ნიახური – ბუნების სუპერძალა

გააზიარე:

ძველად ნიახურს მხოლოდ სამკურნალოდ იყენებდნენ. როგორც საკაზმი ის მეცხრამეტე საუკუნეში გაიცნეს. მისი ინტენსიური გემო და მძაფრი სურნელი შესაძლოა ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ თუ მის სამკურნალო თვისებებს გაიცნობთ, ის თქვენი კერძების საყვარელი ინგრედიენტი გახდება.

მაინც რა სუპერძალა აქვს ამ არომატულ მცენარეს?

APIUM GRAVEOLENS

ნიახურის ოცდაათამდე სახეობიდან სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ მხოლოდ ერთს – Aoium graveolens-ს, რომელიც სამ ქვესახეობას აერთიანებს:

*ბოლქვიანს – აქვს მსხვილი მოთეთრო-მოკრემისფრო ბოლქვი, იყენებენ როგორც ცხელი, ისე ცივი კერძების საკაზმად ან უბრალოდ შემწვარს;

*ყუნწიანს – მისი ბოლქვი შედარებით პატარაა, ხოლო ბაცი მწვანე ღეროები – მსხვილი, გრძელი და წვნიანი. აქვს წვრილი ფოთლები და შედარებით ნაზი გემო. იყენებენ წვნიანებში, ცივ კერძებში, ხემსად;

*ფოთლიანს – წააგავს ოხრახუშს, აქვს წვრილი ღერო და მსხვილი ფოთლები, იყენებენ კერძების საკაზმად.

კვებითი ღირებულება

ნიახურის კვებითი ღირებულება, მასში ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა სახეობაზე, მოყვანის ადგილსა და პირობებზეა დამოკიდებული.

ნიახური დაბალკალორიული მცენარეა, მასში ბევრი წყალი და ცოტა ნახშირწყალია. თითქმის არ შეიცავს ცხიმს.

100 გრამი ქორფა ნიახურის კვებითი ღირებულება დაახლოებით ასეთია:

ენერგია – 17,0 კკალ

ცხიმი – 0,2 გ

ნახშირწყალი – 1,9 გ

ცილა – 1,3 გ

ბოჭკო – 2,9 გ

წყალი – 91,9 გ

PRAL (potential renal acid load) მაჩვენებელი – -3.3 (უარყოფითი მაჩვენებელი საკვების ტუტე ბუნებაზე მიუთითებს)

ვიტამინები და მინერალები

100 გ ახალი ნიახურის შემადგენლობაში შედის:

ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 541.0 მკგ (900 მკგ)

ბეტა კაროტინი – 3,248.0 მკგ (2000 მკგ)

ვიტამინი B1 (თიამინი) – 30.0 მკგ (1100 მკგ)

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 57.0 მკგ (1200 მკგ)

ვიტამინი B3 (ნიაცინის ეკვივალენტი) – 744.0 მკგ (17000 მკგ)

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 348.0 მკგ (6000 მკგ)

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 73.0 მკგ (2000 მკგ)

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 4.0 მკგ (400 – 600 მკგ)

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 3.4 მგ (100 მგ)

ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 0.2 მგ (12 – 17 მგ)

ვიტამინი K (ფილოქინონი) – 24.0 მკგ (დაახლოებით 70 მკგ)

ნატრიუმი – 123.0 მგ (1500 მგ)

კალიუმი – 214.0 მგ (4000 მგ)

კალციუმი – 95.0 მგ (1000 მგ)

მაგნიუმი – 9.0 მგ (350 მგ)

ფოსფორი – 54.0 მგ (700 მგ)

ქლორიდი – 146.0 მგ (2300 მგ)

გოგირდი – 17.0 მგ

რკინა – 0,5 მგ (12,5 მგ)

თუთია – 0,1 მგ (8,5 მგ)

სპილენძი – 0,1 მგ (1,25 მგ)

მანგანუმი – 0,1 მგ (3,5 მგ)

ფთორი – 78.0 მკგ

(ფრჩხილებში მოცემულია შესაბამისი ნივთიერების დღიური მოთხოვნილება)

უხდება პოდაგრასა და რევმატულ დაავადებებს

ნიახური, განსაკუთრებით – მისი ყუნწიანი სახეობა, მდიდარია კალიუმით, რომელიც მის შარდმდენ ეფექტზეა პასუხისმგებელი. სითხისგან საფუძვლიანი დაცლა კი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით – პოდაგრისა და რევმატული დაავადებების დროს, რათა მავნე ნარჩენები, მაგალითად, შარდმჟავა, ორგანიზმიდან გამოიდევნოს. გარდა ამისა, ნიახურს ანთების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს და ამის გამოც ძალიან უხდება რევმატულ დაავადებებს.

აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

ნიახური ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა. გარდა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ვიტამინებისა (ვიტამინი C და ბეტა კაროტინი), ის მდიდარია პოლიფენოლებით (ფენოლური მჟავები, ფლავონოიდები, ფიტოსტეროლები და ფუროკუმარინები), რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, ფლავონოიდებით მდიდარი საკვები საუკეთესოა ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობის პროცესშიც.

კოლუმბუსში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიახურის ღეროს ექსტრაქტს შეუძლია, შეამციროს უჯრედების ჟანგვით გამოწვეული ზიანი. გარდა ამისა, ამცირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და სისხლძარღვებში ანთებითი რეაქციების რისკს.

იცავს კუჭს

გარდა იმისა, რომ ანტიოქსიდანტური პოტენციალის წყალობით ნიახური ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, აღმოჩნდა, რომ მასში შემავალი პოლისაქარიდები კიდევ უფრო მეტად იცავს კუჭს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ნიახურის ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, კარგია კუჭის წყლულის პროფილაქტიკისთვის და თრგუნავს კუჭის მჟავას ჭარბ წარმოქმნას. მაგალითად, კუჭის ჭარბი მჟავიანობის გასანეიტრალებლად ძალიან კარგია ნიახურის ჩაი, რომელიც შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: ერთი სავსე მუჭი წვრილად დაჭრილი ნიახურის ღერო 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ და წამოადუღეთ. მერე ქურიდან გადადგით და თავდახურული გააჩერეთ 5 წუთი. მიირთვით თბილი, უშაქროდ.

აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

გულ-სისხლძარღვთა სისტემაც ბევრი რამითაა დავალებულია ნიახურისგან. მცენარის დადებით ეფექტს მეცნიერები მის ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ – ოქსიდაციური სტრესი და სისხლძარღვების ანთება ხომ გულ-სისხლძარღვთა მრავალი დაავადების რისკფაქტორია, ყველაზე ხშირად კი არტერიოსკლეროზის.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიახური, განსაკუთრებით – მისი ექსტრაქტი, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს და ამით ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. იმავდროულად, ნიახურში შემავალი ნივთიერება ფტალიდი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კუნთების მოდუნებას. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა დაბლა იწევს.

ებრძვის კიბოს

ნიახური გამოირჩევა აპიგენინის – ყვითელი მცენარეული პიგმენტის – მაღალი შემცველობით. კვლევებმა აჩვენა, რომ აპიგენინს შეუძლია, ხელი შეუშალოს კიბოს უჯრედების გამრავლებას (განსაკუთრებით – ძუძუს, მსხვილი ნაწლავისა და ფილტვების შემთხვევაში) და ანთების გავრცელებას.

ამერიკაში, მისურის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევა კი მოწმობს, რომ აპიგენინი არა მხოლოდ აჩერებს ძუძუს კიბოს პროგრესს, არამედ ხელსაც უწყობს სიმსივნური წარმონაქმნების დაპატარავებას.

ამერიკის კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (NCI) ნიახური იმ ათი საკვების რიცხვში შეიტანა, რომლებიც საუკეთესოა კიბოს პრევენციისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება კიბოს პროფილაქტიკასა და თერაპიაში.

ნიახური ქიმიოთარეპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებსაც ამცირებს.

ხელს უწყობს წონის კლებას

ნიახური შესანიშნავი დეტოქსიკატორია – ხელს უწყობს ქსოვილებიდან ჭარბი წყლის გამოდევნას და, ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულიცაა, ამიტომ საუკეთესოა წონის დასაკლებად.

აჯანსაღებს კანს, თმას, ფრჩხილებს

ნიახურის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს კანის ფერს და ზრდის ელასტიკურობას. გარდა ამისა, ეს მცენარე ეფექტურად ებრძვის აკნეს და იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. დაბოლოს, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზეც ზრუნავს.

ყველაფერთან ერთად, ნიახური აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას.

ფრთხილად

მას, ვისაც პოლინოზი (მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიული რინიტი) აწუხებს, ხშირად უვითარდება ჯვარედინი ალერგია ნიახურზე, ამიტომ მოხმარებისას ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის პასუხს. ალერგიის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიახურის პრეპარატები. ამასთან, თერმულად დამუშავებული ნიახური უკეთ აითვისება.

ნიახურის, განსაკუთრებით – მისი წვენის, მოხმარებისას, სიფრთხილე მართებთ ასევე თირკმლის დაავადებებისა და დაბალი წნევის მქონე ადამიანებს, ორსულებს და მეძუძურ დედებს. ნიახურის მიღებამდე უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

ვყიდულობთ და ვინახავთ

თუმცა ნიახური ყველა ამ თვისებას მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს, თუ მას ქორფას და ხრაშუნას შეიძენთ და მალევე მოამზადებთ, ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს.

როგორ მივხვდეთ, რომ ახალია?

*ბოლქვი – უნდა იყოს მაგარი და მშრალი, თითის დაჭერისას არ უნდა იზნიქებოდეს. მუქი ყავისფერი ლაქებიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნიახური ახალმოკრეფილი არ არის. ბოლქვი შინ მიტანისთანავე მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახეთ. იქ ათ დღემდე გაძლებს. თუ მთლიანად ვერ გამოიყენებთ, დარჩენილი ნაწილი ალუმინის ფოლგაში გაახვიეთ და ისევ მაცივარში შედეთ. ნუ შეინახავთ ხილის გვერდით.

*ღეროები – უნდა იყოს მოთეთრო ბაცი მწვანე ან ყვითელნარევი ბაცი მწვანე, უმჯობესია, საშუალო ზომის, რადგან ასეთს ბოჭკოები (ძაფები) არც ისე გამოხატული ექნება. გადაჭრის ადგილები არ უნდა იყოს გამომშრალი და მუქი. თუ ღერო ადვილად იღუნება, ესე იგი ნიახური დიდი ხნისაა. ქორფა ღერო მოღუნვისას უნდა გადატყდეს.

ნიახურის ღეროები დიდხანს რომ არ გამოშრეს, სამზარეულოს ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შეაწყვეთ არა უმეტეს 5-7 დღით. რაც მეტხანს შეინახავთ, მით უფრო დაიკლებს მასში შემავალი ანტიოქსიდანტების ეფექტურობა.

ფლავონოიდები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოთ, ღეროები კერძის მომზადების წინ დაჭერით და არა წინასწარ.

ნუ შეინახავთ ვაშლის, მსხლისა და ავოკადოს გვერდით, რადგან ეს ხილი გამოყოფს აირს, რომელიც დააჩქარებს ნიახურის გაფუჭებას.

პესტიციდები

ორგანიზაცია Environmental Working Group-ის 2014 წლის კვლევის მიხედვით, ნიახური იმ 12 ხილსა და ბოსტნეულს შორისაა, რომელშიც ყველაზე ხშირად აღმოაჩენენ პესტიციდების ნარჩენებს, ამიტომ ეცადეთ, ადგილობრივი წარმოებისა შეიძინოთ.

სამზარეულოში

უმრავლესობა ნიახურს მხოლოდ სანელებლად იყენებს, მაგრამ მისგან ბევრი რამის მომზადება შეიძლება. მაგალითად, ნიახურის ბოლქვი შესანიშნავ არომატს სძენს წვნიანს. ბოსტნეულის გარნირსაც ძალიან აგემრიელებს. შეგიძლიათ, უბრალოდ ზეთში მობრაწულიც მიირთვათ: ბოლქვი ერთი სანტიმეტრი სისქის მოგრძო ნაჭრებად დაჭერით და 2-3 წუთის განმავლობაში ორთქლზე მოწალეთ, მერე სათითაოდ ამოავლეთ კვერცსა და საფანელში და ზეთში შებრაწეთ. ძალიან უხდება ყველის სოუსი. ბოლქვი შეგიძლიათ ჩაახეხოთ ან ჩააჭრათ ნებისმიერ სალათას ან მისგან გემრიელი პიურე მოამზადოთ: გათალეთ, დაჭერით და ცოტაოდენ წყალში თუთქეთ 10-15 წუთი, მერე კარგად დაჭყლიტეთ და ნაღებით, კარაქით, ჯავზითა და მარილით შეაგემეთ, ძალიან უხდება ხორციან კერძებს.

ნიახურის ღეროებს კი უმეტესად სალათებისთვის იყენებენ. ძალიან უხდება ხილს, მაგალითად, ვაშლსა და ყურძენს, ასევე – თევზისა და ფრინველის კერძებს. რაც მთავარია, მისგან მზადდება წვენი, რომელიც სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს, მატებს ენერგიას, წიდებისგან წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და აძლიერებს იმუნიტეტს:

* დაჭერით ნიახურის ღეროები და წვენსაწურში გაწურეთ. სათანადო ეფექტისთვის მიიღეთ 100 მლ დღეში 1-3-ჯერ. მთავარია, ყოველდღე ახალი მოამზადოთ. თუ მეტისმეტად მკვეთრი გემო აქვს, შეგიძლიათ, კიტრის, სტაფილოს ან პომიდვრის წვენით გააზავოთ, ოღონდ ნებისმიერ კომბინაციაში ნიახურის წვენი აუცილებლად 100 მლ უნდა იყოს.

რაც შეეხება ფოთლოვან ნიახურს, მას მხოლოდ სანელებლად იყენებენ, ზოგჯერ ხმელსაც, რადგან ის არც გამოშრობის შემდეგ კარგავს სასარგებლო თვისებებსა და ძლიერ არომატს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: