ლეღვი – დელიკატესზე მეტი

გააზიარე:

მისი თაფლივით ტკბილი ნაყოფით ჯერ კიდევ ამქვეყნიურ სამოთხეში – ედემის ბაღში ტკბებოდნენ. მაგრამ ლეღვით არა მარტო ყელის ჩაკოკლოზინება, არამედ მკურნალობაც შეიძლება. მის სამკურნალო თვისებებს განსაკუთრებით კარგად იცნობენ არაბულ ქვეყნებში, ინდოეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სადაც ამ მიზნით უძველესი დროიდან იყენებენ ლეღვის არა მარტო ნაყოფს, არამედ ფოთლებს, წვენსა თუ ქერქს.

მოდი, გავიგოთ, რა ნუტრიენტები იმალება სამოთხის ხილში და რა სარგებლობა მოაქვს მას ჯანმრთელობისთვის.

კვებითი ღირებულება

ლეღვის  კვებითი ღირებულება ჯიშზეა დამოკიდებული. 100 გ ნედლი ლეღვი შეიცავს დაახლოებით:                                  

82,3 გ წყალს                                                                                     

12,9 გ ნახშირწყლებს (12,9 გ შაქარი)                 

1,3 გ ცილას

0,5 გ ცხიმს

2 გ ბოჭკოს (0,6 გ – წყალში ხსნადი, 1.4 გ – წყალში უხსნელი)

განსხვავებული შემადგენლობა აქვს ლეღვის ჩირს. მასში დაახლოებით 20 გ წყალია,  58,2 გ შაქარი, 5,9 გ ცილა, 2,3 გ ცხიმი და 9,2 გ ბოჭკო.

შესაბამისად, 100 გ ნედლი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 60-65 კილოკალორიაა, გამომშრალისა კი 285-მდე. მიუხედავად ამისა, ლეღვი ჩირი მაინც ჯანსაღ სასუსნავად ითვლება, თუ მას შევადარებთ სხვა ხემსს, მაგალითად, 100 გ რძიან შოკოლადს, რომლის ენერგეტიკული ღირებულება 535 კილოკალორიას აღწევს.

ვიტამინები

ლეღვში ბევრი ვიტამინია. განსაკუთრებით უხვადაა B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობენ – ხელს უწყობენ თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვან ფუნქციობას, უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, მონაწილეობენ ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში, ზრუნავენ კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე. ლეღვის ჩირში ვიტამინების შემცველობა გაცილებით მაღალია.

ლეღვის ვიტამინოვანი და მინერალოვანი შემადგენლობაც, ჯიშის მიხედვით, სხვადასხვაა. 100 გ ხილის საშუალო მაჩვენებლებია:

მინერალები

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

გლიკემიური ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა

ნედლი ლეღვის გლიკემიური ინდექსი 35-ია, გამომშრალის – 40 (40-მდე დაბალ მაჩვენებლად ითვლება). როგორც ხედავთ, განსხვავება არც ისე დიდია, მაგრამ იმის გარკვევაში, რა გავლენას ესა ახდენს თუ ის ხილი სისხლში შაქრის დონეზე, გლიკემიური ინდექსი დიდად ვერ დაგეხმარებათ. უკეთ მოახერხებთ ორიენტირებას გლიკემიური დატვირთვის დახმარებით. 100 გ ნედლი ლეღვის გლიკემიური დატვირთვა კი 4,5-ია (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად), ხოლო გამომშრალის – 27,6 (20-დან მაღალ მაჩვენებლად ითვლება). ასე რომ, ჩირი ზომიერად მიირთვით, განსაკუთრებით – დიაბეტიანებმა.

შეგახსენებთ, რომ გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად და მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს 100 გ ნახშირწყალი, ხოლო გლიკემიური დატვირთვის დროს გადამწყვეტია ნახშირწყლის არა მხოლოდ ტიპი, არამედ რაოდენობაც, მაშასადამე, ის განისაზღვრავს სისხლში შაქრის  დონის მომატებას 100 გ საკვების მიღების შემდეგ.

ფრუქტოზის აუტანლობა

100 გ ნედლ ლეღვში დაახლოებით 5,5 გ ფრუქტოზა და 7 გ გლუკოზაა, ჩირში კი 24,5 ფრუქტოზა და 31,5 გლუკოზა, ამიტომ ის, ვისაც ფრუქტოზის აუტანლობა აქვს, ვერც ნედლ და ვერ გამომშრალ ლეღვს ვერ ჭამს. სამაგიეროდ, საუკეთესოა ლეღვში მათი თანაფარდობა – როცა საკვებში გლუკოზა ფრუქტოზაზე მეტია, ეს მის ათვისებას აუმჯობესებს. ამასთან, ლეღვი არ შეიცავს სორბიტს, ეგრეთ წოდებულ შაქრის ალკოჰოლს, რომელიც  ფრუქტოზის აუტანლობით გამოწვეულ სიმპტომებს უფრო მეტად ამძიმებს.

მცენარეული ნივთიერებები 

ლეღვში ბევრია:

* კაროტინოიდები – ლიკოპენი, ლუთეინი, ბეტაკაროტინი, ალფაკაროტინი, ზეაქსანტინი;

* ფლავანოლები – კატექინი, ეპიკატექინი;

* ფლავონოიდები – რუტინი, კემპფეროლი, ქვერცეტინი.

ამ ნივთიერებებს ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ებრძვის უჯრედების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს, შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს რისკს. ამასთან, კაროტინოიდები ძალიან უხდება თვალებს.

სასარგებლო ნივთიერებები მაქსიმალურად რომ მიიღოთ, უმჯობესია ლეღვი  კანიანად მიირთვათ.

რას უხდება

ყაბზობას

ლეღვის მსუბუქ საფაღარათო ეფექტს კარგად იცნობენ ხალხურ მედიცინაში. ამის დასადასტურებლად ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეობა 78 მსურველმა მიიღო. ერთი ჯგუფი 8 კვირის განმავლობაში  დღეში სამჯერ ლეღვის პასტას იღებდა, მეორე კი პლაცებოს. კვლევამ აჩვენა, რომ ლეღვის ჯგუფში საგრძნობლად მოუწესრიგდათ კუჭის მოქმედება. ლეღვი  სხვა ჩივილებსაც მოუხდა, მაგალითად შებერილობას და მუცლის ტკივილს.  მისი ეს თვისება მეცნიერმა მასში შემავალ ბოჭკოს და მცენარეულ ნივთიერებებს მიაწერეს.

ამ მიზნით ლეღვის ჩირი ისევე უნდა გამოიყენოთ, როგორც ქლიავისა. ჩაალბეთ 5-6 ლეღვის ჩირი წყალში მთელი ღამით და  დილით საზმემდე მიირთვით, შეგიძლიათ წვენიც დალიოთ, ან თავისივე წყალში დააბლენდეროთ და სმუზი გააკეთოთ. გართულებულ შემთხვევებში მიირთვით ლეღვის სმუზი  ყოველ დღე 2-3 კვირის განმავლობაში.

მაღალ წნევას

ლეღვი უხდება სისხლის მიმოქცევას, კერძოდ, აქვს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ჟურნალ “Pჰარმაცეუტიცალ Bიოლოგყ”-ში 2017 წელს გამოქვეყნებულმა ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეღვის ექსტრაქტის სამკვირიანი კურსის შემდეგ ცხოველებს წნევა მოუწესრიგდათ.

აქვეითებს ცუდ ქოლესტეროლს

ვირთხებზე ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეღვმა დააქვეითა ცუდი ქოლესტეროლის დონე, ხოლო კარგი ქოლესტეროლისა ასწია. ცუდი ქოლესტეროლის მომატება, როგორც იცით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი რისკფაქტორია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ლეღვი ამგვარ მოქმედებას მცენარეულ ნივთიერებებს, უპირველეს ყოვლისა, ფლავონოიდ რუტინს უნდა უმადლოდეს.

მეჭეჭებს

ხალხურ მედიცინაში ნაყოფთან ერთად აქტიურად იყენებენ ლეღვის რძეს. მკვახე ლეღვის მოწყვეტისას მისი ყუნწიდან გადმოსული რძისებრი სითხე აქრობს მეჭეჭებს ან აფერხებს მათ ზრდა-გამრავლებას.

საქმის არსში გასარკვევად ირანელმა მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა მიიღო 25-მა მოხალისემ. მათ  მეჭეჭზე 4 დღის განმავლობაში უსვამდნენ ახალმოკრეფილი მკვახე ლეღვის რძეს. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, აქვს თუ არა ლეღვის წვენით მკურნალობას იგივე ეფექტი, როგორიც მოყინვას. შედეგად 11 პაციენტს მეჭეჭი ლეღვის რძის დახმარებით გაუქრა, ხოლო 14 პაციენტს  – მოყინვით. ამასთან, რძით მკურნალობა მტკივნეული არ არის, რასაც მოყინვაზე ვერ ვიტყვით. ექვსი თვის შემდეგ მეჭეჭი ხელახლა გაუჩნდა მოყინვით ნამკურნალები პაციენტების 20%-ს, ხოლო ლეღვის რძით ნამკურნალებთა 8%-ს.

გასათვალისწინებელია, რომ ლეღვის რძე შეიცავს ლატექსს, რომელმაც ალერგიისადმი მიდრეკილ პირებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

მიკრობების წინააღმდეგ

ალჟირელმა მკვლევრებმა გამოიკვლიეს ლეღვის ექსტრაქტის მოქმედება სხვადასხვა მიკრობზე. ექსტრაქტში შედიოდა 50 გ ლეღვის ჩირი. კვლევის თანახმად, ლეღვის ექსტრაქტმა ანტიმიკრობული მოქმედება აჩვენა ძალიან ბევრ შტამთან, განსაკუთრებით ეფექტური კი კანდიდა ალბიკანსისა (ჩანდიდა ალბიცანს) და კლებსიელა პნევმონიის (კლებსიელლა პნეუმონიაე) წინააღმდეგ აღმოჩნდა. ორივე  მიკრობი სერიოზული ინფექციების გამომწვევია. თუმცა აქვს თუ არა ანტიმიკრობული ეფექტი ნედლ ლეღვს, მეცნიერულად დამტკიცებული ჯერ არ არის.

ნედლსა თუ გამომშრალ ლეღვს იგივე შედეგი აქვს ჯანმრთელობისთვის, რაც ექსტრაქტს, მთავარია, ის რეგულარულად ჩართოთ მენიუში.

ლეღვის ჩირი

მწარმოებლები ლეღვის ჩირს  ხშირად  ამატებენ შაქარს. ლეღვში ისედაც ბევრი შაქარია, მისმა სიჭარბემ კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. შაქრის დანამატის ოდენობა, წესით, შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული.

ჩირს ხშირად ბრინჯის ფქვილსაც ამატებენ, რათა ერთმანეთს არ მიეწებოს და დიდხანს გაძლოს. ის არც გლუტენს შეიცავს და გემოც ნეიტრალური აქვს. გაცილებით სახიფათოა გოგირდის დიოქსიდი ( E 220) და სულფატები (E 221– E 228), რომლებსაც მწარმოებლები კონსერვანტებად იყენებენ. ეს ნივთიერებები, როცა ჭარბადაა, მგრძნობიარე ადამიანებში თავის ტკივილს და ღებინებასაც კი იწვევს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ასთმით დაავადებულებს.

არსებობს საფრთხე, ჩირი მიკოტოქსინებს შეიცავდეს, თანაც მავნე რაოდენობით. მიკოტოქსინები ობის სოკოების ჯგუფია, რომელსაც მიეკუთვნებიან, მაგალითად, ოქრატოქსინები და ალფატოქსინები. ეს ორი სოკო ჩნდება მოსავლის არასათანადო პირობებში დამუშავებისა და შენახვის დროს. ასე რომ, გირჩევთ, შეძენამდე ჩირი შეამოწმოთ, მუქი ლაქები ან არასასიამოვნო გემო რომ არ ჰქონდეს.

ვარჩევთ

ლეღვი თითქმის მთელი წელი იყიდება დიდ სუპერმარკეტებში. შეძენისას დარწმუნდით, რომ მწიფეა – მკვახე ლეღვი, ზოგიერთი სხვა ხილისგან განსხვავებით, მოკრეფის შემდეგ აღარ მწიფდება.

საუკეთესო შემთხვევაში, ლეღვი მოკრეფისთანავე უნდა მიირთვათ, რადგან ძალიან მალე ფუჭდება. ოთახის ტემპერატურაზე 1-2 დღე ძლებს,  მაცივარში კი – 3-5 დღე. თუ მეტხანს აპირებთ შენახვას შეგიძლიათ გაყინოთ, თუმცა გალღობისას ძალიან რბილდება და ჯემისთვის ან ნამცხვრის გულსართად თუ გამოიყენებთ.

გაყინეთ მხოლოდ საღი ნაყოფი, არც მეტისმეტად რბილი და არც, მით უმეტეს, დაჭყლეტილი.

ვამზადებთ ჩირს

ლეღვები კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, ღუმლის ტაფას საცხობი ქაღალდი დააფინეთ და დაჭრილი ხილი ზედ დააწყვეთ. ღუმელი 60 გრადუსამდე გაახურეთ. შრობის პროცესში კარი ოდნავ ღია დატოვეთ, რათა ორთქლი გარეთ გამოვიდეს. გამოშრობას საშუალოდ 10-დან 24 საათამდე სჭირდება. გამოღებამდე შეამოწმეთ, ხომ კარგად არის გამომშრალი, თორემ მალე გაფუჭდება. დროდადრო გადააბრუნეთ. ბოლოს გააგრილეთ და თავდახურული ჭურჭლით გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: