მალნუტრიცია – მიზეზები და შედეგები

გააზიარე:

მალნუტრიცია ანუ კვების დეფიციტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. 2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, უმთავრესად – ქალები და ბავშვები, არასრულფასოვნად იკვებება, არასრულფასოვანი კვება კი საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას.

მაინც სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კვების დარღვევამ? რა არის ნორმა და როგორ ჩამოვაყალიბოთ კვების ჯანსაღი მოდელი? ამ და სხვა კითხვებით "ავერსის კლინიკის" ენდოკრინოლოგ ანა ხარჩილავას მივმართეთ.

– ქალბატონო ანა, რა არის მალნუტრიცია?

– მალნუტრიცია გულისხმობს ისეთ კვებას, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ენერგიას და საკვებ ნივთიერებებს, მაგალითად, ვიტამინებსა და მინერალებს. კვების ნაკლებობა შესაძლოა გამოიხატოს როგორც წონის პათოლოგიური კლებით, ისე სიმსუქნითაც.

ექიმები განასხვავებენ არასრულფასოვანი კვების ორ ფორმას:

* რაოდენობრივს (კვანტიტატიურს) – გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზმს მიეწოდება ნაკლები საკვები, ვიდრე საჭიროა მისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

* ხარისხობრივს (კვალიტატიურს) – ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ოდენობის ცილებს, ვიტამინებს, მინერალებს ან სხვა საკვებ ნივთიერებებს, ვითარდება მათი დეფიციტი.

ხშირად ეს ორი ფორმა თანაარსებობს.

– როგორ ვლინდება და რა შეიძლება მოჰყვეს არასრულფასოვან კვებას?

– საკვები ნივთიერებები: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, – მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვაში, შესაბამისად, აუცილებელია ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების გამართული მუშაობისთვის. რომელიმე მათგანის დეფიციტმა შესაძლოა დაარღვიოს ორგანიზმის ბალანსი და სათავე დაუდოს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას.

კვების დეფიციტის სიმპტომებისა და შედეგების მასშტაბი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მძიმე და შორს წასულია არასწორი კვების პროცესი.

მსუბუქ შემთხვევებში ვლინდება მხოლოდ არასპეციფიკური სიმპტომები: სისუსტე, დაღლილობა, სიცივის აუტანლობა, უმადობა, მოტივაციის ნაკლებობა.

ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვება და მძიმე დეფიციტი კი შესაძლოა არაერთი დაავადების, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს.

კვების დეფიციტის საწყის ეტაპზე, როცა ორგანიზმი დიდი ხნით რჩება ნახშირწყლოვანი საკვების გარეშე, ის ენერგიის წყაროდ ცხიმის გამოყენებას იწყებს. მისი მარაგის ამოწურვის შემდეგ საჭირო კალორიების მისაღებად იწყება ცილოვანი უჯრედების დაშლა. შედეგად ორგანიზმში ამ ნივთიერებების დეფიციტი წარმოიშობა. ცილების დეფიციტის დროს სუსტდება იმუნური სისტემა, ფერხდება ზრდა, ნელდება სისხლის წარმოქმნის პროცესი, ქვეითდება კუნთების ფუნქცია, იკლებს შრომისუნარიანობა.

კალორიების დეფიციტის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი წონის პათოლოგიური კლებაა. მძიმე შემთხვევებში ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს სხეულის მასის ნახევარი, კახექსიაც კი განუვითარდეს.

კვების დეფიციტი აზიანებს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას, შედეგად:

  • მცირდება კუჭის მოცულობა, ვითარდება ხშირი დიარეა;
  • მცირდება გულის კუნთის მასა და ძალა, იშვიათდება რიტმი;
  • ვითარდება ანემია;
  • ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება გულის უკმარისობა;
  • განილევა სუნთქვაში მონაწილე კუნთები, ნელდება და სუსტდება სუნთქვა, ვითარდება სუნთქვის უკმარისობა;
  • მცირდება კუნთების მოცულობა და ძალა;
  • ირღვევა თანმიმდევრული მოძრაობის უნარი;
  • იზრდება დაცემისა და მოტეხილობის რისკი;
  • სუსტდება იმუნური სისტემა;
  • ხანგრძლივდება ჭრილობების შეხორცების პროცესი;
  • იმატებს წყლულების გაჩენის რისკი (განსაკუთრებით – მწოლიარე პაციენტებთან);
  • ვითარდება ნევროლოგიური დარღვევები;
  • იმატებს დემენციის განვითარების ალბათობა;
  • კანი კარგავს ელასტიკურობას, შრება და თხელდება;
  • შრება, თხელდებადა ცვივა თმა.

ბავშვებთან კვების ნაკლებობა იწვევს მენტალურ და კოგნიტიურ პრობლემებს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზე, იმატებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მძიმე მიმდინარეობის რისკი.

ხანდაზმულებთან წონის ნორმიდან კლებისკენ გადახრა უფრო საშიშია, ვიდრე სიჭარბისკენ, ვინაიდან უფრო მეტად ზრდის სიკვდილიანობას.

– ვის ემუქრება კვების დეფიციტი?

– კვების დეფიციტის რისკის ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რადგან მზარდი ორგანიზმის მოთხოვნა საკვებ ნივთიერებებსა და კალორიებზე უფრო დიდია.

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ხანდაზმულები, ონკოლოგიური პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც მძიმე ოპერაცია აქვთ გადატანილი ან დაზიანებული აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ასევე – ფსიქიკური, ინფექციური, კარდიოლოგიური, ენდოკრინული პათოლოგიების მქონე პირები.

– როგორია კვების ნორმა?

– დაბალანსებული კვება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დიდ ნაწილს ორგანიზმი სწორედ საკვებიდან იღებს. გარდა ამისა, სწორი კვებით მრავალი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი.

სრულყოფილი ფუნქციობისთვის ორგანიზმს ასაკი შესაბამისი კალორია სჭირდება.

დარგის ექსპერტებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების რაოდენობა მისი აქტივობის დონეზეა დამოკიდებული. განიხილეთ დღიური კალორიების სავარაუდო მიღება ცხოვრების წესისა და ასაკის მიხედვით.

 

შენიშვნა: ინდიკატორები ეხება ნორმალური წონისა და ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანებს. ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, ასევე ორსულებისა და მეძუძურებისთვის საჭიროა ნორმების კორექცია.

მიზეზები და რისკფაქტორები

– კვების დეფიციტი ვითარდება, როდესაც:

  • ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში ვაწვდით იმაზე ნაკლებ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებას, ვიდრე სჭირდება;
  • ორგანიზმი ადეკვატურად ვერ იყენებს საკვებ ნივთიერებებს;
  • ორგანიზმში ამა თუ იმ ქსოვილის უჯრედების უკონტროლო დაშლა მიმდინარეობს.

თითოეული ფაქტორი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული.

ძირითადი მიზეზებია:

უმადობა

– ისეთი ქრონიკული და მძიმე დაავადებების დროს, როგორიც არის ტუბერკულოზი, ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/ აივ ინფექცია, სიმსივნური და ავტოიმუნური დაავადებები, უმეტესობა მადას კარგავს და ცოტას ჭამს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში კვების დეფიციტით ვლინდება.

მადაზე უარყოფითად მოქმედებს სტრესი, შფოთვა, დეპრესია, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.

როცა ადამიანი უჩივის კუჭის ნაადრევი ავსების შეგრძნებას ან შეცვლილი აქვს გემოვნება და ყნოსვა, ძალიან ცოტას ჭამს, რაც საბოლოოდ კვების ნაკლებობას იწვევს.

ნაადრევი დანაყრების შეგრძნებას იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები,  გემოვნებისა და ყნოსვის ცვლილებას – ხანდაზმული ასაკი, ვირუსული და სიმსივნური დაავადებები.

დიეტები

– წონის სწრაფად დასაკლებად ბევრი მკაცრ დიეტას მიმართავს. ანორექსია უმთავრესად პუბერტატული ასაკის გოგონებს ემართებათ. ისინი ვარჯიშობენ ზომაზე მეტს, ხშირად მიმართავენ წონის დასაკლებ მედიკამენტებს, ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევენ პირღებინებას, რათა საჭმელი კუჭში არ დარჩეს.

კვებითი ქცევის აშლილობა

– კვებითი ქცევის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა ნერვული ანორექსია, რომელიც წონის მკვეთრი კლებით გამოიხატება.

ანორექსიის მქონე ადამიანი განიცდის წონის მატების მუდმივ შიშს და ობიექტურად ვერ აფასებს საკუთარი სიგამხდრის ხარისხს. მისი ფიქრები გამუდმებით წონას უტრიალებს და ცდილობს, კიდევ და დაიკლოს.

საკვების გადაადგილების შეფერხება

– საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას ხელს უშლის, მაგალითად, წვრილი ნაწლავის ქრონიკული შევიწროება (სტენოზი) კრონის დაავადების დროს. ყლაპვის სირთულეების გამო დაავადებული ცოტას ჭამს ან სულაც შიმშილობს.

ყლაპვის გაძნელება ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ან კუჭის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ასეთი სიმსივნეები, ერთი მხრივ, მექანიკურ დაბრკოლებას წარმოშობს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობას.

ღეჭვის პრობლემები

– არასწორმა თანკბილვამ, პირის ღრუს გახანგრძლივებულმა სოკოვანმა ინფექციამ, პირის ღრუს წყლულებმა, პირის სიმშრალემ, რასაც ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარება და სანერწყვე ჯირკვლის დაავადება იწვევს, შესაძლოა ღეჭვისა და ყლაპვის პრობლემებთან მიგვიყვანოს. იგივე პრობლემები ინსულტგადატანილ პაციენტებსაც აქვთ, ამიტომ კვების უკმარისობა მათთანაც აღირიცხება.

მალდიგესტია – საჭმლის მონელების დარღვევები

– ორგანიზმმა საკვებში შემავალი ნუტრიენტები რომ გამოიყენოს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვები ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად უნდა დაიშალოს. დაშლას უზრუნველოყოფს ფერმენტები, რომლებიც კუჭში, პანკრეასსა და წვრილ ნაწლავში გამომუშავდება. თუ რომელიმე ორგანოს ფუნქციას საფრთხე დაემუქრა, მონელების პროცესიც ირღვევა. მაგალითად, მასზე გავლენას ახდენს კუჭის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ღვიძლის დაავადები (ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი), პანკრეატიტი, პანკრეასის კარცინომა.

მალაბსორბცია – ნუტრიენტების შეწოვის დარღვევა

– კუჭისა და წვრილი ნაწლავის ზოგიერთი დაავადება ისე აფერხებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, რომ ადეკვატური კვების შემთხვევაშიც კი შეიძლება განვითარდეს კვების ნაკლებობა.

განსხვავებენ მალაბსორბციის სინდრომის ორ ფორმას: სელექციურს, როცა მხოლოდ ცილების, ცხიმების ან ნახშირწყლების შეწოვაა დაქვეითებული და უნივერსალურს, როცა დაქეითებულია არაერთი ნივთიერების შეწოვა. სინდრომი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეიძლება განვითარდეს ენტერიტის, კრონის დაავადების, ცელიაკიის, დისბაქტერიოზის, ატროფიული გასტრიტის დროს.

მალაბსორბციის განვითარება მოსალოდნელია, როდესაც ადამიანს ამოკვეთილი აქვს კუჭი ან წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილი.

მედიკამენტები

– კვების ნაკლებობა შესაძლოა მედიკამენტებითაც იყოს გამოწვეული. მაგალითად:

*უმადობა ანტიბიოტიკების, სედაციური საშუალებების, ანტიდეპრესანტების, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების (ოპიატების) და გულის ზოგიერთი წამლის (დიგოქსინი) თანმხლები ეფექტია.

*გემოვნების ცვლილებას იწვევს ტკივილგამაყუჩები, დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებები, კიბოს სამკურნალო წამლები (ციტოსტატიკები), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (პენიცილინი, მაკროლიდები).

პირის სიმშრალე ხშირად ტრანკვილიზატორებით, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებით, ანტიდეპრესანტებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებებით (ბეტა ბლოკატორები), ალერგიის სამკურნალო საშუალებებით ან დიურეტიკებით მკურნალობის შედეგია.

მკურნალობის თანმხლები ეფექტი შესაძლოა იყოს გულისრევაც, რაც ხელს უშლის საკვები ნივთიერებების ათვისებას და ხანგრძლივ პერსპექტივაში კვების ნაკლებობამდე მივყავართ.

ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა

– ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, შესაძლოა განუვითარდეთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, ყველაზე ხშირად – B12 და D ვიტამინების, რკინის, კალციუმის, თუთიის.

სხვა ფაქტორები

– კვების დეფიციტს ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიღარიბე, სოციალური იზოლაცია, ფიზიკური უნარშეზღუდულობა (მაგალითად, ტრავმის ან ინსულტის შედეგად), ნარკო– და ალკოჰოლდამოკიდებულება, ასაკი.

ასაკის მატებასთან ერთად კვების დეფიციტის ალბათობა უფრო მეტად იზრდება, რადგან სუსტდება შეგრძნებები, იცვლება შიმშილისა და ნაყროვანების რეგულაცია. მოხუცებს, რომლებსაც დემენცია აქვთ, ჭამა უბრალოდ ავიწყდებათ.

– როგორ მივხვდეთ, რომ წონა ნორმაზე ნაკლებია?

– ნორმალური წონა ინდივიდუალურად განისაზღვრება და სპეციალური ფორმულით გამოითვლება. სხეულის მასის ინდექსის (Body Mass Index, BMI) გამოსათვლელად წონა (კგ) უნდა გავყოთ სიმაღლის (მ) კვადრატზე. წონის დეფიციტის დიაგნოზი ისმება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) 18,5 ან უფრო ნაკლებია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ხანდაზმულებთან კვების დეფიციტზე საუბარი უკვე 20 კგ/კვ მ–იდან შეიძლება.

– როგორ მოვიქცეთ კვების დეფიციტის დროს და რა არის საჭირო კვების ჯანსაღი მოდელის ჩამოსაყალიბებლად?

– საკვები ნივთიერებების დეფიციტი მათი ადეკვატური მიწოდებით აღმოიფხვრება. ექსპერტები გვირჩევენ მრავალფეროვან, მაღალენერგეტიკულ დიეტას. გაითვალისწინეთ, რომ მწვანილებითა და სანელებლებით კარგად შეზავებული საკვები მადას აღვიძებს.

კვების დეფიციტის დროს დღეში რამდენიმე მცირე ულუფის მიღება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ორი ან სამი დიდის. მიზანშეწონილია, ვჭამოთ ფიქსირებულ დროს, მშვიდ, კომფორტულ გარემოში, სადაც არაფერი შეგვიშლის ხელს და გაგვიფანტავს ყურადღებას.

ღეჭვის და ყლაპვის პრობლემების დროს ყურადღება მიაქციეთ საკვების კონსისტენციას. ეცადეთ, ის არ იყოს მეტისმეტად მშრალი ან ძნელად საღეჭი (როგორიცაა პურის ქერქი). ყველაფრის პიურედ ქცევა არ არის აუცილებელი, ხორცის, ბოსტნეულის, ხილის პატარა ნაჭრებად დაჭრა საკმარისია.

ძალიან მნიშვნელოვანია სითხის ადეკვატური მიღება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მას, ვისაც ყლაპვა უჭირს, შესაძლოა ადვილად გადაცდეს წყალი და წვნიანი საკვები.

ყლაპვის გასაადვილებლად ჭამის დროს სწორი პოზიცია უნდა გეკავოთ.

მიუხედავად სისუსტისა და დაღლილობისა, კვების დეფიციტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობა. იმოძრავეთ ყოველდღიურად, მაგალითად, ისეირნონ სკვერში. სუფთა ჰაერი და ვარჯიში მადას ასტიმულირებს.

რაც უფრო ადრე გამოვლინდება კვების დეფიციტის მიზეზი და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება არა მხოლოდ პაციენტების, არამედ მათი ახლობლების მხრიდანაც.

სასარგებლო რეკომენდაციები

– ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის წონის როგორც ნაკლებობა, ისე სიჭარბეც. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კვების ჯანსაღი მოდელი უმჯობესია ბავშვობაში ჩამოყალიბდეს, თუმცა გვიან არასოდეს არის.

მაშ, როგორ შევინარჩუნოთ წონა?

* იკვებეთ დაბალანსებულად. დაბალანსებული კვება წონის შენარჩუნების გასაღებია. იკვებეთ მრავალფეროვნად, საკვების ყოველი ჯგუფიდან თითო პროდუქტი მაინც შეიტანეთ ყოველდღიურ რაციონში. ზომიერად მიიღეთ ხორცი, შეზღუდეთ შაქარი და მარილი. მოერიდეთ მავნე ცხიმებს, ნუ გადააჭარბებთ კალორიების დასაშვებ რაოდენობას.

* ჩამოაყალიბეთ რუტინა. დაუთმეთ კვებას საკმარისი დრო. მიირთვით მშვიდ, არასტრესულ გარემოში და არა ტელევიზორის ან ლეპტოპის წინ. გვერდზე გადადეთ ტელეფონიც. მიირთვით საჭმელზე სრული კონცენტრირებით, ღეჭეთ ნელა და დატკბით გემოთი. ეცადეთ, ჭამოთ ერთსა და იგივე დროს. კვებათა შორის ინტერვალი, სულ ცოტა, 3-4 საათი უნდა იყოს. ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

*გადაეჩვიეთ ემოციურ ჭამას. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა, რათა სტრესის დროს ხელი საჭმლისკენ არ გაგექცეთ. ჭამეთ მაშინ, როცა ორგანიზმს ნამდვილად შია.

*სვით საკმარისი წყალი. წყალი მნიშვნელოვანი ფაქტორია წონის შესანარჩუნებლად. ჭამის წინ ერთი ჭიქა შეავსებს კუჭს და ზედმეტი კალორიების მიღებას თავიდან აგვაცილებს. წყალი ასევე მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის, ორგანიზმს საკვები ნივთიერებების დაშლასა და უფრო ეფექტურად ათვისებაში ეხმარება.

*ივარჯიშეთ რეგულარულად. ჩართეთ სპორტი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეტაბოლიზმის სტიმულირებისთვის და კუნთების გასაძლიერებლად აერობული და ძალისმიერი ვარჯიშები ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული.

დაბოლოს, კარგი ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის კონტროლში, აუმჯობესებს მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: