რას გვიქადის ჭარბი წონა
გააზიარე:
რატომ უნდა დავისახოთ მიზნად წონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნება?
ზედმეტ კილოგრამებს შეუძლია დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი, გამოიწვიოს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ტკივილი, გაგვიძნელოს მოძრაობა. რაც მთავარია, ის შეიძლება არაერთი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზად იქცეს.
დიაბეტი ტიპი 2
დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, რომლისთვისაც სისხლში გლუკოზის მატებაა დამახასიათებელი. ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულ 10-იდან თითქმის 8 ადამიანს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს. შესაძლოა, ადამიანმა წლობით იცხოვროს დიაბეტით და არ იცოდეს, ამიტომ სასურველია პერიოდული სკრინინგი და ყურადღების მიქცევა ისეთი სიმპტომებისთვის, როგორიცაა წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებათა გაძლიერება, შარდვის გახშირება, წონის უმიზეზო კლება, დაღლილობა, დაბინდული მხედველობა, ჭრილოების შეხორცების გაძნელება, ინფექციების გახშირება, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება.
სისხლში გლუკოზის მაღალი დონე დროთა განმავლობაში იწვევს გულის დაავადებებს, ინსულტს, თირკმელების დაავადებებს, თვალებისა და ნერვების დაზიანებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.
მაგრამ თუ ადამიანს დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი აქვს, სხეულის წონის 5-7%-ით დაკლებამ და რეგულარულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა თავიდან ააცილოს ან გადაუვადოს დაავადების განვითარება.
სისხლის მაღალი წნევა
მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტენზია, მდგომარეობაა, როდესაც სისხლი სისხლძარღვებში (არტერიებში) ნორმალურზე მეტი ძალით მიედინება. შეგახსენებთ, რომ წნევა ნორმალურად ითვლება, თუ ის 120`80 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლებია.
მაღალმა წნევამ შესაძლოა გადატვირთოს გული, დააზიანოს სისხლძარღვები და ასწიოს ინფარქტის, ინსულტის, თირკმელების დაავადების, საბოლოო ჯამში კი სიკვდილის რისკი.
გულის დაავადება
ამ საერთო სახელწოდებით მოიხსენიებენ რამდენიმე დაავადებასა და მდგომარეობას, მათ შორის – ინფარქტს, გულის უკმარისობას, უეცარ გულისმიერ სიკვდილს, სტენოკარდიას, გულის პათოლოგიურ რიტმს (არითმიას). გულის დაავადების რისკს სწევს მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ცხიმების პათოლოგიური შემცველობა და გლუკოზის მაღალი დონე. სისხლის ცხიმები, ლიპიდები, მოიცავს მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლს (HDL), დაბალი სიმკვივის ქოლესტეროლს (LDL) და ტრიგლიცერიდებს.
წონის 5-10%-ით დაკლებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადების რისკფაქტორები, მეტ-ნაკლებად მოაწესრიგოს არტერიული წნევა, ქოლესტეროლის დონე და სისხლის მიმოქცევა.
ინსულტი
ინსულტი არის მდგომარეობა, როდესაც ტვინში სისხლის მიწოდება მოულოდნელად წყდება, რაც ტვინის სისხლძარღვის დახშობით ან გასკდომითაა გამოწვეული. ინსულტმა შესაძლოა დააზიანოს ტვინის ქსოვილი და დააკარგვინოს ადამიანს ლაპარაკის ან სხეულის რომელიმე ნაწილის მოძრაობსი უნარი.
ინსულტის ძირითადი მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა.
მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია ინსულტის განვითარებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი დროული ამოცნობა.
ინსულტის ნიშნებია: მეტყველების გაძნელება, სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება, სისუსტე ან დამბლა, სახის ასიმეტრია, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავის უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი, ღებინება, ცნობიერების შეცვლა, წონასწორობისა და კოორდინაციის დაკარგვა...
ძილის აპნოე
ძილის აპნოე საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ძილის დროს ირღვევა რეგულარული სუნთქვა, დროდადრო ჩნდება ხანმოკლე პაუზები. თუ ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს და მთელი ღამის გამოძინებულს დაღლილობა აწუხებს, შესაძლოა, სწორედ ძილის აპნოე სჭირდეს. ნებაზე მიშვებული ეს დარღვევა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკსაც ზრდის, მაგალითად, დიაბეტი ტიპი 2-ის, მეტაბოლური სინდრომის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, ღვიძლის დაავადებების.
მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი არის რამდენიმე მდგომარეობის თანაარსებობა, რომელიც ადამიანს გულის დაავადებების, დიაბეტისა და ინსულტის რისკის წინაშე აყენებს.
ეს მდგომარეობებია:
. სისხლის მაღალი წნევა;
. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე;
. სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე;
. სისხლში HDL ქოლესტეროლის დაბალი დონე;
. ზედმეტი ცხიმი წელის გარშემო.
ღვიძლის გაცხიმოვნება
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებები მდგომარეობებია, როდესაც ღვიძლში ცხიმი გროვდება. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) შეიძლება გადაიზარდოს არაალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტში (NASH), ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის, მიზეზად იქცეს.
ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ვითარდება ძვლების ბოლოებში, სასახსრე ზედაპირებზე არსებული ბალიშების გაცვეთის შედეგად. იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და მოძრაობის შეზღუდვას. დიდი წონა ხელს უწყობს ოსტეოართრიტის განვითარებას, ამასთან, რაც უფრო მეტს იწონის ადამიანი, მით უფრო დიდია დაავადების რისკიც. ზედმეტი წონა განსაკუთრებით ტვირთავს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებს. ამას ისიც ემატება, რომ ცხიმოვანი ქსოვილი წარმოქმნის პროტეინებს, რომლებმაც შეიძლება სახსრებში და მათ გარშემო ანთება გამოიწვიოს.
შარდის შეუკავებლობა
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული სიმსუქნის დროს მუცლის ღრუში წნევის მომატებას შეუძლია შეასუსტოს მენჯის კუნთები და გაართულოს შარდის ბუშტზე კონტროლის შენარჩუნება. ასეთი რამ ქალსაც შეიძლება დაემართოს და კაცსაც, თუმცა უმეტესად ქალებს აწუხებთ, განსაკუთრებით – ასაკში. რაც შეეხება გამოვლენას, ზოგჯერ მხოლოდ მცირეოდენი შარდი ჟონავს, ზოგჯერ კი დარღვევა ისე ძლიერად არის გამოხატული, ადამიანი ტუალეტში ვერ ასწრებს.
ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისა და ქოლეცისტიტის განვითარების რისკს. კენჭებს აჩენს ნაღვლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დისბალანსი, მასში ქოლესტეროლის ჭარბი შემცველობა. ნაღვლის სადინარში კენჭის გაჭედვის ნიშნებია ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, მკერდის ძვლის ქვემოთ, ზურგისკენ, მარჯვენა მხრისკენ, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
ამ დაავადების რისკის შესამცირებლად წონა თანდათანობით (კვირაში 0.5-1 კგ) უნდა დაიკლოთ. სწრაფმა კლებამ შესაძლოა გაზარდოს კიდეც კენჭების წარმოქმნის ალბათობა.
ზოგიერთი კიბო
კიბოს დროს სხეულის განსაზღვრული ტიპის უჯრედები შეუჩერებელ დაყოფას იწყებს და მიმდებარე ქსოვილებში ვრცელდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკს. ესენია საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, თირკმელის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, ნაღვლის ბუშტის, ძუძუს, ღვიძლის კიბო.
თირკმლის დაავადება
სიმსუქნის დროს იმატებს იმ ორი მდგომარეობის რისკი, რომლებიც თირკმლის დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მიიჩნევა: შაქრიანი დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევისა.
მაშინაც კი, როცა ადამიანს არც დიაბეტი აქვს და არც მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმლის დაზიანებას და დააჩქაროს მისი პროგრესირება.
დაავადებული თირკმელები კარგად ვერ ფილტრავს სისხლს. სხეულში საშიში რაოდენობით გროვდება სითხე, ელექტროლიტები და ნარჩენი პროდუქტები. ამ დროს მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, უმადობა, დაღლილობა და სისუსტე, ძილის დარღვევა, შარდის რაოდენობის შემცირება, აზროვნების დაქვეითება, კუნთების კრთომა და კრუნჩხვები, ფეხების შეშუპება, მუდმივი ქავილი, თუ სითხე პერიკარდიუმში გროვდება – ტკივილი გულმკერდის არეში, თუ ფილტვებში – ქოშინი, ძნელად სამართავი მაღალი არტერიული წნევა. საბოლოოდ პაციენტს დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა სჭირდება.
ორსულობის პრობლემები
ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ორსულებს მეტი შანსი აქვთ:
* განუვითარდეთ გესტაციური დიაბეტი;
* დაეწყოთ პრეეკლამფსია – მაღალი წნევა ორსულობის პერიოდში, რამაც მკურნალობის გარეშე შესაძლოა როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს;
* დასჭირდეთ საკეისრო კვეთა, რაც მშობიარობის შემდგომი აღდგენის პერიოდს გაახანგრძლივებს.
ემოციური და სოციალური პრობლემები
ჭარბ წონას და სიმსუქნეს ხშირად დეპრესისთან მივყავართ. ხდება ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანების სტიგმატიზება გარშემო მყოფების და, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჯანდაცვის პროვაიდერების მიერაც კი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა და უფრო მეტად დაამძიმოს პრობლემა.
მარი აშუღაშვილი