კივი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:

კივი, ახალი ზელანდიის ნაციონალური სიმბოლოს ― პატარა არამფრენი ფრინველის ― სეხნია, ბუნებამ უხვად შეამკო სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით. მის სასარგებლო თვისებებს დიდი ხანია იკვლევენ მეცნიერები. მართალია, კვლევების უმრავლესობა ცხოველებზეა ჩატარებული და შედეგებსაც სჭირდება გადამოწმება, მაგრამ უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურ რაციონში კივის შეტანა ღირს.

მწვანე და ოქროსფერი

კივის ორი სახეობა არსებობს ― მწვანე და ოქროსფერი. ოქროსფერი შედარებით მოტკბოა, ხოლო მწვანე ― მომჟავო, მაგრამ ორივე უხვად შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს.

ენერგეტიკული და კვებითი ღირებულება

კივი დაბალკალორიულ საკვებად მიიჩნევა ― 100 გრამი დაახლოებით 61 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს. მისი უდიდესი ნაწილი წყალია, თუმცა შაქრებსაც საკმაოდ შეიცავს.

100 გ კივის კვებითი ღირებულება დაახლოებით ასეთია:

წყალი ― 80,5 გ

ცხიმი ― 0,6 გ

ცილა ― 1 გ

ნახშირწყლები ― 10,8 გ (მათ შორის 4,7 გ გლუკოზა, 4,4 გ ფრუქტოზა)

ბოჭკო ― 3,9 გ

გლიკემიური ინდექსი და დატვირთვა

გლიკემიური ინდექსი და დატვირთვა გვიჩვენებს, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის საკვები შაქრის დონეზე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად იმატებს ამ პროდუქტის მიღებისას სისხლში შაქრის დონე. კივის გლიკემიური ინდექსი 50-მდეა (55-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად), ხოლო გლიკემიური დატვირთვა 5-ის ტოლია (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად).

რა განსხვავებაა გლიკემიურ ინდექსსა და დატვირთვას შორის? გლიკემიური ინდექსი მიუთითებს, რამდენად სწევს მაღლა შაქრის დონეს ამ პროდუქტში შემავალი 50 გ ნახშირწყალი და არა თავად 100 გ პროდუქტი. უფრო ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის გლიკემიური დატვირთვა. ის განისაზღვრება 100 გ ულუფაში შემავალი ნახშირწყლების მიხედვით.

დაბალი გლიკემიური დატვირთვის მქონე საკვების გადამუშავებას საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო მეტ დროს ანდომებს, სისხლში შაქარი ნელა იმატებს და ასევე ნელა ქვეითდება, ამიტომ მალე არ გვშივდება.

ვიტამინოვანი შემადგენლობა

 

 

 

 

 

 

 

 

მინერალოვანი შემადგენლობა

 

 

 

 

 

 

 

მონაცემები შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

C ვიტამინი

ერთნახევარ კივის შეუძლია, მთლიანად დაფაროს ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნა C ვიტამინზე და ამით ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს ჯანმრთელობას. ბევრმა უკვე იცის, რომ ეს უნივერსალური ნივთიერება ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს: აძლიერებს იმუნურ სისტემას, იჭერს და აუვნებლებს უჯრედებისა და ქსოვილების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს, მონაწილეობს ცილა კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელია ქსოვილებში მიმდინარე აღდგენითი პროცესებისთვის და სხვა.

C ვიტამინისა და კაროტინოიდების შემცველობის წყალობით კივი რკინის ათვისებასაც აუმჯობესებს. ახალ ზელანდიაში, მესის უნივერსიტეტში  ჩატარებულ კვლევაში 2 ჯგუფი მონაწილეობდა. მონაწილეებს სისხლში რკინის დონე დაბალი ჰქონდათ. ერთი ჯგუფი 16 კვირის განმავლობაში რკინის შემცველ მიუსლისთან ერთად ყოველდღიურად იღებდა 2 კივის, მეორე კი ბანანს. აღმოჩნდა, რომ კივის ჯგუფში გაცილებით მეტად აიწია სისხლში რკინის დონემ.

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ კივი არა მხოლოდ რკინის, არამედ კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ათვისებასაც აუმჯობესებს.

ანტიოქსიდანტები

ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისა და მისგან გამოწვეული დაავადებების, კიბოს, ათეროსკლეროზისა და მასთან დაკაშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰაიმერის, დემენციის, რევმატოიდული ართრიტის და სხვათა განვითარებისგან. ამასთან, ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაბერების პროცესის გადავადებაში. ტოკიოში მდებარე ტეიკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამოწმეს კივის, გრეიპფრუტისა და ფორთოხლის ანტიოქსიდანტური ძალა. აღმოჩნდა, რომ კივი ამ კუთხით გაცილებით ძლიერია, ვიდრე ციტრუსები, თანაც მწვანეს ოქროსფერი სჯობია.

მცენარეული ნივთიერებები

კივიში უხვად არის მცენარეული ნივთიერებები. თუ აქამდე ეგონათ, რომ ამ ნივთიერებებს არავითარი სამედიცინო პოტენციალი არ გააჩნდა, დღეს დადასტურებულია, რომ მათ უამრავი სიკეთე მოაქვთ ჯანმრთელობისთვის, რადგან აქვთ ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მეტიც ― ამცირებენ კიბოს განვითარების რისკს.

კივიში შემავალი კაროტინოიდების დაახლოებით 54 პროცენტს ლუთეინი და ზეაქსანთინი შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ნივთიერებები იცავს თვალებს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისგან, რომელიც იწვევს მხედველობის დაქვეითებას და უარეს შემთხვევებში ― სიბრმავეს, ასევე ― ასაკის თანმხლები დაავადებებისგან, სიმშრალისგან, კატარაქტისგან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც კივიში გვხვდება, ფენოლური მჟავებია. განსაკუთრებით ბევრია კოფეინის მჟავა: 100 გ ნაყოფში ― თითქმის 10 მგ. სამეცნიერო კვლევების თანახმად, ამ ნივთიერებას აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო განსაკუთრებით ეფექტურია კუჭის, ნაწლავების, საშვილოსნოს, პროსტატას კიბოს მიმართ. მართალია, ეს ეფექტი ჯერ მხოლოდ ცხოველებზეა დადასტურებული, მაგრამ ფენოლური მჟავებით მდიდარი საკვების რაციონში შეტანა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

უხდება გულს

მეცნიერებს თუ ვენდობით, 2-3 ცალი კივის რეგულარული მიღება ხელს უწყობს სისხლში კარგი ქოლესტეროლის მომატებას, ტრიგლიცერიდებისა (სისხლში არსებული ცხიმის) და არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლის გათხელებას. ეს კი აძლიერებს გულს, აჯანსაღებს და ელასტიკურობას უნარჩუნებს სიხლძარღვებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო პრევენციაა.

არეგულირებს ძილს

ძილის დარღვევის დროს სპეციალისტები გვირჩევენ, ყოველ საღამოს, დაძინებამდე ერთი საათით ადრე, 2 ცალი კივი შევჭამოთ.

ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტში (Taipei Medical University) ჩატარებულ კვლევაში 20-დან 55 წლამდე ასაკის 24 მოხალისე მონაწილეობდა. ისინი 4 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს, ძილის წინ, იღებდნენ 2 ცალ კივის. კვლევის დასასრულისთვის საგრძნობლად გაიზარდა მათი ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი. თუმცა ძილის დასარეგულირებლად აუცილებელია სხვა პირობების შესრულებაც, მაგალითად, ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, ყავაზე უარის თქმა, ძილის წინ ტელეფონისა და კომპიუტერის მოხმარების შეზღუდვა, რადგან ეკრანის ლურჯი ნათება აფერხებს ძილის ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას.

უხდება ნაწლავებს

კივი მდიდარია პექტინით, ერთ–ერთი პრებიოტიკით. პრებიოტიკები წარმოადგენს საკვებს ნაწლავებში მობინადრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიებისთვის და ხელს უწყობს მათ გამრავლებას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაწლავური მიკროფლორის სიჯანსაღისთვის. ჯანსაღი ნაწლავური ფლორა უკეთესად იცავს ნაწლავებს და ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც ნაწლავებს აზიანებენ და მრავალი დაავადების განვითარებას უდებენ სათავეს.

ხელს უშლის ყაბზობას

ყოველდღურად 2 ცალი კივის მიღება ამსუბუქებს ყაბზობის სიმპტომებს, თუმცა ნაწლავების ნორმალური მოქმედების მქონე ადამიანებთან არ იწვევს ფაღარათს. ერთ-ერთი კვლევის მონაწილეებს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ყაბზობა აწუხებდათ, 4 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, 2 ცალ კივის აჭმევდნენ. შედეგად მათ მოუწესრიგდათ ნაწლავების მოქმედება. ასე რომ, კივი, ისევე როგორც ქლიავი, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად.

აუმჯობესებს იმუნიტეტს

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 65 წელს გადაცილებული 32 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, მსუბუქდება თუ არა რესპირატორული დაავადებების სიმპტომები კივის რეგულარული მიღების შედეგად. ერთი ჯგუფი დღეში 4 ცალ კივის იღებდა, მეორე ― ამდენივე ბანანს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კივიმ, განსაკუთრებით ― ოქროსფერმა, შესაძლოა შეამციროს რესპირატორული დაავადებების სიმპტომების ხანგრძლივობა და სიმძიმე და გააძლიეროს იმუნიტეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ რისკჯგუფებში, როგორიცაა ხანდაზმულები და ბავშვები.

ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კივის ექსტრაქტს შეუძლია, ორგანიზმში ჰორმონული ფონი დააბალანსოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ეფექტს, ერთი მხრივ, კივიში შემავალ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ, მეორე მხრივ კი ფიტოესტროგენებს.

ფიტოესტროგენებიც მცენარეული ნივთიერებებია, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს, ჰგავს და შეუძლია, ნაწილობრივ ჩანაცვლოს მისი დაკარგული მარაგი. ასე რომ, კლიმაქსის პერიოდში შეგიძლიათ, ჰორმონული ფონის რეგულირების სხვა საშუალებებთან ერთად რაციონში ჩართოთ კივიც.

ამაღლებს განწყობას

კივის რაციონში შეტანა იმის გამოც ღირს, რომ ეს გემრიელი ხილი, როგორც ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, განწყობას ამაღლებს. საკვლევ პირთა იმ ჯგუფში, რომლის მონაწილეები ყოველდღე იღებდნენ ოქროსფერ კივის, არ შეინიშნებოდა განწყობის დაქვეითება, დეპრესია და დაღლილობა.

სავარაუდო რისკები

ალერგია

იშვიათად კივი ალერგიულ რეაქციას იწვევს, მაგალითად, გამონაყარს ან ქავილს. გამონაყარი შესაძლოა პირის ღრუშიც განვითარდეს. ეს არასასიამოვნოა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

თუ კივის ჭამის შემდეგ სუნთქვა გაგიჭირდათ, სხეულის ნაწილები შეგიშუპდათ და მუცელი აგტკივდათ, მაშინვე გამოძახეთ სასწრაფო დახმარება.

სისხლდენა

ვინაიდან კივი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, მისი ჭარბი მიღება სარისკოა მათთვის, ვისაც სისხლის შედედების დარღვევები აქვს, სისხლის გამათხელებლებს იღებს ან ახალი ნაოპერაციებია. მათ ზომიერად უნდა მიირთვან კივი ან თავი შეიკავონ მისი მიღებისგან.

რა უნდა გვახსოვდეს ყიდვისას

კივი დაკრეფილიც განაგრძობს დამწიფებას, ამიტომ საექსპორტოდ დაუმწიფებელი ხილი იკრიფება. დაუმწიფებელი კივი ძალიან მაგარი და მჟავეა. თუ სახლში, ოთახის ტემპერატურაზე დააწყობთ, რამდენიმე დღეში კარგად დამწიფდება. მწიფე ხილი წვნიანი და არომატულია. ბაზარზე შესაძლოა გადამწიფებულსაც შეხვდეთ. ასეთის ყიდვას არ გირჩევთ, რადგან არც გემრიელია და სასარგებლო ნივთიერებითაც ღარიბი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: