ქეთევან მატაბელის ფერებით მდიდარი სამყარო

გააზიარე:

ხელოვნებაში ყველაზე საინტერესო ძიების პროცესია, ამიტომ მიღწეულს არასოდეს ვჯერდებიო, მითხრა მხატვარმა ქეთევან მატაბელმა. ალბათ, ამიტომაც გამოირჩევა მისი ნამუშევრები ტექნიკური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული თემატური სერიები, არაორდინარული მასალით – ხით, ქვით, მეტალით – შესრულებული მოდერნისტული კოლაჟები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნის.

ევროპელმა აუდიტორიამ ქეთევან მატაბელის ნამუშევრები 1988 წელს გაიცნო, როცა ისინი, ირაკლი ფარჯიანის, ლევან ჭოღოშვილისა და გია ბუღაძის ნამუშევრებთან ერთად, პალერმოს ერთ-ერთ გალერეაში გამოიფინა. მას შემდეგ ქეთევან მატაბელს რეგულარულად იწვევენ ევროპის დიდ საგამოფენო დარბაზებში. მისი ნამუშევრები ილია მეორის, იოანე-პავლე მეორის, ჯორჯ ბუშის და სხვა ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებში ინახება.

უნიკალური მიმდინარეობა

ქეთევან მატაბელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერია ფოლიანტებია. ამაყობს, რომ ამ ტექნიკის ექსკლუზივი მას ეკუთვნის.

მხატვრის წინაპრები სამღვდელოების წარმომადგენლები ყოფილან. საოჯახო რელიკვიად შემორჩა სანთელდაღვენთილი, კიდეებმომწვარი ძველი ლოცვანი... მოგონებებად ქცეული ბავშვური შთაბეჭდილებები შთაგონების წყაროდ იქცა... ჯერ ქაღალდის ნამწვი გამოიყენა, მერე ნამუშევრის ცეცხლზე დაძველება სცადა... თანდათან უნიკალური ტექნიკა შეიმუშავა.

ორიოდე წლის წინ ოქსფორდში გამოიცა ნიკოლოზ ალექსიძის წიგნი “საქართველო – კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში”. მისი მომზადების იდეა ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაიბადა – იქ, სადაც უორდროპების კოლექციაა დაცული. გამოცემის ილუსტრაციული კოლაჟი ფოლიანტებით ქეთევან მატაბელმა შეასრულა.

“ვეფხისტყაოსანი”

პოეზია ქეთევან მატაბელისთვის შთაგონების ამოუწურავი წყაროა. მისი ილუსტრაციებით გამოიცა შექსპირის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, აკაკი წერეთლის, ასევე – ჩვენი თანამედროვეების: ლაშა თაბუკაშვილის, გიორგი ლობჟანიძის, თამაზ ჩაჩავას კრებულები. “ვეფხისტყაოსანი” კი მხატვრისთვის საკრალური თემაა. რუსთაველის უკვდავ პოემასთან მისი შემოქმედება პირველად პროექტ “ჩვენ და ვეფხისტყაოსანის” ფარგლებში გადაიკვეთა: “სეზანმა” გამოსცა ქეთევან მატაბელის მიერ ილუსტრირებული წიგნი. მოგვიანებით ხელოვნების განვითარების ფონდ IMთ-ის პროექტში “რუსთაველი – ოცდამეერთე საუკუნე” მიიწვიეს: ებრაელი და ქართველი ერების ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში “ვეფხისტყაოსნის” ებრაული თარგმანი ქეთევანის მხატვრული გაფორმებით გამოიცა. მისივე ილუსტრირებულია “ვეფხისტყაოსნის” “პალიტრა L-ისეული” გამოცემა...

– “ვეფხისტყაოსანზე” მუშაობამ სულის უკვდავების რწმენა განმიმტკიცა. მჯერა, რომ ხილულთან ერთან არსებობს უხილავი ქვეყანაც, რომ სამყარო ერთი მთლიანობაა და რომ ბოროტი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა დავამარცხოთ, სიკეთით ვძლიოთ. მჯერა, რომ ადამიანებს სიკეთით და სიყვარულით ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. როდესაც უწმინდესსა და უნეტარესს ჩემ მიერ ილუსტრირებული “ვეფხისტყაოსანი” მივართვით, გვითხრა, რომ ძველად საქართველოში ქალს მზითვად “ვეფხისტყაოსანს” და ბიბლიას ატანდნენ, დაგვლოცა და კურთხევა მომცა, ბიბლიაც დამესურათებინა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ეს ჩემთვის, მაგრამ პატრიარქის სიტყვებმა ძალა შემმატა და ბიბლიის მხატვრულ გაფორმებაზე დავიწყე მუშაობა.

გამოფენების სერია განსხვავებულად მხედველთათვის

უკვე შვიდი წელია, ქეთევან მატაბელი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და პედაგოგებთან ერთად უნიკალურ პროექტს ახორციელებს – უსინათლოებისა და მხედველობადაქვეითებულთათვის გამოფენებს მართავს:

– ზოგი მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს სამყაროს, ზოგს ნათელი ფერების დანახვა შეუძლია... მათთვის კოლაჟებს განსხვავებული ტექნიკით ვქმნით, რომელიც უმთავრესად შეხებით აღქმისთვისაა განკუთვნილი. ამასთან ერთად, ვესაუბრებით თითოეულ ნამუშევარზე და აუდიოჩანაწერებს ვასმენინებთ. ეს გამოფენები ჩვენთვისაც – ავტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მერიისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ოცზე მეტი ასეთი გამოფენა გავმართეთ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ქალაქ მამბურგის უსინათლოთა სკოლასთან – მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის აშენებულ ერთ-ერთ უდიდეს ცენტრთან. ამ სკოლის წამყვანი ექსპერტი ეწვია საქართველოს, გაეცნო ჩვენს ნამუშევრებს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა – ჩრდილების თეატრის შექმნა შემოგვთავაზა. უკვე წლებია, ამ პროექტზეც ვუშაობთ. მას “სხივთა თეატრი” ვუწოდეთ.

თეატრი სრულიად განსხვავებული სამყაროა. ყოველი ასეთი წამოწყება ჩემში გარდატყდება, შეგრძნებების, ემოციების ქაოსს იწვევს. ამ ქაოსში ახალი იდეები იბადება და კულმინაციას აღწევს.

ახალი თაობა

სტუდენტებთან მუშაობა უდიდეს გამოცდილებად მიაჩნია. მრავალი წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ოცდაოთხი წლის იყო, როდესაც სკოლაში დაიწყო მუშაობა. შემდეგ მუსიკალურ სასწავლებელში მიიწვიეს.

– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სულხან-საბას უნივერსიტეტში ვასწავლი. ძალიან საინტერესო, მოაზროვნე თაობა მოდის. მათი მონაწილეობით არაერთი გამოფენა გავმართე და სხვა საინტერესო პროექტებიც განვახორციელე: “რუსთაველი”, “აბრეშუმის გზა”, “ხვამლის მთა”, “ქართული ანბანი”, “ფიროსმანის მოტივი”... მათ უმრავლესობას ევროკავშირის ქვეყნები მასპინძლობენ.

ოჯახი

– წარმოუდგენელი იქნებოდა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მხატვარი არ ყოფილიყო; ხელოვანის ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი ნიუანსია, რომლებსაც სხვა პროფესიის ადამიანი ძნელად თუ გაიგებს და შეეგუება, – ამბობს ქალბატონი ქეთევანი. მისი მეუღლე ცნობილი მხატვარი გიორგი გუგუშვილია. უფროსი ვაჟი, გიორგი ბანძელაძე-მატაბელი – ტელეკინორეჟისორი. ხელოვანია მისი მეუღლეც – ინა მგალობლიშვილი. მათი გოგონა დიდედას სეხნიაა. ქალბატონი ქეთევანის ქალიშვილმა, მარიამმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა შვეიცარიაში განაგრძო. უმცროსი ვაჟი ლუკაც თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია.

– ჩემი ოჯახის ყველა წევრმა ხელოვნება აირჩია. ვამაყობ, რომ ყოველი მათგანი სრულიად განსხვავებული და ინდივიდუალური შემოქმედია.

ადამიანები, რომლებმაც ჩემს ცხოვრებას ფერები შემატეს

– ჩვენს ოჯახში ხელოვანი არავინ ყოფილა, მაგრამ ადამიანებს, რომელთა შორისაც გავიზარდე, ესმოდათ და აფასებდნენ მხატვრობას, პოეზიას, თეატრს...

დედა ფილოლოგი იყო, მაგრამ შესანიშნავად ხატავდა. ნათლიის, გრაფიკოს ზურა კაპანაძის გავლენით, თოთხმეტი წლისამ მეც მხატვრობა გადავწყვიტე. ხიტა ქუთათელაძის სახელოსნოში მიმიყვანეს. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განვაგრძე სწავლა, ჯერ – გრაფიკის, მერე – ფერწერის ფაკულტეტზე. იმ ერთეულ სტუდენტებს შორის ვიყავი, რომლებიც შინ სტუმრობდნენ სერგო ქობულაძეს. მახსოვს მისი სახელოსნოს და სახლის საოცარი, ჯადოსნური გარემო, ისეთივე არაორდინარული, როგორიც თავად ბატონი სერგო გახლდათ.

პაპაჩემი, ვასილ მატაბელი, ცნობილი ინფექციონისტი იყო. დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მას მოწიწებით და მადლიერებით იხსენებენ: როცა კახეთში მალარია მძვინვარებდა, პაპამ შექმნა ჯგუფი, რომელმაც რეგიონში დაავადება დაამარცხა. მახსოვს, სწორედ პაპამ წამიყვანა პირველად ფიროსმანის ნამუშევრების სანახავად. მაშინ ეს დიდებული მხატვარი ასეთი პოპულარული არ იყო.

დიდედაც, ქეთევან გარსევანიშვილი, ექიმი გახლდათ. პაპამ და დიდედამ ერთმანეთი გორის მიწისძვრის დროს გაიცნეს.

მახსოვს კახეთში პაპისეული, ძველი, ლამაზი სახლიც, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებდა. ეს თბილი და საოცარი სახლი უამრავ დიდებულ ადამიანს მასპინძლობდა. ერთი უნიკალური კედელიც გვქონდა, რომელზეც რუსი, ქართველი და სხვა ეროვნების მწერლები, პოეტები, მხატვრები თავის ხელმოწერებს, ლექსებს და პატარ-პატარა ნახატებს ტოვებდნენ.

მამაჩემი, გული მატაბელი, მეცნიერი, ინფექციონისტი გახლდათ. თანამედროვე წარმოდგენა ჰქონდა ხელოვნებაზე. ცნობილი ექიმი თემიკო ჩირგაძე (“ცისფერ მთებში” შესრულებულმა როლმა მას უფრო მეტად გაუთქვა სახელი) და პოეტი მიშა ქვლივიძე მამას მეგობრები იყვნენ. მიშა რუსეთში ცხოვრობდა. საქართველოში ისე არ ჩამოვიდოდა, რომ ჩვენთან არ შემოევლო. გაიშლებოდა დიდი სუფრა, შეიკრიბებოდნენ ოჯახის მეგობრები, ექიმები, მსახიობები, საუბრობდნენ მწერლობაზე, მღეროდნენ რომანსებს... თუმანიშვილისა და რუსთაველის თეატრების მსახიობებიც ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენს სახლში... მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომლისთვისაც ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. თავი ბედნიერად მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულმა მათგანმა გამომძერწა, გამზარდა და ულამაზესი ფერები შესძინა ჩემს ცხოვრებას.

 თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: