ბავშვები და ძალადობრივი თამაშები

გააზიარე:

ომობანა თითქმის ყველა პატარა ბიჭის და ზოგიერთი გოგონას საყვარელი თამაშია. ღიმილის მომგვრელნი არიან პატარები სათამაშო იარაღით ხელში, ერთმანეთს რომ უმიზნებენ და "ბახ-ბახო", გაიძახიან, მერე კი თითქოს უსულოდ ეცემიან ძირს. ამაში ძალადობრივი და საშიში არაფერია, ისევე როგორც ბავშვის მიერ დახატულ თოფიან ჯარისკაცებსა და ხმლიან რაინდებში, მაგრამ თუნდაც სათამაშო იარაღით ხელში შვილის დანახვა ბევრ მშობელს აშფოთებს.

აქვე უნდა ვახსენოთ ძალადობრივი ვიდეოთამაშებიც, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე.

მართლა საშიშია თუ არა სათამაშო იარაღის სიყვარული? გადაიზრდება თუ არა ბავშვის ეს გატაცება ძალადობისკენ მიდრეკილებაში?

სათამაშო იარაღი

აგრესიული თამაშებით გატაცება დაახლოებით 3-4 სამი-ოთხი წლის ასაკში იწყება და მესამე კლასამდე გრძელდება. თუ დავფიქრდებით, ეს ლოგიკურიცაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში სწავლობს ბავშვი თანატოლებთან ინტერაქციას, თამაშს და ამ გზით საკუთარი ემოციების გამოხატვას.

მართალია, ბაღებსა და დაწყებითი განათლების დაწესებულებებში სათამაშო იარაღს ვერ ნახავთ (იდეალურ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს), მაგრამ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ აკრძალვით შესაძლოა უფრო მეტად გავუღვივოთ პატარას მის მიმართ ინტერესი. შესაძლოა, თანატოლის სახლში წააწყდეს სათამაშო იარაღს და ომობანაც მოეწონოს, და თუ შინ იარაღით თამაშს დაუშლით, მისთვის ის კიდევ უფრო სასურველი გახდეს. ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვს უშრეტი ფანტაზია აქვს, რომლის წყალობითაც შეუძლია, ბანანით დაწყებული, უბრალო ჯოხით დამთავრებული, ყველაფერი იარაღად აქციოს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით შეიძლება, ამ ტიპის თამაშები სასწავლო აქტივობად აქციოთ და იმავდროულად ბავშვს ამ საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოთ.

კეთილი და ბოროტი გმირები

როდესაც თქვენი პატარა ჯოხით ხელში დარბის და მტრებს “კაფავს”, ჰკითხეთ, როგორი გმირია ის – ბოროტი თუ კეთილი, რა დაუშავეს მტრებმა, რატომ ებრძვის მათ. ბავშვებს თავი უმეტესად კეთილ გმირებად წარმოუდგენიათ, რომლებმაც სამყარო უნდა გადაარჩინონ. ასე თამაშ-თამაშით იზრდება მათში სიმამაცე, გამბედაობა, ძალა, რომელსაც "ბოროტი ადამიანების" წინააღმდეგ იყენებენ. ამგვარად ისინი "კარგს" და "ცუდს" ახარისხებენ და ალაგებენ საკუთარ გონებაში.

ესაუბრეთ იმაზე, როგორ იქცევიან ნამდვილი კეთილი გმირები, იმაზე, რომ მათ ხელში იარაღიც უსაფრთხოა, რომ თქვენს ოჯახში პატივს სცემენ სიკეთეს და კეთილშობილებას, რათა ეს ღირებულებები თამაშშიც გადაიტანოს.

ესაუბრეთ უსაფრთხოების წესებზე; მარტო თამაშობს თუ მეგობარს ეფარიკავება სათამაშო ხმლით, ასწავლეთ, როგორ მოზომოს ძალა, რათა მეგობარს არ ატკინოს ან თავი არ დაიზიანოს.

ბავშვს უარყოფითი გმირის განსახიერება უყვარს? – უმეტესად არც ეს არის ნერვიულობის საფუძველი. იქნებ რომელიმე ნახატმა ანტიგმირმა მოხიბლა – მულტფილმებში ხომ ბოროტმოქმედები ხშირად სასაცილოები არიან და საბოლოოდ მაინც კეთილები აღმოჩნდებიან ხოლმე, ან სიკეთით გამოისყიდიან დანაშაულს. დააკვირდით ბავშვს და მიხვდებით, რომ სინამდვილეში ის გულად რაინდს განასახიერებს ან უკანასკნელ წუთს კეთილი გმირის მხსნელად იქცევა.

თუ გეჩვენებათ, რომ ბავშვს ზედმეტად იზიდავს უარყოფითი გმირის სტატუსი და, საზოგადოდ, თანატოლების ან ცხოველების მიმართ ძალადობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, აუცილებლად გაესაუბრეთ ფსიქოლოგს.

რეალური გმირი

თუ ხედავთ, რომ თქვენი პატარა მოხიბლულია გმირებით და ძალიან უნდა, მათსავით შეეძლოს ადამიანების დახმარება, მიეცით საშუალება, ყოველდღიურობაში ჩაიდინოს პატარ-პატარა გმირობები. მაგალითად, სთხოვეთ, მოუაროს პატარა დაიკოს, სანამ თქვენ მაღაზიაში ჩახვალთ (რა თქმა უნდა, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ამას შეძლებს), დაეხმაროს მოხუც მეზობელს მაღაზიიდან სურსათის ამოტანაში და ასე შემდეგ. მერე ამისთვის შეაქებთ, ისიც ნამდვილ გმირად იგრძნობს თავს და კიდევ უფრო გაუღვივდება სხვების დახმარების სურვილი.

სათამაშო სუპერგმირები

ზოგიერთი სათამაშო სუპერგმირი, რომელსაც საკუთარი იარაღი მოჰყვება, საკმაოდ აგრესიული თამაშის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ასეთი სათამაშოები, რომლებითაც მხოლოდ ერთი ტიპის თამაში შეიძლება, ბავშვს წარმოსახვის გავარჯიშების საშუალებას ართმევს. თუ ატყობთ, რომ ბავშვი ჩაციკლულია ასეთ სათამაშოზე, დაეხმარეთ, გაიფართოოს თვალსაწიერი, შესთავაზეთ სხვადასხვა სცენარი, რათა თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახადოს, მიეცით სხვა სათამაშოებიც, რომლებიც უფრო თავისუფალი სათამაშო სივრცის შექმნის საშუალებას იძლევა. რასაკვირველია, ამ თამაშში მისი საყვარელი გმირიც მიიღებს მონაწილეობას.

გახსოვდეთ, ასეთი თამაშებით გატაცება ბავშვის განვითარების ტიპობრივი ფაზაა, რომელსაც უმტკივნეულოდ გაივლის, თუ თქვენც დაეხმარებით, ხელს შეუწყობთ, სწორად წარმართოს თავისი წარმოსახვა და ასწავლით, რომ სიკეთე ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და ისე არ ქნათ, რომ საპირისპირო შედეგი მიიღოთ.

ძალადობრივი ვიდეოთამაშები

სხვაგვარად დგას საკითხი ძალადობრივი ვიდეოთამაშების შემთხვევაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა: სამი ათასამდე მესამე-, მეოთხე-, მეშვიდე– და მერვეკლასელ ბავშვს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად თამაშობდნენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს, დროთა განმავლობაში უფრო აგრესიულები ხდებოდნენ, ადვილად ღიზიანდებოდნენ და თითქოს გამუდმებით მტრების ძიებაში იყვნენ, უჭირდათ თანატოლებთან ახალი კონტაქტების დამყარება, ერიყებოდნენ ოჯახის წევრებს.

უბრალო მაგალითი: ბავშვი, რომელიც რეგულარულად ერთობა ძალადობის შემცველი ვიდეოთამაშებით, უფრო აგრესიულად მოიქცევა, თუ სკოლის დერეფანში შემთხვევით შეეჯახა ვინმე – შესაძლოა, ხელი ჰკრას, გამოლანძღოს, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუღიმებდა და ეტყოდა: არა უშავს, ვის არ მოსვლიაო, – რაც ნორმალური უკუკავშირის ფორმაა და არა აგრესიული რეაქცია, რომლისკენაც ბავშვი სწორედ ვიდეოთამაშების დამსახურებითაა მიდრეკილი.

აგრესია დასწავლილი ქცევაა. ბავშვი მას ისევე იმახსოვრებს და ითვისებს, როგორც, მაგალითად, რომელიმე საცეკვაო ილეთს. როდესაც ის გამუდმებით უყურებს პერსონაჟების აგრესიულ ქცევას, თავისდა უნებურად აღიქვამს მას როგორც ნორმალურს და შემდეგ ქცევის ამ მოდელს რეალურ ცხოვრებაშიც იყენებს.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილებაში ძალიან დიდია მშობლის როლი. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, რა შინაარსის ფილმებს და ვიდეოებს უყურებს თქვენი შვილი და რა თამაშებს თამაშობს. თუ მცირე ასაკიდანვე ჩაუნერგავთ, რომ აგრესია ცუდია, რომ მსგავს თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, გადაარჩენთ ასეთ აქტივობებში დროის ხარჯვას. ამაზე ზრუნვა კი მანამდე უნდა დაიწყოთ, სანამ ბავშვი გისმენთ და თქვენს აზრს ითვალისწინებს, სანამ მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი თქვენ ხართ და არა მეგობრები.

ამასთან, ყოველთვის უსმინეთ შვილს და ეცადეთ, მასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ, რათა თქვენი რჩევები მიიღოს და სიკეთე, რომელსაც ასწავლით, მისი ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: