დიაბეტი: ნიშნები, რისკფაქტორები, დიაგნოსტიკა

გააზიარე:

დიაბეტი იმდენად გავრცელებული დაავადებაა, რომ მის შესახებ მეტ-ნაკლები წარმოდგენა თითქმის ყველას აქვს, მაგრამ თუ უეცრად სისხლში გლუკოზა მომატებული აღმოგაჩნდათ, ალბათ მაინც დაიბნევით.

სასოწარკვეთილების არავითარი საფუძველი არ არსებობს – მსოფლიოში თითქმის ყოველ მეთორმეტე ზრდასრულ ადამიანს დიაბეტი აქვს და მათი უმრავლესობა სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა. თუ თქვენც შეეჯახეთ ამ პრობლემას, ექიმი ყველაფერს იღონებს, რათა ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმაროთ. მანამდე კი თვალი მიადევნეთ ჩვენს რუბრიკას, რათა რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ დიაბეტის შესახებ. ეს იქნება საუკეთესო რამ, რაც ექიმის დაუხმარებლად შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავისთვის.

 

ჟურნალის ამ ნომერში მხოლოდ დიაბეტის მიზეზებზე, ნიშნებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე გესაუბრებით.

 

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის რაოდენობა. მონელების პროცესში საკვების უმეტეს ნაწილს ორგანიზმი გლუკოზად გარდაქმნის, რომელსაც სხეულის ყველა უჯრედი იყენებს ენერგიის წყაროდ. უჯრედებში შესაღწევად გლუკოზას სჭირდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც პანკრეასში – კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება.

დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი ან ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს, ან სათანადოდ ვერ იყენებს მას. ვერც პირველ, ვერც მეორე შემთხვევაში გლუკოზა უჯრედებში ვეღარ აღწევს და ჭარბად გროვდება სისხლში, ეს კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

განასხვავებენ დიაბეტის ორ ტიპს – პირველსა და მეორეს.

 

ტიპი 1

დიაბეტი ტიპი 1 ის შემთხვევაა, როდესაც პანკრეასში ინსულინი საერთოდ არ წარმოიქმნება. მას ინსულინდამოკიდებულ ან იუვენილურ დიაბეტსაც უწოდებენ, რადგან, როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებთან აღირიცხება, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულ ადამიანსაც დაემართოს.

 

ტიპი 2

დიაბეტი ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული, მოზრდილთა დიაბეტი) დაავადების ის ფორმაა, როდესაც პანკრეასი ვერ წარმოქმნის საკმარის ინსულინს ან სხეულის უჯრედები არ რეაგირებენ მასზე (უკანასკნელ შემთხვევას მედიცინაში ინსულინრეზისტენტობას უწოდებენ). დიაბეტიანთა 90-95%-ს სწორედ დიაბეტი ტიპი 2 აქვს.

 

ბავშვები და დიაბეტი

ბავშვებთან უმეტესად დიაბეტი ტიპი 1 გვხვდება, თუმცა ბოლო დროს პედიატრიულ კონტინგენტს ტიპი 2-ის დიაგნოზსაც ხშირად უსვამენ. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს ბავშვებში წონის მატების (ჭარბწონიანობის, სიმსუქნის) და ნაკლები ფიზიკური აქტივობის შედეგია.

 

გესტაციური დიაბეტი

გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი ორსულთა 4%-ს ემართება. ამ დროს გლუკოზის მაჩვენებელი ნორმას აღემატება, მაგრამ ძალიან მაღალი არ არის. ასეთ ქალებს მომატებული აქვთ ორსულობისა და მშობიარობის გართულების, ხოლო მომავალში – დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი. გესტაციურ დიაბეტს ორსულის გეგმური გამოკვლევისას აღმოაჩენენ ხოლმე. დიაბეტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიპტომები ამ დროს, წესისამებრ,  არ შეინიშნება.

 

პრედიაბეტი

პრედიაბეტზე მაშინ საუბრობენ, როცა სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, მაგრამ ისე ძლიერ არ არის მომატებული, რომ დიაბეტის დაიგნოზი დაისვას. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირად გვხვდება და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

თუ ამ ეტაპზევე შეიცვლით ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს ჯანსაღ კვებას, ნორმალური წონის მიღწევას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, დიდი შანსია, არათუ დიაბეტი აიცილოთ თავიდან, არამედ პრედიაბეტურ მდგომარეობასაც დააღწიოთ თავი.

 

მიზეზები და რისკფაქტორები

 

დიაბეტი ტიპი 1 იმის შედეგია, რომ იმუნური სისტემა შეცდომით აზიანებს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს. ამ ტიპის დიაბეტის განვითარებას გენებსა და გარეგან ფაქტორებს უკავშირებენ, მათ შორის – ვირუსებსაც.

დიაბეტი ტიპი 2-ის დროს დაავადების განვითარებაში ადანაშულებენ ცხოვრების წესსა და გენებს.

რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* წონა – ჭარბი წონა ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ამასთან, რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო ძლიერია უჯრედების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ;

* ასაკი – დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი ასაკთან ერთად იმატებს, განსაკუთრებით – 45 წლიდან.

* ოჯახური ისტორია – რისკი იმატებს, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ან დედმამიშვილს დიაბეტი აქვს;

* ნაკლები მოძრაობა – რისკს ზრდის უმოძრაო ცხოვრების წესი. საფრთხე მოიკლებს, თუ კვირაში 4-5 დღე 30-60 წუთს ფიზიკურ აქტიურობას დაუთმობთ;

* არასწორი კვება – მაღალკალორიული, ცხიმიანი და ქოლესტეროლის შემცველი პროდუქტები ზრდის სიმსუქნის და მასთან ერთად _ დიაბეტის რისკსაც, ხოლო უჯრედისით მდიდარი, ცხიმით, მარილით, შაქრით ღარიბი რაციონი ამცირებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების შემადგენლობა, არამედ ულუფების ზომაც;

* გესტაციური დიაბეტი – ათიდან 4-6 ქალს, რომელსაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 უვლინდება;

* ჭარბწონიანი ნაყოფი – დიაბეტის რისკი იმატებს ქალებთან, რომელთა ნაყოფის წონა 4 კგ-ს აღემატება;

* პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის კლება და დაბალი სიმკვრივის ქოლსტეროლის მატება.

თუ ამ კრიტერიუმთაგან ორზე მეტი დადებითია, დროა, დიაბეტის პრევენციაზე იზრუნოთ.

 

დიაბეტის ნიშნები

დიაბეტი სხვადასხვანაირად ვლინდება. ტიპი 1 შესაძლოა სწრაფად, რამდენიმე კვირაში ჩამოყალიბდეს, ტიპი 2 კი უმეტესად ნელა ვითარდება, ზოგჯერ წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვიდრე ადამიანი შეიტყობს, რომ დიაბეტი აქვს, უზიანდება თვალები, თირკმელები, გული, სისხლძარღვები.

დიაბეტზე მიანიშნებს:

* შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება;

* წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება;

* შარდვის გახშირება;

* წონის უმიზეზო კლება;

* დაღლილობა და ძილიანობა;

* მხედველობის დაბინდვა;

* ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების, სისხლჩაქცვების გაქრობის გაჭიანურება;

* ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა;

* კანის, ღრძილების, შარდის ბუშტის, საშოს ინფექციების ხშირი გამწვავება.

დიაბეტი ტიპი 2 შესაძლოა სხვა ნიშნებითაც გამოიხატოს: კისერზე და იღლიის ფოსოში კანის გამუქებით, მაღალი არტერიული წნევით, ქოლესტეროლის ცვლის დარღვევით, სოკოვანი ინფექციებით, ქალებთან – მენსტრუალური ციკლის მოშლით.

 

გართულებები

თუ სისხლში შაქრის შემცველობა დიდხანს დარჩა მაღალი, გართულებათა რისკი მოიმატებს. სახელდობრ: თვალების დაზიანებისა და მხედველობის დაქვეითებისა, თვით სიბრმავემდეც კი; თირკმლის უკმარისობისა; გულის ინფარქტისა; სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებისა, რამაც შესაძლოა თითების ან კიდურის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს; ღრძილების დაზიანებისა, რაც კბილების ცვენას იწვევს.

 

სტატისტიკა ასეთია:

დიაბეტიანებს გულის ინფარქტისა და ტვინის ინსულტის 2-3-ჯერ მაღალი რისკი აქვთ.

სიბრმავის შემთხვევათა 2.6% დიაბეტის წილად მოდის.

დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

 

ვადგენთ დიაბეტის არსებობას

დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად რამდენიმე გამოკვლევაა საჭირო:

* უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობის დადგენა. გამოკვლევა დილით ტარდება. მანამდე, საშუალოდ რვა საათის განმავლობაში, პაციენტს არავითარი საჭმელი და სასმელი არ უნდა ჰქონდეს მიღებული, გარდა რამდენიმე ყლუპი წყლისა. სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს დეცილიტრზე 126 მილიგრამს. თუმცა 100 მგ`დლ-ზე მაღალი მაჩვენებელიც არ არის ნორმალური და პრედიაბეტზე მიუთითებს.

* გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი – ეს ტესტი ადგენს, რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ორგანიზმში გლუკოზის მეტაბოლიზმი. მას შემდეგ, რაც უზმოზე განსაზღვრავენ გლუკოზის დონეს, პაციენტს აძლევენ წყალში გახსნილ 75 გრამ გლუკოზას და ორი საათის შემდეგ ამოწმებენ სისხლში მის შემცველობას. თუ გლუკოზის დონე 200 მგ`დლ-ს აღმატება, ისმება დიაბეტის დიაგნოზი.

* შემთხვევითი ტესტი – ტარდება დღის ნებისმიერ დროს, საკვების ბოლო მიღებისგან დამოუკიდებლად. თუ ადამიანს დიაბეტის ნიშნები აქვს, დიდი ალბათობით, ექიმი მის უზმოდ ყოფნას არ დაელოდება და სისხლში გლუკოზის შემცველობას გადაამოწმებს. 200 მგ`დლ-ზე მეტი შაქარი დიაბეტზე მიუთითებს.

* მნიშვნელოვანია გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრაც. ეს ტესტი ექიმს წარმოდგენას უქმნის იმის თაობაზე, როგორი იყო სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. მის ჩასატარებლად არ არის სავალდებულო უზმოდ ყოფნა და განსაკუთრებული დიეტის დაცვა.

თუ ქალს გესტაციური დიაბეტი დაუდგინეს, მშობიარობიდან 6-12 კვირის შემდეგ აუცილებლად უნდა გადაამოწმოს სისხლში შაქრის შემცველობა, რათა დიაბეტი ტიპი 2 არ გამოეპაროს.

 

რომელი ტიპია?

ყველა ჩამოთვლილი კვლევა ადასტურებს დიაბეტის არსებობას, მაგრამ არ იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, სახელდობრ რომელი ტიპის დიაბეტთან გვაქვს საქმე. არადა, მკურნალობის დასაგეგმავად ამის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიაბეტის დადასტურების შემდეგ ტარდება კიდევ ერთი გამოკვლევა სისხლში სპეციფიკური ავტოანტისხეულების აღმოსაჩენად. მათი არსებობა ტიპ 1-ზე მიუთითებს.

მარი აშუღაშვილი

 

 

გააზიარე: