COVID-19 - რა მიზანი აქვს აცრას და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინების შესახებ
გააზიარე:
ჩვენი უბედურება ის კი არ არის, რომ რაღაც არ ვიცით, არამედ ის, რომ გვგონია, დანამდვილებით ვიცით რაღაც, რაც სინამდვილეში სულაც არ არის ასე.
მარკ ტვენი
2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დადასტურდა SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც საოცარი სისწრაფით მოედო მთელ მსოფლიოს. სამწუხაროდ, კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდა მის შესახებ მოარული ხმები.
ვინაიდან COVID-19-ის პანდემია გრძელდება და მეცნიერები უფრო და უფრო მეტი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ, იცვლება რეკომენდაციებიც იმის შესახებ, როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან. დღესდღეობით ყველაზე საიმედო გზად ვაქცინაცია მიიჩნევა.
ყველას აქვს არჩევანის უფლება. სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოება აშკარად განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას და ვაქცინაციის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ხშირად ზერელე წარმოდგენა აქვთ ამ მეთოდის შესახებ. საზოგადოებაში ფესვგადგმული მცდარი წარმოდგენების გაქარწყლების საუკეთესო საშუალება კი მტკიცებულებებზე დამყარებული ფაქტების გავრცელებაა, ამიტომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, იმუნოლოგ ნინო გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ, მიუკერძოებლად და დეტალურად აეხსნა, რა ხდება კოვიდვაქცინაციის დროს.
– ვინ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია?
– იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა (ACIP) 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ოფიციალური რეკომენდაციები ვაქცინის პირველი ხელმისაწვდომი დოზების ეტაპობრივი გამოყენების შესახებ. თავდაპირველად მოსახლეობის განსაზღვრული კატეგორიის იმუნიზაცია უნდა მომხდარიყო – სამედიცინო პერსონალის, ხანდაზმულების, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების. ამჟამად უკვე, ჯანმოს და კონკრეტული ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს ყველამ, თუ არ გააჩნია ამის სამედიცინო უკუჩვენება, მაგალითად, მწვავე ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტებზე.
ვაქცინების მუშაობის მექანიზმი
– საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ამჟამად ვაქცინების ფართო არჩევანია – გვაქვს რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, დნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული და ატენუირებული პრეპარატები.
მესენჯერული რიბონუკლეინის მჟავა (რნმ), რომელიც შედის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაში, წარმოადგენს ვირუსის ერთ-ერთი მთავარი ცილის, ე.წ. spike ცილის, მაკოდირებელ გენურ მასალას. ის აიძულებს ადამიანის ორგანიზმს, გამოიმუშაოს აღნიშნული ცილა, რომელიც ვირუსის პათოგენეზის მთავარი იარაღია, ვინაიდან სწორედ ამ ცილის საშუალებით უერთდება ვირუსი ორგანიზმის უჯრედებს. ცილის სინთეზის შემდეგ იწყება მის მიმართ ორგანიზმის უჯრედული და ჰუმორული იმუნური პასუხი, ანუ ამ ცილის წინააღმდეგ მოქმედებს როგორც იმუნიტეტის უჯრედული მექანიზმები T ლიმფოციტების სახით, ისე ჰუმორული B ლიმფოციტებიც, რომლებიც, თავის მხრივ, ანტისხეულებს ასინთეზებს. იმუნური რეაქციის განვითარების შემდეგ ნაწილი ამ უჯრედებისა ინახება როგორც იმუნური მეხსიერება, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ამ კონკრეტულ ანტიგენთან მომდევნო შეხვედრისას იმუნური რეაქცია გაცილებით სწრაფად და ეფექტურად განავითაროს, ხშირად – სრული კლინიკური სურათის ჩამოუყალიბებლადაც კი. სწორედ ამას ეფუძნება ვაქცინაციის პრინციპი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაქცინას ევალება იმუნიტეტის გაძლიერება ორგანიზმისთვის კონკრეტული ანტიგენის წარდგენით, რათა მომდევნო კონტაქტის შემთხვევაში მან ორჯერ და სამჯერ უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება, ვინაიდან უჯრედები, რომლებიც კარგად იცნობენ ამ ანტიგენს, ორგანიზმს შენახული აქვს და აღარ სჭირდება დრო მის გასაცნობად.
– რა განსხვავებაა დანარჩენ ვაქცინებს შორის?
– დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) ბაზაზე შექმნილი AstraZeneca-ს ვაქცინაც იმავეს აკეთებს, რასაც Pfizer/BioNTech-ისა: ორგანიზმს აიძულებს, გამოიმუშაოს spike ცილა და შემდეგ მასთან ბრძოლაში “ავარჯიშებს” იმუნურ სისტემას. განსხვავებულია მხოლოდ დამზადების ტექნოლოგია: AstraZeneca ვირუსული (როგორც წესი, ადენოვირუსული) ვექტორია, ანუ მასში გენური ინფორმაციის გადამტანია ინაქტივირებული ადენოვირუსი. რაც შეეხება Sinovac-ს და Sinopharm-ს, ეს ვაქცინები სხვა ტექნოლოგიით გახლავთ შექმნილი – შეიცავს მთლიან ვირუსს და არა მხოლოდ მისი გენეტიკური მასალის ნაწილს. ვირუსი ამ ვაქცინებშიც ინაქტივირებულია, მას არ გააჩნია გამრავლებისა და დაავადების გამოწვევის უნარი, მაგრამ არა მხოლოდ spike, არამედ ყველა ვირუსული ცილა და სხვა გენებიც შენარჩუნებული აქვს.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არცერთი აცრის შედეგად არ ხდება ორგანიზმში ვირუსის გამრავლება და გავრცელება, შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ PCR და სწრაფი ტესტი ანტიგენზე დადებითი ვერ იქნება.
– როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი?
– ჯერ ის დავაზუსტოთ, რას ვუწოდებთ “საუკეთესოს”. თავდაპირველმა კვლევებმა, როგორც ვიცით, აჩვენა, რომ Pფიზერ-ს დაცვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა აქაც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან ყველა ვაქცინა დაახლოებით ერთნაირად იცავს, უმნიშვნელო განსხვავებებით. რაც შეეხება ინფიცირებას, ეს დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, ვირუსის ცვალებადობის სისწრაფეზე და ა.შ. პირადად მე საუკეთესოდ მიმაჩნია ის ვაქცინა, რომელზეც ყველაზე მოკლე დროში მიგვიწვდება ხელი, რომ დაცვის რაღაც დონე მაინც უზრუნველვყოთ ჩვენი თავისთვის. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და თანმხლები დაავადებებიც. ასაკობრივი შეზღუდვები ამ ეტაპზე AstraZeneca-ს შეეხო – მხოლოდ 45-ს გადაცილებულ მოსახლეობას შეუძლია აიცრას ამ ვაქცინით. ჯერჯერობით გადაუწყვეტელია ბავშვებისა და მოზარდების საკითხი, რადგან მათთან ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ მონაცემები მწირია. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გაიცა ვაქცინაციის ნებართვა 12 წლიდან, საქართველოში კი ქვედა ზღვრად ამ დროისთვის დადგენილია 16 წელი.
– რამდენად ეფექტიანია ბაზარზე ამჟამად არსებული ვაქცინები დაავადების ახალი შტამების მიმართ?
– ეს ვაქცინები ჯერჯერობით უმკლავდება ახალ შტამებს, მაგრამ თუ ვირუსის თავისუფალი ცირკულაცია არ შევაჩერეთ, მისი ცვალებადობისა და პლასტიკურობის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია ისეთი შტამების ჩამოყალიბებაც, რომელთა მიმართ ზემოხსენებული ვაქცინები შესაძლოა ნაკლებეფექტიანი ან სულაც უეფექტო აღმოჩნდეს. რაც მეტ განსხვავებულ ეროვნებას, რასას, გეოგრაფიულ რეგიონს გამოივლის ვირუსი, ცვლილების მით მეტი შესაძლებლობა ექნება. ეს ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოვლენაა. თუ ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება მივეცით, ის ცოტა ხანში იმასაც “ისწავლის”, როგორ აუაროს გვერდი იმუნურ ბარიერს, რომელიც ვაქცინირებულ ორგანიზმში დახვდება. ასე რომ, ამჟამად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ვირუსის გავრცელების შეფერხებაა, რაც მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით მიიღწევა.
- რა იწვევს აცრის შემდგომ ინფიცირებას და რეინფიცირებას?
– მრავალი ფაქტორი: ვირუსის სახეცვლილება, მისი კონცენტრაცია იმ ადგილას, სადაც დავინფიცირდით, იმუნიტეტის მდგომარეობა და ა. შ. დროთა განმავლობაში კონკრეტული აგენტის მიმართ იმუნიტეტი სუსტდება. მცირე ხნის წინ ჯანმომ გასცა რეკომენდაცია ინფექციის გადატანიდან ერთ თვეში ვაქცინირების დაშვების შესახებ. აზრი არ აქვს ანტისხეულების ტესტის ჩატარებას და ტიტრის განსაზღვრას – აცრა მაინც აუცილებელია. ანტისხეულების ტიტრი აჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ აგენტს ორგანიზმი იცნობს, თუმცა ამ ანტისხეულებიდან რამდენია ვირუსმანეიტრალებელი, არ განისაზღვრება. გარდა ამისა, ანტისხეულები არ არის იმუნიტეტის არსებობის ერთადერთი მაჩვენებელი. ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს იმუნური მექანიზმების მთელი კასკადი: T ლიმფოციტები – ე.წ. ბუნებრივი მკვლელები, კომპლემენტის სისტემა, ანტისხეულდამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიკურობის რეაქცია და სხვა. ასე რომ, ანტისხეულები, თუმცაღა იმუნური სისტემის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, არ არის ერთადერთი. შესაბამისად, მხოლოდ მათი განსაზღვრა და “დევნა” აზრს მოკლებულია.
გასათვალისწინებელი რეკომენდაციები
– ვაქცინების მწარმოებელ ყველა ბიოტექნოლოგიურ კომპანიას თავისი პროტოკოლი აქვს. აფთიაქში ნაყიდი წამლის მსგავსად, ვაქცინებსაც მოჰყვება ანოტაცია (ინფორმაცია შემადგენლობის, მოქმედი ნივთიერების, მოქმედების მექანიზმისა და დოზირების შესახებ). კომპანიის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევების საფუძველზე იქმნება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია როგორც ვაქცინის შემადგენლობა, ისე მოქმედების მექანიზმი და დოზირებაც, ანუ ორგანიზმში შესაყვანი ვაქცინის ის რაოდენობა და ჯერადობა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ იმუნურ პასუხს. თუ წამალს გვინიშნავენ, ვთქვათ, ერთი კვირით დღეში ორჯერ, ჩვენ ხომ ვიცავთ ამ დანიშნულებას და არ ვიღებთ მედიკამენტს თვითნებურად, დღეში ერთხელ და მხოლოდ ორი დღის განმავლობაში? ასევეა ვაქცინის შემთხვევაშიც. ვაქცინაცის მიზანია ძლიერი იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება, რომ ან აღარ შეგვხვდეს ინფექცია, ან, თუ შეგვხვდა, მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ.
– მეორე დოზად სხვა ვაქცინის მიღება შეიძლება?
– რა თქმა უნდა, შეიძლება და საკმაოდ შედეგიანიც იქნება – სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილი ვაქცინები ორგანიზმში გაააქტიურებს სხვადასხვა მექანიზმს, რაც უფრო ძლიერი იმუნური პასუხის გამომუშავებას უზრუნველყოფს.
როგორც ვიცით, სრულად აცრილი პირებიც დაინფიცირდნენ, მაგრამ მათთან დაავადებას ჰქონდა შეუდარებლად მსუბუქი მიმდინარეობა. ამის კარგი მაგალითია ჩემი ოჯახი. მე და ჩემს მეუღლეს – AstraZeneca-ს ორი დოზით, ხოლო შვილს Sinopharm-ით ვაქცინირების შემდეგ შეგვხვდა ვირუსი. მეორე დოზის შეყვანიდან გასული იყო 5-დან 8 კვირამდე ოჯახის სხვადასხვა წევრთან. სამივემ ისე გადავიტანეთ ვირუსი, ყნოსვის დაქვეითების გარდა სხვა სიმპტომი, პრაქტიკულად, არ გვქონია. ასე რომ, ვაქცინაცია მუშაობს! დიდი სიმოვნებით გავიკეთებდით Pfizer-ის ან Moderna-ს ბუსტერს, მაგრამ აცრების შემდეგ ინფექციის გადატანის წყალობით ზამთარს მთელი ოჯახი ნატურალური “ბუსტერით” ვხვდებით.
დღევანდელი გადასახედიდან
– საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან ორი, Sinovac-ი და Sinopharm-ი, დამზადებულია მეთოდოლოგიით, რომელიც ჯერ კიდევ ძველი შუამდინარეთიდან და ეგვიპტიდან იღებს სათავეს. ბუნებრივია, მათ სიახლეზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება ე.წ. გენური ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს, AstraZeneca-ს ნაწარმი, რომელიც დამზადებულია ვირუსული ვექტორის ტექნოლოგიით, არ გახლავთ ახალი – მისი მსგავსია, მაგალითად, B ჰეპატიტის და ებოლას ვაქცინები, რომელთა შექმნისა და გამოცდის ისტორია უკვე ათწლეულებს ითვლის. მოსახლეობის უნდობლობას ყველაზე მეტად იწვევს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები, იმ მოტივით, რომ ისინი უახლესი ტექნოლოგიითაა შექმნილი, არ იყო საკმარისი დრო მათ გამოსაცდელად და ა. შ. საქმე ის არის, რომ მ-რნმ ვაქცინები თავდაპირველად არა ინფექციების პროფილაქტიკისთვის, არამედ სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ იქმნებოდა. ეს ტექნოლოგია ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად მუშავდება. მათი ავტორი, ქალბატონი კატლინ კარიკო, ახლახან რამდენიმე პრემიაზე წარადგინეს. გამორიცხული არ არის, ნობელის პრემიის პრეტენდენტთა სიაშიც ვიხილოთ, რადგან მისმა ქმნილებამ დიდი გარღვევა მოახდინა ბიოლოგიასა და მედიცინაში. რაც შეეხება ვაქცინებს, პანდემიის დაწყებისთანავე მოხდა უკვე არსებული ტექნოლოგიის გამოყენება ინფექციური აგენტის – კორონავირუსის წინააღმდეგ და საკმაოდ ეფექტურადაც. ეს ვაქცინა არ გახლავთ საშიში, ის არ “ცვლის გენურ კოდს”, არ შეიცავს “ჩიპს”, არავითარი კავშირი ბნელ ძალებთან არ აქვს. ამ ეტაპზე ის პანდემიასთან ბრძოლის ძალიან კარგი საშუალებაა. პანდემია რომ არ დაწყებულიყო, მ-რნმ ვაქცინები საზოგადოებისთვის სხვა კუთხით გახდებოდა ცნობილი და ვეჭვობ, ვინც დღეს მათ ეჭვის თვალით უყურებს, ტაშისკვრით შეხვდებოდნენ სიმსივნის პროფილაქტიკისა და მკურნალობის წარმატებულ მეთოდს.
ვაქცინა არ გახლავთ უნივერსალური საშუალება. ჩვენ მისი დახმარებით არჩევანს ვაკეთებთ დაავადების მძიმე და მსუბუქ ფორმებს შორის. შესაძლოა მითხრათ, თუ ვინმეს მძიმე ურჩევნია, მისი ნებააო, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცრელი მოსახლეობა, თუკი ის უმრავლესობას წარმოადგენს, ვირუსს “ეხმარება” და საბოლოოდ აცრილსაც ვნებს, ამიტომ ყველას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ.
რაც შეეხება შორეულ შედეგებს, უნდა ითქვას, რომ არც ვაქცინაციის და არც რომელიმე ვირუსის გადატანის შემდეგ მოსალოდნელი გართულებების შესახებ ზუსტად არაფერია ცნობილი. ვირუსები პროვოცირებას უწევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნეები, დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა... ასე რომ, თუ არჩევანი დგას ვირუსსა და ვაქცინას შორის, სამომავლო საფრთხის გათვალისწინებითაც კი ვირუსული ინფექციის უარყოფითი შედეგების პერსპექტივა გაცილებით დიდია.
– შესაძლებელია კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბება ვაქცინაციის გარეშე?
– დიახ, შესაძლებელია მოსახლეობის მასობრივი ინფიცირებით და დაავადებით. უბრალოდ, რა მოჰყვება ამას, უკვე ვნახეთ. როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, კატასტროფულად იმატა სიკვდილიანობამ, ანუ ესოდენ ნანატრი პოპულაციური იმუნიტეტი უზარმაზარ მსხვერპლს მოითხოვს – მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფიცირებას და ლეტალური შედეგის ალბათობას.
რევაქცინაცია და დამატებითი დოზა
– ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ განსაზღვრული ხნის შემდეგ იმუნური სისტემის აქტივობა მცირდება. სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები უკვე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პირებისთვის, რომლებსაც აქვთ:
. სიმსივნე და გადიან ქიმიოთერაპიას (რაც ამცირებს იმუნური სისტემის რეაგირების უნარს);
. ბუნებრივად ან ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (მაგალითად, დი ჯორჯის ან ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი, აივ ინფექცია);
. გადანერგილი ორგანოები და ამის გამო იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს;
. ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალოდ ხანგრძლივად ან მუდმივად სჭირდებათ სტეროიდული თერაპია, –
გაიცეს რეკომენდაცია ვაქცინის მესამე, დამატებითი, ე.წ. ბუსტერული დოზის გაკეთებაზე.
– რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართული ვაქცინაცია ერთი დოზით?
– ეს კონკრეტული ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ვაქცინების რაობას, – მათი უმეტესობა, როგორც მოგახსენეთ, ერთი ცილის სინთეზისა და მის წინააღმდეგ იმუნური სისტემის ამოქმედებისკენაა მიმართული, – ვაქცინას პლუს სრული, ნატივური ვირუსი უნდა იძლეოდეს იმავე ეფექტს, რასაც იძლევა ვაქცინის ორი დოზა, ვინაიდან იგივე სპიკე ცილა, რასაკვირველია, ბუნებრივ ვირუსსაც აქვს. აქვე დავძენ, რომ ორჯერადი ვაქცინირების შემდგომ ვირუსით ინფიცირება პრაქტიკულად ბუსტერის ეფექტს ახდენს.
ვაქცინამდე და მის შემდეგ
– ვაქცინაციის წინ არავითარი კვლევის ჩატარება არ არის საჭირო. ვაქცინა არ ცვლის სასიცოცხლო პარამეტრებს და თუ ვაქცინაციას მოჰყვა ავადმყოფობის მაუწყებელი რომელიმე სიმპტომი – შემცივნება, სიცხე, თავის, სახსრების ტკივილი და სხვა – ეს არ არის საშიში. ვაქცინა არ ცვლის სისხლის შედედების მაჩვენებლებს, რისიც ყველაზე ხშირად ეშინია მოსახლეობას. ერთადერთი, რის გამოც საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ალერგიული რეაქციებია, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ კვებითი, კონტაქტური, სეზონური ალერგია ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ერთადერთი უკუჩვენება გახლავთ მწვავე ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებზე, ხოლო თუ პირს ჰქონია ერთზე მეტი ალერგიული რეაქცია წამლებზე, გონივრული იქნება აცრამდე ალერგოლოგთან კონსულტაცის გავლა.
კოვიდ 19-ის პანდემიამ შეცვალა მიკროსამყაროსადმი დამოკიდებულება და ხალხმა ყურადღება მიაქცია იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდა. ავიღოთ, მაგალითად, გრიპი. გავიხსენოთ მივიწყებული გამოთქმები: “გრიპმა გართულება დაუტოვა”, “გრიპი შეუბრუნდა” და ა.შ. – ანუ რეინფიცირებაც ხდებოდა, ხომ? და ეს მარტო კორონავირუსს არ ახასიათებს, არა? ყოველწლიურად იყო გრიპის ეპიდემია, სხვადასხვა ადამიანს გრიპი სხვადასხვანაირად გადაქონდა: ზოგს – მძიმედ, ზოგს – მსუბუქად; ზოგს საერთოდ კლავდა, ზოგი კი დაბალი სიცხით და გაციების მსუბუქი სიმპტომებით გადიოდა ფონს. მაშინ არავის გასჩენია კითხვა, რატომ არის ერთსა და იმავე ინფექციაზე ადამიანების რეაქცია ასეთი განსხვავებული. მხოლოდ კორონავირუსის დროს გაჩნდა ეჭვები, კითხვები, უნდობლობა.
ყოველი ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია. ინფექციური პროცესი გახლავთ ჩვენი, მიკრობის (ბაქტერიის, ვირუსის, სოკოსი და ა.შ.) და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება იმ გარემოში, რომელიც მიკრობს ხვდება ორგანიზმში შეჭრისას. როგორ წარიმართება ეს ურთიერთობა, ამ სამ ფაქტორსა და რამდენიმე ქვეფაქტორზეა დამოკიდებული. შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ზუსტად ასეა ვაქცინაციის შემთხვევაშიც.
– შეიძლება თუ არა კოვიდის ვაქცინაცია სხვა (მაგალითად, ცოფის ან ტეტანუსის საწინააღმდეგო) აცრის პარალელურად?
– დიახ, შეიძლება. უმჯობესია, ერთ-ორკვირიანი შუალედი დავიცვათ, რომ იმუნური სისტემა სხვადასხვა სამიზნეზე რეაგირებით არ გადავტვირთოთ, მაგრამ თუ ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა, წინააღმდეგჩვენება არ არსებობს.
სხვა ქვეყნების გამოცდილება
– როგორც ვიცით, ისრაელმა ერთ-ერთმა პირველმა აცრა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მიუხედავად ამისა, მათთანაც აგორდა ინფექციის მორიგი ტალღა, რაც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, იმუნური ფენის ნაწილობრივ მორღვევასთან, მეორე მხრივ კი ახალი შტამების გავრცელებასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობის მძიმე ფორმების და, მით უმეტეს, გარდაცვალების მაჩვენებელი არ გახლავთ მაღალი და ვაქცინაციის მიზანიც სწორედ ეს არის. რაც შეეხება დანიას და ახალ ზელანდიას, ამჟამად იქ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დიდ როლს ასრულებს მოსახლეობის თვითშეგნება, სიმჭიდროვე, სწორი და წერტილოვანი შეზღუდვები. გახსოვთ ალბათ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ახალი შტამის ერთეული შემთხვევის გამო ახალმა ზელანდიამ სასწრაფოდ წერტილოვნად დაკეტა ქალაქი. ეს გავრცელების სწორი პრევენციაა.
მარი მარღანია