ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - მითები და ხშირად დასმული კითხვები
გააზიარე:
თემის კონსულტანტია “ავერსის კლინიკის” ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ მახარაძე
ფარისებრი ჯირკვალი, კისრის წინა ნაწილში მდებარე პატარა ორგანო, წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმის მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას აკონტროლებს, მათ შორის მეტაბოლიზმსაც – ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რომელზეც დამოკიდებულია, მაგალითად, კალორიების წვის სისწრაფე, გულისცემის სიხშირე და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ მოსახლეობაში ჯერ კიდევ ბევრი მცდარი წარმოდგენაა ფესვგადგმული, ამიტომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და ვუპასუხოთ მათთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს.
ჰორმონული დარღვევები
თავდაპირველად გავიხსენოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.
როგორც აღვნიშნეთ, მისი მთავარი ფუნქციაა მეტაბოლიზმის რეგულირება (მეტაბოლიზმი გახლავთ საკვების დაშლა ცალკეულ ნივთიერებებად, რომლებსაც ორგანიზმი სასიცოცხლო პროცესებისთვის იყენებს). ამისთვის ფარისებრი ჯირკვალი სპეციფიკურ ჰორმონებს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონებია T4 – თიროქსინი, რომელიც იოდის ოთხ ატომს შეიცავს – და T3 – იოდის სამი ატომის შემცველი ტრიიოდთირონინი.
სისხლში ამ ჰორმონების დონე, თავის მხრივ, ჰიპოფიზიდან – თავის ტვინში მდებარე ჯირკვლიდან – კონტროლდება. თუ დაიკლო, ჰიპოფიზი გამოყოფს უფრო მეტ TSH-ს – ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონს (Thyroid Stimulating Hormone), რომელიც ფარისებრ ჯირკვალს აიძულებს, მეტი ჰორმონი წარმოქმნას და პირიქით, თუ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებმა მოიმატა, TSH-ის რაოდენობა მცირდება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული აქტივობის შეცვლით გამოწვეული დარღვევები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ერთი ჰორმონების მომატების შედეგია, მეორე – შემცირებისა.
* ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს წარმოქმნის და სხეული ძალიან სწრაფად ხარჯავს ენერგიას. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს შფოთვით, გაღიზიანებით, ძილის დარღვევით, წონის კლებით, ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით, კუნთების სისუსტით და კანკალით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით ან შეწყვეტით, სითბოს აუტანლობით, თვალის გაღიზიანებით, მხედველობის პრობლემებით.
* ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ჰორმონს. მისთვის დამახასიათებელია მუდმივი დაღლილობა, გამოფიტულობა, წონის მატება, გულმავიწყობა, ხშირი და უხვი მენსტრუაცია, მშრალი და უხეში თმა, თმის ცვენა, ხმის ჩახლეჩა, სიცივის აუტანლობა.
სხვა დაავადებები
არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სხვა, არაჰორმონული მიზეზებით განპირობებული დარღვევებიც:
. ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა უმეტესად იოდის დეფიციტის ბრალია. იოდის უკმარისობა ადამიანის საცხოვრებელ გარემოში ამ ელემენტის სიმცირის შედეგია, ამიტომ იოდდეფიციტით გამოწვეულ ჩიყვს ენდემურ ჩიყვსაც უწოდებენ;
. ფარისებრი ჯირკვლის კვანძები;
. ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
. თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება, შეშუპება (ამ დროს მოსალოდნელია ჰორმონების რაოდენობის შემცირებაც);
. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, იგივე ჰაშიმოტოს ჩიყვი – ავტოიმუნური მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის და აზიანებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს. ეს დარღვევა მემკვიდრეობითია;
. მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი – ქალების 5-9%-ს უვითარდება და დროებითია;
. გრეივსის დაავადება, იგივე დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი – ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპერაქტიურია და ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონებს;
. იოდის სიჭარბე – როდესაც ადამიანი ჭარბად იღებს იოდს (საკვებდანამატის ან ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ამიოდარონის საშუალებით), ფარისებრი ჯირკვალი ჭარბად წარმოქმნის ჰორმონებს.
როგორც ვხედავთ, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათ ერთი საზომით ვერ მივუდგებით. ნებისმიერი ასეთი დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა ენდოკრინოლოგს უნდა მივანდოთ.
ვაქარწყლებთ მითებს
მოარული აზრის თანახმად: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მხოლოდ შუახნის და ხანდაზმული ქალების პრობლემაა
სინამდვილეში: ასე არ არის. მართალია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უმეტესად მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს (საზოგადოდ, ქალებს 5-8-ჯერ ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს), მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი ორივე სქესის ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან აღირიცხება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს ეს დაავადებები საკმაოდ გაახალგაზრდავდა.
მოარული აზრის თანახმად: ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს ადამიანს ბუდიდან შესამჩნევად წინ წამოწეული თვალები აქვს.
სინამდვილეში წინ წამოწეული თვალები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მხოლოდ ერთი სიმპტომია. ისიც უმეტესად ჰიპერთირეოიდიზმის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის) და გრეივსის დაავადების დროს გვხვდება.
მოარული აზრის თანახმად: ფარისებრი ჯირკვლის მწყობრიდან გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში ჩიყვის განვითარებას ნიშნავს.
სინამდვილეში: ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონეთა უმრავლესობას ჩიყვი არ უვითარდება. შესაძლოა, ორგანოს ფუნქცია დარღვეული იყოს, მაგრამ მისი ზომა და სტრუქტურა ნორმას შეესაბამებოდეს. მეორე მხრივ, გადიდებული ფარისებრი ჯირკვლი შესაძლოა ნორმალურად ფუნქციობდეს.
მოარული აზრის თანახმად: თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეულია, ეს აუცილებლად უნდა გამოვლინდეს შესაბამისი სიმპტომებით.
სინამდვილეში: ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს. მაგალითად, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პრობლემაზე მხოლოდ TSH-ის დონის მომატება მიუთითებს.
მოარული აზრის თანახმად: ფარისებრ ჯირკვალში წარმონაქმნების არსებობა კიბოს ნიშანია.
სინამდვილეში: ასე არ არის. ფარისებრ ჯირკვალში არსებული წარმონაქმნების მხოლოდ 5%-ია ავთვისებიანი. უდიდესი უმრავლესობა კეთილთვისებიანი კვანძი ან კოლოიდური ცისტაა.
მოარული აზრის თანახმად: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძალიან ადვილი სამკურნალოა.
სინამდვილეში: პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ რთულია. ზუსტი დიაგნოზის დასასმელადაც კი უამრავი განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მკურნალობის დაწყებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წამლის დოზის სწორად შერჩევას, ამიტომ მკურნალობის პროცესში ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია. კონტროლის სიხშირე დაავადებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გრეივსის დაავადების დროს საკონტროლო ვიზიტი 4-6 კვირაში ერთხელ ინიშნება, ჰიპოთირეოზის ან ქრონიკული ავტოიმუნური თეროიდიტის დროს – 3-6 თვეში ერთხელ. წამლის დოზის დარეგულირება ყოველთვის საწყის ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მიიღწევა. უნდა განისაზღვროს მკურნალობის მეთოდიც. მაგალითად, თუ მედიკამენტური თერაპია საკმარისი არ აღმოჩნდა, ტარდება ოპერაცია ან მკურნალობა რადიაქტიური იოდით.
მოარული აზრის თანახმად, იოდის შემცველი ტაბლეტებით ან დანამატებით (მაგალითად, იოდიანი მარილით) მკურნალობა უფრო უსაფრთხო და ბუნებრივია, ვიდრე წამლებით.
სინამდვილეში: არსებობს მდგომარეობები, როცა კატეგორიულად აკრძალულია იოდის პრეპარატების მიღება, რადგან ის პროვოცირებას უწევს დაავადების განვითარებას. ასე რომ, არ მიიღოთ იოდის დანამატები უექიმოდ.
მოარული აზრის თანახმად, ჰიპოთირეოზის დროს წამლის დოზის გაზრდას შეუძლია დააჩქაროს წონის დაკლება.
სინამდვილეში: წამლის (ლევოთიროქსინის) დოზის გაზრდამ შესაძლოა მართლაც დააჩქაროს წონის კლება, მაგრამ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენებიც: უძილობა, კანკალი, მადის მომატება, გულისცემის გახშირება, განვითარდეს ჰიპოთირეოზის საპირისპირო მდგომარეობა – მედიკამენტური ჰიპერთირეოზი. ასე რომ, აჯობებს, მოთმინება გამოიჩინოთ – ენდოკრინოლოგის რეკომენდაციების შესრულებით, წამლის სწორად შერჩეული დოზით წონის კორექციასაც მიაღწევთ.
მოარული აზრის თანახმად: ჰიპოთირეოზის მართვა მხოლოდ დიეტითაც შესაძლებელია
სინამდვილეში: ეს თავიდან ბოლომდე მითია! საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მინერალების შეცველი, დაბალანსებული დიეტა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ჰიპოთირეოზი, უნდა ეცადოთ, თქვენი კვება იყოს სრულფასოვანი, ხოლო ცხოვრების წესი – ჯანსაღი. მაგრამ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გარეშე, მხოლოდ კვებით, ჰიპოთირეოზს ვერ დაარეგულირებთ.
აქტუალური შეკითხვები
* რას ნიშნავს და როგორ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა?
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა გულისხმობს ვენიდან აღებულ სისხლში ჰორმონების დონის შემოწმებას. ყველაზე ხშირად მოწმდება თირეოტროპული ჰორმონი (TSH), თავისუფალი თრიოქსინი (FT4), თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT3), ანტისხეულები: ანტითირეოიდული პეროქსიდაზა (ანტი-TPO), ანტითირეოგლობულინი (ანტი-TG), ხოლო გრეივსის დაავადების სადიაგნოსტიკოდ – ანტითირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორი (ანტი-TSHR).
* როდის არის აუცილებელი ბიოფსია?
– ფარისებრი ჯირკვლის ზომას, სტრუქტურას, მოცულობას, ექოგენურობას, მასში არსებულ კვანძებს და სხვა ჩანართებს ულტრაბგერით იკვლევენ. თუ ექიმმა რომელიმე კვანძი საეჭვოდ მიიჩნია – მისი ზომა ერთ სანტიმეტრს აღემატება ან პატარაა, მაგრამ აქვს არასწორი, არამკაფიო კონტურები ან სხვა საეჭვო მახასიათებლები, – აუცილებელია კვანძის ასპირაციული ბიოფსია. პარალელურად უნდა ჩატარდეს ჰორმონული გამოკვლევაც.
ბიოფსიის პასუხიდან გამომდინარე გადაწყდება, სჭირდება თუ არა პაციენტს ოპერაციული ჩარევა.
* რა პერიოდულობით არის საჭირო კვანძების კონტროლი?
– გააჩნია კვანძს. ჩვეულებრივი, კოლოიდური კვანძების შემთხვევაში პაციენტს თავდაპირველად სამ თვეში ერთხელ იბარებენ, თუ კვანძი არ გაიზარდა – ექვს თვეში ერთხელ. იმავდროულად აუცილებელია ჰორმონების კონტროლიც, რადგან ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა მკურნალობაც დასჭირდეს.
* როდის ტარდება ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე?
– ავთვისებიანი პროცესის, დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვლის, დიდი ზომის კეთილთვისებიანი კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობისას, კვანძების სხვა ორგანოზე ზეწოლისას, გრეივსის დაავადებისას... ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაციის წინ ჰორმონული ფონი მოწესრიგებული უნდა იყოს.
* რატომ ასმევენ ადამიანებს რადიაქტიურ იოდს?
– რადიაქტიურ იოდს აძლევენ კიბოს ამოკვეთის შემდეგ, რათა ორგანიზმში დარჩენილი სიმსივნური უჯრედები გაანადგურონ. შესაძლებელია მისი გამოყენება გრეივსის დაავადების დროსაც ჯირკვლის აქტივობის დასათრგუნავად და ჰორმონების გამომუშავების შესამცირებლად.
* ყოველთვის მოითხოვს თუ არა მკურნალობას ავტოიმუნური თირეოიდიტი?
– ავტოიმუნური თირეოიდიტის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს და მათთან ბრძოლას იწყებს. ამისთვის ის გამოიმუშავებს სპეციალურ იმუნოგლობულინებს, ავტოანტისხეულებს, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მომატებული რჩება. ვითარდება ჯირკვლის ანთება, თუმცა ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციობს, ამიტომ ამ ეტაპზე ჰორმონების მოსაწესრიგებლად წამლებით სმა არ არის საჭირო. გარკვეული ხნის შემდეგ ფარისებრი ჯირკვალი, უხეშად რომ ვთქვათ, იღლება და უწინდებურად ვეღარ მუშაობს. ვითარდება ჰიპოთირეოზი. მკურნალობას სწორედ ამ ეტაპზე იწყებენ.
* რა მოხდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის უსიმპტომო დარღვევებს არ ვუმკურნალეთ?
– ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომო დარღვევების მკურნალობა ერთხანს არც არის საჭირო. მაგალითად, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც TSH-ის დონე მომატებულია, მაგრამ ფარისებრი ჯიკვლის ჰორმონები ნორმალურად გამომუშავდება.
* ფარისებრი ჯირკვლის რომელი დარღვევების დროს არის საჭირო მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე?
– თირეოიდექტომიის, ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ, რომელიც სიმსივნის გამო ტარდება, პაციენტმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე უნდა იმკურნალოს. იგივე ითქმის ქრონიკული ავტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად ჩამოყალიბებულ ჰიპოთირეოზზე, აგრეთვე – გრეივსის დაავადებაზე რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ.
* როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ წამლის მიღება დაავიწყდა?
– უნდა დალიოს, როგორც კი გაახსენდება, თუ უკვე არ დამდგარა მომდევნო დოზის მიღების დრო. არ შეიძლება ორი დოზის ერთბაშად მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. თუ ადამიანს ხშირად ავიწყდება წამლის მიღება, აჯობებს, მაღვიძარა მომართოს ან მობილური ტელეფონის რემაინდერით (შემხსენებლით) ისარგებლოს.
* პრევენციისთვის რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და როგორ?
– ნებისმიერმა ჯანმრთელმა ადამიანმა 6-12 თვეში ერთხელ უნდა შეამოწმოს სისხლში TSH -ის დონე და ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
მარი აშუღაშვილი