ბრიუსელის კომბოსტო - მინიატურული კომბოსტო ფართო შესაძლებლობებით
გააზიარე:
ბრიუსელის კომბოსტო, ზამთრის ეს არომატული ბოსტნეული, შესანიშნავი ბუსტერია იმუნური სისტემისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით ის გვიცავს გაციებისა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან, საუკეთესოა სისხლისა და ძვლებისთვის და, იმავდროულად, ამცირებს ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკს.
კვებითი ღირებულება
ბრიუსელის კომბოსტო დაბალკალორიული ბოსტნეულია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება 36 კილოკალორიას არ აღემატება. ამავე ულუფაში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა კი ასეთია:
ცილა – 4,45 გ
ბოჭკო – 4,4გ
ნახშირწყლები – 3,29 გ
ცხიმი – 0,34 გ
ვიტამინები
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 112 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინის ეკვივალენტი) – 1503 მკგ
ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 670 მკგ
ვიტამინი E – 560 მკგ
ვიტამინი A (ბეტა კაროტინი) – 473 მკგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 350 მკგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 134 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინი) – 126 მკგ
ფოლიუმის მჟავა – 101 მკგ
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 79 მკგ
ვიტამინი K – 153 მკგ
მინერალები
კალიუმი – 471 მგ
გოგირდი – 93 მგ
ფოსფორი – 84 მგ
კალციუმი – 35 მგ
ქლორიდი – 25 მგ
მაგნიუმი – 22 მგ
ნატრიუმი – 9 მგ
სასარგებლო თვისებები
C და B6 ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა
C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ბევრმა უკვე იცის, რომ ეს უნივერსალური ნივთიერება ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს და დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში – მატებს მას ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლის უნარს, იჭერს და აუვნებლებს უჯრედებისა და ქსოვილების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს, უზრუნველყოფს კანის, იოგების, მყესების, სისხლძარღვების ელასტიკურობას, კბილებისა და ძვლების სიმაგრეს, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სისხლდენების, სისხლჩაქცევების რისკს, ხელს უწყობს რკინისა და კალციუმის შეწოვას, სისხლის წარმოქმნის პროცესს, აქვეითებს სისხლში ე.წ. ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
100 გ ბრიუსელის კომბოსტოში 100 მგ-ზე მეტი C ვიტამინია, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ჩართოთ მენიუში როგორც ასკორბინის მჟავას წყარო (შედარებისთვის, ფორთოხალი და ლიმონი მხოლოდ 50 მილიგრამს შეიცავს), ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჟანგბადისა და სინათლის ზემოქმედებით შესაძლოა ათ პროცენტამდე C ვიტამინი დაიკარგოს.
ბრიუსელის კომბოსტო მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს B6-საც. ეს ვიტამინი 100-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს, დიდ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში იმპულსების ფორმირებაზე, იმუნურ სისტემასა და ლიპიდურ მეტაბოლიზმზე. მისმა დეფიციტმა შესაძლოა ნერვული აშლილობა, დეპრესია, კანის სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება გამოიწვიოს, შეაფერხოს მნიშვნელოვანი მინერალების, კერძოდ, მაგნიუმის, რკინის, კალციუმის ათვისება.
400 გ ბრიუსელის კომბოსტოში დაახლოებით 1400 მკგ B6-ია, რაც რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობაა ჯანმრთელი მოზარდისთვის.
ვიტამინი B6 მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისა და სინათლის მიმართ. არასწორი თერმული დამუშავებით შესაძლოა მისი 30-50 პროცენტი განადგურდეს.
იცავს უჯრედებს კანცეროგენული ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან
ბრიუსელის კომბოსტო ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, სიმსივნური დაავადებების განვითარებაში კი მუდმივად მიმდინარე ანთებითი პროცესების როლი ეჭვს აღარ იწვევს.
თუმცა კიბოს პრევენციის კუთხით განსაკუთრებით ეფექტურია კობოსტოს შემადგენლობაში შემავალი გოგირდის ნაერთები – ეგრეთ წოდებული გლუკოზინოლატები, რომლებიც მას მომწარო გემოს აძლევს და დაქუცმაცებისას მდოგვის ზეთად – სულფორაფანად გარდაიქმნება. სულფორაფანის სასარგებლო თვისებები ოც წელზე მეტია შესწავლილია და მისი კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი მრავალი კვლევით დასტურდება.
სხვათა შორის, პრევენციული ეფექტი კომბოსტოსებრთა ოჯახის სხვა მცენარეებსაც აქვს. მაგალითად, ბროკოლი ამცირებს ფილტვის, ძუძუს, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიისა და ბელგრადის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრიუსელის კომბოსტო დაზიანებისგან იცავს სისხლის თეთრ უჯრედებს. მათ დამაზიანებელ ერთ-ერთ ფაქტორად ამინები მოიაზრება, რომელთაგან ზოგიერთი კანცეროგენულია, მაგალითად, ისინი, რომლებიც ხორცისა და ცილით მდიდარი სხვა საკვების მაღალ ტემპერატურაზე წვის დროს წარმოიქმნება. შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ბრიუსელის კომბოსტოს ყოველდღე მიირთმევთ.
ებრძვის თავისუფალ რადიკალებს
ბრიუსელის კომბოსტოს შემადგენლობაში შემავალ მცენარეულ ნივთიერებებს, მათ შორის – ფლავონოიდებს, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიჰიპერტენზიული და ანტითრომბოზული მოქმედება აქვს. ბრიუსელის კომბოსტოში სხვა ანტიოქსიდანტებიც გვხვდება, მაგალითად, ფენოლური მჟავები, ქლოროფილი და ინდოლები. ისინი უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავენ. ოქსიდაციური სტრესი ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების, ულტრაიისფერი გამოსხივების, გამონაბოლქვი აირების ზემოქმედების შედეგია, აზიანებს უჯრედებს და საფუძველს უყრის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, ასთმას, ართრიტს.
ყოველივე ამასთან ერთად, ანტიოქსიდანტები იცავს კანს და ანელებს დაბერებას.
არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს
ცოტამ თუ იცის, რომ ბრიუსელის კომბოსტო დადებითად მოქმედებს ჰორმონულ ბალანსზე. ეს დიინდოლილმეთანის (DIM) დამსახურებაა, რომელიც მდოგვის ზეთის გლიკოზიდებს მიეკუთვნება. ეს ნივთიერება კომბოსტოსებრთა მონელების დროს წარმოიქმნება. დიინდოლილმეთანი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს უჯრედთა ოქსიდაციურ სტრესს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დაადასტურეს, რომ დიინდოლილმეთანი როგორც კაცის, ისე ქალის სხეულში არეგულირებს ესტროგენის მეტაბოლიზმს. ასე რომ, ბრიუსელის კომბოსტო საუკეთესო დამხმარე იქნება პროგესტერონთან ან ტესტოსტერონთან მიმართებით ესტროგენის შეფარდებითი სიჭარბის (მაგალითად, პრემენსტრუალური სინდრომის, ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს, მენოპაუზის სიმპტომების, პროსტატის პათოლოგიური ცვლილებების) დროს.
ესტროგენის ბალანსის დარეგულირება, თავის მხრივ, აქვეითებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს და პროსტატის დაავადებების რისკს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით – ცივ სეზონზე, ძლიერი იმუნური სისტემაა საჭირო. თუ აქამდე მის მოსაძლიერებლად ციტრუსებსა და ჯანჯაფილს მიირთმევდით, იცოდეთ, რომ ბრიუსელის კომბოსტოც არანაკლებ ეფექტურია. 100 გრამი მთლიანად აკმაყოფილებს C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას.
კომბოსტოს სახეობათაგან სწორედ ბრიუსელის კომბოსტო შეიცავს ყველაზე მეტ გლუკოზინოლატს. ამ ნივთიერებებს სასარგებლო გავლენა აქვთ ნაწლავურ ფლორაზე, ნაწლავური გარემოს გაუმჯობესებით და ახალი ლიმფური ფოლიკულების წარმოქმნის სტიმულირებით კი იმუნურ სისტემასაც ააქტიურებენ. სწორედ ნაწლავის ლიმფურ ფოლიკულებში (პეიერის ფოლაქები) “იწვრთნებიან” სისხლის თეთრი უჯრედები – ჩვენი ორგანიზმის ჯარისკაცები, რომლებიც ამოიცნობენ და უვნებელყოფენ მტერს. რაც უფრო ჯანსაღია ნაწლავური ფლორა, მით უფრო ძლიერია იმუნური სისტემა.
არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტეროლის დონეს
ბრიუსელის კომბოსტოში შემავალი გლუკოზინოლატები ააქტიურებენ ნაღვლის წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს ქოლესტეროლისა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. გარდა ამისა, ისინი ცხიმების უკეთ დაშლასა და დაწვაში ეხმარებიან ნაწლავებს.
ჯანსაღი ძვლებისა და სისხლისთვის
K ვიტამინი, რომელიც ბრიუსელის კომბოსტოში საკმაოდ ბევრია, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ის იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებისგან, ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციას, მონაწილეობს უჯრედების ზრდასა და ქსოვილების განახლებაში, სისხლის შედედების ფაქტორების წარმოებაში.
ბრიუსელის კომბოსტო უზრუნველყოფს სისხლის სიჯანსაღესაც, რადგან ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B6-ისა და რკინის შემცველობის წყალობით ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას.
ვნებს თუ არა ფარისებრ ჯირკვალს?
კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეებს გიოთროგენული მოქმედება ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იოდის ათვისებას ან ორგანიზმში არსებული ამ ელემენტის ასათვისებელ ფორმად გარდაქმნას ბლოკავს, ამას კი დროთა განმავლობაში იოდის ნაკლებობამდე და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ.
თუმცა, კვლევების თანახმად, პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ ყოველდღე კილოგრამ ან უფრო მეტ კომბოსტოს მივირთმევთ, დღეში 150-200 გრამი კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
თუ გსურთ, ბრიუსელის კომბოსტოში შემავალი ძვირფასი ნივთიერებები მთლიანად მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა, მისი შერჩევა, შენახვა და მომზადება უნდა იცოდეთ.
ვარჩევთ
ახალი ბრიუსელის კომბოსტო ბაცი ან მუქი მწვანეა და მჭიდროდ შეკრული ფოთლები აქვს. დარწმუნდით, რომ ფოთლები ხრაშუნაა, თავაკი კი თითის დაჭერით შემოწმებისას – მაგარი. რაც უფრო გლუვი და ბაცია გადაჭრილი ზედაპირი, მით უფრო ახალი მოკრეფილია ბოსტნეული. ნუ შეიძენთ დარბილებულ, მოყვითალო თავაკებს, რომლებსაც ყავისფერი ლაქები ეტყობა.
ვინახავთ
რაც უფრო მეტხანს შეინახავთ, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს კომბოსტო. შენახვასაც თავისი წესები აქვს. თუ ცელოფანში შეფუთავთ, მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, ოთხ დღემდე გაძლებს.
ბრიუსელის კომბოსტო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეთილენის მიმართ (ეთილენი მცენარეული ჰორმონია, რომელსაც, მაგალითად, ვაშლი ან პომიდორი გამოყოფს), ამიტომ ნუ დააწყობთ ხილისა და სხვა ბოსტნეულის გვერდით.
ბრიუსელის კომბოსტოს შენახვის საუკეთესო გზა გაყინვაა. ამ ფორმით ის მთელი წელი შეინახება. გაყინვის წინ თავაკებს ბლანშირება უნდა გაუკეთოთ – ჯერ მდუღარე წყალში ჩაყაროთ 2-3 წუთით, მერე კი ყინულიანში, ბოლოს კი კარგად დაწრიტოთ. თუმცა გალღობილი კომბოსტო სასიამოვნო სიხრაშუნეს კარგავს. უმჯობესია, შეძენისთანავე მოამზადოთ.
სამზარეულოში
ბრიუსელის კომბოსტოს გარნირი საოცრად უხდება ხორცსა და თევზს, ბოსტნეულის მობრაწულას, სოკოს, კარტოფილსა და წაბლს.
მას უმეტესად თერმულად დამუშავებულს მიირთმევენ, რადგან ნედლი ძნელი მოსანელებელია, თუმცა უმადაც ხშირად აჭრიან სალათებს. მონელება რომ გაიადვილოთ, კარგად დაღეჭეთ.
ბრიუსელის კომბოსტოს მონელებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკაზმი, მაგალითად, წიწაკა, კვლიავი, ქინძი.
სასარგებლო ნივთიერები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოთ, კომბოსტო დიდხანს არ ხარშოთ. მის მოსამზადებლად იდეალური დრო 5-7 წუთია. კომბოსტოს ნახარში არ გადაღვაროთ, სოუსისთვის გამოიყენეთ, რადგან მასშიც ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა.
უფრო უკეთესია ორთქლზე მოწალვა. მისი მაქსიმალური ხანგრძლივობაც 5-7 წუთია. შეგიძლიათ, დროდადრო ბასრი დანით შეამოწმოთ, მოხარშულია თუ არა.
ძალიან გემრიელია გრილზე შემწვარი, ასევე – ტაფაზე, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში მობრაწული. დიდი თავაკები შუაზე გაჭერით და ორივე მხრიდან ხუთ-ხუთი წუთი ბრაწეთ, ბოლოს იმდენი წყალი ან თეთრი ღვინო დაასხით, რომ ტაფის ძირი დაიფაროს და ადუღეთ, ვიდრე არ დაიშრობს. შეაგემეთ მარილით, პილპილითა და ლიმონის წვენით.
თხილისებურ გემოს უკეთ შეინარჩუნებს, თუ 25-30 წუთის განმავლობაში ღუმელში, 200 გრადუსზე აცხობთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე