საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ

გააზიარე:

ირგვლივ ყურადღებით თუ მიმოვიხედავთ, შევამჩნევთ, რომ საოცრებებით სავსე სამყაროს ნაწილი ვართ: უსასრულო კოსმოსში მოძრავი ატომების გროვა, ჩვენი სხეული, საათივითაა აწყობილი უამრავი კანონზომიერების დაცვით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალი პროცესი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, შეგვიძლია გავეცნოთ ცალკეულ ორგანოთა შესახებ მეცნიერულად დადასტურებულ საინტერესო ფაქტებს.

მყარი დისკი

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ტვინს ჟელესებრი კონსისტენცია აქვს და მუდმივ ფორმას ლიქვორში (თავზურგტვინის სითხეში) ტივტივით ინარჩუნებს, რის გამოც მისი წონა თავის ქალაში 50 გრამს არ აღემატება, თუმცა სინამდვილეში 1300-1500 გრამს იწონის. ბევრს არც ის ეცოდინება, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის უმთავრესი ორგანოს 60 პროცენტს ცხიმები შეადგენს, დანარჩენ 40-ს კი წყალი, ცილები, ნახშირწყლები და მარილები. ამგვარად, ტვინი სხეულის ყველაზე “ცხიმიანი” ორგანოა. სწორედ ცხიმის წყალობით არის შესაძლებელი ნერვულ სისტემაში იმპულსის გატარება და სხვა მნიშვნელოვან მედიატორებთან ერთად სეროტონინის – დადებით ემოციებზე პასუხისმგებელი ჰორმონის – გამომუშავებაც.

ტვინი კუნთი არ არის, ის სისხლძარღვებისგან, დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონის (ნერვული უჯრედის) და მათზე 7-ჯერ მეტი თეთრი ნივთიერების – გლიის უჯრედებისგან შედგება. ყოველი ნეირონი ათასობით სხვა ნეირონს უკავშირდება. ასეთი კავშირები ნეირონებს შორის მუდმივად იბმება და ჩნდება ქსელები, რომლებსაც კოგნიტიური ველები ეწოდება. სწორედ ამ ველებში ინახება ყველა ინფორმაცია. კვლევების თანახმად, ადამიანის ტვინში დაშიფრული სახით წუთში 25 გიგაბაიტი ინფორმაცია შედის. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ინფორმაცია, რომელიც დღე-ღამეში ერთი ადამიანის თავის ტვინში ხვდება, დედამიწაზე არსებული ყველა ციფრული მოწყობილობის მიერ გაცემულ ინფორმაციათა ჯამის ტოლია.

ჰემატოენცეფალური ბარიერის წყალობით თავის ტვინი ორგანიზმის დანარჩენი ნაწილებისგან იზოლირებულია, უჟანგბადო გარემოში 3 წუთზე მეტხანს ვერ ძლებს და სხვა ორგანოებზე მეტ ჟანგბადსა და ენერგიას მოიხმარს. ცნობილია, რომ საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში გამოთავისუფლებული ენერგიის 70 პროცენტი საკვებისავე გადასამუშავებლად იხარჯება, დანარჩენი 30-დან კი 25 ტვინის მუშაობას ხმარდება (მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი სხეულის მასის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს).

დაბადებიდან ექვს წლამდე თავის ტვინი ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება. ახალშობილის ტვინის ზომა მოზრდილი ადამიანის ტვინის ზომის მეოთხედია. 6 თვისთვის ის ზრდასრულის ტვინის 50%-ს უტოლდება, 3 წლისთვის მის 80%-ს აღწევს, 5 წლისთვის კი 90%-ს.

დადგენილია, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში გაცილებით სწრაფად სწავლობენ, ვიდრე სიცოცხლის ნებისმიერ სხვა პერიოდში. 3 წლამდე ბავშვის ტვინი მოზრდილის ტვინზე 2,5-ჯერ უფრო აქტიურია და ასეთივე რჩება სიცოცხლის პირველი დეკადის განმავლობაში.

ტვინის განვითარება გენეტიკურად არის განპირობებული, თუმცა შესაძლებელია მისი მოდიფიცირება გარემო ფაქტორებით. ადამიანი ნერვული უჯრედების გარკვეული მარაგით იბადება, მაგრამ ნეირონების რიცხვზე მნიშვნელოვანი მათ შორის ჩამოყალიბებული სინაფსური კავშირების რაოდენობაა. სწორედ მათი წყალობით ვივითარებთ ემოციებს, მოძრაობისა თუ ქცევის კონტროლის უნარს, ლოგიკას, მეტყველებასა და მეხსიერებას. ტვინის ერთ უჯრედს სხვა უჯრედებთან დაუკავშირებლად არავითარი მოქმედების შესრულება არ შეუძლია. სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ტვინის უჯრედებს შორის უამრავი კავშირი ყალიბდება – ერთ ნეირონს შეუძლია დაუკავშირდეს 15 000 სხვა უჯრედს. 5 წლამდე ასაკში, კვლევების თანახმად, წამში დაახლოებით 700 სინაფსური კავშირი მყარდება. ეს ნეირონებს შორის კავშირების დამყარების ყველაზე აქტიური პერიოდია. ის კავშირები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენება, დროთა განმავლობაში უფრო ეფექტიანი ხდება, ხოლო ისინი, რომლებსაც პრაქტიკულად არ ვიყენებთ, თანდათან ქრება. 10-12 წლის შემდეგ გამოუყენებელი კავშირების დიდი ნაწილი ნადგურდება. ამრიგად, ტვინი მუშაობს პრინციპით: “გამოიყენე, თორემ დაკარგავ”.

დღემდე საკამათოა, მიმდინარეობს თუ არა ზრდასრულ ასაკში ნეიროგენეზი (ახალი ნეირონების წარმოქმნა). მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ადამიანის თავის ტვინში ახალი ნერვული უჯრედების ფორმირება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა დანამდვილებით ჯერ ვერაფერს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნეირონები ორგანიზმის ყველაზე დღეგრძელი უჯრედებია, მათი დიდი რაოდენობა მიგრაციისა (ტვინის კონკრეტულ ნაწილში წარმოქმნილ ნეირონს დანიშნულებისამებრ შეუძლია გადაადგილება) და დიფერენციაციის (ნეირონი იძენს მოტორულ, სენსორულ ან ნეირომედიატორთა მიმღებ-გადამცემ ფუნქციას) დროს იღუპება, ხოლო არაბუნებრივი სიკვდილის მიზეზი უმეტესად ტვინის ზოგიერთი დაავადება (პარკინსონის, ჰანტინგტონის, ალცჰაიმერის დაავადებები, ინსულტი) ან თავისა და ზურგის ტვინის ტრავმაა.

მოარული აზრი, რომ ადამიანი თავის ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს, მითია, რასაც ნევროლოგების მიერ ჩატარებული კვლევები ამტკიცებს. მეცნიერთა განმარტებით, ტვინის უმეტესი ნაწილი თითქმის ყოველთვის აქტიურია. მართალია, ყოველ მოცემულ მომენტში ტვინის ყველა უბანი ერთდროულად არ მუშაობს, მაგრამ ტვინის ვიზუალიზაციის ტექნიკას, რომელსაც ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ეწოდება, შეუძლია გაზომოს აქტივობა თავის ტვინში, როდესაც ადამიანი რაიმე დავალებას ასრულებს. ამ და მსგავსი მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ტვინის უმეტესი ნაწილი არათუ ყველაზე მარტივი მოქმედების შესრულებისას, ძილისა და დასვენების დროსაც კი აქტიურია.

ფიქრობთ, რომ ბალიშზე თავის დადებისა და თვალების დახუჭვის შემდეგ სენსორული ორგანოები გარემოსგან სრულიად ითიშება? ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მძინარე ადამიანის სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ღამითაც კი არ წყვეტს მუშაობას, ყურია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ღამით გაგონილი ხმები არ გვამახსოვრდება, ის არის, რომ ტვინი ძილის დროს უყოყმანოდ უკუაგდებს სმენის ორგანოდან მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

მტკიცე კარკასი

ჩვილს დაახლოებით 300 ძვალი აქვს. ზრდასთან ერთად ზოგი მათგანი ერთიანდება და საბოლოოდ სრულწლოვან ადამიანს მხოლოდ 206 ძვალი რჩება.

ძვლების ნახევარზე მეტი ფალანგებში, მაჯებში, კოჭებსა და ტერფებშია თავმოყრილი.

ადამიანის სხეულის უდიდესი ძვალი ბარძაყის ძვალია, ყველაზე პატარა კი – შუა ყურში, სასმენ ძვალთა კომპლექსში შემავალი უზანგი. ზოგ ადამიანს კბილებიც ძვლოვანი სისტემის ნაწილი ჰგონია, რადგან ისინიც თეთრია, მაგარი და დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, თუმცა განსხვავებული შენებისა და ფუნქციების გამო მეცნიერები კბილებს ძვალსახსროვან სისტემას არ მიაკუთვნებენ.

ადამიანის ძვლები ფოლადზე უფრო მტკიცეა. ასანთის კოლოფისოდენა ძვლის ბლოკს შეუძლია გაუძლოს 8200 კილოგრამამდე წონის ტვირთს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მობინადრე სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით ვერც ძალ-ღონით, ვერც სისწრაფით და ვერც სიდიდით ვერ დავიკვეხნით, ერთი რამ მაინც სხვებზე უკეთ გამოგვდის – შორ მანძილზე სირბილი. გრძელი ფეხები, სხეულის ვერტიკალური პოზიცია და ოფლის გამოყოფით ორგანიზმის გადახურების პრევენცია ის ფაქტორებია, რომლებიც საუკეთესო მორბენლებად გვაქცევს. პირველყოფილი მონადირეები ცხოველს მანამდე მისდევდნენ, სანამ ის დაღლილობისგან უსულოდ არ დაეცემოდა. ნადირობის ეს ტაქტიკა უძველესი დროის ჰომო საპიენსების ერთ-ერთი წარმატებული საქმიანობა იყო.

მოუსვენარი ბაგუნა

დღე-ღამის განმავლობაში გულის შეკუმშვათა რიცხვი 86 000-დან 144 000-მდე მერყეობს, ერთი წლის განმავლობაში კი 30-50 მილიონს აღწევს. ამ კოლოსალური სამუშაოს მიუხედავად, ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი მაინც ასწრებს დასვენებას – ყოველ სისტოლას (პარკუჭების კუნთოვანი ბოჭკოების რიტმული შეკუმშვას) მოსდევს დიასტოლა (პარკუჭების მოდუნება) რომელიც 0,5 წამი გრძელდება. ამ დროს წინაგულებიც ისვენებს.

ალბათ გაგიგონიათ, რომ ადამიანის გული მუშტისოდენაა. თუ ახალშობილის ან ზრდასრულის გულის ზომა გაინტერესებთ, ამის წარმოდგენაში მისივე შეკრული მუშტი დაგეხმარებათ.

სიკვდილიანობა უმეტესად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილად რომ მოდის, ყველამ იცის. ამერიკელ მეცნიერთა ანგარიშის თანახმად, სამსახურში დაბრუნების მოლოდინში განცდილი სტრესის ან შაბათ-კვირას ჩვეულებრივზე მეტის დალევის ტენდენციის გამო ორშაბათი გულის ტკივილის ყველაზე “პროგნოზირებადი” დღეა.

გულისცემა და არტერიული წნევა ძილის დროს დაბლა იწევს. გულს აქვს ყოველდღიური რიტმი, რომელიც ჩვენი ძილის ციკლს უთანაბრდება. ღამის განმავლობაში ადამიანის გულისცემა შეიძლება წუთში 50-40 დარტყმამდე გაიშვიათდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის დაუღალავად მშრომელი ტუმბოსთვის, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ძილთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მეტი ალბათობა აქვთ.

ღია გულზე პირველი წარმატებული ოპერაცია დენიელ ჰეილ უილიამსმა 1893 წელს ჩაატარა. Provident Hospital and Training School Association-ში მუშაობისას მას მიუყვანეს პაციენტი გულში დანით მიყენებული ღია ჭრილობით. მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წამები წყვეტდა. ექიმმა გადაწყვეტილება მიიღო და მედიცინის ისტორიაში პირველად გაკერა პერიკარდიუმი (გულის პერანგი). 50 დღეში პაციენტი სავსებით გამოჯანმრთელდა და დენიელ ჰეილ უილიამსმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მსოფლიო მედიცინის ისტორიაში.

მარი მარღანია

გააზიარე: