გოგირდი: რა შეუძლია ყვითელ ელემენტს
გააზიარე:
გოგირდი (Sulfur (S)) ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ელემენტია. გვხვდება როგორც თავისუფალი ფორმით, ისე სხვადასხვა ნაერთის სახით. ადამიანი მას უხსოვარი დროიდან იყენებს. მაგალითად, ჰომეროსი აღწერს გოგირდის გამოყენებას რელიგიურ რიტუალებში. ოდითგანვე ცნობილია გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებიც. გარდა ამისა, გოგირდის ფხვნილი სუფთა სახით გარკვეულ პირობებში თვითაალებადია და წვისას შხამიან გაზებს წარმოქმნის, ნიტრატებთან (მაგალითად, გვარჯილებთან), ქლორატებთან, პერქლორატებთან გარკვეული პროპორციით შერევისას კი ფეთქებად ნაერთს წარმოქმნის. ჩინელებმა IX-X საუკუნეებში აღმოაჩინეს ეს მოვლენა და დენთი გამოიგონეს.
რა ფუნქცია აკისრია ამ "საშიშ" ელემენტს ჩვენს ორგანიზმში?
ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი ელენე სარალიძე გვესაუბრა:
– მოზრდილი ადამიანის სხეული დაახლოებით 140 გრამ გოგირდს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კალციუმისა და ფოსფორის შემდეგ მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია ორგანიზმში. გოგირდი ყველა ქსოვილის – კუნთების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილისა და ძვლის, ღვიძლის, სისხლის, ნერვული ქსოვილის – შემადგენლობაში შედის. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ამ მაკროელემენტს კანი, თმა და ფრჩხილები შეიცავს.
– რაში იყენებს გოგირდს ორგანიზმი?
– ამ მაკროელემენტს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცილები ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი საშენი მასალაა. ცილის მოლეკულების ნორმალურ სივრცობრივ აგებულებას კი გოგირდი უზრუნველყოფს ეგრეთ წოდებული დისულფიდური ხიდაკების მეშვეობით.
გარდა ამისა, გოგირდი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამინმჟავას, მაგალითად, ცისტეინის, მეთიონინის, შეუცვლელი კომპონენტია და, შესაბამისად, მრავალ მეტაბოლურ პროცესშია ჩართული.
მაგალითად, მეთიონინი მონაწილეობს ადრენალინის, ქოლინის, აცეტილქოლინის, ჰემოგლობინის სინთეზში, კრეატინინის, ციანკობალამინის (ვიტამინ B12), ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავების, ჰორმონების, ფერმენტების ცვლაში.
მეთიონინი უზრუნველყოფს მიკროელემენტ სელენის ბიოლოგიურ, მათ შორის – იმუნომოდულატორულ, ეფექტებს, მის ტრანსპორტირებას. შეგახსენებთ, რომ სელენი აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს პათოგენებთან – ბაქტერიებსა და ვირუსებთან – ბრძოლაში, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის აქტიურ ფორმად გარდაქმნისთვის, თვალების, სისხლძარღვის კედლისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობისთვის.
ცისტეინი ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას, შესაბამისად, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ელასტიკურობას, შედის სხვა ცილების, მათ შორის – საკვების მომნელებელი ფერმენტების, შემადგენლობაში.
ცისტეინი ხელს უწყობს ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერების განეიტრალებას, იცავს ორგანიზმს რადიაციის დამაზიანებელი გავლენისგან.
ამასთან, ცისტეინი შედის გლუტათიონის, ორგანიზმის ერთ-ერთი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტის, შემადგენლობაში. ის თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნივთიერებაა. მისი სინთეზი ორგანიზმის ყველა უჯრედს შეუძლია, ყველაზე მეტად – ღვიძლის უჯრედებს.
გლუტათიონი იცავს ღვიძლისა და ტვინის უჯრედებს ალკოჰოლის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის, სიგარეტის კვამლის ტოქსიკური კომპონენტების დამაზიანებელი გავლენისგან.
გოგირდის დეფიციტის პირობებში ორგანიზმი საკმარის გლუტათიონს ვერ წარმოქმნის. ამის შედეგად იზრდება ოქსიდაციური სტრესი, თავისუფალი რადიკალები აზიანებს ორგანიზმის ქსოვილებს, რაც ხელს უწყობს დაავადებათა განვითარებას და აჩქარებს დაბერებას.
გოგირდი შედის მრავალი ფერმენტის, ჰორმონის (ინსულინი, კალციტონინი), ვიტამინის (ბიოტინი, თიამინი) შემადგენლობაში, ამ სახით მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ენერგიის გამომუშავებაში, გენეტიკური ინფორმაციის გადატანაში და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციაში.
როგორც შემაერთებელი ქსოვილის ცილების – კოლაგენის, ელასტინის, კერატინის – შემადგენელი ნაწილი, ის სასახსრე ხრტილის, სითხის, სასახსრე კაფსულებისა და მყესების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა და მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას მდგრადობას, სტაბილურობას და ელასტიკურობას ანიჭებს.
გარდა ამისა, გოგირდს შეიცავს ხრტილების სპეციფიკური კომპონენტი, ქონდოიტინსულფატი, რომელიც ხრტილისა და ძვლის ძირითადი ნივთიერების შენებაში მონაწილეობს, აძლიერებს ცვლით პროცესებს ხრტილში, ასტიმულირებს ქონდროციტებს.
ასე რომ, გოგირდის დეფიციტმა შესაძლოა სახსრებში ნივთიერებათა ცვლის, ხრტილების ნორმალური ფუნქციონირების მეტად დარღვევა გამოიწვიოს.
ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმში გოგირდის შემცველობაც იკლებს, რაც სხვა მიზეზებთან ერთად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზეც აისახება.
როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, ხანდაზმული ადამიანის ხრტილის შემადგენლობაში, ახალგაზრდასთან შედარებით, გოგირდის მნიშვნელოვანი დეფიციტია.
დიდია გოგირდის როლი ორგანიზმის დეტოქსიკაციის სისტემის გამართულ მუშაობაშიც. ზემოთ ზოგიერთი გოგირდშემცველი ნივთიერების დეტოქსიკაციური ფუნქცია ვახსენეთ. აქვე აღნიშვნას იმსახურებს ენდოგენური გოგირდმჟავაც. ის მონაწილეობს ნაწლავის მიკროფლორით გამომუშავებული ტოქსიკური ნაერთების (ფენოლი, ინდოლი და სხვა) უვნებელყოფაში, ბოჭავს ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებებს, მათ შორის – სამკურნალო პრეპარატებს და მათ მეტაბოლიტებს. შედეგად წარმოიქმნება უვნებელი კონიუგატები, რომლებიც ორგანიზმიდან სხვადასხვა გზით გამოიყოფა.
როგორც ხედავთ, გოგირდი და მისი წარმოებულები და ნაერთები მეტად დიდ როლს ასრულებს სასიცოცხლო პროცესებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ორგანიზმში ამ ელემენტის ადეკვატური დონე.
– რამდენი გოგირდი გვჭირდება დღე-ღამეში?
– იმის გამო, რომ გოგირდი, როგორც წესი, საკმარისი რაოდენობით შეიწოვება საკვებიდან, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობის შესახებ. მიჩნეულია, რომ დღე-ღამეში 4-12 მგ საკმარისია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
– რომელი საკვებიდან ვიღებთ ამ ელემენტს?
– გოგირდს საკვების უმეტესობა შეიცავს. განსაკუთრებით ბევრია ის ცილით მდიდარ სურსათში – ხორცში, თევზში, ზღვის პროდუქტებში, რძეში, კვერცხში, ყველში, იოგურტში, ხაჭოში. მცენარეული საკვებიდან გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ნიორი, ხახვი, თხილეული, მდოგვი, რაფსი, პარკოსნები.
სწორი, დაბალანსებული კვების შემთხვევაში ჯანმრთელ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, საკვებიდან ადეკვატური რაოდენობის გოგირდი მიიღოს. რაც შეეხება დეფიციტს, მისი დიაგნოსტიკის მკაცრი კრიტერიუმები არ არსებობს, თუმცა განსაზღვრული დარღვევების საფუძველზე შეგვიძლია, ეს მდგომარეობა ვივარაუდოთ.
დეფიციტი
– როდის გვემუქრება გოგრიდის დეფიციტი?
– გოგირდის დეფიციტზე ეჭვი შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება ღვიძლის, სახსრების, კანის პათოლოგია ან გოგირდშემცველი ნაერთების მეტაბოლიზმის დარღვევა.
დეფიციტის მიზეზი უმეტესად გოგირდის ცვლის დარღვევაა. გამორიცხული არ არის საკვების გოგირდით გაღარიბება პროდუქტების არასწორი შენახვისა და დამუშავების გამო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინათ ფერმერები ნიადაგს ბუნებრივი სასუქით ანოყიერებდნენ, რომელიც დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავდა. ხელოვნურ სასუქებზე გადასვლამ და მათმა ფართო გამოყენებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ნიადაგსა და, შესაბამისად, მოსავალშიც გოგირდის შემცველობა სულ უფრო და უფრო შემცირდა.
გოგირდის დეფიციტის შედეგი შესაძლოა იყოს:
* უსიცოცხლო, მტვრევადი თმა, გაუხეშებული, დანაოჭებული კანი, მყიფე ფრჩხილები და მოშვებული შემაერთებელი ქსოვილი;
* დეპრესია;
* შიშები;
* სახსრების პრობლემები.
* რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება:
* სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
* ღვიძლის დაავადებები;
* კატარაქტა.
დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია რაციონში ცილოვანი პროდუქტების წილის გაზრდით და გოგირდშემცველი ნივთიერებების (თიამინი, ბიოტინი) დანიშვნით.
არ გირჩევთ გოგირდის დანამატების მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ასეთი დანამატების თვითნებურმა მიღებამ, რასაც არ უნდა გვპირდებოდეს მწარმოებელი, შესაძლოა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. საქმე ის არის, რომ გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, გოგირდის სიჭარბით გამოწვეული მდგომარეობებიც.
– რა იწვევს გოგირდის სიჭარბეს?
– გოგირდის ზოგი ნაერთი, მაგალითად, გოგირდწყალბადი, გოგირდის ოქსიდები, მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება. სპეციფიკურ საწარმოებსა თუ საწყობებში, სადაც ამ ნივთიერებებთან უფრო ინტენსიური კონტაქტი აქვთ, მოწამვლა ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება.
ის გოგირდი კი, რომელსაც ჩვენ საკვებთან ერთად ვიღებთ, არ არის ტოქსიკური, თუმცა ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ვერც მის მავნე ზემოქმედებას გამოვრიცხავთ.
გოგირის სიჭარბე შესაძლოა ორგანიზმში მისი მიმოცვლის დარღვევითაც იყოს გამოწვეული.
ბოლო წლებში გოგირდის სიჭარბის ერთ–ერთ შესაძლო მიზეზად სახელდება პროდუქტების კონსერვანტების – გოგირდშემცველი ნაერთების (სულფიტების) – ფართო გამოყენება.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ბოლო დროს ბრონქული ასთმით ავადობის მაჩვენებლის მატება სულფიტების მზარდ მოხმარებასთანაა დაკავშირებული.
სიჭარბე შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:
* ზოგადი სისუსტე;
* თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ინტელექტის დაქვეითება;
* ზემო სასუნთქი გზების დაავადებები;
* კანის ქავილი, ფურუნკულოზი;
* თვალების ტკივილი, სინათლის აუტანლობა, ცრემლდენა;
* საკვების მონელების დარღვევა, გულისრევა, ფაღარათი;
* სხეულის მასის დაქვეითება.
გოგირდის როგორც დეფიციტი, ისე სიჭარბე საზიანოა ორგანიზმისთვის, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ჯილდა გაჩეჩილაძე