კვება დივერტიკულოზისა და დივერტიკულიტის დროს

გააზიარე:

არსებობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ცხოვრების წესსა და კვებით ჩვევებთან. ერთი მათგანია დივერტიკულოზი — მდგომარეობა, როდესაც მსხვილი ნაწლავის კედელზე მცირე ზომის ჯიბეები, დივერტიკულები, ჩნდება.

დივერტიკულოზი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ კვებასა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტორი შესაძლოა ზრდიდეს დივერტიკულიტის განვითარების რისკს.

როგორ დავგეგმოთ ამ დროს რაციონი? რითია მნიშვნელოვანი ბოჭკოვანი საკვების მიღება და წყლის ადეკვატური ბალანსი? რომელი გავრცელებული მითები უარყო თანამედროვე მედიცინამ?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმ გასტროენტეროლოგ-ენდოსკოპისტთან, ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციისა და ევროპის კრონისა და წყლულოვანი კოლიტის ასოციაციის წევრ ნათია რაზმაძესთან.

დივერტიკულოზი

— რა არის და რატომ ვითარდება დივერტიკულოზი?

— დივერტიკულოზი არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავის კედელზე მცირე ზომის ჯიბისებრი გამობერილობები — დივერტიკულები წარმოიქმნება. დივერტიკულოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სხვა მიზნით ჩატარებული გამოკვლევის დროს შემთხვევით ვლინდება.

დივერტიკულები უმეტესად მსხვილ ნაწლავში, განსაკუთრებით კი მის სიგმოიდურ ნაწილში ჩნდება, ნაწლავის კედლის შედარებით სუსტ, ანატომიურად მოწყვლად უბნებზე, მათ შორის იქ, სადაც სისხლძარღვები ნაწლავის კედლის შრეებში გაივლის. მათი წარმოქმნა მრავალფაქტორული პროცესია და ასაკობრივ ცვლილებებს, ნაწლავის კედლის მექანიკურ თვისებებსა და მოტორიკის ცვლილებებს უკავშირდება. ამ ფაქტორების გავლენით ლორწოვანი და ლორწქვეშა შრე კუნთოვანი შრის სუსტ უბნებში გამოიბერება და მცირე ზომის ჯიბეებს — დივერტიკულებს — წარმოქმნის.

დივერტიკულოზი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, თანაც ასაკთან ერთად მისი სიხშირე იმატებს.

დივერტიკულების წარმოქმნას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ეს მრავალფაქტორული პროცესია, რომელშიც მონაწილეობს:

  • ასაკობრივი ცვლილებები და ნაწლავის კედლის ელასტიკურობის დაქვეითება;
  • ნაწლავის სტრუქტურული თავისებურებები და მოტორიკის (შეკუმშვის) დარღვევები;
  • ნაწლავის სანათურში წნევის ცვლილებები;
  • გენეტიკური მიდრეკილება.

რაც შეეხება კვების თავისებურებებსა და ცხოვრების წესს, ისინი განსაზღვრულ როლს ასრულებენ დაავადების მართვაში, თუმცა დივერტიკულების წარმოქმნაზე მათი პირდაპირი გავლენა დადასტურებული არ არის.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს წევა, წითელი ხორცის ჭარბი მოხმარება და სხვა არაჯანსაღი ჩვევები, ჯიბეების გაჩენის უშუალო მიზეზად არ მიიჩნევა, თუმცა შესაძლოა, ხელი შეუწყოს დივერტიკულიტის განვითარებას.

დივერტიკულიტი

— რა სიმპტომებით ვლინდება დივერტიკულიტი?

— დივერტიკულიტი დივერტიკულოზის ერთ-ერთი გართულებაა და მაშინ ვითარდება, როდესაც ერთ ან რამდენიმე დივერტიკულში ანთებითი პროცესი იწყება.

თუ დივერტიკულოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დივერტიკულიტს მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი ახასიათებს. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი მუდმივი ტკივილია, რომელიც უმეტესად მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილშია ლოკალიზებული. ზოგ პაციენტთან ტკივილი უეცრად და მწვავედ იწყება, ზოგთან კი რამდენიმე დღის განმავლობაში ნელ-ნელა ძლიერდება.

ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა. ზოგი პაციენტი შებერილობას, მადის დაქვეითებას ან შარდვისას დისკომფორტს უჩივის. სიმპტომების ინტენსივობა და მათი კომბინაცია ინდივიდუალურია და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

დივერტიკულიტი უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს, მაგრამ ზოგჯერ ვითარდება აბსცესი, ნაწლავის გაუვალობა, პერფორაცია ან სხვა გართულებაც. ძლიერი ან მუდმივი მუცლის ტკივილის, მაღალი სიცხის, განმეორებითი ღებინების ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია დროული სამედიცინო შეფასება.

დივერტიკულიტის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს წევა და არაჯანსაღი კვებითი ჩვევები ზრდის დივერტიკულიტისა და მისი გართულებების რისკს, ამიტომ დივერტიკულოზის დროს ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი დაავადების მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კვება დივერტიკულოზის დროს

— დივერტიკულების აღმოჩენის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საჭიროა თუ არა სპეციალური დიეტა? რა არის ამ დროს კვების მთავარი პრინციპი?

— დივერტიკულოზის დროს მკაცრი ან სპეციალური დიეტის დაცვა, წესისამებრ, არ არის საჭირო. თუ დივერტიკულოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დივერტიკულიტის აქტიური ეპიზოდი არ აღღიცხულა, მთავარი პრინციპი ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ბოჭკოთი მდიდარი რაციონია. უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულს, ხილს, პარკოსნებსა და მთელმარცვლოვან პროდუქტებს.

დივერტიკულოზის დროს ჩვენი მიზანია არა ცალკეული პროდუქტების აკრძალვა, არამედ ისეთი კვებითი რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციობას და ამცირებს ყაბზობის ალბათობას.

— რითია მნიშვნელოვანი მაღალბოჭკოვანი დიეტა დივერტიკულოზის დროს და როგორ გავზარდოთ ბოჭკოს წილი რაციონში?

— ბოჭკო აუცილებელია ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის. წყალთან ურთიერთქმედების შედეგად ის ჯირჯვდება, მაშასადამე, იზრდება მისი მოცულობა და, შესაბამისად, ნაწლავის შიგთავსიც, რაც ხელს უწყობს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფ დაცლას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას. ბოჭკოსა და წყლის კომბინაცია არბილებს ფეკალურ მასებს, რითაც ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას.

ბოჭკოთი მდიდარია ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და თესლეული. სასურველია, ბოჭკოს წყარო მრავალფეროვანი იყოს და რაციონი მხოლოდ რომელიმე ერთი ტიპის პროდუქტით არ შემოიფარგლებოდეს. ზრდასრულებისთვის ბოჭკოს დღიური სამიზნე ოდენობა დაახლოებით 25-30 გრამია, თუმცა ინდივიდუალური ნორმა შესაძლოა განსხვავდებოდეს — ეს ადამიანის ასაკზე, კვების ჩვევებზე, ნაწლავის ფუნქციასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რაციონში ბოჭკოს ოდენობა ერთბაშად არ გავზარდოთ. თუ მანამდე ადამიანი მცირე ოდენობის ბოჭკოს იღებდა, მისმა მკვეთრმა მომატებამ შესაძლოა შებერილობა, აირების დაგროვება და მუცელში დისკომფორტი გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია ბოჭკოთი მდიდარი საკვები რაციონს ეტაპობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაემატოს ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით. ეს ნაწლავებს ახალ კვებით რეჟიმთან ადაპტაციაში დაეხმარება.

სითხის მიღება

— იმისთვის, რომ ბოჭკომ ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას შეუწყოს ხელი, აუცილებელია საკმარისი სითხის მიღებაც. სწორედ ბოჭკოსა და წყლის ურთიერთქმედება უზრუნველყოფს განავლის დარბილებას და ნაწლავებში მის ადვილად გადაადგილებას. თუ რაციონში ბოჭკოს წილს გავზრდით, საკმარის სითხეს კი არ მივიღებთ, განსაკუთრებით — ყაბზობისადმი მიდრეკილებისას, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი მივიღოთ — განავალი გამაგრდეს და დისკომფორტი გაძლიერდეს, ამიტომ რაციონში ბოჭკოს წილის გაზრდა სითხის ადეკვატურ მიღებასთან ერთად უნდა მოხდეს.

— როგორი უნდა იყოს ყოველდღიური მენიუ? რომელი პროდუქტი ჩავრთოთ რაციონში უფრო ხშირად და რომელს ვერიდოთ?

— დივერტიკულოზის დროს სასურველია, ყოველდღიური რაციონი მრავალფეროვანი და დაბალანსებული იყოს.

ხშირად უნდა მივირთვათ:

* ბოსტნეული: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყაბაყი, ფოთლოვანი ბოსტნეული და მწვანილი;

* მთელმარცვლოვანი პროდუქტები: შვრია, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ქერი, ქატო, მთლიანი მარცვლის პური;

* ხილი: ვაშლი, მსხალი, ბანანი, ფორთოხალი, ქლიავი, ასევე — შავი ქლიავის, ლეღვის ჩირი, ქიშმიში;

* პარკოსნები: ოსპი, მუხუდო, ლობიო (საჭიროა რაციონში მისი თანდათანობით ჩართვა), მწვანე ლობიო, თუ ორგანიზმი მათ კარგად იტანს;

* ჯანსაღი ცხიმი და ცილა: თევზი და ზღვის პროდუქტები, ფრინველის (ქათმის, ინდაურის) ხორცი, თხილი, კაკალი, ჩიასა და სელის თესლი;

* რძე, მაწონი, კეფირი, იოგურტი, ყველი: დივერტიკულოზის გამო რაციონიდან მათი ამოღება საჭირო არ არის, თუ კონკრეტულ ადამიანს მათი აუტანლობა ან მიღების შემდეგ დისკომფორტი არ აქვს.

უნდა შევზღუდოთ:

* წითელი (ძროხის, ღორის, ცხვრის) ხორცი — სასურველია, შეიზღუდოს. მისი მაღალი მოხმარება დივერტიკულიტის მაღალ რისკთან არის ასოცირებული.

* გადამუშავებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვი, ლორი;

* რაფინირებული ნახშირწყლები: თეთრი პური, ფუნთუშა, საკონდიტრო ნაწარმი, თეთრი ბრინჯი და მაკარონი. ეს პროდუქტები შედარებით ღარიბია ბოჭკოთი და უმჯობესია, მათი ნაწილი მთელმარცვლოვანი პროდუქტებით ჩანაცვლდეს.

* ულტრაგადამუშავებული და ცხიმიანი საკვები: სწრაფი კვების პროდუქტები, ჩიფსები, ტრანსცხიმებით მდიდარი სოუსები.

დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადების მეთოდსაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი იწყებს რაციონში ბოჭკოვანი საკვების წილის გაზრდას. საკვების სწორი თერმული დამუშავება ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას, უმტკივნეულოდ გადაამუშაოს უხეში მცენარეული ბოჭკო. იდეალური მეთოდებია:

* ორთქლზე მომზადება, მოხარშვა და ღუმელში გამოცხობა. თერმული დამუშავებისას ბოსტნეულსა და პარკოსნებში არსებული უხეში ბოჭკო რბილდება, რაც ამცირებს ნაწლავის დატვირთვას და შებერილობისა და სპაზმის განვითარების რისკს. მაგალითად, უმი კომბოსტო (ბროკოლიც) აირების დაგროვებას უწყობს ხელს, ორთქლზე მომზადებულს ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

* მომზადების მეთოდი შეიძლება ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით შეირჩეს. თუ უმი ან ზოგიერთი ბოჭკოვანი პროდუქტი შებერილობას იწვევს, მოვხარშოთ ან შევარჩიოთ სხვა უკეთ ასატანი ფორმა.

რეკომენდებული სასმელებია:

* წყალი;

* უშაქრო ჩაი;

* ყავა — რაციონიდან ყავის რუტინულად ამოღება დივერტიკულოზის გამო საჭირო არ არის. მიღება ინდივიდუალურ ამტანობას უნდა მოერგოს.

* ხილისა და ბოსტნეულის წვენები მცირე რაოდენობით. უმჯობესია მთლიანი ხილი, რადგან ის უფრო მეტ ბოჭკოს შეიცავს.

უნდა შეიზღუდოს:

* ალკოჰოლი;

* გაზიანი გამაგრილებელი და სხვა ტკბილი სასმელები;

* ენერგეტიკული სასმელები.

ერთდღიანი დაბალანსებული მენიუს ნიმუში

საუზმე: წყალზე ან მცენარეულ რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა + კენკრა, ჩიას თესლი და ცოტა ნიგოზი

ხემსი: 1 ცალი ვაშლი ან მსხალი (კანიანად) + ერთი მუჭა ნუში

სადილი: ოსპის ან ბოსტნეულის წვნიანი; გრილზე მომზადებული ქათმის ფილე + წიწიბურა და ბოსტნეულის სალათა (ზეითუნის ზეთით)

სამხარი: ნატურალური იოგურტი ან მაწონი + 1 ჩაის კოვზი სელის თესლი

ვახშამი: გამომცხვარი თევზი (მაგალითად, ორაგული ან სკუმბრია) + ორთქლზე მომზადებული ბროკოლი და სტაფილო

ეს მენიუ მხოლოდ საორიენტაციო მაგალითია და მწვავე დივერტიკულიტის პერიოდს არ ეხება.

— ხშირად გვესმის, რომ დივერტიკულოზის დროს არ შეიძლება თხილეულის, თესლეულის, პოპკორნის და წვრილი მარცვლების შემცველი სხვა საკვების მიღება. ნამდვილად საჭიროა მათი შეზღუდვა? როგორია რეკომენდაცია თესლიანი ხილისა და კენკრის, მაგალითად, ჟოლოსა და მარწყვის, შემთხვევაში?

— წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წვრილი მარცვლები შესაძლოა დივერტიკულებში მოხვედრილიყო, იქ გაჭედილიყო და ანთებითი პროცესის განვითარებისთვის შეეწყო ხელი. თანამედროვე მედიცინამ ეს ჰიპოთეზა უარყო. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მენიუდან ამ პროდუქტების რუტინული გამორიცხვა საჭირო არ არის.

  • თხილეული და თესლეული მცენარეული ბოჭკოს, ჯანსაღი ცხიმისა და მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა.
  • კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მაყვალი) შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს.

ამრიგად, თუ დივერტიკულოზის მქონე ადამიანს კონკრეტული პროდუქტი ინდივიდუალურ დისკომფორტს არ უქმნის, რაციონიდან მისი უსაფუძვლოდ ამოღება რეკომენდებული არ არის.

— როცა ბოჭკოთი მდიდარი საკვები შებერილობას ან სხვა დისკომფორტს იწვევს, შეიძლება თუ არა ბოჭკოს დანამატების გამოყენება?

— თუ ბოჭკოთი მდიდარმა საკვებმა შებერილობა, აირების დაგროვება ან სხვა დისკომფორტი გამოიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ბოჭკოვან სურსათზე უარი უნდა ითქვას. ეს სიმპტომები ხშირად ბოჭკოს რაოდენობის სწრაფ ზრდას ან კონკრეტული პროდუქტის ინდივიდუალურ აუტანლობას უკავშირდება. ამ შემთხვევაში უმჯობესია, უფრო ნელა გაზარდოთ ბოჭკოს ოდენობა, მისი სხვადასხვა წყარო მონაცვლეობით შეიტანოთ რაციონში და ის პროდუქტები შეარჩიოთ, რომლებსაც უკეთ იტანთ. რაციონი ინდივიდუალურად უნდა მოერგოს პაციენტს, ნაცვლად იმისა, რომ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების მთელი ჯგუფი მისი მენიუდან გამოირიცხოს.

თუ სიმპტომები მუდმივი და შემაწუხებელია, შეუძლებელია, ისინი მხოლოდ ბოჭკოვან საკვებს არ უნდა დავუკავშიროთ — უმჯობესია, მივმართოთ ექიმს სხვა შესაძლო მიზეზების გამოსარიცხად.

ბოჭკოს დანამატები

— თუ საკვებიდან საკმარისი ოდენობის ბოჭკოს ვერ ვიღებთ, შეიძლება ბოჭკოს დანამატების გამოყენებაც, ოღონდ ექიმთან შეთანხმებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ხანგრძლივი ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შებერილობა ან ნაწლავების მოქმედების სხვა დარღვევა აქვს. ბოჭკოს დანამატები სხვადასხვა ტიპისაა და მათი მოქმედება და მათ მიმართ ამტანობაც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.

დანამატის მიღების დროსაც მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით დაწყება და საჭიროებისამებრ მათი თანდათან გაზრდა. ამასთან, ბოჭკოს დანამატი ბოჭკოთი მდიდარი საკვების სრულფასოვან შემცვლელად არ უნდა განვიხილოთ. სასურველია, ბოჭკოს ძირითადი ნაწილი მაინც მრავალფეროვანი რაციონიდან მივიღოთ. დანამატი შეიძლება იყოს დამატებითი საშუალება მაშინ, როდესაც საკვებიდან სასურველი რაოდენობის ბოჭკოს მიღება ვერ ხერხდება.

კვება დივერტიცულიტის დროს

— როგორ იცვლება კვების რეკომენდაციები დივერტიკულიტის დროს?

— დივერტიკულიტის დროს კვების რეკომენდაციები დროებით იცვლება და ეს ცვლილებები პირდაპირ არის დამოკიდებული სიმპტომების სიმძიმესა და დაავადების მიმდინარეობაზე.

გაურთულებელი დივერტიკულიტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, კვების ტაქტიკა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

1. გამჭვირვალე სითხეების დიეტა (მწვავე ფაზა): სიმპტომების პიკზე ხშირად რეკომენდებულია დროებით გამჭვირვალე სითხეებზე გადასვლა (ასეთებია წყალი, გამჭვირვალე ბულიონი რბილობის გარეშე, უშაქრო ჩაი, პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარები). ამის მთავარი მიზანი ნაწლავებისთვის დატვირთვის შემსუბუქება და დისკომფორტის შემცირებაა.

2. ადვილად მოსანელებელი, დაბალბოჭკოვანი საკვების დიეტა: როგორც კი ტკივილი და გულისრევა შემცირდება, რაციონი თანდათან ფართოვდება. მას ემატება ნაზი, დაბალბოჭკოვანი პროდუქტები: თეთრი ბრინჯი, პური, მაკარონი, კარგად მოხარშული გაფქცვნილი ბოსტნეული, კვერცხი, ხაჭო, იოგურტი, თევზი და ფრინველის უცხიმო ხორცი.

3. ბოჭკოს დროებითი შეზღუდვა: მწვავე ეპიზოდის დროს დროებით იზღუდება უხეში ბოჭკო — უმი ბოსტნეული, ქატო, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და თესლეული, რადგან ზოგიერთი პაციენტი მწვავე ფაზაში ბოჭკოთი მდიდარ საკვებს ცუდად იტანს. თუმცა ეს დროებითი ღონისძიებაა და ამ პროდუქტების სამუდამოდ აკრძალვას არ ნიშნავს.

4. ჩვეულებრივ რაციონთან დაბრუნება: სიმპტომების სრული გაქრობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი ეტაპობრივად, ნელი ნაბიჯებით უბრუნდება მაღალბოჭკოვან, დაბალანსებულ კვებას.

ხანგრძლივი შიმშილი და მკაცრი შეზღუდვები რეკომენდებული არ არის.

სითხით ორგანიზმის უზრუნველყოფა მკურნალობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ პაციენტს შეუძლია სითხის დამოუკიდებლად მიღება. მნიშვნელოვანია ადეკვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით

გართულებული დივერტიკულიტის (აბსცესი, პერფორაცია, პერიტონიტი, ნაწლავის გაუვალობა) დროს კვების ტაქტიკა მკაცრად ინდივიდუალურია. შესაძლოა, საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ინტრავენური სითხეების შეყვანა და, კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პერორალური (პირით) კვების დროებითი სრული შეზღუდვა.

ამრიგად, მწვავე დივერტიკულიტის დროს მთავარი პრინციპია, დროებით შევამსუბუქოთ კვება და შევარჩიოთ ის საკვები, რომელსაც პაციენტი კარგად იტანს, ხოლო სიმპტომების შემსუბუქებისთანავე ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კვებას.

— ცხოვრების წესის რომელ ასპექტებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დივერტიკულიტის მართვისას?

— დივერტიკულიტის ეფექტური მართვა სწორი კვებით არ შემოიფარგლება, მასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ცხოვრების წესსაც.

* რეგულარული ფიზიკური აქტივობა: მოძრაობა ასტიმულირებს ნაწლავის ნორმალურ მოტორიკას (პერისტალტიკას) და საგრძნობლად ამცირებს ყაბზობის რისკს. მაღალი ინტენსივობის ვარჯიში აუცილებელი არ არის — სავსებით საკმარისია ზომიერი დატვირთვა: ფეხით ყოველდღიური სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა ან ტანვარჯიში.

* ჯანსაღი წონის შენარჩუნება: ჭარბი წონა და სიმსუქნე (განსაკუთრებით — ეს უკანასკნელი) მჭიდროდ არის დაკავშირებული დივერტიკულიტის განვითარებასა და მისი მძიმე გართულებების მომატებულ რისკთან.

* თამბაქოზე უარის თქმა: მოწევა ზრდის დივერტიკულური დაავადების პროგრესირებისა და მძიმე გართულებების (მათ შორის — პერფორაციის) ალბათობას. თამბაქოსთვის თავის დანებება ნაწლავის ჯანმრთელობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ამრიგად, დივერტიკულოზის მართვა არა მკაცრ დიეტას, არამედ დაბალანსებულ კვებას, საკმარისი სითხის მიღებას, რეგულარულ მოძრაობასა და ინდივიდს მორგებულ ცხოვრების წესს ეფუძნება. კვების რაციონი უნდა მიესადაგოს პაციენტის ამტანობას, თანმხლებ დაავადებებსა და კვებით საჭიროებებს. მწვავე დივერტიკულიტის დროს კი კვების რეჟიმი დროებით იცვლება და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: