პაპაია – სასარგებლო ტროპიკული კენკრა
გააზიარე:
პაპაია (Carica papaya), რომლის წინაპარიც მილიონობით წლის წინათ ხარობდა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ. ის მთელი წელი ხელმისაწვდომია. პაპაიას მრავალი ახალი ჯიშიც არსებობს, რომლებიც ველური ფორმებისგან ნაყოფის ზომით, ფერითა და გემოთი განსხვავდება.
პაპაიას ნარინჯისფერ-მოწითალო, ტკბილი და წვნიანი რბილობი არომატულობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რასაც არაერთი კვლევა მოწმობს. კერძოდ, რას უხდება ეს ტროპიკული კენკრა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
კვებითი ღირებულება
პაპაია თითქმის არ შეიცავს ცხიმს, მაგრამ მასში ბევრია წყალი. ის დაბალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევა (32-40 კილოკალორია 100 გრამზე).
100 გრამი ნედლი პაპაიას კვებითი ღირებულება დაახლოებით ასეთია:
წყალი – 89,8 გ
ცხიმი – 0,1გ
ცილა – 0,5 გ
ნახშირწყლები – 7,1 გ (მათ შორის 2,5 გ გლუკოზა და 2,4 გ ფრუქტოზა)
ბოჭკო – 1,9 გ (0,8 მგ წყალში ხსნადი და 1,1 გ წყალში უხსნელი)
გლიკემიური დატვირთვა
100 გ ახალი პაპაიას გლიკემიური დატვირთვა (GL) 4,4-ს არ აღემატება (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად). გლიკემიური დატვირთვა აჩვენებს, რა გავლენას ახდენს 100 გ საკვები სისხლში შაქრის დონეზე. რაც უფრო დაბალია პროდუქტის გლიკემიური დატვირთვა, მით უფრო ნელა იმატებს ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონე. ასე რომ, პაპაია მკვეთრად არ ცვლის შაქრისა და ინსულინის მაჩვენებლებს, ეს კი ძალიან ხელსაყრელია როგორც ჭარბი წონის, ისე დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ადამიანებისთვის.
ფრუქტოზა და მისი აუტანლობა
თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს ფრუქტოზას, ამ ნივთიერებით მდიდარმა საკვებმა შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს.
პაპაია შაქრების სიუხვით არ გამოირჩევა (მაგალითად, ნესვი მასზე ოჯერ მეტ შაქარს შეიცავს), ასე რომ, მისი ჭამა თამამად შეუძლიათ ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს. გარდა ამისა, ფრუქტოზის აუტანლობის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფრუქტოზის შემცველობა, არამედ გლუკოზასთან მისი თანაფარდობაც. პაპაიასთვს ეს მაჩვენებელი თითქმის 1:1-ა (2,5 გ გლუკოზა, 2,4 გ ფრუქტოზა). რაც უფრო მეტი გლუკოზაა საკვებში ფრუქტოზასთან ერთად, მით უკეთესად იტანს მას ორგანიზმი.
ვიტამინები და მინერალები
პაპაია C ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა. 100 გრამი მწიფე ნაყოფი ჩ ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტს აკმაყოფილებს. რაც უფრო მწიფეა პაპაია, მით უფრო მეტია მასში C ვიტამინი.
მინერალებიდან მასში ბევრია მაგნიუმი. 100 გრამი თითქმის 12 პროცენტით აკმაყოფილებს ამ მინერალის ყოველდღიურ მოთხოვნილებას.
პაპაიაში მოიპოვება ცოტ-ცოტა ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, რკინა და ნატრიუმიც.
პაპაია მდიდარია მეორეული მცენარეული ნივთიერებებით – კაროტინოიდებით, ალკალოიდებით, პოლიფენოლებით, იზოთიოციანატებით, რომლებსაც მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს.
აღსანიშნავია ბეტა-კაროტინის შემცველობაც. 100 გრამი მწიფე პაპაია მისი სადღეღამისო ნორმის 8 პროცენტს ფარავს.
პაპაიაში ბევრია კაროტინოიდი ლიკოპენი – 2,2 მგ 100 გრამში.
ლიკოპენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. ოქსიდაციურ სტრესს მრავალი დაავადების განვითარებაში ადანაშაულებენ, მათ შორის – სიმსივნის, ათეროსკლეროზის და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰაიმერის, პარკინსონის, ობსტრუქციული ბრონქიტის, ცისტური ფიბროზის, რევმატოიდული ართრიტის... გარდა ამისა, კანის სტრუქტურის დარღვევას და ნაადრევ დაბერებასაც იწვევს.
რას უხდება
ხალხურ მედიცინაში მცენარის თითქმის ყველა ნაწილს იყენებენ: ყვავილებს, მკვახე და მწიფე რბილობს, კანს, თესლს, ხის ქერქს, ფესვებს და ლატექსს.
მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პაპაია:
- არეგულირებს საჭმლის მონელებას;
- აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ;
- აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის დონეს;
- ხელს უწყობს წონის კლებას;
- ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას;
- ამცირებს ანთებით პროცესებს;
- ანელებს კანის დაბერებას;
- ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცებას;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ლატექსი და პაპაინი
მცენარის მკვახე ნაყოფში, ფოთლებსა და ფესვებში არის რძისმაგვარი წვენი, ეგრეთ წოდებული პაპაიას ლატექსი.
ლატექსის მისაღებად მწვანე პაპაიას დანით სერავენ. გადანასერიდან წვენი წვეთავს. ერთი ნაყოფიდან დაახლოებით 10 გ ლატექსს იღებენ.
სახალხო მკურნალები ნედლი ლატექსით მკურნალობენ დერმატიტსა და ფსორიაზს. მისი არასწორი გამოყენებით შესაძლოა კანი დაიზიანოთ, ამიტომ ნუ გამოიყენებთ თვითნებურად.
პაპაიას ნედლი წვენი ძალიან სწრაფად ფუჭდება, ამიტომ იყიდება მხოლოდ გამომშრალი და საგანგებოდ დამუშავებული ლატექსი.
მკვახე პაპაია – შესაბამისად, მისი წვენიც – მდიდარია პროტეოლიზური ფერმენტებით – პაპაინით (აქტიური ნივთიერება), A ქიმოპაპაინით და B ქიმოპაპაინით. პროტეოლიზური ფერმენტები ცილას ცალკეულ ამინმჟავებად შლის, ასე რომ, პაპაინი ხელს უწყობს ცილების მონელებას. ამ მიზნით მას იყენებენ როგორც მრეწველობაში, ისე მედიცინაშიც, სამკურნალო ექსტრაქტების წარმოებაში. პაპაინი საჭმლის მომნელებელ სისტემას ისეთი პრობლემების თავიდან აცილებაში ეხმარება, როგორიცაა მეტეორიზმი და ყაბზობა, თუმცა მისი სიჭარბე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, მაგალითად, შეუძლია, მკვეთრად გააძლიეროს სხვა წამლის მოქმედება, ამიტომ არც პაპაინის ექსტრაქტის თვითნებური გამოყენებაა მიზანშეწონილი.
რაც უფრო მწიფდება პაპაია, მით უფრო მცირდება მასში პაპაინის შემცველობა, თუმცა ამ ნივთიერების დონე სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული: ჯიშზე, ასაკზე, მოყვანის ადგილზე.
მწვანე პაპაია უმად არ იჭმება. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ტაილანდში, ინდოეთსა და ვიეტნამში, მას ორთქლში ხარშავენ და ისე მიირთმევენ. პაპაინი 75 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე იშლება.
ფოთლები
პაპაიას ფოთლები უხვად შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს – ალკალოიდებს, გლუკოზინოლატებს, საპონინებს, ფლავონოიდებს და პაპაინს (დაბალი კონცენტრაციით).
ძველი წყაროების თანახმად, სახალხო მკურნალები პაპაიას ფოთლებს იყენებდნენ როგორც გულის მატონიზირებელ საშუალებას, ასევე – სიცხის, დენგეს ცხელების, კოლიკის, პარაზიტების, ბერი-ბერის, ასთმის, კუჭის პრობლემებისა და კიბოს წინააღმდეგ.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პაპაიას, ექსტრაქტი, განსაკუთრებით – მისი ფოთლებისა, ეფექტურად ებრძვის მკერდის, საშვილოსნოს ყელის, პანკრეასის, ღვიძლისა და ფილტვის კიბოს უჯრედებს. ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებული ინ ვიტრო კვლევის თანახმად, ფოთლის ექსტრაქტმა 24 საათით შეანელა კიბოს უჯრედების გამრავლება. მართალია, ადამიანებზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, მაგრამ რამდენიმე მათგანმა დაადასტურა პაპაიას ფოთლის ჩაის ეფექტიანობა კუჭის, ფილტვის, პანკრეასის, ღვიძლის, სისხლის კიბოს მკურნალობის დროს.
თესლი
მწიფე პაპაიას თესლს ოდნავ მომწარო, წიწაკის მსგავსი გემო აქვს. ის მდიდარია ფლავონოიდებით და მდოგვის ზეთის გლიკოზიდებით. ამ აქტიურ ნივთიერებათა წყალობით პაპაიას თესლს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება. ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ პარაზიტების, სოკოვანი დაავადებების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროს. ვარაუდობენ, რომ კიბოს პრევენციაც შეუძლია, მაგრამ ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.
პაპაიას თესლი, განსაკუთრებით – მკვახე ნაყოფისა, მდიდარია პაპაინით. მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანები რამდენიმე ცალ თესლზეც კი მოწამვლის სიმპტომებით: დიარეით, ღებინებით – რეაგირებენ.
უნაყოფობა
ორსულებს და მეძუძურ ქალებს ვურჩევთ, ერიდონ მკვახე და ნახევრად მწიფე პაპაიას კერძებს, ასევე – პაპაიას თესლს და მის შემცველ სხვა პროდუქტებს, რადგან ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმენტ პაპაინს შეუძლია, საშვილოსნოს შეკუმშვა და ნაყოფის უეცარი მოშორება გამოიწვიოს.
ზოგიერთი დაკვირვების თანახმად, პაპაიას თესლი მამაკაცის დროებით უნაყოფობას იწვევს, თუმცა სანდო დასკვნისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთში, მკვახე პაპაიას თესლი, ნაყოფი და პაპაინის ექსტრაქტი დღემდე გამოიყენება კონტრაცეფციისა და აბორტის საშუალებად.
ალერგია
ლატექსის მიმართ ალერგიულ ადამიანებში პაპაიამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. იგივე საფრთხე ემუქრებათ კივის, ნესვის, კიტრის მიმართ ალერგიულ პირებს.
ალერგია შეიძლება გამოიწვიოს პაპაინით დამუშავებულმა ხორცმაც (ამ ნივთიერებით ხორცს დასარბილებლად ამუშავებენ).
ამ დროს მოსალოდნელია ასთმური მოვლენები, კუჭის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში – ანაფილაქსიური შოკიც კი.
როგორ შევინახოთ
ქიმიური სასუქის გარეშე მოყვანილი პაპაია გაცილებით უკეთესია – ნაკლები შანსია, ნებადართულზე მეტად იყოს დაბინძურებული პესტიციდებით. გარდა ამისა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ჯერ კიდევ იყენებენ იმ ქიმიკატებს, რომლებიც ევროკავშირში უკვე აკრძალულია. ამ მხრივ შედარებით უსაფრთხოა ესპანური პაპაია.
ესპანურ პაპაიას ხშირად მუქი ლაქები აქვს კანზე, რაც ბევრს ავადმყოფობის ნიშანი ჰგონია. სინამდვილეში ლაქებს დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის დიდი სხვაობა აჩენს.
მწიფე პაპაიას აქვს ყვითელი კანი (ზოგჯერ – მოწითალო ლაქებით), ნარინჯისფერი რბილობი და შავი თესლი. მწიფე ნაყოფი რბილია, ოღონდ თითის დაჭერისას არ უნდა ჩაიჭყლიტოს.
მკვახე პაპაია ბოსტნეულად ითვლება. მისი ქერქი მწვანეა, რბილობი – მოთეთრო-მოსალათისფერო, თესლი – თეთრი. პაპაია ნახევრად მწიფეა, როცა ქერქს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეგიძლიათ, ის სახლში დაამწიფოთ. უმჯობესია, გაზეთში გაახვიოთ და სითბოში ან ვაშლთან ერთად დადოთ – ეს დამწიფების პროცესს დააჩქარებს. სიმწიფის დონე ყოველდღე შეამოწმეთ.
მწვანე პაპაიას სახლში ვერ დაამწიფებთ.
ტრანსპორტირებისას გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფს ძალიან თხელი კანი აქვს, რომელიც ადვილად ზიანდება.
პაპაია ადვილად ფუჭდება. მისი შენახვა რეკომენდებულია 7 გრადუსამდე ტემპერატურაზე, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. თუ ძალიან მწიფეა ან გაჭრილია, მაცივარში შედეთ. იქ დაახლოებით 1 კვირას გაძლებს.
სამზარეულოში
მწიფე პაპაიას არომატს აძლიერებს ლაიმის წვენი, შაქარი და ჯანჯაფილი. მისი ნაყოფი ძალიან უხდება ხილის სალათებს და დესერტებს, ეგზოტიკურ ნოტს მატებს ხორცისა და თევზის კერძებს, უხდება კარის. ლორის თხელ ნაჭერში გახვეული პაპაია და პაპაიათი შეზავებული კიბორჩხალას სალათა ძალიან გემრიელი აპეტაიზერია. მისგან ასევე ამზადებენ ჯემს, ჩატნის, ჩირს.
მწვანე პაპაია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მისი მომჟავო ნაყოფი და განსაკუთრებულ გემოს აძლევს ცხარე კერძებს. ვინაიდან ბევრ ლატექსსა და პაპაინს შეიცავს, მას თერმულად ამუშავებენ, მომზადებისას კი ხელთათმანით მუშაობენ, რომ კანი არ გაუღიზიანდეთ.
პაპაიას თესლს აშრობენ, ფქვავენ და წიწაკასავით იყენებენ. ძალიან უხდება ხორციან კერძებს.
არაჩვეულებრივია პაპაიას ქერქის სახის ნიღაბი: დაიფინეთ სახეზე შიგნითა მხრიდან და 20 წუთი გაიჩერეთ, მერე სახე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე