ტაეკვონდო - ფიზიკური და მენტალური განვითარების კომპლექსური სისტემა
გააზიარე:
ტაეკვონდო, კორეული საბრძოლო ხელოვნება, თვითდისციპლინას, სხეულის კონტროლს და ინტენსიურ ვარჯიშს აერთიანებს. ტაეკვონდო მხოლოდ საბრძოლო ტექნიკის შესწავლას არ გულისხმობს - ის ხელს უწყობს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს მოქნილობასა და კოორდინაციას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე.
ტაეკვონდო ავითარებს თვითდისციპლინას, კონცენტრაციას და სტრესთან გამკლავების უნარს, ამიტომ დღეს ის არა მხოლოდ სპორტად, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობ ეფექტურ საშუალებადაც მიიჩნევა.
რა არის
სიტყვა "ტაეკვონდო" სამი კორეული ძირისგან შედგება: "ტაე" (ფეხი), "კვონ" (მუშტი) და "დო" (გზა, ცხოვრებისეული ფილოსოფია). ტაეკვონდო სწრაფი, დინამიკური მოძრაობებით და ხელითა და ფეხით შესრულებული დარტყმების მრავალფეროვანი ტექნიკით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები კორეის ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებებში უდგას, მის ჩამოყალიბებაზე ორთაბრძოლის სხვა აღმოსავლურმა სისტემებმაც მოახდინა გავლენა. 2000 წლიდან, სიდნეის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ტაეკვონდო სპორტის ოფიციალური ოლიმპიური სახეობაა.
რა სარგებლობა მოაქვს
ფიზიკური ჯანმრთელობისთვის
აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
ტაეკვონდო ინტენსიური ფიზიკური აქტივობაა, რომელიც გულისა და ფილტვების აქტიურ მუშაობას მოითხოვს. სწრაფი გადაადგილებები, ნახტომები და დარტყმების სერიები ზრდის გულისცემის სიხშირეს და აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, ეფექტურად გამოიყენოს ჟანგბადი. რეგულარული ვარჯიში ზრდის კარდიორესპირატორულ გამძლეობას - გული უფრო ეფექტურად მუშაობს, ხოლო ფიზიკური დატვირთვა ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ეს დადებითად აისახება საერთო გამძლეობაზე და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ავითარებს კუნთებს
ტაეკვონდოში ვარჯიშის დროს მუშაობს კუნთების თითქმის ყველა ძირითადი ჯგუფი. ფეხით შესრულებული დარტყმები ქვედა კიდურების კუნთებს აძლიერებს, ხოლო ბლოკები და თავდაცვითი მოძრაობები - მკლავების, მხრებისა და ზურგისას. დატვირთვაში აქტიურად არის ჩართული მუცლისა და სტაბილიზატორი კუნთებიც, რომლებიც ბალანსისა და სხეულის კონტროლის შენარჩუნებაში მონაწილეობს. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს კუნთოვანი ძალისა და გამძლეობის ზრდას, სხეულის საერთო ტონუსის ამაღლებას.
ზრდის მოქნილობას
ტექნიკურად რთული დარტყმები კუნთებისა და სახსრების მოძრაობის ფართო ამპლიტუდას მოითხოვს, რის გამოც ვარჯიშების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჭიმვასა და მოქნილობის განვითარებას ეთმობა. რეგულარული გაჭიმვები ზრდის კუნთების ელასტიკურობასა და სახსრების მობილურობას, რის შედეგადაც მოძრაობა უფრო თავისუფალი და ეფექტური ხდება. ამასთან, მოქნილობა ამცირებს დაჭიმვისა და ტრავმის რისკს და აუმჯობესებს ტანდეგობას.
ავითარებს კოორდინაციასა და ბალანსს
ტაეკვონდო მოითხოვს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ზედმიწევნით კოორდინაციას. დარტყმების, ბლოკებისა და გადაადგილებების შესრულებისას ტვინი და კუნთები ერთობლივად მუშაობს, რათა მოძრაობა იყოს სწრაფი და ეფექტური. ვარჯიში აუმჯობესებს ნერვკუნთოვან კოორდინაციას, რეაქციის სისწრაფეს, სივრცით აღქმას და ბალანსს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალ ფეხზე შესრულებული ტექნიკებისა და მიმართულების სწრაფი ცვლილებების დროს. ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ამცირებს დაცემის რისკს.
ხელს უწყობს წონის კონტროლს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
ტაეკვონდოში ვარჯიში დიდ ენერგიას მოითხოვს და, შესაბამისად, ბევრ კალორიასაც წვავს, ამიტომ ის ეფექტურია როგორც წონის კონტროლის, ისე ჭარბი წონის შემცირების პროცესში.
რეგულარული ვარჯიში ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, გვეხმარება ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებაში და ზრდის ორგანიზმის უნარს, ეფექტურად გამოიყენოს გლუკოზა. იზრდება კუნთოვანი მასაც, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმს, რადგან კუნთები ენერგიას მოსვენების დროსაც მოიხმარს.
აუმჯობესებს ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას
რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ასტიმულირებს ძვლის განახლებას და ხელს უწყობს მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკის მატებასთან ერთად. მოძრაობის მრავალფეროვნება აუმჯობესებს სახსრების მობილურობასა და ფუნქციობას.
ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
*ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას
ვარჯიშის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რომლებიც ამაღლებს განწყობას, ხოლო რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დაბლა სწევს სტრესის ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლის, დონეს. გარდა ამისა, მოძრაობებსა და ტექნიკაზე კონცენტრირება გვეხმარება ყოველდღიური დაძაბულობისგან დროებით დისტანცირებაში, რაც ემოციურ განტვირთვასა და შინაგანი სიმშვიდის მიღწევას უწყობს ხელს.
*აუმჯობესებს კონცენტრაციას
ტაეკვონდო მუდმივ ყურადღებასა და კონცენტრაციას მოითხოვს, რადგან თითოეული მოძრაობა დროულად და ზუსტად უნდა შესრულდეს. ვარჯიშის პროცესში ვითარდება ყურადღება, სწრაფი რეაგირებისა და გარემოს აღქმის უნარები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სასარგებლოა.
ტექნიკური ელემენტებისა და კომბინაციების დამახსოვრება მეხსიერებასაც ავარჯიშებს, ასე რომ, ტაეკვონდო კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.
*აყალიბებს თვითდისციპლინას
თვითდისციპლინა ტაეკვონდოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. პროგრესისთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, ტექნიკის დახვეწა და წესების დაცვა, რაც ავითარებს პასუხისმგებლობასა და ორგანიზებულობას.
სპორტსმენები სწავლობენ მიზნების დასახვას და მიღწევას. ეს ავითარებს მოთმინებასა და შეუპოვრობას და ასწავლის ადამიანს შრომის ფასს, რაც აუცილებელია ცხოვრების სხვა სფეროებშიც.
*ზრდის თავდაჯერებას
ტაეკვონდო საშუალებას აძლევს ადამიანს, თვალნათლივ დაინახოს საკუთარი პროგრესი. ახალი ტექნიკის დაუფლება და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება ზრდის საკუთარი თავის რწმენას.
როდესაც ადამიანს თავის დაცვის უნარი შესწევს, ემატება უსაფრთხოების შეგრძნება და თავდაჯერებაც, სოციალურად უფრო აქტიური ხდება, ემოციურად - უფრო მდგრადი.
რისკები
ტაეკვონდო, როგორც სპორტის ნებისმიერი სახეობა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა სწორ ტექნიკას და უსაფრთხოების წესების დაცვას ტრავმების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. რისკი ძირითადად უკავშირდება ინტენსიურ დატვირთვას და მოძრაობების არასწორ შესრულებას.
ყველაზე ხშირია დაჭიმულობები, დაჟეჟილობები, კუნთებისა და მყესების გადატვირთვა, ტერფების, მუხლებისა და თითების დაზიანებები, განსაკუთრებით - სპარინგის დროს. რისკი იზრდება არასაკმარისი მოთელვის, გადაღლის, ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში.
კვალიფიციური მწვრთნელი უზრუნველყოფს სწორ ტექნიკას, დატვირთვის კონტროლსა და უსაფრთხო პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები სპორტსმენებისა და ბავშვებისთვის.
სპარინგის დროს აუცილებელია დამცავი აღჭურვილობა: ჩაფხუტი, ტანის, წვივისა და წინამხრის დამცავები და პირის დამცავი, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმების რისკს.
განსაზღვრულ შემთხვევებში რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი წნევის, სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების ან სერიოზული ტრავმის ისტორიის დროს.
ტაეკვონდო უსაფრთხო სპორტად მიიჩნევა, როდესაც ვარჯიში მიმდინარეობს პროფესიონალური ზედამხედველობით, შესაბამისი დაცვითა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჯილდა გაჩეჩილაძე











