ძაღლები და ადამიანების შეცდომები
გააზიარე:
რა შეცდომებს უშვებს პატრონი ძაღლთან ურთიერთობისას ყველაზე ხშირად? როგორ ავიცილოთ თავიდან ისეთი პრობლემები, როგორიცაა აგრესია შემხვედრი ძაღლების მიმართ, აგრესია ადამიანების მიმართ, პატრონის ბრძანების უგულებელყოფა?
ძაღლების პატრონებისგან ხშირად გამიგონია: ეს ძაღლი, მგონი, სულელია, არაფერს მიჯერებს, სახელზე არ იხედება, გარბის და არ ბრუნდება, გაუთავებლად უყეფს სხვებს, – და ა.შ.
ასეთ დროს სულ მინდა, ვკითხო პატრონს: დღეში რამდენ წუთს უთმობთ ძაღლის წვრთნას? რამდენ ხანს ეთამაშებით? რამდენი ხანი დაგჭირდათ, რომ მისთვის თავისი სახელი გესწავლებინათ?
თუ ძაღლი “უსაქციელოა”, “არაფერი ესმის” და “ვერაფერს სწავლობს”, ეს ნიშნავს, რომ პატრონმა საკმარისი დრო არ დაუთმო იმას, რასაც მწვრთნელები “მენტალურ სტიმულაციას” უწოდებენ. ნებისმიერი კინოლოგი გეტყვით, რომ არ არსებობს ძაღლი, რომელსაც სასურველ ქცევას ვერ დაასწავლი და არასასურველ ქმედებას ვერ გადააჩვევ. თუ ძაღლი საბელს ქაჩავს, დაძახებაზე არ იხედება, უკანმოუხედავად გარბის, ერჩის სხვა ძაღლებს ან ადამიანებს, ესე იგი პატრონმა მისი აღზრდისას ბევრი შეცდომა დაუშვა.
ამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.
რაც უფრო მეტად აქვს ძაღლს გამჯდარი არასასურველი ქცევა, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება მის გადაჩვევას, ახალი ქცევის დასწავლას და შეცდომების გამოსწორებას, მაგრამ შედეგი ძალისხმევად ღირს.
ვეტკაბინეტში ამჯერად პატრონების მიერ დაშვებულ შეცდომებს მიმოვიხილავთ, მათი გამოსწორების გზებს კი მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.
ზემზრუნველობა
ჰიპერმზრუნველობა, ზემზრუნველობა, ძაღლის აღზრდისას დაშვებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.
ლეკვი სიცოცხლით სავსე, ცნობისმოყვარე არსებაა. ბუნებრივ პირობებში ის დედის ზედამხედველობით იზრდება და ნელ-ნელა იკვლევს გარე სამყაროს. როდესაც ლეკვის ეს ბუნებრივი მოთხოვნილება – იკვლიოს, შეიმეცნოს, შეისწავლოს – ითრგუნება, ის ადვილად აგზნებადი, აგრესიული ხდება და დაუხარჯავ ენერგიას იქ ხარჯავს, სადაც შეუძლია (უმიზეზოდ ყეფს, ავეჯსა და სხვა საოჯახო ნივთებს ღრღნის და ა.შ.).
მას შემდეგ, რაც ლეკვს ჩაუტარდება ყველა საჭირო აცრა, მის სოციალიზაციაზე უნდა ვიზრუნოთ. მისივე უსაფრთხოებისთვის ძაღლი, რასაკვირველია, საბლით უნდა ვატაროთ, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფლების მინიჭებაც. მოძებნეთ ბაღი ან პარკი, სადაც ლეკვი საბლის გარეშე შეძლებს სირბილს, სხვა ძაღლების გაცნობას, ყნოსვით ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების ინსტინქტის დაკმაყოფილებას.
თუ ლეკვს საბლით ასეირნებთ, სხვა ძაღლის დანახვისას საბელს ისტერიულად ნუ მოქაჩავთ. ნუ დაუშლით პატარა ცნობისმოყვარე არსებას ინტერესის დაკმაყოფილებას, შემხვედრი ძაღლის გაცნობას. ჰკითხეთ პატრონს, აგრესიული ხომ არ არის მისი ძაღლი ლეკვების მიმართ, თუმცა არც ერთი ზრდასრული ძაღლი, თუ მას რაიმე ტიპის მენტალური გადახრა არ აქვს, ლეკვების მიმართ აგრესიას არ ამჟღავნებს. თუ ლეკვს საშუალებას მისცემთ, თამამად იურთიერთოს სხვა ძაღლებთან, ზრდასრულობისას შემხვედრი ძაღლების მიმართ აგრესიას აღარ გამოხატავს.
სამახსოვრო
ძაღლებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, სხვა ძაღლებთან ურთიერთობა. ძაღლმა ლეკვობიდანვე უნდა ისწავლოს, რომ სხვა ძაღლი “მტერი არ არის”. თუ ლეკვს პატარაობიდანვე მისცემთ შემხვედრი ძაღლების “მშვიდობიანი მისალმება-მოკითხვის” საშუალებას, ზრდასრულობისას ის სხვა ძაღლებს აგრესიულად აღარ შეხვდება. ამას სპეციალისტები “სწრაფი მისალება-დამშვიდობების” მეთოდს უწოდებენ.
სიმშვიდე შეინარჩუნეთ სხვა ძაღლებთან შეხვედრისას. პატრონის ემოციური მდგომარეობა პირდაპირ აირეკლება ძაღლის რეაქციაზე.
ადამიანები და ძაღლები
ლეკვის სოციალიზაცია ადამიანებთან მის მშვიდობიან თანაარსებობასაც გულისხმობს. სასურველია, ლეკვობიდანვე მიაჩვიოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ადამიანებთან ურთიერთობას. სეირნობისას შეჩერდით საბავშვო მოედნებთან, ლეკვს მოეფერეთ, სასუსნავით გაუმასპინძლდით. ლეკვმა ყური უნდა მიაჩვიოს ბავშვების ჟრიამულსა და ხმაურს. როგორც წესი, პირიქით ხდება – პატრონი გვერდს უვლის საბავშვო მოედნებს. ეს მცდარი სტრატეგიაა. თუ ძაღლი "ქალაქელია", სეირნობისას სხვა ადამიანებთან მისი შეხვედრა გარდაუვალია, ამიტომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ლეკვობიდანვე უნდა ჩამოუყალიბოთ სათანადო უნარ-ჩვევები.
დაუშალეთ ლეკვს უცნობი ადამიანების შეწუხება. ამისთვის საჭიროა, ასწავლოთ მას საკუთარ სახელზე რეაგირება. თუ ამ კუთხით სირთულე წარმოიშვა, მიმართეთ სპეციალისტს. კინოლოგი სწორ რჩევებს მოგცემთ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებს შემოგთავაზებთ. ძაღლი აუცილებლად უნდა რეაგირებდეს პატრონის სიგნალზე (სტვენაზე, სახელის დაძახებაზე) და მისი გაგონებისთანავე იხედებოდეს პატრონისკენ. ეს თავიდან აგაცილებთ ისეთ უსიამოვნებას, როგორიცაა იმ ადამიანებთან კონფლიქტი, რომლებსაც ძაღლები არ უყვართ ან ეშინიათ მათი. ძაღლი, როგორც ითქვა, ცნობისმოყვარე არსებაა. ინტერესის დასაკმაყოფილებლად ის შეიძლება მიუახლოვდეს უცნობ ადამიანს. ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ძაღლი დაძახებისთანავე მოშორდება უცნობს და თქვენკენ გამოიქცევა. სასარგებლო და მარტივი ბრძანებაა "გვერდით!" მისი შესრულება ლეკვობიდანვე უნდა ასწავლოთ ძაღლს.
სამახსოვრო
ზოგს ეშინია ძაღლების, ზოგსაც ეზიზღება ისინი. ძაღლთან შეხვედრისას ასეთი ადამიანის აგრესიულ ქცევას შესაძლოა ცხოველის არასასურველი რეაქცია მოჰყვეს. თუ უცნობი ძაღლს შეუყვირებს ან ფეხს მოუქნევს, ეს უკანასკნელი თავდაცვის რეჟიმზე გადაერთვება და კონფლიქტი გარანტირებული გაქვთ.
ასწავლეთ ძაღლს ბრძანება "გვერდით". ის პირველივე ხმოვან სიგნალზე უნდა გამორბოდეს თქვენკენ. თუ ასე არ ხდება, მიმართეთ სპეციალისტს.
ხშრად ისეირნეთ ბაღებში, სკვერებში, საბავშვო მოედნების სიახლოვეს. არ დაიშუროთ გემრიელი სასუსნავი, თუ ლეკვი უცნობთან შეხვედრისას "კარგად მოიქცა".
"მოდი აქ!" , "მოდი-მეთქი აქ!", "მე რა გითხარი, მოდი აქ!!!"
ახალბედა პატრონების კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ბრძანების რამდენიმეჯერ გამეორებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლს არ შეუძლია რეფლექსია ანუ პოსტ ფაქტუმ საკუთარი ქმედების გაანალიზება და "სწორი დასკვნების გამოტანა". უკვე ჩადენილი ქცევის "სიტყვიერი განხილვა" შეცდომაა. "მე რა გითხარი!" – ძაღლთან არ ჭრის. წვრთნისას ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა მყისიერი რეაქცია უნდა მიიღოს, ანუ თუ სასურველი ქცევის განმტკიცება ან არასასურველის აღკვეთა გვინდა, წვრთნის სწორი სტრატეგია უნდა შევარჩიოთ. მოკლე სქემის სახით ეს სტრატეგია ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: ხმოვანი სიგნალი (ბრძანება`აკრძალვა) > ძაღლის სათანადო ქმედება > ჯილდო. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ გაცემული ბრძანების შესრულებისას ძაღლმა მეყსეულად უნდა მიიღოს ჯილდო. შეუსრულებლობის შემთხვევაში არსებობს სწორი ქცევის რამდენიმე ვარიანტი. იმის მიხედვით, რომელი ბრძანება არ შეასრულა ძაღლმა, უნდა შეარჩიოთ "სასჯელის" ზომა. რასაკვირველია, ფიზიკურ დასჯას არ ვგულისხმობთ. სასჯელი შეიძლება იყოს იგნორირება, საბლით სასურველი პოზის დაფიქსირება, დატუქსვა ან სხვა, სიტუაციისა და ცხოველის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად.
სამახსოვრო
თუ ძაღლი ზედიზედ რამდენიმეჯერ არ დაემორჩილა ბრძანებას პირველივე ჯერზე, საჭიროა ამ ბრძანების ხელახლა სწავლება. არასდროს გაიმეოროთ ბრძანება. თუ ასე მოიქცევით, ძაღლი ისწავლის, რომ ერთი "მოდი" არ არის საკმარისი და დაელოდება ბრძანების იმდენჯერ გამეორებას, რამდენჯერაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
ნინო ლომიძე