სპილენძი – უჯრედულ სუნთქვაზე პასუხისმგებელი მინერალი
გააზიარე:
ყველამ ვიცით, რომ სპილენძი ელექტრომოწყობილობების შეუცვლელი კომპონენტია. ჩვენი მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგებაც, რა როლს ასრულებს ეს ელემენტი ორგანიზმის ცხოველქმედებაში, რომელ ბიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობს, რა გავლენას ახდენს ზრდაზე, სისხლის წარმოქმნაზე, იმუნურ აქტივობაზე...
რა შეუძლია სპილენძს, რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა დეფიციტმა ან სიჭარბემ, დაბოლოს, სად ვიპოვოთ ის? – ამ კითხვებით კლინიკების ქსელ “მედკაპიტალის” ოჯახის ექიმს თეა მარტიაშვილს მივმართეთ.
რა არის
– სპილენძი რბილი და ადვილად ჭედვადი ლითონია. ის უმთავრესად ზღვებში, მტკნარ წყლებსა და დედამიწის ქერქში მოიპოვება, თუმცა მცირე ოდენობით მას ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ეს მიკროელემენტი მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს.
ვინაიდან ორგანიზმი სპილენძს თავად ვერ წარმოქმნის, საკვებთან ერთად მისი რეგულარული მიღება აუცილებელია.
სპილენძი ნაწლავებში შეიწოვება და ყველა ქსოვილში ნაწილდება, თუმცა უმეტესად ღვიძლში, ძვლებში, კუნთებსა და ტვინში გროვდება. დეპოებიდან ის საჭიროებისამებრ გადადის სისხლში, რომელსაც ის დანიშნულების ადგილზე მიაქვს.
ამ ელემენტის ცვლას ღვიძლი აკონტროლებს. ჭარბი სპილენძის დიდ ნაწილს ის ნაღველში გამოყოფს, რომელიც განავალთან ერთად გარეთ გამოიდევნება, მცირე ნაწილი კი თირკმელების საშუალებით ტოვებს ორგანიზმს.
რა ევალება
– სპილენძის დამუხტული ნაწილაკები მრავალი ცილის შემადგენლობაში შედის. მათ გარეშე ცილები თავიანთ ფუნქციას ვერ შეასრულებენ. ჩვენს ორგანიზმში კი ცილების გარეშე არაფერი ხდება. ისინი ჰორმონებსა და ფერმენტებთან ერთად ყველა მნიშვნელოვან მეტაბოლურ პროცესს აკონტროლებენ.
* სპილენძის შემცველი ცილები დიდ როლს ასრულებენ სისხლის წითელი პიგმენტის, ჰემოგლობინის, წარმოქმნაში, რომელზეც დამოკიდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობა. სპილენძი შედის ცერულოპლაზმინის – სისხლის პლაზმის ცილა-ფერმენტის – შემადგენლობაში. ორგანიზმში სპილენძის 80-95 პროცენტი ცერულოპლაზმინს უკავშირდება, რომელიც მას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში ანაწილებს. გარდა სპილენძის შესანახი და სატრანსპორტო ფუნქციისა, ცერულოპლაზმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რკინის ტრანსპორტირებასა და ჰემოგლობინის ფორმირებაშიც.
* როგორც ფერმენტ ციტოქრომ-ცე-ოქსიდაზის კომპონენტი, სპილენძი მონაწილეობს ენერგიის ცვლაში. ციტოქრომ-ცე-ოქსიდაზას გადამწყვეტი როლი აკისრია უჯრედული სუნთქვის რეგულაციაში. სპილენძის გარეშე ეს ფერმენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, ის აუცილებელია ნერვული ბოჭკოების (ნეირონების) და ნერვული გარსების (მიელინის) კომპონენტთა სინთეზისთვის.
* როგორც პროტეინ ლიზილ ოქსიდაზის შემადგენელი ნაწილი, სპილენძი მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის პოლიპეპდიდური ჯაჭვების ბიოსინთეზში, რითაც კანის სიგლუვეს და ელასტიკურობას უზრუნველყოფს.
* სპილენძი შედის ცილა თიროზინკინაზის შემადგენლობაში, რომელიც აუცილებელია კანის, თმისა და თვალების პიგმენტაციისთვის.
* სპილენძზე დამოკიდებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცილაა სუპეროქსიდის დისმუტაზა, რომელიც პასუხისმგებელია მავნე თავისუფალი რადიკალების განადგურებაზე. თავისუფალ რადიკალებს შეუძლია, დააზიანოს გენეტიკური მასალა, სხეულის ქსოვილები და ორგანოები. სუპეროქსიდის დისმუტაზას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად კანის დაბერების პროცესსაც ანელებს.
* სპილენძის შემცველი ფერმენტი დოფამინი ß-ჰიდროქსილაზა ნერვებში მედიატორების წარმოქმნაში მონაწილეობს.
* სპილენძს დიდი წვლილი შეაქვს ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში. ის ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას.
სადღეღამისო ნორმა
– მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის სადღეღამისო ნორმა დღემდე საკამათოა, მეცნიერები საორიენტაციოდ ასეთ რიცხვებს გვთავაზობენ:
* 3 წლამდე – 0,4-1 მგ
* 4-დან 6 წლამდე – 1-1,5 მგ
* 7-დან 10 წლამდე – 1-2 მგ
* ვაჟებისთვის 10 წლიდან (ზრდასრული ასაკის ჩათვლით) – 1,5-2,5 მგ
* გოგონებისთვის 10 წლიდან (ზრდასრული ასაკის ჩათვლით) – 1,5-3 მგ
როგორ განისაზღვრება
– სპილენძის სტატუსის განსაზღვრა არ წარმოადგენს სისხლის ანალიზის სტანდარტულ ნაწილს. მას ამოწმებენ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სპილენძის დეფიციტზე.
ორაგნიზმში სპილენძის ოდენობის დადგენის სტანდარტული მეთოდი სისხლის პლაზმაში მისი დონის შემოწმებაა. ამ მიზნით ფასდება სისხლის შრატში თავისუფალი სპილენძის და ნაწილობრივ ცერულოპლაზმინის, სპილენძის შემნახველი და გადამტანი ცილის, შემცველობა. სპილენძის მაჩვენებელი მოცემულია მიკროგრამ`დეცილიტრებში (მკგ`დლ) ან მიკრომოლებში ლიტრზე (მკმოლ`ლ).
ასევე შეიძლება, შარდის ანალიზით განისაზღვროს, რა რაოდენობის სპილენძი გამოიყოფა სხეულიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა ამ გზით მხოლოდ ძლიერი ცვლილებების გამოვლენაა შესაძლებელი.
სად ვიპოვოთ
– სპილენძს მრავალი საკვები შეიცავს. მცენარეულ საკვებში ამ ელემენტის შემცველობა ნიადაგში მის შემცველობაზეა დამოკიდებული და შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სპილენძის სულფატით მიწის განოყიერების შედეგად. საკვებიდან ორგანიზმი 10%-მდე სპილენძს ითვისებს, ამიტომ ამ ელემენტის სათანადო დონის შესანარჩუნებლად საჭიროა სპილენძის შემცველი საკვების რეგულარული მიღება. დაუბალანსებელმა კვებამ, მაგალითად, მხოლოდ თეთრი ფქვილის პროდუქტების, ხორცის ან რძის ნაწარმის მიღებამ, შესაძლოა სპილენძის ნაკლებობა გამოიწვიოს.
სპილენძით განსაკუთრებით მდიდარია: ზღვის პროდუქტები (ხამანწკები, მიდიები, კალმარები, ლობსტერები; მაგალითად, 85 გ ლობსტერი ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 178%-ს ფარავს), საქონლის ხორცი და ღვიძლი, ხბოს ღვიძლი, თხილი, ნიგოზი, ნუში, არაქისი, მზესუმზირას თესლი, ოსპი, სოია, ბარდა, შავი შოკოლადი და კაკაოს სხვა პროდუქტები, მთლიანი მარცვლეული. გვხვდება, თუმცაღა მცირე ოდენობით, პომიდორში, ავოკადოში, ქლიავში, ბანანში, კარტოფილში.
ათვისების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები
– სპილენძის ათვისება შესაძლოა შეაფერხოს კალციუმის, მოლიბდენის, სულფიდების, კადმიუმის, ფიტატების ჭარბმა ოდენობამ. უარყოფითად მოქმედებს თუთია და სელენიც, ამიტომ მათ შემცველ პრეპარატებთან ერთად სპილენძის მიღება არ არის რეკომენდებული.
სპილენძის ათვისებას ხელს უშლის ზოგიერთი დაავადება, განსაკუთრებით – კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, და მოწევაც.
ზოგიერთი ამინმჟავას, გლუკოზის პოლიმერების, ცილების, ფუმარინის მჟავას (ფუმარატი), ოქსილის მჟავას (ოქსალატი) და სხვა ორგანული მჟავების – ციტრატის, მალატის, ლაქტატის – იმავდროული მიღება ხელს უწყობს სპილენძის შეწოვას.
დეფიციტი
– ჯანმრთელ ადამიანებში სპილენძის დეფიციტი იშვიათია. თუ მსუბუქი ნაკლებობის დროს სიმპტომები არ შეინიშნება, მკვეთრად გამოხატულ დეფიციტს შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
* დაღლილობა, სისუსტე;
* კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერებისა და სწავლის პრობლემები;
* კუჭის სპაზმი;
* დიარეა;
* კანისა და თმის პიგმენტაციის დარღვევა, თმის ნაადრევი გათეთრება, თმის ცვენა;
* ფერმკრთალი კანი;
* უმადობა;
* ინფექციების გახშირება;
* ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად, ნერვის ტკივილი;
* დეპრესიული განწყობა.
სპილენძის დეფიციტის დროს ფერხდება რკინის შეწოვა, რაც სისხლის ფორმირების დარღვევას იწვევს, ამიტომ სპილენძის დეფიციტმა შესაძლოა ანემიამდე მიგვიყვანოს.
სპილენძის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული გართულებებია ანემია, პანციტოპენია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა).
მიზეზები
– სპილენძის დეფიციტს იწვევს:
*კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, რომელთა გამოც ირღვევა ნაწლავის აბსორბციის უნარი, მაგალითად, კრონის დაავადება წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკია;
* მემკვიდრეობითი, მძიმე დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს სპილენძის მეტაბოლიზმზე, მაგალითად, მენკესის სინდრომი;
* წონის სწრაფი კლება (მაგალითად, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად);
* ძლიერი კვებითი დეფიციტი;
* თუთიის შემცველი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, ვინაიდან, როგორც გითხარით, თუთია აფერხებს სპილენძის შეწოვას.
სპილენძის დეფიციტი განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ ახალშობილებში.
სპილენძის დეფიციტის დიაგნოზი ისმება, როდესაც სისხლში სპილენძის დონე – 65 მკგ`დლ-ზე, ხოლო ცერულოპლაზმინისა 20 მგ`დლ-ზე ნაკლებია. დეფიციტის აღმოსაფხვრელად ზოგჯერ სპილენძით მდიდარი საკვების მიღებაც საკმარისია, უფრო რთულ შემთხვევებში კი საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპია.
სიჭარბე
– თუ სპილენძის დონე ოდნავ აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს, მკაფიო სურათი არ ვითარდება. სიმპტომები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა სპილენძის დონე შესამჩნევად იწევს დაბლა.
ეს სიმპტომებია:
*თავის ტკივილი და თავბრუხვევა;
*გულისრევა და ღებინება;
*მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები;
*მძიმე დიარეა;
*კუნთების ტრემორი და დამბლის ნიშნები;
*შარდვის ხშირი სურვილი;
*გამონაყარი კანზე.
მიზეზები
– სპილენძის სიჭარბე ცნობილია ვილსონის დაავადების (Morbus Wilson) სახელით. ის თანდაყოლილია და იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ვილსონის დაავადების დროს ფერხდება ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა და ის თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და თვალის ქსოვილებში გროვდება. ჭარბად დაგროვილი სპილენძი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს და შესაძლოა, ფატალური შედეგიც გამოიღოს. დაავადება უმეტესად 5-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებთან გვხვდება, ხშირად წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს და 30 წლიდან ვლინდება. შესაძლოა, გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება, უარეს შემთხვევაში – ღვიძლის უკმარისობა. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
გარდა ამისა, სპილენძის სიჭარბე შესაძლოა გამოვლინდეს:
* ქალებთან, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან არიან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, თუმცა ამ დროს სპილენძის დონის მატება ნორმალურია;
* მწვავე ანთების დროს – ანთების ჩაცხრობის შემდეგ სპილენძის დონე, როგორც წესი, ნორმას უბრუნდება;
* ქრონიკული ანთების, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადების შემთხვევაში;
* ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების, მიღებისას;
* ღვიძლის დაავადებების დროს ღვიძლის დაზიანების ფონზე. დაზიანებული ღვიძლი სპილენძს ნორმალურად ვეღარ გამოყოფს და ის ორგანიზმში გროვდება;
* სისხლის დაავადებების, მაგალითად, ლეიკემიის ან ანემიის დროს;
* შაქრიანი დიაბეტის ფონზე.
სპილენძის ხანგრძლივმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს ართრიტი, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება, რესპირატორული ინფექციები, დეპრესია.
გარდა ამისა, ნორმაზე მეტი სპილენძის მიწოდებამ, მაგალითად, სპილენძის ტაბლეტების ჭარბმა დოზირებამ, შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.
სპილენძით მოწამვლის სიმპტომებია: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ჭვალი (კოლიკა), კუპრისებრი განავალი, დაბალი წნევა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა.
სიფრთხილის ზომები
– თუ შინ სპილენძის ჭურჭელი გაქვთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ:
* სპილენძის ჭურჭელში საკვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოამზადეთ, თუ ის დამცავი ფენით არის დაფარული და საფარი არ არის დაზიანებული.
* ნუ შეინახავთ სპილენძის ჭურჭლით მჟავე საჭმელს და სასმელს, რადგან სპილენძის ნაწილაკები შესაძლოა გამოეყოს ლითონს და საკვებში გადავიდეს.
* სპილენძის ჭურჭელში მომზადების დროს ნადგურდება ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი) ხილსა და ბოსტნეულში.
* ნუ შეინახავთ მომზადებულ საკვებს სპილენძის ჭურჭელში – ეს გამოიწვევს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ამჟავებას, ვიტამინების განადგურებას.
* სპილენძი შესაძლოა სასმელ წყალში მოხვდეს, თუ გაყვანილობა ძველი, სპილენძის შემცველი წყლის მილებისგან შედგება.
* თვითნებურად ნუ მიიღებთ სპილენძის შემცველ დანამატებს, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დანამატის სახით სპილენძის მიღებისას ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიგრამს.
დანამატები
– სპილენძის დანამატები ხელმისაწვდომია სპილენძის გლუკონატის, სპილენძის სულფატის, სპილენძის ქლორიდის სახით. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, თვითნებურად მათი მიღება არ შეიძლება, ისინი ექიმმა უნდა დანიშნოს საჭიროებისამებრ, შესაბამისი დოზით, პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, არსებობს სპილენძის შემცველი დანამატების სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების რისკი. მაგალითად, დიდი სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ჰორმონოთერაპიული საშუალებები, ასევე –ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ალოპურინოლი – პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტი, ციმეტიდინი – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუთიის დანამატები.
თუ დანამატების მიღების აუცილებლობა არ დგას, – მაგალითად, დეფიციტი ავადმყოფობით არ არის გამოწვეული, – უმჯობესია, სპილენძი საკვებით მიეწოდოს ორგანიზმს. საკვებში შემავალი ნუტრიენტები სინერგიულად მოქმედებს, ამიტომ სწორი კვება გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დანამატების მიღება.
ჯილდა გაჩეჩეჩილაძე