა.

როგორც ვიცით, დამატკბობლები თითქმის არ იწვევს ინსულინის დონის მატებას. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი ჭარბწონიანი ადამიანი, რომელიც მხოლოდ დამატკბობლებს მოიხმარს, წონის დაკლებას ვერ ახერხებს. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დამატკბობლების მოხმარებამ მადის გაძლიერება, წონის მატება და შაქრის მოხმარებასთან შედარებით სხეულის ცხიმის სიჭარბეც გამოიწვია. მკვლევრები ეჭვობენ, რომ დამატკბობლებს შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს მეტაბოლიზმი.

გემოს გამაძლიერებლები

გლუტამატი გემოს გამაძლიერებელი საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყველა მზა კერძი შეიცავს. არც არის გასაკვირი, რადგან ის განსაკუთრებულ, პიკანტურ და მძაფრ გემოს სძენს კერძს და აღვიძებს მადას.

მეცნიერთა ნაწილი ნაწილობრივ გლუტამატს აბრალებს იმას, რომ ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა მთელ მსოფლიოში სწრაფად იმატებს. გლუტამატი, გარდა იმისა, რომ ზრდის მადას, ნაყროვანების შეგრძნებასაც ასუსტებს და თრგუნავს ჰორმონს, რომელიც გავლენას ახდენს ცხიმის წვაზე.

გლუტამატია ნივთიერებები, რომლებიც აღნიშნება კოდით E 620-დან E 625-მდე, სანელებლები, არომატიზატორები, საფუარის ექსტრაქტი, საკვები საფუარი, გრანულირებული ბულიონი.

ლიპედემა

– ლიპედემის დროს ჩვეულებრივი დიეტა და ვარჯიში, როგორც წესი, უშედეგოა. ლიპედემა არის ცხიმის განაწილების პათოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც ცხიმი განსაკუთრებით თეძოებზე, ბარძაყებსა და დუნდულებზე, იშვიათად – მთელ ფეხებზე, კიდევ უფრო იშვიათად მკლავებზე გროვდება.

ცხიმის დაწვა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ლიპედემა არ არის. ლიპედემა კი სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს, რაც ექიმის პრეროგატივაა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: