რას გვირჩევს სკოლის ექიმი
გააზიარე:
შარშან განათლების სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აჭარისა, სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამა განახორციელა. პროგრამამ 100 საჯარო სკოლა მოიცვა. ამ სკოლებში დღეს ბავშვებს ექიმი ემსახურება. ამის წყალობით მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც თავს უფრო მშვიდად გრძნობენ.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი ნელი ბადრიაშვილი, თბლისის 169-ე სკოლის ექიმია. განვლილი ერთი წლის განმავლობაში მან უკეთ დაინახა სასკოლო ასაკის ბავშვების ჯანმრთელობისა თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ამასთან ერთად ის სკოლის ექიმის ფუნქციებსა და ჯანსაღი თაობის აღზრდის პრინციპებზეც გვესაუბრება.
– ქალბატონო ნელი, რა ევალება სკოლის ექიმს?
– სკოლის ექიმის უმთავრესი მოვალეობაა იმ სანიტარიულ-ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ფიზიკური განვითარების სრულყოფას და ამით მოზარდი თაობის სრულფასოვანი სწავლისა და ჰარმონიული განვითარების საფუძველს ქმნის.
ჩემი და ალბათ ყველა სკოლის ექიმის სამუშაო დღე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებით იწყება. ვამოწმებ საკლასო ოთახების სისუფთავეს, მათ განათებას... ვმონაწილეობ სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში. თვალყურს ვადევნებ, რომ ბავშვებმა გაკვეთილებს შორის ფიზიკურად იაქტიურონ, მათი ასაკისა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლებს რეკომენდაციებს ვაძლევ სკოლის გარეთ დღის რეჟიმის დაგეგმვის შესახებ, ვუხსნი პედაგოგებს, როგორ უნდა ისხდნენ ბავშვები მერხებთან, ვამოწმებ მერხების შესაბამისობას მათ ასაკსა და სიმაღლესთან.
ეტაპობრივად ყველა კლასში ვატარებ მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. ეს გულისხმობს ფიზიკური მონაცემების (სიმაღლის, წონის, გულმკერდის გარშემოწერილობის) შემოწმებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსმენით გამოკვლევას, ტანადობის შემოწმებას და სკოლიოზის, ტერფმრუდობის, ბრტყელტერფიანობის აღმოჩენას, მხედველობის დარღვევების გამოვლენას. არის შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს ამის თაობაზე წარმოდგენა არ აქვთ.
ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენისას ინფორმაციას ვაწვდი პედაგოგსაც და მშობელსაც. პედაგოგს ვაფრთხილებ, ახლომხედველი ბავშვი წინ დასვას.
ყურადღებას ვამახვილებ ბავშვებზე, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. მათ მშობლებს ვურჩევ, ბავშვს გრიპის სეზონური ვაქცინაცია ჩაუტარონ.
აღრიცხვაზე მყავს ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებიც. დამრიგებლებმა იციან, რომ ყველა ასეთი მოსწავლის შესახებ უნდა მომაწოდონ სამედიცინო დასკვნა, რათა მოულოდნელი შემთხვევებისთვის მზად ვიყო. დროდადრო ვამოწმებ, როგორ მიდის ასეთი დაავადებები. თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, ვეხმარები.
– ტარდება თუ არა იმუნიზაცია სკოლაში?
– სკოლაში არა, მაგრამ ბავშვებს სამედიცინო ფორმების მოტანას ვთხოვ, ვამოწმებ იმუნიზაციის მდგომარეობას და შესაბამის მითითებებს ვაძლევ. თუ მოსწავლეს საშიში გადამდები ინფექციური დაავადება აღმოვუჩინე, უნდა ვაცნობო რაიონის ეპიდემიოლოგს, რომელიც სათანადო ზომებს მიიღებს.
– უმეტესად რასთან გაქვთ საქმე?
– ტრავმებსა და მიკროტრავმებთან – ბავშვები აქტიურად მოძრაობენ, დარბიან, ზოგს ფეხი უბრუნდება, ზოგი იქცევა, ზოგი რამეს ეჯახება... ზოგჯერ მოსწავლეს სიცხე უწევს, თავი ან მუცელი სტკივდება, ფაღარათი ეწყება, გული ერევა... პირველ დახმარებას ვუწევ, მერე კი მშობელს ვუკავშირდები, რომ ბავშვი სახლში ან საავადმყოფოში წაიყვანონ. თუ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი მოგვარება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, სასწრაფო დახმარებას ვიძახებ.
მძიმე ტრავმები იშვიათია, რადგან სკოლაში ვითარებას მანდატურებიც და პედაგოგებიც სათანადოდ აკონტროლებენ.
– რა პრობლემები აქვთ დღევანდელ მოსწავლეებს?
– მოსწავლეობის წლები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელ, ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი ეპოქის ბავშვების მთავარი პრობლემები ის არის, რომ ძალიან ცოტას აქტიურობენ ფიზიკურად და გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ახერხებენ ბალანსირებულ კვებას.
შეუძლებელია, ბავშვი კომპიუტერთან არ ურთიერთობდეს, მაგრამ უნდა მოვახერხოთ, რომ ის ბავშვის მეგობარი იყოს და არა მტერი, მივდიოთ სპეციალისტთა რჩევებს, რათა კომპიუტერის უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ და ბავშვმა მისგან სარგებელი მეტი მიიღოს, ვიდრე ზიანი.
დღეს, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, გონებრივი შრომა სჭარბობს ფიზიკურს. შეინიშნება პერსპექტიული განათლებისადმი სწრაფვა და ეს მარათონი პირველი კლასიდანვე იწყება. მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც სპორტულ აღზრდაზე მეტად სხვადასხვა დისციპლინის შესწავლაა პრიორიტეტული. ზოგი ბავშვი ფინანსური პრობლემების გამო ვერ მისდევს სპორტს. არადა ფიზიკური განვითარების შეფერხება სასწავლო პროცესის წარმატებასაც აფერხებს. ამიტომ ფიზიკური აქტიურობის პროპაგანდა ჩვენი: ექიმების, პედაგოგების, მშობლების – საერთო ამოცანა უნდა იყოს.
ფიზიკური კულტურისა და სპორტისადმი მისწრაფება ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უნდა გაუღვივოს ოჯახმა, სკოლამ კი სისტემატური მუშაობით განამტკიცოს ეს სწრაფვა. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აქტივობა და სპორტული დატვირთვა საჭიროა არა მარტო სწავლის პერიოდში, არამედ არდადეგებსა და უქმეებზეც.
– თანამედროვე ბავშვები მართლაც ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან?
– კომპიუტერთან ურთიერთობას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგრამ ხშირად ბავშვები ვერ ზომავენ და ნებადართულზე მეტ დროს უთმობენ კომპიუტერს. მოდი, განვიხილოთ ამის უარყოფითი ასპექტები:
* დიდხანს ჯდომისას იძაბება კისრის, თავის, ხელის, მხრების კუნთები, იტვირთება ხერხემალი, ხელსაყრელი პირობები იქმნება სკოლიოზის განვითარებისთვის.
* ნაკლებად მოძრავი ცხოვრება სიმსუქნის მიზეზად იქცევა.
* მიჩნეულია, რომ თანამედროვე მონიტორები ჯანმრთელობისთვის არ არის მავნე, თუმცა მის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას განსაზღვრული უარყოფითი გავლენა მაინც აქვს.
* ეკრანის ხანგრძლივი ყურება ძლიერ ტვირთავს მხედველობას – თვალები რეაგირებენ ტექსტისა და სურათების ვიბრაციაზე, რაც თანდათან მხედველობით აღქმაზე აისახება.
* მტევნის სახსრების ჭარბი დატვირთვა მათი შემადგენელი ელემენტების დაზიანებას იწვევს.
* ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებს ინფორმაციის დაკარგვით გამოწვეული სტრესი.
კიდევ ერთი პრობლემაა კომპიუტერზე დაგროვილი მტვერი, ბაქტერიები და მიკრობები, რომლებმაც შესაძლოა ალერგიასა და სხვა დაავადებებს გაუწიოს პროვოცირება.
საყურადღებოა თამაშებზე დამოკიდებულებაც. მოზრდილისგან განსხვავებით, ბავშვის ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და მასზე კომპიუტერის გავლენა უფრო ძლიერია, ამიტომ კომპიუტერთან მისი ურთიერთობა რაციონალური და დროში შეზღუდული უნდა იყოს. მშობლებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ კომპიუტერთან გატარებული დრო. მუშაობისას, თამაშისას, მულტფილმის ყურებისას მონიტორთან ჯდომის ხანგრძლივობა 6 წლამდე ასაკში არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, 8-10 წლის ასაკში – ერთ საათს, 11 წლიდან – საათ-ნახევარს. სასურველია, ბავშვმა 15 წუთში ერთხელ აქტიურად დაისვენოს. ასწავლეთ მარტივი ვარჯიშები, მაგალითად, ჩაბუქვნა, კორპუსის ტრიალი, წინ დახრა, უკან და აქეთ-იქით გადახრა, კისრის ტრიალი, ხელების ტრიალი მაჯის, იდაყვის, მხრის სახსარში, მუშტის შეკვრა-გაშლა და სხვა.
საჭიროა თვალების ვარჯიშიც. თვალებისთვის მრავალნაირი ვარჯიში არსებობს, მაგრამ პრინციპი ერთი აქვთ – აამუაშონ თავლის მამოძრავებელი და აკომოდაციური კუნთები. მაგალითად, შეიძლება, ბავშვს ასეთი ვარჯიში შესთავაზოთ:
* 1-4 თვლაზე თვლები მაგრად დახუჭოს, შემდეგ გაახილოს, მოადუნოს თვალის კუნთები და 1-6 თვლაზე შორს გაიხედოს.
* 1-4 თვლაზე შეხედოს ცხვირის ფუძეს, შემდეგ 1-6 თვლაზე კვლავ შორს გაიხედოს.
* თავის მიუბრუნებლად გაიხედოს მარჯვნივ და 1-4 თვლაზე შეაჩეროს მხედველობა, შემდეგ 1-6 თვლაზე გაიხედოს შორს. იგივე გაიმეოროს მარცხენა მხარესაც.
* 1-6 თვლაზე მზერა სწრაფად გადაიტანოს დიაგონალურად მარჯვნივ და ზევით, შემდეგ – მარცხნივ და ქვევით. იგივე გაამეოროს მეორე დიაგონალზე.
თითოეული ვარჯიში ბავშვს 4-5-ჯერ გაამეორებინეთ.
ბავშვი კომპიუტერთან მოხერხებულად უნდა იჯდეს. მაგიდა და სკამი მის ასაკსა და სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს, რათა ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემები ზედმეტად არ გადაიტვირთოს. სასურველია, ჰქონდეს ფეხების დასადგმელიც, რაც მუხლის სახსრის მოხრის კუთხეს დაარეგულირებს. სამუშაო ოთახს უნდა ანათებდეს როგორც ბუნებრივი სინათლე, ასევე ნათურაც. ოთახი ხშირად უნდა განიავდეს და დამუშავდეს სველი წესით.
კომპიუტერული დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ბავშვები უნდა ჩავაბათ სპორტში, ხელი შევუწყოთ ერთმანეთთან მათ დამეგობრებას. თუ კომპიუტერთან მაინც ბევრ დროს ატარებს, შეიძლება, ეს მის სასარგებლოდ გამოვიყენოთ – ვასწავლოთ კომპიუტერული ინჟინერია, რაც, მის პროფესიად თუ არ იქცევა, ნებისმიერ საქმიანობაში გამოადგება და ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს.
სწორი გამოყენების შემთხვევაში კომპიუტერი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ამიტომ არ უნდა ვუფრთხოდეთ ბავშვს ოთახში კომპიუტერის დადგმას, მაგრამ საჭიროა, მშობლებიც ერკვეოდნენ ამ სფეროში, თუნდაც იმისთვის, რომ აკონტროლონ, რითია გატაცებული მათი შვილი, გაიზიარონ მისი გატაცება და, საზოგადოდ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ შვილთან ურთიერთობას.
– კვების თვალსაზრისით რა პრობლემები შეინიშნება?
– ბავშვი დღე–ღამის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს სკოლაში ატარებს და ამის გამო, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებს სწორ კვებას, ამიტომ მშობელმა თვალი უნდა ადევნოს, რომ მისი შვილი ნაჭამი გამოვიდეს შინიდან. ბავშვის რაციონი მრავალფეროვანი, დაბალანსებული უნდა იყოს, შეიცავდეს ყველა აუცილებელ ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემენტებს. უნდა ვეცადოთ, საკვები იყოს ახალი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა. მნიშვნელოვანია საკმაო ოდენობის ხილისა და ბოსტნეულის მიღება – ისინი ორგანიზმს აწვდიან აუცილებელ ინგრედიენტებს, ფიტონუტრიენტებს, უჯრედისს.
საუზმისთვის საუკეთესოა სახამებლის შემცველი კერძები, მაგალითად, რძიანი ფაფა. ასეთი საუზმე ნელა აითვისება და ორგანიზმს დიდხანს უზრუნველყოფს ენერგიით. მასთან ერთად შეიძლება შევთავაზოთ ხილის, ბოსტნეულის წვენი, ჩაი, რძე. კვებათა შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს, რათა კუჭ-ნაწლავის ფერმენტულმა სისტემამ და მოტორიკამ სწორად იმუშაოს.
მეორე საუზმე, რომელსაც ბავშვი სკოლაში მიირთმევს, შეიძლება იყოს ბუტერბროდი ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცით, სალათის ან კომბოსტოს ფოთლით, კიტრით ან ბულგარული წიწაკით, უცხიმო ყველით. დესერტად შეიძლება გამოვატანოთ ვაშლი ან სხვა ხილი. ძეხვი, ჩიპსები, ნამცხვრები სასურველი არ არის.
შინ ბავშვმა კარგად უნდა ისადილოს. თუ მოზრდილი ადამიანისთვის წვნიანი არ არის აუცილებელი, ბავშვისთვის ის მეტად მნიშვნელოვანია. მეორე კერძად შეგიძლიათ შესთავაზოთ მოხარშული ხორცი ან თევზი ბოსტნეულის გარნირით, ბოლოს კი დესერტი. წვნიანი არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი და ძვლის ბულიონზე მომზადებული.
სამხრად შეიძლება მიირთვას ფუნთუშა რძესთან ან მაწონთან ერთად, ყველიანი ბუტერბროდი ჩაისთან ერთად, ხილი, ვახშმად კი კვერცხი, ხაჭო, თევზი, წვენი, რძე, მაწონი.
სასურველია, პური ქატოს შეიცავდეს.
ნამცხვრები და შოკოლადის კანფეტები ყოველდღიური საჭმელი არ არის, ამით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გავუმასპინძლდეთ.
კვების შუალედებში ბავშვს წყლის დალევაც არ უნდა დაავიწყდეს – დღე–ღამეში მან 1–2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს.
ამრიგად, უნდა გვახსოვდეს, რომ რაციონალური კვების მთავარი პრინციპებია: ადეკვატური ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც ბავშვის ენერგოხარჯვას შეესაბამება, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონი, კვების ოპტიმალური რეჟიმი, საკვების მომზადების სწორი ტექნოლოგია, რომელიც კერძს საგემოვნო და კვებით ღირებულებებს უნარჩუნებს. ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის ორაგნიზმის თავისებურებები და კვების უსაფრთხოების პრინციპის დაცვა.
სასკოლო ასაკში ბავშვის ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება; ვითარდება ყველა ძირითადი სისტემა: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული; სქესობრივი მომწიფების გამო ხდება ორგანიზმის რადიკალური ენდოკრინული გადაწყობა; ვიზუალური გარდაქმნის ფონზე იტვირთება ფსიქოემოციური სფერო; თანდათან იმატებს არა მხოლოდ სასკოლო დატვირთვა, არამედ სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეებიც.
კვების სწორი ორგანიზება ბავშვს მრავალი სირთულის დაძლევაში დაეხმარება. ორგანიზმი ყველა რესურსით უნდა მომარაგდეს, რაც ზრდისა და განვითარებისთვის, მზარდი სასკოლო დატვირთვის ასატანად და სქესობრივი მომწიფებისთვის არის საჭირო.
ყველას გვსურს, აღვზარდოთ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და გონებრივად ჰარმონიულად განვითარებული ბავშვები. ჩვენ ისეთ ეპოქაში შევდივართ, რომელიც ადამიანს ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს და ამისთვის ყოველი ჩვენგანი ბავშვობიდანვე უნდა მოემზადოს, სხვაგვარად გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდება.
მარი აშუღაშვილი