რატომ ვერ ვიკლებთ წონას
გააზიარე:
თუ დიეტა ცხოვრების წესად გექცათ და დღე-ღამეში 24 საათი კალორიების თვლით იქცევთ თავს, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება, ლოგიკის (და დიეტის ყველა წესის) თანახმად, არ უნდა გაგიჭირდეთ, მაგრამ ხშირად დიეტის ჰეფიენდი უსასრულოდ ჭიანურდება, ხოლო სასწორის ისარი ძველი ნიშნულიდან არა და არ იძვრის...
მაინც რატომ გვიჭირს წონის დაკლება? როგორც დიეტოლოგები გვარწმუნებენ, ამ გასტრონომიული გაუგებრობის მიზეზი საკვების არასწორად შერჩევა ყოფილა.
მოდით, თვალი გადავავლოთ იმ მცდარ მოსაზრებებს, რომლებსაც დიეტის მოტრფიალენი იზიარებენ, შემდეგ კი სასწორიდან გაწბილებულები ჩამოდიან.
“დაბალკალორიულ საკვებს, რამდენსაც მინდა, იმდენს მივიღებ!” ― ასეთია დიეტის მრავალი მიმდევრის დევიზი. მათ სწორედ ის ანუგეშებთ, რომ ცხიმიანსა და ტკბილს იოლად შეცვლიან ჯანსაღი საკვებით (ასე უწოდებს ბევრი დაბალკალორიულ პროდუქტს) – ხილითა და ბოსტნეულით, რომლის მიღებაც განუსაზღვრელი ოდენობით შეიძლება. თუ თქვენც ასე გგონიათ, ცდებით. ჯანსაღი საკვების განუსაზღვრელი ოდენობით მიღება ისევე შეგმატებთ კილოგრამებს, როგორც ცხიმი და ტკბილეული. ასე რომ, ზომიერება დიეტის მიმდევართა N1 კანონი უნდა იყოს!
ყავა წონის დაკლებაში დაგვეხმარება
არამც და არამც! კოფეინი შესანიშნავი სტიმულატორია. მისი მიღებისთანავე სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად იმატებს. მის ნაწილს უჯრედები ითვისებს, ხოლო ნაწილი ცხიმის სახით გროვდება.
მერე რა, რომ ცოტა მძინავს!
ძილის უკმარისობისას ორგანიზმში ჰორმონული ფონი იცვლება: ნაკლები ოდენობით გამომუშავდება ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც დანაყრების გრძნობას ბადებს, სამაგიეროდ, ჭარბად წარმოიქმნება მადის აღძვრაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. რაც უფრო უხვად სინთეზირდება ეს უკანასკნელი, ნახშირწყლოვანი საკვების მით უფრო ძლიერი მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს.
საზოგადოდ, ძილი ენერგიის აღდგენაში გვეხმარება. მის მაგივრობას დილაობით ყავა და შოკოლადი გვიწევს (ისინი კი ენერგიასთან ერთად კალორიებითაც გვასაჩუქრებენ). ამერიკელ მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობის მეოხებით თურმე შესაძლებელია, წელს ქვემოთ (თეძოებზე, ბარძაყებზე) დაგროვილი ზედმეტი ცხიმისგანაც გავთავისუფლდეთ.
თავი უზადო სხეულით რომ მოიწონოთ, ეცადეთ, საღამოს 10-დან ნაშუაღამევის 2 საათამდე აუცილებლად იძინოთ. თუ საკუთარი წონა გაფიქრებთ, არამც და არამც არ ათიოთ ღამე და არც გვიან დაიძინოთ.
ჭარბი ხილი დიეტური მენიუს განუყოფელი ნაწილია
როდესაც დიეტის დროს არჩევანის წინაშე ვდგებით: ხილი თუ შოკოლადი, ― რაღა თქმა უნდა, ხილი იმარჯვებს, თუმცა ამგვარი არჩევანი უფლებას არ გაძლევთ, დღის განმავლობაში რამდენიმე კილოგრამი ვაშლი ან გარგარი გადასანსლოთ. ხილი, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და უჯრედისით, შაქარსაც უხვად შეიცავს. ასე რომ, თუ წონის დაკლება მოიწადინეთ, გირჩევთ, ხილის ის ოდენობა, რომელსაც აქამდე მიირთმევდით, გაანახევროთ და ბოსტნეულით შეცვალოთ.
დიეტის დროს ვარჯიში აუცილებელი არ არის
მართლაცდა, გასახდომად ზოგჯერ მკაცრი დიეტაც საკმარისია, მაგრამ ამ დროს ცხიმთან ერთად კუნთოვანი მასაც იკარგება. შედეგად სხეული ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ასე რომ არ მოხდეს, დიეტის დაცვის პარალელურად ფიტნეს-ცენტრებსაც რეგულარულად ეწვიეთ.
ნუთუ შაქრის დონეც უნდა ვაკონტროლოთ?
სწორედ რომ. თუ სისხლში შაქრის დონე გამუდმებით მერყეობს, რა გასაკვირია, გაღიზიანებული იყოთ და თავის ტკივილი გაწუხებდეთ?! არც შაქრის სიჭარბეა სახარბიელო, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, მისი ნაწილი ცხიმის სახით გროვდება ორგანიზმში. ამის თაობაზე დიეტოლოგს გაესაუბრეთ. მას უთუოდ ეცოდინება, რომელი საკვები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სისხლში შაქრის ოპტიმალური დონე.
უბრალოდ სტრესი
ის არა მხოლოდ ნერვული სისტემის, არამედ მოხდენილი სხეულის მტერიც არის. სტრესის დროს თავისუფლდება ჰორმონი, რომელიც ჭარბი შაქრის წარმოქმნას და ორგანიზმში ცხიმის სახით ჩალაგებას უწყობს ხელს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სტრესის დროს ზოგიერთს მადა უათკეცდება. ესეც ჰორმონული დისბალანსის ბრალია, რომელიც ისევ და ისევ გარეგნობაზე პოვებს ასახვას. ასე რომ, სტრესის დროს (მით უმეტეს ― როდესაც გრძნობთ, რომ მადაზე მოდიხართ), გირჩევთ, ყოველი ლუკმა აწონ-დაწონოთ.
შაქრის შემცვლელები დიეტისთვის აუცილებელიც კია
თუ შაქრის ანალოგებს რეგულარულად იყენებთ, გასაკვირი არ არის, რომ წონის დაკლება გიჭირთ. არარეალურად ჟღერს? სულაც არა. დამტკიცებულია, რომ “ხელოვნური” შაქრების უმრავლესობა ისეთსავე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, როგორსაც კოფეინი და სტრესი: ამ დროს გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით შაქრის ნაწილი ცხიმად გარდაიქმნება.
იცოდით რამე “ფარული” შაქრის შესახებ?
ლობიო და პომიდვრის საწებელი ერთი შეხედვით სრულიად უშაქრო საკვებია, რეალურად კი შაქარი მათშიც არის, თანაც არცთუ უმნიშვნელო ოდენობით. კერძების უმრავლესობა შესაძლოა ტკბილი არ იყოს, მაგრამ შაქარს შეიცავს. სასურველია, მისი შემცველობა ეტიკეტზე ამოიკითხოთ.
განსაკუთრებით ბევრია შაქარი ხილის წვენში, რომელსაც ბევრი დიეტის დროს დიდი მოცულობით სვამს. თუ გსურთ, წონაში ეფექტურად დაიკლოთ, ერიდეთ ხილის წვენების ჭარბად სმას. უმჯობესია, წვენი წყალში გააზაოთ და ისე გაისველოთ პირი.
არ გეგონოთ, რომ ღვინო არ ითვლება
შაქარს ყველა ალკოჰოლური სასმელი შეიცავს. ალკოჰოლი ტიპური სტიმულატორია. მისი მიღებისთანავე, ისევე როგორც ყავის დალევისას, სისხლში შაქრის დონე იმატებს, რაც შიმშილის გრძნობას აღძრავს. ალკოჰოლთან ერთად ძნელია, იმ პროდუქტის ოდენობა აკონტროლოთ, რომლითაც შიმშილის მოკვლას აპირებთ, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, მეორე დილით არა მარტო ნაბახუსევმა, არამედ ზედმეტი კილოგრამებით დამშვენებულმაც გაიღვიძოთ.
არავითარი ცხიმი!
ვეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ცხიმი (თუმცა არა ყოველგვარი) ორგანიზმისთვის საჭიროა, მათ შორის – დიეტის დაცვის პერიოდშიც. გირჩევთ, კვირაში ერთხელ ცხიმიანი თევზი მიირთვათ. ეს პროდუქტი მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია ყველა უჯრედის მემბრანისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და, რაც მთავარია, ორგანიზმს გამოფიტვისგან იცავს.
ჯანმრთელი ცხიმით არის გაჯერებული თხილეულიც, რომლის ჩაკნატუნებასაც ასევე სიამოვნებით გირჩევთ.
დაიხსომეთ: თხილეულის მიღება, ისევე, როგორც ცხიმიანი თევზისა, ხშირად და ჭარბად არ შეიძლება. ცხიმი, რაც არ უნდა ჯანმრთელი და საჭირო იყოს, მაინც ზედმეტი კალორიების წყაროა.
რატომ არ სვამთ წყალს?
წყლის ლიტრობით სმა სულაც არ არის საჭირო, მაგრამ ორიოდე ლიტრის მიღება ნამდვილად არ გაწყენდათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ წყალს ხილისა და ბოსტნეულისგანაც იღებთ, ამიტომ შესაძლოა, დღეში ლიტრანახევარი წყალიც გეყოთ.
დაიხსომეთ: ხშირად წყურვილი შიმშილით ინიღბება და თუკი წახემსების დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდათ, ჯერ წყალი დალიეთ. ეგებ, ჭამა საერთოდ გადაიფიქროთ.
და კიდევ: წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რაც უმნიშვნელოვანესი პრობაა იმისთვის, რომ დიეტამ შედეგი გამოიღოს. ასე რომ, ნუ მოაწყურებთ ორგანიზმს.
შესაძლოა, მაინც ბევრს მიირთმევთ...
მართლაც რომ შესაძლოა. ამერიკელმა დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ქალი დღის განმავლობაში 800 კალორიით მეტს იღებდა, ვიდრე ეგონათ. იმის გარკვევა, თავს იტყუებდნენ ეს ქალბატონები თუ სათვალავი აერიათ, შეუძლებელია. სამაგიეროდ, ერთი რამ ცხადზე უცხადესია: ვიდრე დიეტის დაცვას გადაწყვეტდეთ, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ. დიეტოლოგი ზუსტად განსაზღვრავს, რომელი დიეტაა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.