ქლიავის სასარგებლო თვისებები

გააზიარე:

შემოდგომა ქლიავის სეზონია. მისი ტკბილი და წვნიანი ნაყოფი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ კუჭ-ნაწლავის უებარი წამალიც არის და, როგორც I საუკუნის ბერძენი ექიმი პედანიოს დიოსკორიდე წერს თავის ტრაქტატში "სამკურნალო საშუალებების შესახებ", ბუნებრივი და დამზოგველი გზით არეგულირებს მონელების პროცესს. თუმცა ქლიავს ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარებაც შეუძლია.

რას უხდება ქლიავი და რომელ ნივთიერებებს უნდა უმადლოდეს ის თავის სამკურნალო პოტენციალს?

კვებითი ღირებულება

ქლიავის თითქმის 80% წყალია. მაღალია მასში შაქრის შემცველობაც, რისი წყალობითაც ნაყოფი ორგანიზმს სწრაფად ავსებს ენერგიით, თუმცა სხვა ხილთან შედარებით არც ისე კალორიულია. 100 გრამ ქლიავში 45 კილოკალორიაა. შედრებისთვის: იმავე რაოდენობის ვაშლის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 52 კილოკალორიაა, მსხლისა – 57, ბანანისა კი – 89.

გაცილებით მაღალკალორიულია ქლიავის ჩირი, რადგან მასში წყალი თითქმის არ არის. 100 გრამი  225-240 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს.

ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს სპეციალისტები ურჩევენ, ერთბაშად ბევრი ქლიავი არ შეჭამონ, რათა მუცლის ტკივილმა, გულისრევამ ან დიარეამ არ შეაწუხოს.

100 გრამი ქლიავის ორგანული შემადგენლობა

ნახშირწყლები – 10 გ

ცილა – 0,6 გ

ცხიმი – 0,17 გ

ბოჭკო – 1,7 გ

ვიტამინოვანი შემადგენლობა

(ფრჩხილებში მოცემულია ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება)

ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) - 366 მკგ  (2000 მკგ)   სადღეღამისო ნორმის 18% 

ვიტამინი A (რეტინოლის ექვივალენტი) - 61 მკგ (900 მკგ) სადღეღამისო ნორმის 7% 

C (ასკორბინის მჟავა) - 5000 მკგ  (100000 მკგ) სადღეღამისო ნორმის 5%

ვიტამინი E - 850 მკგ  (14000 მკგ)   სადღეღამისო ნორმის 6%

ვიტამინი K – 10 მკგ (65 მკგ) სადღეღამისო ნორმის 15%

ვიტამინი B1 (თიამინი) -  72 მკგ (1100 მკგ)  სადღეღამისო ნორმის 6% 

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 45 მკგ (1200 მკგ) სადღეღამისო ნორმის 4% 

ვიტამინი B3 ნიაცინი - 440 მკგ (15000 მკგ)  სადღეღამისო ნორმის 3% 

ვიტამინი B5 (პანტოტენის მჟავა) - 180 მკგ (6000 მკგ) სადღეღამისო ნორმის 3% 

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 45 მკგ (1400 მკგ) სადღეღამისო ნორმის 3%   

ფოლიუმის მჟავა - 2 მკგ (400 მკგ) სადღეღამისო ნორმის 1% 

მინერალოვანი შემადგენლობა

(ფრჩხილებში მოცემულია ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება)

კალიუმი - 220 მგ (4000 მგ) სადღეღამისო ნორმის 6%

რკინა - 440 მგ (12500 მგ) სადღეღამისო ნორმის 4% 

ფოსფორი -18 მგ (700 მგ)  სადღეღამისო ნორმის 3%

მაგნიუმი -10 მგ (350 მგ) სადღეღამისო ნორმის 3%   

მანგანუმი - 80 მგ (3500 მგ) სადღეღამისო ნორმის 2%

კალციუმი - 14 მგ (1000 მგ)  სადღეღამისო ნორმის 1% 

თუთია - 70 მგ (8500 მგ) სადღეღამისო ნორმის 1%

გოგირდი - 6 მგ

ქლორი - 2 მგ

ნატრიუმი -2 მგ

* შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

ბიოაქტიური მცენარეული ნივთიერებები

ქლიავში უხვად არის კაროტინოიდები – ბეტა კაროტინი, ლუთეინი და ზეაქსანთინი.

კაროტინოიდები მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და დიდი როლი აკისრია ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში: ამცირებს ათეროსკლეროზის, რევმატული დაავადებების, ალცჰაიმერის, პარკინსონის, კატარაქტის, კიბოს განვითარების რისკს, ებრძვის დაბერების პროცესს.

ბეტა-კაროტინი ძალიან უხდება კანს, ლორწოვანს, ძვლებს, თვალებს.

ლუთეინი და ზეაქსანთინი ფასდაუდებელია თვალების ჯანმრთელობისთვის და დიდ როლს ასრულებს თვალის გავრცელებული დაავადების – ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის – პროფილაქტიკაში, რომელიც ცენტრალური მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას და სიბრმავეს იწვევს, ასევე იცავს თვალს ასაკის თანმხლები დაავადებებისგან, კატარაქტისგან.

ქლიავი მდიდარია ფლავონოიდებით. მათ შორის – ანტოციანებით, რომლებიც ხილს მოწითალო, იისფერ ან ლურჯ შეფერილობას აძლევს. თუ ყვითელ ქლიავში, მაგალითად, მირაბელში კაროტინოიდი უფრო მეტია, ლურჯი ქლიავის კანსა და რბილობში გაცილებით მეტია ანტოციანები – თითქმის ხუთჯერ მეტი, ვიდრე ატამში. ამასთან, ატმის ანტოციანები უმთავრესად კანშია თავმოყრილი, ხოლო ქლიავისა – რბილობშიც.

ანტოციანებს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ებრძვის კიბოს უჯრედებს, ეხმარება ორგანიზმის თავდაცვით სისტემას.

რას უხდება

ხელს უწყობს მონელებას

ქლიავი ააქტიურებს მონელების პროცესს და ხელს უწყობს ყაბზობის პროფილაქტიკას. ეს ბოჭკოს – პექტინებისა და ცელულოზის – დამსახურებაა. პექტინები  საკვებია ნაწლავებში მობინადრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიებისთვის, რომლებსაც, მონელებასთან ერთად, ბევრი სხვა სასარგებლო ფუნქციაც აკისრიათ. ამასთან, წყალთან ურთიერთქმედებისას ბოჭკო ძლიერ ჯირჯვდება, იზრდება მისი მოცულობა, შესაბამისად, ნაწლავის შიგთავსიც, რაც აუმჯობესებს პერისტალტიკას და რეგულარულ დეფეკაციას უზრუნველყოფს.

ამ კუთხით განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ჩირი, რადგან ბოჭკო მასში თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნედლ ხილში. თუ 4-ცალ 5 ჩირს მთელი ღამით წყალში ჩაალბობთ და რეგულარურად მიიღებთ უზმოზე წყალთან ერთად, ყაბზობა აღარ შეგაწუხებთ.

მონელების პროცესს ხელს უწყობს ქლიავის წვენიც.

ყაბზობის მკურნალობა 2-3 ქლიავით დაიწყეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ ოდენობა, რათა მუცლის ტკივილმა და შებერილობამ არ შეგაწუხოთ.

პექტინებს აქვს სადეტოქსიკაციო ეფექტიც. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს მძიმე მეტალების გამოდევნაში, აქვეითებს მავნე ქოლესტეროლის დონეს.

გაითვალისწინეთ: პექტინებს მაშინ იღებს ორგანიზმი, როცა ქლიავს კანიანად ჭამთ.

აჯანსაღებს ნაწლავურ ფლორას

ქლიავი, განსაკუთრებით – ხმელი, ხელს უწყობს ნაწლავებში მობინადრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიების გამრავლებას და ამით უზრუნველყოფს ნორმალური მიკრობიოტის შენარჩუნებას.

ზრდასრული ადამიანის ჯანსაღ ნაწლავებში მილიარდობით მიკროორგანიზმი ცხოვრობს. სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევამ შესაძლოა სათავე დაუდოს ავადმყოფობას ან ხელი შეუწყოს უკვე არსებულის პროგრესირებას. თუ ნაწლავური ფლორა ჯანსაღია, ორგანიზმის თავდაცვითი სისტემაც კარგად მუშაობს.

კარგი საფაღარათო საშუალებაა

ხალხურ მედიცინაში ქლიავს საფაღარათო საშუალებად იყენებენ. თუ ყაბზობა გაწუხებთ, საკმარისია, უზმოზე 5-6 ცალი ქლიავი მიირთვათ, კარგად დაღეჭოთ და დიდი ჭიქა წყალი დააყოლოთ. შეიძლება ჩირით მკურნალობაც, ოღონდ, როგორც გასწავლეთ, ჯერ წყალში უნდა ჩაალბოთ.

უხდება გულს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი განსაკუთრებით იმატებს შუა ასაკში, რასაც ხშირად ჰორმონული ცვლილებები უდევს საფუძვლად.

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, ჰქონდა თუ არა ქლიავს ვაშლის მსგავსი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკის დროს. კვლევაში მონაწილეობდა 160  ქალი კლიმაქსის შემდგომ პერიოდში. ერთი ჯგუფი დღეში 75 გ ვაშლის ჩირს იღებდა, მეორე კი – ქლიავისას. წონის კლებისა და ცუდი ქოლესტეროლის დაქვეითების მაჩვენებელი ორივე ჯგუფში თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა, ხოლო საერთო ქოლესტეროლის აწევის მხრივ უკეთესი შედეგი აჩვენა ვაშლის ჯგუფმა. სამაგიეროდ, ქლიავის ჯგუფში დაიკლო ჩღP-მ (ჩ-რეაქტიული ცილა), რომელიც ანთებითი რეაქციების დროს იმატებს და გულისა და რევმატოიდული დაავადებების განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა.

ასე რომ, სპეციალისტები გვირჩევენ, რაციონში ორივე ხილი შევიტანოთ, განსაკუთრებით – მენოპაუზის შემდეგ.

საუკეთესოა ოსტეოპოროზის პრევენციისთვის

მენოპაუზის შემდგომ პერიოდში იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკიც. ასეთი საფრთხე ქალების თითქმის 30%–ს ემუქრება. ამას პოსტმენოპაუზურ ოსტეოპოროზს უწოდებენ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქლიავი საგრძნობლად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ქლიავის ჩირი, რომლის რეგულარულ მიღებას, როგორც ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ძვლების ჯანმრთელობაში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოსტეოპოროზის პრევენციისთვის საკმარისია  დღეში 50 გ (4-5 ცალი) ქლიავის ჩირი.

აძლიერებს ნერვულ სისტემას

ქლიავი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვანი მუშაობისთვის,  უზრუნველყოფს  კარგ კონცენტრაციას, გონებრივი შრომის მაღალ ნაყოფიერებას, ფსიქიკურ წონასწორობას, ამცირებს სტრესს.

წონის კლება

მართალია, ქლიავში შაქარი ბევრია, მაგრამ წონის მატებას არ იწვევს, პირიქით, ხელსაც კი უწყობს მის კლებას, განსაკუთრებით – ჩირი. როგორ? საქმე ის არის, რომ ქლიავის ჩირი მდიდარია ბოჭკოთი. მას შედარებით მეტხანს სჭირდება ღეჭვა, საკვები ნივთიერებებიც ნელა მიეწოდება ორგანიზმს და დანაყრების შეგრძნებაც ადრე აღიძვრება. ასე რომ, ზედმეტი კალორიების მიღება აღარ გვიწევს.

ებრძვის კიბოს

რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ ქლიავი ხელს უშლის კიბოს განვითარებას. თAMU–ში (თეხას A&M Uნივერსიტყ – ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მექანიკის უნივერსიტეტი) ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის განსაკუთრებით ეფექტიანია ძუძუსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ, რაც მასში შემავალი პოლიფენოლებისა და ქლოროგენის მჟავას დამსახურებაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქლიავის ექსტრაქტს შეუძლია, დათრგუნოს კიბოს უჯრედების ზრდა–გამრავლება და ისე გაანადგუროს ისინი, რომ ჯანსაღი უჯრედები არ დააზიანოს.

რა  უნდა ვიცოდეთ შეძენისას

ქლიავი დაკრეფის შემდეგაც აგრძელებს დამწიფებას, ასე რომ, ნუ შეიძენთ გადამწიფებულს. ასეთ ქლიავს ხშირად ჭიაც ჰყავს.

ალბათ შეგიმჩნევიათ ქლიავის კანზე თეთრი მტვრის მსგავსი ფენა. ის ნაყოფს ჯერ კიდევ ხეზე უჩნდება და მას გამოშრობისგან იცავს. დაფიფქული ქლიავი ყოველთვის ახალდაკრეფილია, რადგან დაკრეფის შემდეგ დამცავი ფენა თანდათან მცირდება.

ეს ფენა ქლიავს რაც შეიძლება მეტხანს რომ შერჩეს, უმჯობესია, უშუალოდ ჭამის წინ გარეცხოთ.

რაც შეეხება ჩირს, ეცადეთ გოგირდის დიოქსიდით დაუმუშავებელი, ეკოლოგიურად  სუფთა (ბიო) პროდუქტი შეიძინოთ. რადგან დამუშავების პროცესში შესაძლოა ზოგიერთი ვიტამინი განადგურდეს. ამასთან, ზედმეტი გოგირდის დიოქსიდი თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, კუჭის პრობლემებს, ასთმური შეტევასაც კი იწვევს.

მავნებლებისგან გასასუფთავებლად ქლიავს ხშირად ამუშავებენ ეგრეთ წოდებული მეთილის ბრომიდით (მეტჰყლ ბრომიდე), რომელსაც ასევე შეუძლია, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

როგორ შევინახოთ

თუ არ გინდათ, გადამწიფებული ქლიავი მიირთვათ, უმჯობესია, დიდხანს არ შეინახოთ, რადგან ქლიავი ოთახის ტემპერატურაზეც აგრძელებს დამწიფებას. უკიდურეს შემთხვევაში, გრილ, უმზეო ადგილად დააწყვეთ. მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, გაურეცხავი ქლიავი მაქსიმუმ ერთი კვირა ძლებს.

თავისუფლად შეიძლება ქლიავის გაყინვა, ოღონდ წინასწარ კურკა უნდა გამოაცალოთ. უმჯობესია, სათითაოდ გაყინოთ და ისე ჩაყაროთ ცელოფანის პაკეტში.

სამზარეულოში

ქლიავის მოტკბო-მომჟავო არომატი მარილიან და ცხარე კერძებსაც ჰარმონიულად ერწყმის. მაგალითად, ძალიან გემრიელია ლობიო ქლიავით ან კუსკუსისა და ბოსტნეულის სალათა ქლიავის ჩირით. საკაზმი – ჯანჯაფილი, ქონდარი, ჩილი – განსაკუთრებულ ნოტს მატებს ქლიავის არომატს და კიდევ უფრო ზრდის მის სასარგებლო თვისებებს.

ქლიავი ტკბილ კერძებსაც ძალიან უხდება. ნამცხვრებში, უმჯობესია, ლურჯი ქლიავი გამოიყენოთ, რადგან მასში შედარებით ნაკლები წყალია, ადვილად არ დაიშლება და არომატსაც შეინარჩუნებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: