კომში – მაცდური დელიკატესი
გააზიარე:
ახლაც მახსოვს ბებოს მოხარშული კომშის მურაბის გემო და სურნელი, რომელიც მთელი დღე იდგა სამზარეულოში. ჩვენი წინაპრები აფასებდნენ ამ არომატული ხილის თვისებებს, ამზადებდნენ მისგან გემრიელ კერძებს, იყენებდნენ ნატუროპათიაში. მის სამკურნალო ძალას კარგად იცნობდა ჰიპოკრატეც – ანტიკური ეპოქის ყველაზე ცნობილი ექიმი, რომელიც კომშით კუჭ-ნაწლავის დაავადებებს და ცხელებას მკურნალობდა.
ერთ დროს ძალზე პოპულარული ხილი დღეს დავიწყებას მიეცა.
მოდი, გავიგოთ, რატომ და როდის უნდა მივირთვათ კომში.
კომში (Cydonia oblonga) ვაშლისა და მსხლის ნაზავს ჰგავს. არც არის გასაკვირი – ისინი ხომ ერთმანეთს ენათესავებიან, თუმცა კომში თავის პოპულარულ ნათესავებზე გაცილებით ჯიუტი ბუნებისაა.
არსებობს მომრგვალო, ვაშლისებური ფორმის კომში და მსხლის ფორმის კომში. ვაშლისებური, როგორც წესი, უფრო მაგარია, მსხლისებური კი – უფრო რბილი.
მდიდარი წარსული
კომშის სამშობლო დასავლეთი აზიაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წელს ძველი ბერძნები მას უკვე იცნობდნენ და ბედნიერების, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მელიმელონი – თაფლში მოხარშული კომში – ავადმყოფებს ძალას აძლევდა, მოგზაურებს კი – საზრდოს.
ძველ რომში კომშს ბუსუსა კანის გამო “მატყლის ვაშლს” ეძახდნენ. სწორედ რომიდან გავრცელდა ეს ხილი მთელ ევროპაში.
საკვები ნივთიერებები
კომშის 80 პროცენტზე მეტი წყალია. 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 7.3 გ ნახშირწყალს, 5.8 გ ბოჭკოს, 0.5 გ ცხიმს და 0,4 გ ცილას, ენერგეტიკული ღირებულება კი 40 კილოკალორიაა.
კომშის შემადგენლობაში შედის C, E, B1, B6 ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი და სპილენძი.
100 გრამ კომშში დაახლოებით 15 მგ C ვიტამინია – რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობის 15 პროცენტი. ის, როგორც იცით, ძლიერი ანტიოქსიდანტია, იმუნურ სისტემას აძლიერებს და პროფილაქტიკას უწევს ათეროსკლეროზს და კიბოს.
პექტინები
კომშის შემადგენლობაში შემავალ საკვებ ნივთიერებათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პექტინები, რომლებსაც დიდი სიკეთე მოაქვს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
პექტინები ხსნადი ბოჭკოა, რომლებსაც დიდი ოდენობით წყლის მიერთების და ჟელედ ქცევის უნარი შესწევს. ჟელე ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და არეგულირებს პერისტალტიკას.
პექტინები იერთებს საკვებიდან მიღებული ცხიმის გარკვეულ ნაწილს, ნაღვლის მჟავებსა და ქოლესტეროლს და ორგანიზმიდან გამოაქვს. მათივე წყალობით ნელა შეიწოვება შაქარიც, ასე რომ, კომში სისხლში შაქრის დონის რეგულირებასაც უწყობს ხელს.
პექტინები დადებითად მოქმედებს ნაწლავურ ფლორაზე, ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.
კომში დეტოქსიკაციაშიც ეხმარება ორგანიზმს, ვინაიდან პექტინები ნაწლავში არსებულ მავნე ნივთიერებებს – მაგალითად, მძიმე მეტალებს – იკავშირებს.
მას შემდეგ, რაც ჩერნობილის კატასტროფის ზონაში მოყოლილი ბავშვების ორგანიზმში პექტინების შეყვანა დაიწყეს, გაირკვა, რომ მათ შეუძლიათ, შეიკავშირონ რადიაქტიური ნაწილაკებიც (ცეზიუმი, სტრონციუმი, პლუტონიუმი) და ორგანოებსა და კუნთებში დაგროვებამდე გამოიტანონ ორგანიზმიდან.
ანტიოქსიდანტები
კომში, გარდა C ვიტამინისა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს. ის მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც უჯრედებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. მაგალითად, კვერცეტინით, რომელსაც მკვლევრები ფლავონოიდების მეფეს უწოდებენ.
მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ კვერცეტინი ეფექტურია ანთებისა და ალერგიის დროს, აფერხებს ბაქტერია Helicobacter pylori-ს (პილორუსის ჰელიკობაქტერიის) გამრავლებას და საუკეთესოა პოდაგრის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვის.
Helicobacter pylori, რომელიც კუჭში ცხოვრობს, იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ხელს უწყობს კუჭის კიბოს განვითარებას.
კვერცეტინი ძირითადად კომშის ქერქშია. 100 გ ქერქი დაახლოებით 18 მგ კვერცეტინს შეიცავს.
კომშის შემადგენლობაში შედის მთრიმლავი ნივთიერებებიც, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მაგალითად, ტანინები. ამის გამო კომშს აქტიურად იყენებენ მედიცინაში სისხლდენისა და ინფექცის დროს. ვარაუდობენ, რომ ტანინები ძალიან კარგია ათეროსკლეროზის პრევენციისთვის.
რას უხდება
კომში გამოირჩევა ანტიოქსიდანტური, ანთებასაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ხველის შემამსუბუქებელი, დიარეის საწინააღმდეგო მოქმედებით. იცავს ღვიძლს, აქვს შარდმდენი ეფექტი, აქვეითებს ცუდი ქოლესტეროლის დონეს და, ყველაფერთან ერთად, კარგი ანტიდეპრესანტია.
კომშს, უპირველეს ყოვლისა, პროფილაქტიკური მოქმედება ახასიათებს, მაგრამ შესაძლებელია მისი რაციონში ინტეგრირებაც, მაგალითად, დიაბეტის, ჰეპატიტის, სასუნთქი გზების ინფექციების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კიბოს, ალერგიის, ჭრილობების, წყლულების დროს.
კიბოს პრევენცია
კომშის როგორც კიბოს პრევენციის უნარის მქონე საკვების შესახებ პირველი ანგარიში სამეცნიერო ჟურნალ Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა 2010 წელს.
პორტუგალიაში, ფერნანდო პესოას უნივერსიტეტში, შეისწავლეს კომშის გავლენა ადამიანის კიბოს განვითარებაზე.
აღმოჩნდა, რომ კომშის ფოთლების ექსტრაქტი თრგუნავს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების გამრავლებას, მისი ნაყოფისა და თესლის ექსტრაქტი კი გავლენას ახდენს თირკმლის კიბოს უჯრედებზე. მეცნიერთა აზრით, კომში სასარგებლოა სიმსივნის როგორც პრევენციისთვის, ისე მკურნალობის პერიოდშიც.
მათი დასკვნები შემდგომმა კვლევებმაც დაადასტურა.
კომშის ექსტრაქტი ასევე ხელს უშლის პროსტატისა და ძუძუს კიბოს უჯრედების გამრავლებასა და გავრცელებას.
კომში და ალერგია
როცა ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ჰისტამინი, – როგორც, მაგალითად, ალერგიის დროს, – ვითარდება ტიპური სიმპტომები: ანთება, ბრონქების შევიწროება და ქავილი. ამ დროს ექიმები, წესისამებრ, გამოწერენ ანტიჰისტამინებს, რომლებსაც სამკურნალო ეფექტთან ერთად გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, მაგალითად, თავის ტკივილი, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, თმის ცვენა.
კვლევები ცხადყოფს, რომ კომშს შეუძლია, შეაფერხოს ჰისტამინის გამოყოფა.
2016 წელს ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეისწავლეს, რამდენად ეფექტიანია კომშისა და ლიმონის სპრეი მტვერზე ალერგიის დროს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ყვავილის მტვერზე ალერგიის მქონე 43 ადამიანმა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი კვირის განმავლობაში ერთ ჯგუფს ცხვირის სპრეით მკურნალობდნენ, მეორეს კი პლაცებოთი. კვლევამ აჩვენა, რომ სპრეიმ შესამჩნევად შეამსუბუქა სიმპტომები. გვერდითი მოვლენები არ აღრიცხულა.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს
დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის მეოთხედს გულძმარვა აღენიშნება. როდესაც გულძმარვა რეგულარული ხდება, ეს უკვე გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებაა (გერდ).
ვინაიდან გერდ-ით დაავადებული ბავშვების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამოიკვლიეს, შეუძლია თუ არა კომშის სიროფს პატარა პაციენტების დახმარება. შვიდკვირიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 80-მა ბავშვმა, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს დღეში კილოგრამ წონაზე 0.6 მლ კომშის სიროფს აძლევდნენ, ხოლო მეორე ჯგუფისას – 1 მლ ომეპრაზოლს.
ოთხი კვირის შემდეგ ორივე ჯგუფის ბავშვების მდგომარეობა თანაბრად გაუმჯობესდა, შვიდი კვირის შემდეგ კი კომშის ჯგუფში ხუთ წლამდე ასაკის პატარები გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ომეპრაზოლის ჯგუფში.
კვლევამ აჩვენა, რომ კომშის სიროფი ძალიან სასარგებლოა გერდ-ის დროს. მით უმეტეს, მას, ომეპრაზოლისგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
კვლევაში გამოყენებული კომშის სიროფის დაახლოებით 50% ხილის ექსტრაქტი იყო, 37% – წყალი და 12% – შაქარი. მისი მომზადება სახლის პირობებშიც ადვილია.
კანისთვის
კომში კანის მოვლის უამრავი საშუალების შემადგენლობაში შედის. მის ლორწოს აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და იდეალურია დახეთქილი, დასტრესილი, მზისგან დაზიანებული კანის დასამშვიდებლად.
შეგიძლიათ, კანის დაზიანებულ არეზე კომშის ლორწოს ნიღაბი დაიდოთ, მისი საფენები გამოიყენოთ დამწვრობის, მტკივნეული ძუძუსთავებისა და ბუასილის სამკურნალოდ.
კომშის ქერქი შეიცავს ცვილისმაგვარ ფენას, რომელიც მას დაზიანებისგან იცავს. სწორედ ამ ფენას აქვს დამამშვიდებელი და დამარბილებელი ზემოქმედება, აძლიერებს კანის ბარიერს და ხელს უწყობს დატენიანებას.
ქერქი შეიცავს ეთერზეთებსაც, რომლებიც დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. დამატენიანებელი საშუალება კომშისგან თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ: კომშის ქერქი მინის ქილაში ჩაყარეთ და ქილა ზეითუნის, ნუშის ან ჟოჟობას ზეთით შეავსეთ. ბნელ, გრილ ადგილას (18-დან 20°-მდე ტემპერატურაზე) დადგით და დღეში ერთხელ ამოაყირავეთ. ეთერზეთებიც და კომშის ცვილიც ზეთში გადავა. ორი კვირის შემდეგ გადაწურეთ. წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე.
შინაგანი მოქმედებისთვის
ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ კომშის რბილობს, ქერქსა და ფოთლებს, მაგრამ ლორწოთი ყველაზე მდიდარი მისი თესლია.
კომშის ლორწო და ჩაი
კომშის ლორწო ძალიან უხდება ხველას, ყელის ტკივილს, დიარეას.
მის მოსამზადებლად კომშის კურკები თბილ წყალში ჩაყარეთ (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქაზე) და რამდენიმე საათით, ლორწოს წარმოქმნამდე დატოვეთ.
კომშის თესლის ჩაი კი ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და დაახლოებით ხუთი წუთი ადუღეთ, მერე გადაწურეთ და პატარ-პატარა ყლუპებით სვით. ეს სასმელი, გარდა იმისა, რომ უხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, საუკეთესოა უძილობისა და მოუსვენრობის დროსაც.
კომშის თესლი მთლიანი უნდა იყოს. ის არ იჭმევა, რადგან შეიცავს გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც მონელებისას შხამიან ნივთიერებებს გამოყოფს.
ჩაის მომზადება კომშის ქერქისგანაც შეიძლება: ერთი კომშის ქერქი 250 ლ წყალში ჩაყარეთ და წამოადუღეთ, გააჩერეთ 5 წუთი. საუკეთესოა ყელის ტკივილის დროს. გარდა ამისა, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
თაფლიანი კომშით შეგიძლიათ დაატკბოთ ჩაი. გათლილი კომში მოგრძო ნაჭრებად დაჭერით, თაფლში აურიეთ და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ.
კომშის კომპოტი
ამბობენ, რომ კომშის კომპოტი უხდება პოდაგრას და რევმატულ დაავადებებს.
გათლილ კომშს ცოტა წყალი დაასხით, დარიჩინი დაამატეთ და დარბილებმდე ხარშეთ. შეგიძლიათ დაატკბოთ ყავისფერი შაქრით ან თაფლით.
როგორ შევინახოთ
კომშის შენახვა მშრალ და გრილ ადგილას, მაგალითად, სარდაფში ჯობია. იქ ორი თვე გაძლებს. თუ კარგად არის დამწიფებული, მაცივრის ბოსტნეულის განყოფილებაში მოთავსებას გირჩევთ – იქაც ორი კვირა შეინახება. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, ყინვაში არ მოხვდეს. იდეალური ტემპერატურა მისთვის 0-დან 2 გრადუსამდეა.
დროთა განმავლობაში კომშს კანზე შესაძლოა მოყავისფრო ლაქები გაუჩნდეს, თუმცა მის გემოზე ეს გავლენას არ ახდენს.
თუ კომშის უფრო მეტხანს შენახვა გინდათ, უმჯობესია, მისგან კომპოტი მოხარშოთ, ჩირად გაახმოთ ან წვენი გამოწუროთ.
შეგიძლიათ, გაყინოთ კიდეც, ოღონდ წინასწარ გათალეთ, კურკა გამოაცალეთ და ცხელ წყალში მოთუთქეთ – ნედლი კარგად არ გაიყინება. გაყინული კომში დაახლოებით ერთი წელი ინახება.
ჯილდა გაჩეჩილაძე