ირა დარჩიაშვილი: ჩემს თოჯინებს სიხარული მოაქვთ და არა სევდა
გააზიარე:
ირა დარჩიაშვილი პროფესიით პოლიტოლოგ-ისტორიკოსია, აზია-აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და კერძო სექტორში დღემდე მუშაობს. ხელოვნებასთან ახლოსაც არ ჩამივლიაო, ამბობს, თუმცა უკვე ოთხ წელიწადზე მეტია, ახალ პროფესიას – მეთოჯინეობას დაეუფლა და ამ სფეროში პოპულარობაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საგრძნობლად შეაფერხა კულტურული პროცესები ყველა ქვეყანაში, ირას და მის თოჯინებს თაყვანისმცემლები არ მოჰკლებიათ.
– როდესაც რუტინა სიცარიელის განცდას აჩენს, ახლის ძიებას იწყებ. მეც ასე დამემართა და ყოველდღიურობაში ლამაზი, ნათელი, მხიარული თოჯინები შემოვუშვი. თავიდან ეს საქმე რთული მეჩვენებოდა, რადგან ყოველი დეტალი ხელით იქმნება, მაგრამ რაც უფრო მეტად ვუღრმავდები, მით უფრო მომწონს; რაც უფრო შრომატევადია, მით უკეთესად ვისვენებ. მახარებს იმის შეგრძნება, რომ რაღაცის შექმნა შემიძლია.
წელს სააღდგომო სუფრა სულ ჩემი ხელით ნაკეთი დეკორატიული ნივთებით მქონდა გაწყობილი. ახალ წელსაც ორიგინალური სამშვენისებით შევხვდით. სტუმრებს მოსწონდათ ჩვენი ნაძვის ხე, სათამაშოებს სათითაოდ ათვალიერებდნენ, ფოტოებს უღებდნენ... მეც ბავშვივით მიხარია, როცა მაქებენ. მიხარია, რომ შემიძლია, გარემო გავალამაზო.
თავდაპირველად ნახელავის გასხვისება ძალიან მიჭირდა, ყოველ თოჯინაში იმდენ შრომას, ენერგიას ვდებდი, რომ სხვისთვის არ მემეტებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ მალე ისინი სახლში აღარ დამეტეოდა და ზოგ მათგანთან განშორება მომიწევდა.
პირველად თოჯინა ერთ მეგობარს ვაჩუქე. რთული პერიოდი ჰქონდა და მინდოდა, გამეხალისებინა. არ ვიცი, სხვა რა უნდა მეჩუქებინა, რომ ასე გახარებოდა. ამ სიხარულის დამსახურებით სხვა მეგობრებისთვის ჩემი თოჯინები უფრო იოლად გავიმეტე.
მიმაჩნია, რომ თოჯინას სასიამოვნო განწყობა უნდა მოჰქონდეს და არა სევდა. ჩემი თოჯინები მხიარული, სასაცილო ტიპაჟები არიან. ვგრძნობ, რომ ადამიანებს, რომლებიც მათ ყიდულობენ, მართლაც აბედნიერებს შენაძენი.
როგორ იქმნება თოჯინა
– ერთფეროვნება არ მიყვარს, ამიტომ ყალიბს არ ვიყენებ. ჩემი ყოველი თოჯინა უნიკალურია. უმრავლესობა თავად ირჩევს, როგორი იყოს. თვალს რომ დავახატავ და შემომხედავს, მაშინვე ვხვდები, ვინც გამოვა.
უმცირეს დეტალსაც კი შეუძლია, თოჯინას ძირფესვიანად შეუცვალოს ხასიათი. ფერებს ვუხამებ, სხვადასხვა ტონალობისა და ფაქტურის ქსოვილებს ვარჩევ, დავდივარ, ვეძებ. ზოგჯერ უბრალოდ რაღაც დეტალი მომეწონება, ვიყიდი და დავდებ – შესაძლოა, ერთხელაც სწორედ ის დამჭირდეს. ყოფილა შემთხვევა, საჭირო მასალა ვერ მიპოვია და ჩემი ტანსაცმელი გამიმეტებია, რადგან თოჯინის ხასიათმა სწორედ ასეთი ფაქტურის ქსოვილი მოიხდინა.
ტანის კარკასს მავთულისგან ვამზადებ და სინთეტიკური ბამბით ვთექავ, ამიტომ თოჯინას ხელს რომ მოჰკიდებთ, სიცივეს ვერ იგრძნობთ – ქსოვილი სითბოს ინარჩუნებს. კიდურებსა და სახეს პოლიმერული თიხისგან ვაკეთებ. ამის შემდეგ სტილისტის, მკერავის, მეწაღის როლებს ვირგებ. ახალ თოჯინას მაკიაჟი, ბიჟუტერია, აქსესუარები – ყველაფერი ხასიათის შესაფერისი უნდა ჰქონდეს. შრომატევადი პროცესია, მაგრამ თანდათან ვსწავლობ პატარ-პატარა ხრიკებს და გამოცდილებასთან ერთად საქმეც იოლდება. მიუხედავად ამისა, თოჯინის შექმნას ორი-სამი კვირა მაინც სჭირდება. რაც უნდა კარგი კულინარი იყო, ნამცხვრის გამოსაცხობად საჭირო დროს ვერ შეამცირებ. თოჯინაც თავის დროს მოითხოვს.
შენიანები შენ გვერდით
– ტიპური ქართველი დედა ვარ, რომელიც ცხოვრებას შვილების გარშემო გეგმავს და აწყობს. უფროსმა გოგონამ, ლიკამ, გაეროში სტაჟირებაზე ყოფნისას მომავალი მეუღლე გაიცნო და ინგლისში დარჩა. მანძილთან შეგუება ძალიან მიჭირს, მოუთმენლად ველოდები ხოლმე მის ჩამოსვლას. უმცროსი, ლიზი, თხუთმეტი წლისაა, ხატავს, ძერწავს და სურს, არქიტექტორის პროფესიას დაეუფლოს. მეუღლე ხშირად მოგზაურობს, მივლინებებიდან ჩამოაქვს სუვენირები, რომლებიც შეიძლება თოჯინის შექმნისას გამომადგეს: პატარა ხმალი, დურბინდი... ვგრძნობ, რომ მოსწონს, რასაც ვაკეთებ და უხარია ჩემი წარმატება.
როცა ვმუშაობ, გარშემო ყველაფერი აყრილ-დაყრილია, მიმოფანტულია ნემსი, ძაფი, ქსოვილის ნაკუწები და სხვა დეტალები. საერთოდ, მოწესრიგებული ადამიანი ვარ, მაგრამ მუშაობისას ყველა მაქმანი და ღილი თვალწინ უნდა მქონდეს! სამუშაო ოთახი მთლიანად მაქვს ათვისებული და ძაღლივით ვიღრინები, თუ ვინმე ამ სივრცეში შემოიჭრა.
საბედნიეროდ, ოჯახი, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ყველაფერ ამას გაგებით ეკიდება.
უმცროსი გოგონა კოლექციას აგროვებს – რომელი თოჯინაც ძალიან მოეწონება, თავის ოთახში მიაქვს, რომ არ გაიყიდოს. დარწმუნებულია, რომ ამ თოჯინებით მისი შვილები და მერე შვილიშვილებიც ითამაშებენ. მე კი, რომ წარმოვიდგენ, როგორ სიხარულს მიანიჭებს ბავშვებს დიდი ბებიის ნახელავი, უფრო მეტად ვცდილობ, ყველაფერი ზედმიწევნით კოხტად და აკურატულად გავაკეთო.
პირველად რომ მიმიწვიეს მეთოჯინეების საერთაშორისო გამოფენაზე, პრაღაში მეუღლესა და უმცროს გოგონასთან ერთად გავემგზავრე. გავიცანი ევროპელი მეთოჯინეები – ადამიანები, რომლებიც განსხვავებული ფასეულობებით, სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდნენ, სამყაროში, რომლისგანაც ბოროტება ძალიან შორსაა. შინ დაბრუნებულები, სიამაყეს ვერ ვფარავდით, რომ ამ სამყაროს ნაწილი გავხდით.
როდესაც შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც შენიანებად მიაგჩნია, ბედნიერი ხარ, მშვიდად ხარ და საქმიანობისთვისაც უდიდეს სტიმულს იღებ.
თამარ ციბალაშვილი