როგორ ჩავდგეთ ფორმაში აღდგომის შემდეგ
გააზიარე:
გემრიელი პასქისა და წითელი კვერცხების გარეშე აღდგომა წარმოუდგენელია. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უქმეების შემდეგ ტანსაცმელი ოდნავ გიჭერთ, მუცელში კი სიმძიმის შეგრძნება გაქვთ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება. ოღონდ არა შიმშილით, არამედ რაციონალური და დაბალანსებული კვებით.
მაინც რას გულისხმობს სწორი კვება?
სწორი კვება სხვა არაფერია, თუ არა ნუტრიენტების – ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების – დაბალანსებული მიღება.
- დღიური რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს.
- მთელი რაციონის ნახევარს უნდა შეადგენდეს ხილ-ბოსტნეული, ამასთან, ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს ხილს.
- მეოთხედზე ოდნავ ნაკლებს – ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული.
- მეოთხედზე ოდნავ მეტს – პური, მაკარონი, მჭადი, ბურღულის ფაფა, კარტოფილი, ბრინჯი.
- დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიოთ ჭიქა რძე ან მიირთვათ ერთი ულუფა რძის ნაწარმი: მაწონი, ხაჭო, ყველი.
- ერიდეთ მარილს, ის სხეულში წყალს აკავებს და ქსოვილების შეშუპებას უწყობს ხელს. გახსოვდეთ, რომ მზა საკვებში საკმაოდ ბევრი მარილია.
- ეცადეთ, უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე მიირთვათ.
- სამუშაო მაგიდასთან ან იქ, სადაც ბევრ დროს ატარებთ, დიდი ჭიქით დაიდგით წყალი და ნელ-ნელა დალიეთ, როგორც კი დაიცლება, შეავსეთ.
- დალიეთ წყალი, როცა შიმშილს იგრძნობთ - შესაძლოა, გეგონოთ, რომ გშიათ, სინამდვილეში კი ორგანიზმი წყალს გთხოვდეთ.
- ეცადეთ, შუაღამემდე დაწვეთ და იძინოთ იმდენი, რომ გაღვიძებისას თავს დასვენებულად გრძნობდეთ.
- მეტი იარეთ ფეხით და ბევრი ისეირნეთ.
გახსოვდეთ, რომ სწორი კვება, მოძრაობა და სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობისა და სილამაზის საფუძველია.
წონა რომ არ მოვიმატოთ
წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ მიღებული ენერგია დახარჯულზე მეტია, წონას მოვიმატებთ, თუ ნაკლები – დავიკლებთ.