ქაცვი – სიცოცხლის ელექსირი
გააზიარე:
ქაცვი სწორედ მაშინ იწყებს მწიფობას, როცა გარეთ სიცივე ბატონობს, ვირუსები განსაკუთრებით გვემტერებიან და ორგანიზმს მოძლიერება სჭირდება. ამ დროს სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული ქარვისფერი კენკრა იმუნიტეტის ამაღლებაში გვეხმარება. იცოდით, რომ ის ათჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი და უფრო მდიდარია კაროტინოიდებით, ვიდრე სტაფილო? ქაცვის ამ და სხვა სასარგებლო თვისებებზე ქვემოთ მოგიყვებით.
ზოგადი ექსკურსი
Hippophae, ქაცვის ბოტანიკური სახელწოდება, მანათობელ ან მოელვარე ცხენს ნიშნავს. როგორც ჩანს, ძველად მას ცხენების საკვებად იყენებდნენ და ცხოველებს მისი წყალობით განსაკუთრებით უბზინავდათ ბეწვი. ქაცვს მხედრებიც მიირთმევდნენ ბრძოლის წინ. ჩინგიზ ყაენის მეომრებს ის უშრეტი ძალის წყაროდ მიაჩნდათ. ქაცვი დღესაც სიცოცხლისა და ძლიერების სიმბოლოა.
ქაცვის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ნეპალი და ტიბეტი ითვლება, თუმცა დღეს ის მთელ ევროპაშია გავრცელებული და ყოველგვარ ნიადაგში ჯიუტად იდგამს ფესვს. საქართველოში ქაცვი თითქმის ყველგან ხარობს.
სამკურნალო ძალა
სამკურნალოდ ქაცვის გამოყენებას ათასობით წლის ისტორია აქვს. მის ნაყოფს, ყვავილებს, ფოთლებს და ზეთს უხსოვარი დროიდან იყენებენ ტიბეტურ მედიცინაში.
ინდოეთში, ფიზიოლოგიისა და მონათესავე მეცნიერებათა თავდაცვის ინსტიტუტში (Defence Institute of Physiology and Allied Sciences), ქაცვის შემადგენლობისა და მისი გამოყენების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქაცვს აქვს ანტიბაქტერიული, ანთებასაწინააღმდეგო, უჯრედთა, განსაკუთრებით – ღვიძლის უჯრედთა დამცავი თვისებები, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას.
ტრადიციულ მედიცინაში ქაცვით მკურნალობენ:
. უმადობას, დაუძლურებას და დაღლილობას;
. კუჭ-ნაწლავის პრობლემებს (მაგალითად, ნაწლავების ანთებას, დიარეას, გულძმარვას);
. ლორწოვანი გარსების ანთებას;
. წყლულებს;
. რესპირატორულ ინფექციებს და გრიპს;
. პოდაგრას;
. კანის დაავადებებს (აკნეს, ნეიროდერმატიტს, დამწვრობას);
. ღრძილებიდან სისხლდენას;
. გულის უკმარისობას.
რას უნდა ვუმადლოდეთ ქაცვის ამ მრავალმხრივ სასარგებლო თვისებებს?
მაკროელემენტები
ქაცვის შემადგენლობის 80 პროცენტზე მეტი წყალია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაყოფი ძალიან მჟავეა, დაახლოებით იმდენივე შაქარს შეიცავს, რამდენსაც მარწყვი – 5 გრამს 100 გრამზე. 100 გ ნედლი ქაცვის ენერგეტიკული ღირებულება კი 94 კილოკალორიაა. კენკრის სიმჟავეს მასში შემავალი ხილის მჟავები განაპირობებს, რომლებიც, სხვა ღირსებებთან ერთად, კარგი სადეტოქსიკაციო ეფექტითაც გამოირჩევა.
100 გ ახალმოკრეფილი ქაცვი შეიცავს:
1.4 გ ცილას;
5.2 გ ნახშირწყალს;
3 გ ბოჭკოს;
7 გ ცხიმს.
თვალში საცემია ქაცვში ცხიმის მაღალი შემცველობა, რაც ხილისთვის არ არის დამახასიათებელი. შედარებისთვის: ჟოლოსა და მარწყვში ცხიმი მხოლოდ 0.3 გრამია.
ცხიმოვანი მჟავები
ცხიმი უმთავრესად თესლშია კონცენტრირებული – 20 პროცენტამდე, თუმცა მას რბილობიც შეიცავს – თითქმის 5 პროცენტს.
თესლსა და რბილობში შემავალი ცხიმები შემადგენლობით ერთმანეთისგან განსხვავდება. კანადაში, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თესლში პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (PUFA) ჭარბობს. თესლისგან გამოხდილი ზეთი 35%-ით ლინოლეინის (ომეგა-6) და ალფა-ლინოლენის (ომეგა-3) მჟავებისგან შედგება, თანაც საინტერესო თანაფარდობით – 1: 1. რბილობის ზეთში კი, პირიქით, მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები დომინირებს, რომელთა 40 პროცენტს პალმიტოლეინის, იგივე ომეგა-7 ცხიმოვანი მჟავა შეადგენს. პალმიტოლეინის მჟავა აფერხებს ანთებით პროცესებს, ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინზე და ამით ამცირებს ბევრი თანამედროვე დაავადების, მათ შორის – დიაბეტი ტიპი 2-ის, არტერიოსკლეროზის, გულის ინფარქტის რისკს. უახლესი კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ომეგა-7 ცხიმოვან მჟავას აქვს ჰორმონის მსგავსი ეფექტი და ხელს უშლის სხვადასხვა ქსოვილში – მაგალითად, ღვიძლში – ცხიმის დაგროვებას.
ქაცვის ზეთი ომეგა-7-ის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა.
ქაცვში ცხიმის შემცველობა მასში შემავალი ცხიმში ხსნადი K და E ვიტამინების საუკეთესოდ ათვისებას უზრუნველყოფს.
ვიტამინები
ქაცვი, უპირველეს ყოვლისა, C ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ამიტომ მას ჩრდილოეთის ლიმონსაც ეძახიან, თუმცა მასში ვიტამინების მთელი კომპლექსია თავმოყრილი.
100 გრამი ახალმოკრეფილი კენკრა საშუალოდ შეიცავს:
* 450-900 მგ C ვიტამინს. შეგახსენებთ, რომ C ვიტამინი ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას, მატებს ორგანიზმს ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლის უნარს, უზრუნველყოფს კანის, იოგების, მყესების, სისხლძარღვების ელასტიკურობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
* 1,500 გ ბეტა კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, უზრუნველყოფს სრულფასოვან მხედველობას, უჯრედის ზრდას, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, სიმტკიცეს მატებს თმასა და ფრჩხილებს.
* 210 მკგ ვიტამინ B2-ს. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნაში, აუცილებელია უჯრედების ფუნქციობის, ზრდისა და განვითარებისთვის.
* 5,6 მკგ ვიტამინ B12-ს. B12 მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, უჯრედების დაყოფასა და ზრდაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის ტვინისა და ნერვული სისტემისთვის, ხელს უწყობს კონცენტრაციას და მეხსიერებას.
* 10 მკგ K ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისა და ძვლის მეტაბოლიზმისთვის, ხელს უშლის სისხლძარღვებში მკვრივი ფოლაქების წარმოქმნას.
* 0,5 მგ E ვიტამინს. მას აქვს ანთებასაწინააღმდეგო, ნეიროპროტექტორული და ანტიოქსიდანტური ეფექტი, იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოსგან იცავს.
გახსოვდეთ, რომ ქაცვში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა შესაძლოა რამდენადმე განსხვავებული იყოს ჯიშის, მოყვანის ადგილის, ზრდის პირობების, მოსავლის აღებისა და დამუშავების მიხედვით.
მინერალები
ქაცვში ათზე მეტი მინერალია, მათ შორის – სპილენძი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი.
100 გრამი ახალმოკრეფილი კენკრა საშუალოდ შეიცავს:
* 200 მკგ სპილენძს – მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;
* 30 მგ მაგნიუმს – იცავს გულსა და კუნთებს, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის, აქვს ანთებასაწინააღმდეგო ეფექტი, აფერხებს დიაბეტის განვითარებას, მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ მოქმედებაში.
* 133 მგ კალიუმს – მონაწილეობს ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის სიგნალების გადაცემაში და აფერხებს არტერიული წნევის მატებას.
* 42 მგ კალციუმს – აუცილებელია ძვლებისა და კბილების მინერალიზაციისთვის, მონაწილეობს კუნთებისა და გულის ფუნქციობაში და ორგანიზმში მიმდინარე ბევრ სხვა სასიცოცხლო პროცესში.
ანტიოქსიდანტური ძალა
თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქაცვი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტური საშუალებაა მსოფლიოში. გარდა ვიტამინების საოცრად მაღალი შემცველობისა, ის მდიდარია მცენარეული ნივთიერებებით, მათ შორის კაროტინოიდებით.
ქაცვში კაროტინოიდების საშუალო შემცველობა გასაოცრად მაღალია – დაახლოებით 100 მგ 100 გრამ კენკრაში. შედარებისთვის: სტაფილო, რომელიც კაროტინოიდებით ყველაზე მდიდარ საკვებად ითვლება, ამის ნახევარს შეიცავს. შეგახსენებთ, რომ ბეტა კაროტინი, იგივე პროვიტამინი A, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაროტინოიდია, რადგან ის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.
ქაცვში გვხვდება სხვა კაროტინოიდებიც, მაგალითად, ალფა-კაროტინი და ბეტა-კრიპტოქსანთინი, რომლებიც ისევე მოქმედებს, როგორც პროვიტამინი A. კაროტინოიდებს წარმოუდგენელი სიკეთე მოაქვს ჯანმრთელობისთვის – აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, თვალის დაავადებების, დემენციისა და კიბოს განვითარებას.
ჯილდა გაჩეჩილაძე