A ვიტამინი – იდეალური მხედველობისთვის და არამხოლოდ

გააზიარე:

ძვლებს, სისხლს, თვალებს, კანს, ნერვებს, შინაგან ორგანოებს – ყველა მათგანს ფუნქციობისთვის ვიტამინები სჭირდება. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში და მის შეუფერხებელ ცხოველქმედებას უზრუნველყოფენ.

ამჟამად 13 ვიტამინია ცნობილი. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, საკამათოა, ორგანიზმში სრულყოფილი ბალანსისთვის კი ყოველი მათგანის რეგულარული მიღებაა აუცილებელი.

რა ფუნქციები აკისრია A ვიტამინს და სად ვიპოვოთ ის? ამის შესახებ ქიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სიმსუქნისა და მეტაბოლურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან ასათიანი გვესაუბრა:

– არსებობს ვიტამინების ორი ჯგუფი – ცხიმში ხსნადი და წყალში ხსნადი. A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ცხიმთან ერთად აითვისება. ამასთან, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, წყალში ხსნადებისგან განსხვავებით, ორგანიზმი სხვადასხვა ადგილას, მაგალითად, ღვიძლში, ცხიმოვან ქსოვილში ინახავს და შემდეგ საჭიროებისამებრ იყენებს.

ალბათ გაგიგონიათ, რომ A ვიტამინს რეტინოლსაც უწოდებენ. სინამდვილეში A ვიტამინი არა ერთი ნივთიერება, არამედ ნივთიერებათა ჯგუფია, რომელიც მოიცავს ცხიმში ხსნად კომპონენტებს – რეტინოლს (ვიტამინი A1), რეტინალს და რეტინილ ეთერს.

A ვიტამინს ორგანიზმი ან ცხოველური წარმოშობის საკვებიდან იღებს, ან თვითონვე წარმოქმნის ბეტა კაროტინისგან, რომელსაც მცენარეული საკვები შეიცავს.

A ვიტამინის ფორმები

– რეტინოლი და რეტინილ ეთერი ცხოველურ საკვებში გვხვდება. ამ ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია ხბოსა და საქონლის ღვიძლი, ვირთევზას ღვიძლი, ქათმის ღვიძლი, თინუსი, სკუმბრია, ორაგული. ისინი ბევრია კვერცხის გულსა და რძის ნაწარმშიც, მათ შორის – კარაქსა და ყველ ჩედერში. A პროვიტამინებს, იმავე კაროტინოიდებს კი ხილი, ბოსტნეული და ზეთი შეიცავს.

იმისთვის, რომ ორგანიზმმა A ვიტამინი გამოიყენოს, საკვებიდან მიღებული რეტინოლი და რეტინილ ეთერი ჯერ აქტიურ ფორმებად – რეტინალად და რეტინის მჟავად უნდა გარდაქმნას.

რა გზას გადის A ვიტამინი ფინიშამდე?

საკვებიდან მიღებული A ვიტამინის დიდი ნაწილი ორგანიზმში, კერძოდ, ღვიძლში რეტინილ ეთერის სახით ინახება. ეს უკანასკნელი ტრანსრეტინოლად იშლება, რომელიც რეტინოლშემაკავშირებელ ცილას უკავშირდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ორგანიზმს მისი გამოყენება. A ვიტამინის თითოეული ფორმა სპეციფიკურ ფუნქციას ასრულებს. რეტინოლი ხელს უწყობს რეპროდუქციას, რეტინალი უზრუნველყოფს მხედველობის ფუნქციის სრულფასოვან შესრულებას, რეტინის მჟავა მოქმედებს როგორც ჰორმონი, არეგულირებს უჯრედის დიფერენციაციას, ზრდას და ემბრიონის განვითარებას.

ბეტა კაროტინი წითელი`ნარინჯისფერი ფერის მიმცემი პიგმენტია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის არაერთ სახეობაშია აღმოჩენილი, თუმცა ზოგიერთ ყვითელ და მწვანე პროდუქტშიც გვხვდება. ბეტა კაროტინი A პროვიტამინია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს მისი A ვიტამინად (რეტინოლად) გარდაქმნა შეუძლია. ამასთან ერთად, ბეტა კაროტინს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ამ ნივთიერებით მდიდარია ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ისპანახი, ხუჭუჭა კომბოსტო, ნესვი, ჭარხლის ფოთოლი, წითელი ბულგარული წიწაკა, გარგარი, სალათის ფოთოლი.

ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად 6-დან 15 მგ-მდე ბეტა კაროტინი სჭირდება, რაც 10,000-დან 25,000-მდე ს.ე. A ვიტამინს შეესაბამება.

რა საჭიროა

– A ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასიცოცხლო პროცესების სრულყოფილად წარმართვაში – ხელს უწყობს უჯრედის ზრდას, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, ნაყოფის განვითარებას და სრულფასოვან მხედველობას.

განსაკუთრებით დიდია A ვიტამინის მნიშვნელობა მხედველობისთვის. რეტინალი, A ვიტამინის აქტიური ფორმა, უკავშირდება ცილა ოფსინს და წარმოქმნის მხედველობის პიგმენტ როდოფსინს, რომლის გარეშეც ვერ შევძლებდით ფერების დიფერენციაციას, სინათლისა და სიბნელის აღქმას, სიბნელეში საგნების გარჩევას. ამასთან, ის იცავს თვალის რქოვანას და კონიუნქტივას. A ვიტამინი საუკეთესოა ქათმის სიბრმავის პრევენციისთვის. მისი ოპტიმალური დღიური ოდენობა თვალს ასაკთან დაკავშირებული მაკულას დეგენერაციისგან იცავს. გამოკვლევების თანახმად, სისხლში ბეტა კაროტინის, ალფა კაროტინისა და ბეტა კრიპტოქსანთინის მაღალი შემცველობა 25%-ით ამცირებს ასაკთან დაკავშირებული მაკულას დეგენერაციის რისკს.

A ვიტამინი დადებით გავლენას ახდენს კანსა და ლორწოვან გარსებზე და უზრუნველყოფს ისეთი ქსოვილების გამართულ მუშაობას, როგორიცაა კანი, ნაწლავები, ფილტვები, შარდის ბუშტი და შუა ყური. გარდა ამისა, ის დაზიანებისგან იცავს დნმ-ს მოლეკულებს და ხელს უწყობს არსებულ დაზიანებათა აღდგენას. ამასთან ერთად, მონაწილეობს ახალი ერითროციტების ფორმირებაში.

A ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულფასოვან მუშაობას, რაც განპირობებულია ეგრეთ წოდებული თ უჯრედების (თ ლიმფოციტები) ზრდითა და განაწილებით. თ უჯრედები სისხლის უჯრედების ტიპია, რომელიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავს, მონაწილეობს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გამართულ მუშაობაში, ნაყოფის განვითარებაში.

თავად A ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში, მაგალითად, გავლენას ახდენს ცილებისა და ცხიმების ცვლაზე. ცილების მეტაბოლიზმში მონაწილეობის გამო ცილებით მდიდარმა დიეტამ შესაძლოა მისი დეფიციტი გამოიწვიოს.

A ვიტამინი მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ის გავლენას ახდენს ძვლების სტრუქტურასა და ზრდაზე, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოტეხილი ძვლების აღდგენაში.

A ვიტამინი მონაწილეობს ქალისა და მამაკაცის ჰორმონების – ესტროგენისა და ტესტოსტერონის სინთეზში. გავლენას ახდენს ოოგენეზსა (კვერცხუჯრედის წარმოქმნა-მომწიფებასა) და სპერმატოგენეზზე (სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესზე), სპერმის რაოდენობაზე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, A ვიტამინის წინამორბედ კაროტინოიდებს: ბეტა კაროტინს, ალფა კაროტინს და ბეტა კრიპტოქსანთინს, – ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს – რეაქტიულ მოლეკულებს, რომლებიც ოქსიდაციურ სტრესს იწვევს და ორგანიზმს აზიანებს. ოქსიდაციური სტრესი სათავეს უდებს მრავალ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს და გულის დაავადებებს, იწვევს შემეცნების უნარის დაქვეითებას. ასე რომ, კაროტინოიდებით მდიდარი რაციონი ამცირებს გულის დაავადებების, ფილტვის კიბოსა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, დეფიციტი კი ზრდის პროანთებითი მოლეკულების დონეს, რაც თრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და აქვეითებს მის ფუნქციას.

რას იწვევს დეფიციტი

– თუ კანის, თმის, ფრჩხილების, თვალების სიმშრალეს უჩივით, მომატებული გაქვთ მგრძნობელობა ინფექციების მიმართ, დაგისუსტდათ მხედველობა, ძნელად გიხორცდებათ ჭრილობა, გაწუხებთ აკნე, ჰიპერკერატოზი, დარღვეული გაქვთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უნარი, დაქვეითებული გაქვთ მადა, A ვიტამინის დეფიციტი უნდა იეჭვოთ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია – ამასთან ერთად, A ჰიპოვიტამინოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ღამის სიბრმავე, უნაყოფობა ან დაორსულების სირთულე, ზრდის შეფერხება. ჯანმოს მონაცემების თანახმად, A ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში შექცევადი სიბრმავის წამყვანი მიზეზია. მისი უკმარისობის დროს იმატებს წითელასა და ფაღარათის რისკი, ორსულებში კი მისი ნაკლებობა ანემიის რისკს წარმოშობს და უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე.

A ვიტამინის დეფიციტი უმეტესად განვითარებად ქვეყნებში გვხვდება. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან ასაკოვნები, ახალგაზრდა ქალები, ინფექციის მიმართ მგრძნობიარე ბავშვები, დღენაკლულები.

რას იწვევს სიჭარბე

– ჯანმრთელობას A ვიტამინის სიჭარბეც უქმნის საფრთხეს. A ჰიპერვიტამინოზი შესაძლოა გამოიწვიოს A ვიტამინის შემცველი ცხოველური საკვების ჭარბმა მიღებამ და არამც და არამც – კაროტინოიდებით მდიდარმა მცენარეულმა საკვებმა. მაგალითად, თუ ბევრ კაროტინოიდს მიიღებთ, ორგანიზმი A ვიტამინად მის გარდაქმნას შეანელებს და ამგვარად დაიცავს თავს ჰიპერვიტამინოზისგან, თუმცა შესაძლოა, კანი გაგიყვითლდეთ.

მწვავე ჰიპერვიტამინოზი ვითარდება დიდი რაოდენობით A ვიტამინის ერთჯერადი მიღების შედეგად, მაგალითად, მაშინ, თუ ბევრი თევზის ღვიძლი მიირთვით. ამ დროს მოსალოდნელია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, მადის დათრგუნვა. თუ ეს რამდენიმე დღე გაგრძელდა, შესაძლოა, თმის ცვენაც დაიწყოს. კიდევ უფრო მძიმე შედეგებს – მხედველობის დარღვევას, სახსრებისა და ძვლების ტკივილს, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატებას, ღვიძლის დაზიანებას, ელენთის გადიდებას, კანის ქავილს, სიყვითლეს – იწვევს ქრონიკული ჰიპერვიტამინოზი, როცა ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იღებს A ვიტამინის დიდ დოზას. 

რა უნდა ვიცოდეთ

– A ვიტამინის შეწოვა შესაძლოა დაქვეითდეს მაშინ, როდესაც ორგანიზმი ცხიმს სათანადოდ ვერ ითვისებს. მაგალითად, ცელიაკიის, სიყვითლის, მუკოვისციდოზის, ციროზის, პანკრეასის დაავადების დროს. ამ შემთხვევაში უმჯობესია, A ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმა მიიღოთ.

A ვიტამინის ათვისებას ხელს უშლის ცხიმის მალაბსორბცია, ღვიძლის დაავადებები, კიბო, ართრიტი, შიდსი, ასევე – სტრესი, ანთებითი პროცესი, ქირურგიული ჩარევა, ჭარბი ალკოჰოლი, ჭარბი ინსოლაცია (მზის აბაზანები).

რკინის დეფიციტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მიერ A ვიტამინის დაშლისა და ათვისების უნარზე.

A ვიტამინის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა დაამძიმოს ღვიძლის დაავადება, ამიტომ თუ ადამიანს ღვიძლი აქვს დაავადებული, A ვიტამინს უნდა ერიდოს ან დიდი სიფრთხილით (ექიმთან შეთანხმებით) მიიღოს.

ცილის მძიმე დეფიციტის მქონე პირებთან ჰიპერვიტამინოზი A ვიტამინის ზომიერი მიღების შემთხვევაშიც კია მოსალოდნელი.

A ვიტამინის ათვისებას ხელს უშლის უცხიმო საკვები, გასტროენტეროლოგიური ტრაქტის გაუმართავი მუშაობა.

A ვიტამინის უკმარისობის გამოწვევა თუთიის დეფიციტსაც შეუძლია. ამ დროს რეკომენდებულია A ვიტამინისა და თუთიის დანამატების ერთდროული მიღება.

საფაღარათე საშუალებები და მაღალი ქოლესტეროლის საწინააღმდეგო პრეპარატები აუარესებს A ვიტამინის შეწოვას, ზოგიერთი საძილე საშუალება კი ამცირებს ღვიძლში მის რეზერვს. ამასთან, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის) დროს ორგანიზმს უჭირს კაროტინოიდების A ვიტამინად გარდაქმნა.

A ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებელი პრეპარატების), აკნეს სამკურნალო მედიკამენტების და ბევრი სხვა საშუალების მოქმედებაზე, ჭარბი ალკოჰოლი კი ზრდის ღვიძლზე A ვიტამინის დამაზიანებელ გავლენას.

A ვიტამინის დონის დადგენა სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი. ორგანიზმში მის შემცველობას ვენური სისხლის სინჯით ამოწმებენ.

რამდენი

– როგორც ხედავთ, A ვიტამინს საკმაოდ ბევრი პროდუქტი შეიცავს, ასე რომ, სადღეღამისო ნორმის მიღება არ უნდა გაგვიჭირდეს. A ვიტამინის დღიური ნორმა 19-დან 64 წლამდე ასაკის მამაკაცისთვის 900 მკგ-ია, ხოლო ქალისთვის (ოღონდ არა მეძუძურისა და ორსულისთვის) – 700 მკგ.

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის რეკომენდაციით (Fოოდ ანდ Dრუგ Aდმინისტრატიონ, FDA) ერთი საშუალო ზომის სტაფილო ან ერთი საშუალო ზომის გამომცხვარი ტკბილი კარტოფილი სავსებით საკმარისია A ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად. ერთი სუფრის კოვზი (14 გრამი) კარაქი A ვიტამინის რეკომენდებული დღიური ოდენობის 11%-ს შეესაბამება. დღიურ ნორმას ასევე შეგივსებთ 15-20 გ ხბოს ღვიძლი, 200 გ თინუსი, 100 გ გველთევზა, 8 კვერცხი.

სამზარეულოში

– კულინარიული დამუშავება მეტ-ნაკლებად ყოველთვის ცვლის პროდუქტის შემადგენლობას. A ვიტამინი მგრძნობიარეა სინათლისა და ჟანგბადის მიმართ, ამიტომ მისი შემცველი საკვები უმჯობესია სიბნელეში – კარადაში ან მაცივარში შეინახოთ. თერმული დამუშავებისას კი, ხარშვის ხანგრძლივობის შესაბამისად, A ვიტამინის დაახლოებით 10-30% იკარგება.

A ვიტამინს უკეთ აითვისებს ორგანიზმი, თუ სტაფილოს გახეხავთ, გაწურავთ ან დიდხანს დაღეჭავთ. თუ გახეხილ სტაფილოს მაშინვე არ მიირთმევთ, ვიტამინის თითქმის მეოთხედი დაიკარგება.

ორგანიზმი კიდევ უფრო უკეთ აითვისებს A ვიტამინს, თუ სტაფილოს რამდენიმე წვეთ ზეთს დაამატებთ.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ თერმული დამუშავების პროცესში ბეტა კაროტინი (სტაფილო) და ლიკოპენი (პომიდორი) კიდევ უფრო უკეთ ამჟღავნებს ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: