თაფლივით ტკბილი მზისფერი ხილი

გააზიარე:

ამ ქარვისფერ აღმოსავლურ ხილს დიდი ხანია ჩვენშიც სიამოვნებით მიირთმევენ. ხურმა ატკბობს და აფერადებს ზამთრის ცივ დღეებს, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის.

გაინტერესებთ, რა სიკეთე მოაქვს ხურმას ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

კვებითი ღირებულება

ხურმის დაახლოებით 80% წყალია, თუმცა ის გაცილებით მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ზამთრის სხვა ხილი, ამიტომ უფრო კალორიულიცაა. 100 გ ხურმა დაახლოებით 70-75 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს, მაშინ როდესაც იმავე რაოდენობის ფორთოხალი – 47-50, კივი – 50-60, მანდარინი კი 50-55 კილოკალორიას შეიცავს.

100 გ ხურმის კვებითი ღირებულება დაახლოებით ასეთია:

ცხიმი – 0,2 გ

ცილა – 0,6 გ

ნახშირწყლები – 19 გ (15 გ შაქრები, 3 გ ბოჭკო)

100 გრამ ხურმაში დაახლოებით 8 გ ფრუქტოზა და 7 გ გლუკოზაა. მათი ასეთი თანაფარდობა ძალიან  მნიშვნელოვანია ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის, რადგან რაც უფრო მეტი გლუკოზაა საკვებში ფრუქტოზასთან ერთად, მით უკეთესად იტანს ორგანიზმი ამ უკანასკნელს.

მაჩვენებლები ჯიშის მიხედვით ვარირებს.

სასარგებლო კომპონენტები

ზამთრის სხვა ხილთან, მაგალითად, ფორთოხალთან ან კივისთან შედარებით ხურმა ჩ ვიტამინის სიუხვით ვერ დაიკვეხნის: 100 გრამში დაახლოებით 16 მილიგრამია – სადღეღამისო მოთხოვნილების 16 პროცენტი. სამაგიეროდ, მდიდარია A ვიტამინით – 100 გრამი დაახლოებით 270 მკგ-ს შეიცავს, რაც სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტზე მეტია.

ხურმაში E და K ვიტამინებიც ბევრია. E ვიტამინი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, ანტიოქსიდანტები კი, როგორც უკვე ვიცით, ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ჩვენს ჯანმრთელობას.

ხურმა ასევე შეიცავს B1, B2, B6 და B9 (ფოლიუმის მჟავა) ვიტამინებს.

მინერალებიდან ხურმაში გვხვდება მანგანუმი (სადღეღამისო მოთხოვნილების 17%), კალიუმი (8,5%), მაგნიუმი (3%) და ფოსფორი (1,5-2%).

დაბოლოს, ხურმა მდიდარია მცენარეული ნივთიერებებით, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისება აქვს.

მაჩვენებლები ჯიშისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით ვარირებს.

ტანინები

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად, ხურმაში უხვად არის ტანინები, რომელთა კონცენტრაცია დამწიფების კვალდაკვალ იკლებს. ტანინების შემცველობა მცირდება ყინვადაკრულ დაუკრეფავ ნაყოფშიც. ეს ნივთიერებები ხილს არასასიამოვნო სიმწკლარტეს აძლევს, ამიტომ ხურმა მხოლოდ კარგად დამწიფებულია გემრიელი.  გარდა ამისა, ტანინებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმში ზოგიერთი მინერალის, მაგალითად, რკინის შეწოვას.

რითია სასარგებლო

აღმოსავლეთში დიდი ხნის წინ შეამჩნიეს ხურმის დიდი სამკურნალო პოტენციალი. მაგალითად, ჩინელები დღესაც იყენებენ ამ მცენარეს ხალხურ მედიცინაში. ხის ქერქით დამწვრობას მკურნალობენ, ფოთლებისგან მომზადებულ ჩაის ინფექციური დაავადების, სისხლის მიმოქცევის პრობლემების დროს სვამენ, მწიფე ნაყოფით კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ებრძვიან.

მართალია, ხურმის ეს ეფექტები მეცნიერულად ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ხილი უხდება:

იმუნურ სისტემას

C და E ვიტამინები, კაროტინოიდებთან ერთად, აძლიერებს იმუნურ სისტემას, დაზიანებისგან იცავს უჯრედებს.

ნერვულ სისტემას

B ჯგუფის ვიტამინები საუკეთესო წამალია ნერვული სისტემისთვის. ნერვულ სისტემას უხდება მაგნიუმი, კალიუმი და ფოსფორიც.

კანს

100 გ ხურმა ბეტა კაროტინის ყოველდღიური მოთხოვნილების თითქმის 80 პროცენტს ფარავს. ამ ნივთიერებას შეუძლია, გარდაიქმნას რეტინოინის მჟავად, რომელიც კანის ელასტიკურობას აუმჯობესებს.

საჭმლის მონელებას

მწიფე ხურმის წვნიანი რბილობი კარგია ყაბზობის დროს. ბოჭკო, რომლითაც ასე მდიდარია ხურმა, ააქტიურებს ნაწლავების მუშაობას და არეგულირებს საჭმლის მონელებას, გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს ნაწლავის ბინადარ სასარგებლო ბაქტერიებზე და ამცირებს ნაწლავური დაავადებების, მათ შორის ნაწლავის კიბოს რისკს.

მხედველობას

თვალების ჯანმრთელობაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვს A ვიტამინს. მისი ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობა იცავს თვალს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისგან.

A ვიტამინი ასევე დადებით გავლენას ახდენს კანსა და ლორწოვან გარსებზე, ხელს უწყობს უჯრედების ზრდას და ქსოვილთა განახლებას, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, ნაყოფის განვითარებას.

ენერგიის დაქვეითებას

ხურმა საუკეთესო სნეკია სპორტსმენებისთვის. ის სწრაფად ავსებს ინტენსიური ვარჯიშის შედეგად დაცლილ გლუკოზის მარაგს.

რა უნდა ვიცოდეთ

ყიდვამდე ხილი კარგად დაათვალიერეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ საღია და ყავისფერი ლაქები არ აქვს. მართალია, ყავისფერი ლაქები არა ლპობის, არამედ შაქრის მაღალი შემცველობის ნიშანია, მაგრამ თუ ასეთ ნაყოფს მაშინვე არ შეჭამთ, კიდევ უფრო დარბილდება და საჭმელად უვარგისი გახდება.

ყავისფერი ლაქები რომ არ გაუჩნდეს, ხილი არამც და არამც არ დაალაგოთ ერთმანეთზე. დააწყვეთ ყუნწებით ზემოთ, ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხოს. ხურმა მაშინ არის მწიფე, როცა მისი თხელი კანიდან მზისფერი რბილობი ჩირაღდანივით ანათებს.

თუ მკვახე ხურმას ოთახის ტემპერატურაზე დაალაგებთ, ერთ-ორ კვირაში დამწიფდება. პროცესი შეგიძლიათ დააჩქაროთ, თუ ახლოს ვაშლებს დაუწყობთ.

მწიფე ხურმა ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ თუ მაშინვე არ მიირთმევთ, შეინახეთ სიგრილეში (და არა სიცივეში!) – 8-10 გრადუსზე. მაცივარში მისი შენახვა მხოლოდ ბოსტნეულის განყოფილებაში შეიძლება.

სამზარეულოში

ხურმის ნაყოფის გემო ჯიშსა და სიმწიფის ხარისხზეა დამოკიდებული. გემოთა ეს სხვადასხვაობა ფართო კულინარიულ ასპარეზს იძლევა. ბუნებრივად ტკბილი ხურმა ჯემისა და მუსის, ნამცხვრებისა და დესერტების საუკეთესო ინგრედიენტია. მაგალითად, გაგისინჯავთ კარგად დაბლენდერებული და გაყინული ხურმის რბილობი, ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი და ჟოლო?

ხურმისგან პიკანტური სოუსიც მზადდება ინდური სანელებლებით, რომელიც ძალიან უხდება გრილზე შემწვარ ღორისა და ბატკნის ხორცს, ეგზოტიკურ არომატს სძენს წვნიანს და სმუზის. სანელებლები შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეურჩიოთ, თუმცა ძალიან უხდება კურკუმა, ჩილი, ჯანჯაფილი, ქინძი, დარიჩინი, მიხაკი.

მაგრამ ყველაზე სასარგებლოა თერმულად დაუმუშავებელი ხურმა. ტემპერატურა მის შემადგენლობაში შემავალ ძვირფას ნივთიერებს შლის. დაუმუშავებელი ბოჭკოც უფრო სასარგებლოა.

სოუსების, მოტკბო-მომჟავო კერძების, დესერტების პოპულარული ინგრედიენტია ხურმის ჩირიც. ის ძალიან უხდება ბრინჯისა და კუსკუსის კერძებს.

გთავაზობთ ხურმის სმუზისა და სალსას რეცეპტებს.

ხურმის სმუზი

დაგჭირდებათ: 3 ცალი ხურმა, 1 ცალი ლიმეტი ან ლიმონი, 500 გ იოგურტი, 2 ჩაის კოვზი დაფქული ილი, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 6 ცალი ყინულის კუბი.

ხურმა გათალეთ, ოთხად გაჭერით. ლიმეტს ცედრა მოახეხეთ. ხურმა, ცედრა, იოგურტი, ილი, თაფლი და ყინულის კუბები ბლენდერში ჩაყარეთ და ურიეთ, ვიდრე კრემისებურ მასას არ მიიღებთ. გემოვნებისამებრ დაამატეთ წყალი და ლიმეტის წვენი, 4 ჭიქაში გაანაწილეთ და გემრიელად მიირთვით.

ხურმის სალსა თხის ყველით

დაჭირდებათ: 2 ცალი მწიფე, არც ისე რბილი ხურმა, 1 თავი წითელი ხახვი, 1 ცალი ჩილი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი დაკეპილი როზმარინი, 1 ჩაის კოვზი მარცვლიანი მდოგვი, 200 გ დამწიფებული თხის ყველი, 4 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი, 1 ცალი ბაგეტი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. ხურმა გათალეთ და პატარა კუბებად დაჭერით, ხახვი და ჩილი დაკეპეთ. ეს ყველაფერი კარგად გაცხელებულ ზეითუნის ზეთში, ნელ ცეცხლზე, შუშეთ 2-3 წუთი. დაამატეთ როზმარინი და მდოგვი და მარილითა და პილპილით შეაგემეთ.

თხის ყველი ოთხ ტოლ ნაწილად გაყავით. ღუმლის ტაფას საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ზედ ყველის ნაჭრები დააწყვეთ, თხლად გადაუსვით თაფლი და თავი რომ მოებრაწოს, 2-3 წუთი გააჩერეთ ღუმლის ზედა საფეხურზე. სალსასა და ბაგეტთან ერთად თეფშებზე გაანაწილეთ და გემრიელად მიირთვით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: