ანანასი – ტროპიკების დედოფალი
გააზიარე:
ეგზოტიკურ ფორმასა და არომატთან ერთად ანანასი სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა.
სტატიიდან შეიტყობთ, რომელი ვიტამინებითა და მინერალებით არის მდიდარი ეს ტროპიკული ხილი, როგორია მისი კვებითი ღირებულება და, საზოგადოდ, რა სიკეთე მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
100 გ ანანასის
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება
წყალი – 83,8 გ
ნახშირწყლები – 13,1 გ (აქედან: გლუკოზა – 2,2 გ, ფრუქტოზა – 2,5 გ, საქაროზა – 8,3 გ)
ბოჭკო – 1,4 გ (აქედან: წყალში ხსნადი – 0,2 გ, წყალში უხსნელი – 1,1 გ)
ცილა – 0,5 გ
ცხიმი – 0,2 გ
ენერგია – 60 კკ
ვიტამინოვანი შემადგენლობა
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 19 მგ (საშუალო სადღეღამისო ნორმის 19%)
ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 100 მკგ (ნორმის 1%)
ვიტამინი B1 (თიამინი) – 80 მკგ (ნორმის 7%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 75 მკგ (ნორმის 5%)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 30 მკგ (ნორმის 3%)
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 10 მკგ (ნორმის 1%)
ბეტა-კაროტინი – 60 მკგ (ნორმის 3%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 220 მკგ (ნორმის 1%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 180 მკგ (ნორმის 3%)
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0.5 მკგ (ნორმის 1%)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 15 მკგ (ნორმის 3.8%)
ვიტამინი K (ფილოქინონი) – 10 მკგ (ნორმის 15%)
მინერალოვანი შემადგენლობა
კალიუმი – 173 მგ (საშუალო სადღეღამისო ნორმის 4%)
ქლორი – 39 მგ (ნორმის 2%)
მაგნიუმი – 17 მგ (ნორმის 9%)
კალციუმი – 16 მგ (ნორმის 2%)
ფოსფორი – 9 მგ (ნორმის 1% )
გოგირდი – 3 მგ
რკინა – 400 მკგ (ნორმის 3%)
მანგანუმი – 110 მკგ (ნორმის 3%)
თუთია – 260 მკგ (ნორმის 3%)
სპილენძი – 80 მკგ (ნორმის 6%)
შესაძლოა მცირე განსხვავებები ჯიშის, ადგილისა და მოყვანის პირობების მიხედვით.
გლიკემიური დატვირთვა
გლიკემიური დატვირთვა (GL) აჩვენებს, რა გავლენას ახდენს საკვები სისხლში გლუკოზის დონეზე. საკვები, რომლის გლიკემიური დატვირთვა 10-ზე ნაკლებია, იწვევს შაქრის დონის ნელ მატებას. შეგახსენებთ, რომ 11-დან 19-მდე საშუალო მაჩვენებლად ითვლება, ხოლო 20-ზე მეტი – მაღალ მაჩვენებლად.
ანანასის გლიკემიური დატვირთვაა 5,9. ასე რომ, მისი ჭამა შეუძლიათ როგორც დიაბეტიან, ისე ჭარბწონიან ადამიანებს. რაღა თქმა უნდა, ზომიერად. გაითვალისწინეთ: ანანასის ჩირის გლიკემიური დატვირთვა გაცილებით მაღალია – 30-მდე.
ანანასი და ფრუქტოზის აუტანლობა
ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო ანანასი არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის. მით უმეტეს, მასში გლუკოზა ფრუქტოზაზე ნაკლებია – როგორც უკვე იცით, რაც უფრო მეტი გლუკოზაა საკვებში ფრუქტოზასთან ერთად, მით უფრო უკეთ იტანს მას ორგანიზმი.
ანანასი და ჰისტამინის აუტანლობა
მიუხედავად იმისა, რომ ანანასში ჰისტამინი ბევრი არ არის, მას მაინც უნდა ერიდონ ადამიანები, რომლებსაც ჰისტამინის აუტანლობა აქვთ. ანანასი, ისევე როგორც პომიდორი, ბადრიჯანი ან მარწყვი, ხელს უწყობს ორგანიზმში ამ მედიატორის გამოთავისუფლებას, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ჰისტამინის აუტანლობის მქონე ადამიანებს.
მცენარეული ნივთიერებები
ანანასი შეიცავს ფიტოქიმიკატების მთელ სპექტრს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ესენია, უპირველეს ყოვლისა, ფენოლური ნაერთები და კაროტინოიდები. სწორედ ისინი აძლევენ ანანასს ფერს, გემოსა და სურნელს და C ვიტამინთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მის ანტიოქსიდანტურ ძალაში.
ანანასის ანტიოქსიდანტური ეფექტის დაახლოებით 40 პროცენტი ფიტოქიმიკატების წილად მოდის. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან:
* გალის მჟავა – აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას. პავიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ის იცავს ნერვულ უჯრედებს და ხელს უშლის მათ სიკვდილს, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების დროს.
* კატექინები – მაასტრიხტის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 120 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ კატექინები ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევიან და ებრძვიან სიმსივნურ უჯრედებს. კვლევის ფარგლებში მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი. ეპიკატექინი აქვეითებს არტერიულ წნევას და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ამასთან ერთად, ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
* კაროტინოიდები – კაშკაშა ყვითელ ფერს ანანასი კაროტინოიდებს უნდა უმადლოდეს. ამ ნივთიერებათა დიდი ჯგუფიდან აღსანიშნავია ბეტა-კაროტინი, კრიპტოქსანთინი, ლუთეინი, ვიოლაქსანთინი და ზეაქსანთინი.
ზოგიერთი მათგანი, მათ შორის – კრიპტოქსანტინი, ალფა-კაროტინი და ბეტა-კაროტინი, A ვიტამინის წინამორბედია, მაშასადამე, ორგანიზმს შეუძლია A ვიტამინად მათი გარდაქმნა. ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია თვალების, კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის, ძვლების ჯანმრთელობისა და სიმაგრისთვის, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას. გარდა ამისა, კაროტინოიდები იცავს უჯრედებსა და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებებისგან და შეუძლია, შეაფერხოს განსაზღვრული ტიპის სიმსივნის განვითარება.
ბრომელაინი
ანანასის ღერო, ქერქი და ნაყოფი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას – პროტეოლიზურ (ცილის დამშლელ) ფერმენტს, რომელიც ბრომელაინის სახელით არის ცნობილი.
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბრომელაინს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, ხელს უშლის შეშუპებას (მაგალითად, ოპერაციის შემდგომს), სისხლის შედედებას. გარდა ამისა, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ფარმაცევტულ ბაზარზე ბრომელაინი იყიდება ექსტრაქტებისა და საკვებდანამატების სახით. გამოდის ამ ნივთიერების შემცველი გელები და კრემებიც.
სასარგებლო თვისებები
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
ანანასი არეგულირებს საჭმლის მონელებას და სარგებლობის მოტანა შეუძლია როგორც ყაბზობის, ისე დიარეის დროს. მის ამ თვისებას, უპირველეს ყოვლისა, ბრომელაინს უნდა ვუმადლოდეთ. ფერმენტები აგებენ პასუხს საკვებში ცილების დაშლასა და ათვისებაზე. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით ბრომელაინს უნარი შესწევს, შეამსუბუქოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული ჩივილები და ხელი შეუშალოს სხვადასხვა დაავადების განვითარებას.
არსებობს მონაცემები, რომ ანანასის წვენი აადვილებს მოუნელებელი საკვების დაშლას და კარგია გასტროპარეზის (მდგომარეობა, როცა შეფერხებულია კუჭის დაცლა) დროს. ერთ–ერთი კვლევის მონაწილეები დღეში სამჯერ (ყოველი ჭამის შემდეგ) იღებდნენ 75 მლ ანანასის წვენს. 3 დღეში საგრძნობლად შეუმცირდათ კუჭის ტკივილი, განმეორებითმა გასტროსკოპიამ კი აჩვენა, რომ კუჭი ცარიელი იყო.
ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს
ანანასი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებებით.
ანტიოქსიდანტები აუვნებლებენ უჯრედების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს და ამით თავიდან გვაცილებენ ოქსიდაციურ სტრესს (ეს უკანასკნელი სათავეს უდებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს და შედეგად არაერთი დაავადების განვითარებას).
აძლიერებს იმუნურ სისტემას
მდიდარი ვიტამინოვანი და მინერალოვანი შემადგენლობის, ფერმენტების მრავალფეროვანი პალიტრის წყალობით ანანასი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც 98 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მას, ვინც მეტ ანანასს ჭამდა, უფრო იშვიათად ემართებოდა ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია. აღმოჩნდა, რომ ანანასის რეგულარული მიღება ზრდის ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ბრომელაინის დანამატის მიღებისას სინუსური ინფექციების მქონე ბავშვები უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.
ხსნის სახსრების ანთების სიმპტომებს
ართრიტი, სახსრების ანთება, ჩვეულებისამებრ, ვლინდება სახსრების ტკივილითა და შეშუპებით.
კვლევამ აჩვენა, რომ ბრომელაინის დანამატები ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას ართრიტის დროს.
ხელს უწყობს რეგენერაციას სპორტული დატვირთვის შემდეგ
კუნთების ძლიერმა გადატვირთვამ შესაძლოა დააზიანოს კუნთოვანი ქსოვილი და გამოიწვიოს ანთება კუნთის მიმდებარე მიდამოში, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი.
ბრომელაინი აჩქარებს კუნთების გადაჭარბებული დატვირთვის შედეგად მიღებული ზიანის აღმოფხვრას და კუნთოვანი ქსოვილის გარშემო ანთების შემცირებას.
ამაღლებს განწყობას
სეროტონინი ჰორმონია, რომელიც ადამიანის სხეულში წარმოიქმნება და, სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად, განწყობას, მადასა და ძილსაც არეგულირებს. სეროტონინის დაბალმა დონემ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესის, შფოთვითი აშლილობის განვითარებას.
მცენარეების შემადგენლობაში შემავალ სეროტონინს ფიტოსეროტონინი ეწოდება. წინათ მიაჩნდათ, რომ ფიტოსეროტონინის მიღება ადამიანის სეროტონინზე გავლენას ვერ ახდენდა, თანამედროვე კვლევებმა კი აჩვენა, რომ ფიტოსეროტონინს შეუძლია, გაზარდოს ჩვენს ორგანიზმში სეროტონინის დონე.
აჯანსაღებს კანს
C და E ვიტამინების წყალობით ანანასი ათანაბრებს კანის ფერს და მთელი დღით იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
გარდა ამისა, ანანასი მოქმედებს როგორც ნაზი პილინგი. ის ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას და ფერიმჭამელების რაოდენობის შემცირებას.
აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, აცხრობს სიწითლეს და შეშუპებას, ამცირებს ცხიმოვან ბზინვარებას.
ასე რომ, შეგიძლიათ, ანანასი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ. გარდა შინაური ნიღბებისა, არსებობს კანის მოვლის საშუალებებიც, რომლებიც ბრომელაინის ექსტრაქტს შეიცავს.
ანანასი და ალერგია
ანანასზე ალერგია იშვიათია. ალერგიულ რეაქციას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: სახისა და პირის ღრუს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხანგრძლივი თავბრუხვევა. სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს კონტაქტისთანავე ან კონტაქტიდან ერთი-ორი საათის შემდეგ. ალერგენი შეიძლება იყოს არა ბრომელაინი, არამედ ცილები, განსაკუთრებით პროფილინი.
უფრო ხშირია ჯვარედინი ალერგია. მაგალითად, თუ გაქვთ ალერგია ბუნებრივ ლატექსზე ან ბენჯამინის ფიკუსზე (Ficus benjamina), შესაძლოა, რეაქცია ანანასთან კონტაქტმაც გამოიწვიოს.
რა გავითვალისწინოთ შეძენისას
თუ მწიფე ანანასს მსუბუქად დააწვებით თითით, ოდნავ სირბილეს იგრძნობთ. ძალიან არ უნდა ჩაიზნიქოს. მწიფე ნაყოფს ძირზე ხილის სასიამოვნო არომატი უნდა დაჰკრავდეს, გვირგვინი კი კარგი მწვანე ჰქონდეს, ყვითელი არ ერიოს.
თუ ფოთოლი ადვილად ძვრება გვირგვინიდან, ეს კარგ სიმწიფეზე მიუთითებს.
დაკრეფის შემდეგ ანანასი აღარ მწიფდება. სამწუხაროდ, ბაზარზე ხშირად გვხვდება დაუმწიფებელი ნაყოფი, რადგან ის უფრო მეტხანს ინახება და შორეულ ქვეყნებში მისი ტრანსპორტირებაც გაცილებით ადვილია.
დაუმწიფებელი ანანასი არც ისე გემრიელია. მეტიც, შესაძლოა, დიარეა გამოიწვიოს.
მწიფე ანანასი, გარდა იმისა, რომ უფრო გემრიელია, უფრო სასარგებლოც არის. მექსიკაში დაადგინეს, რომ სიმწიფის სხვადასხვა ეტაპზე სასარგებლო ნივთიერებათა შემცველობა სხვადასხვანაირია. რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით უფრო მეტია მასში შაქრები და C ვიტამინი. კარგად დამწიფებულ ანანასში ბევრია ბეტა-კაროტინი და ფენოლური ნაერთი, C ვიტამინის შემცველობა კი დამწიფებასთან ერთად იკლებს.
ანანასის შემადგენლობაში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები თავიანთ ანტიოქსიდანტურ თვისებებს მხოლოდ მწიფე ნაყოფში ამჟღავნებენ.
როგორ შევინახოთ
ახალი ანანასი ერთ კვირამდე ძლებს 10 გრადუსზე. გაჭრილ ანანასს გადანაჭერ ზედაპირზე სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ და შეინახეთ მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, მაქსიმუმ 2-3 დღით, არანაკლებ 6 გრადუსზე, თორემ არომატს დაკარგავს.
ჯილდა გაჩეჩილაძე











