მედეა ლორთქიფანიძე: სული მაშინ ბერდება, როცა ხალისი ქრება

გააზიარე:

ხალისიანი, ქოთქოთა, დაუზარელი და მუდამ ყველაზე მზრუნველი მანანა ბებო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ტელეეთერში გასვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. მედეა ლორთქიფანიძე 73 წლისა იყო, როცა ამ როლზე მიიწვიეს. წელს ის 85 წლის გახდა. ასაკი არ აშინებს, პატარ-პატარა როლებსა და სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღება შეწყდა, სულ უფრო იშვიათად უწევს შინიდან გასვლა.

– არ ვწუწუნებ. აქამდე მუდმივი და უცვლელი მხოლოდ იუმორი მქონდა, ახლა კი სტაბილური და გარანტირებული პენსიაც მაქვს. რაც მთავარია, მაქვს მაყურებლის, ოჯახის, მეგობრების, მეზობლების ყურადღება და სიყვარული.

ბავშვობის ესკიზები

საოჯახო ფოტოალბომში სათუთად ინახავს გასული საუკუნის მსახიობების, რეჟისორების, მუსიკოსების ფოტოებს – ადამიანებისა, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ მათ ოჯახს. მამა, თეიმურაზ ლორთქიფანიძე, ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, მერე ქუთაისში გადავიდა, ბოლოს კი გორის თეატრში მიიწვიეს, დედა, პოლონური წარმომავლობის ულამაზესი ქალბატონი თამარ პოკროვსკაია – მსახიობი. ახსოვს, როგორ შეიპარებოდა ხოლმე თეატრში და ლოჟიდან უყურებდა, როგორი ოვაციებით ხვდებოდა საყვარელ მსახიობებს მაყურებელი. თავად ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა და, მედეა ჯაფარიძისა და გრიშა კოსტავას ნათლულს, ცხოვრების სცენაზე გატარება სურდა.

მიუხედავად ომის მძიმე წლებისა, ლაღი ბავშვობა ჰქონდა. ეშმაკის ფეხი ვიყავი, ბიჭებთან ერთად ომობანასაც ვთამაშობდიო, იხსენებს.

სამწუხაროდ, უდარდელი ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ მამა დაკარგა ავტოავარიაში, ერთი წლის შემდეგ დედაც გარდაეცვალა.

– ობლობაში გავიზარდე. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჭურჭლის მრეცხავად რომ დავიწყე მუშაობა – თავი ხომ უნდა მერჩინა. როცა საყვარელი ბებია და ძმაც დამეღუპა, ქუთაისიდან წამოვედი და თბილისში, ბებიის დასთან დავსახლდი. მარტოხელა, მკაცრი ქალი იყო, პროფესიით პედაგოგი, თავისი წესები ჰქონდა და მეც ამ წესებით ცხოვრებას მაიძულებდა.

თეატრალური დებიუტი

– კუკური მჟავანაძემ, მამის ძველმა მეგობარმა, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სახალხო თეატრი გახსნა. როლი მეც მომცეს. ამ თეატრთან ერთად მოვიარე საბჭოთა კავშირი, ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი. პირველად მაშინ მომანიჭეს საკავშირო ფესტივალის ლაურეატის წოდებაც. მოსკოვის სამეცნიერო-ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სამსახიობო სტუდიაშიც ვისწავლე. შესანიშნავი წლები იყო, ჩემი ცხოვრების ოქროს ხანა...

ბედის საჩუქარი

– კუკური მჟავანაძის გარდაიცვალების შემდეგ თეატრიც დაიშალა, მე კი გავთხოვდი. მეუღლე, ქირურგი, პროფესორი შალვა მახარაძე, ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი და ქირურგიული ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილების გამგე, ბედის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა.

შვილი რომ შეგვეძინა, ქმარმა მითხრა, დაჯექი სახლში, თეატრი ახლა შინ გაქვსო, მაგრამ, პასიურ ცხოვრებას მიუჩვეველს, გამიჭირდა. მიხვდა ჩემი მეუღლე, რომ მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღარ დამიშალა.

ზოოლოგიის ინსტიტუტში მიმიღეს. იქაც შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა. მართლა ბედი მქონია – სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვხვდებოდი. თავადაც ყოველთვის ვცდილობდი, პოზიტიურ ნოტზე ამეწყო ურთიერთობები. ბევრჯერ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ხალხიც შემირიგებია, თანაც ისე ოსტატურად – ხუმრობით, იუმორით... სულ სიამტკბილობაში ვატარებდით დროს.

ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს

– მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გამიჭირდა ცხოვრების გაგრძელება. მთელი ჩემი ოპტიმიზმის, ხალისის და გაუტეხელი ხასიათის მიუხედავად, დეპრესიას ძლივს გავუმკლავდი. ჩემი გოგონაც დამეხმარა – ვგრძნობდი, რომ მის გამოც უნდა ვყოფილიყავი ძლიერი.

შორენამ მსახიობობა არ ისურვა, მამის პროფესია ამჯობინა და კარდიოლოგი გახდა. შესანიშნავი ოჯახი აქვს, მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის. ნიცა ძალიან მაგონებს ჩემს ბავშვობას – მსახიობობა უნდა. რატი დინჯი, სერიოზული კაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპიუტერული პროგრამირება აინტერესებს.

"ჩემი ცოლის დაქალებმა" ძალიან გამოაცოცხლა, გააკაშკაშა ჩემი ცხოვრება. მერე კინორეჟისორმა გიორგი ფარაჯანოვმა გადამიღო ფილმში “ყველა წავიდა” და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც დავიმსახურე. ახლახან კი ტელესერიალ “თეთრ, მშრალ ხიდში” მიმიწვიეს.

ბევრი ტანჯვა გამოვიარე და უფრო მეტი სიხარული მხვდა წილად, ფათერაკების ოსტატი ვარ, მაგრამ მაინც იუმორით, ხალისით ვეთამაშები ცხოვრებას... ლიტერატურა მიყვარს, რაც ჩემი სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. ნათელა იაბლონსკაიას ასეთი მეთოდი ჰქონდა – გაკვეთილზე დაიწყებდა რომელიმე ნაწარმოების მოყოლას, ყველაზე საინტერესო ადგილას თხრობას შეწყვეტდა და დანარჩენი თქვენ წაიკითხეთო, გვეტყოდა. იყო მერე წიგნებზე ნადირობა, ბიბლიოთეკებში სირბილი და ღამისთევა... ქეთევან ძოწენიძემ კი გრამატიკა შემაყვარა. წინადადებას დღესაც თვალდახუჭული გავარჩევ... მოწაფეობის წლებში ჩასახული წიგნის სიყვარული დღემდე მომყვება.

მიყვარს, როცა ჩემ გარშემო ხალისიანი და განათლებული ადამიანები არიან. თუ ვინმე მოწყენილი დავინახე, ვცდილობ, გავახალისო.

გასაოცარი ინტუიცია მაქვს, სიყალბეს და ფარისევლობას მაშინვე ვგრძნობ. არ მიყვარს ტყუილი, მეამაყება, რომ ამ ცოდვით არასოდეს დამიმძიმებია სული, არც ჩემი სიტყვით დამიზიანებია ვინმე. ცხოვრება გრძელდება და სულიც მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა ხალისი ქრება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: