ბალი – ზაფხულის ნუგბარი
გააზიარე:
ვის არ უყვარს ბალი – ზაფხულის ეს არომატული ნუგბარი. იცოდით, რომ ბალი ძალიან მარგებელია? ის მდიდარია ბიოაქტიური მცენარეული ნივთიერებებით, რომლებიც ებრძვიან მრავალი დაავადების გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მოდი, უფრო უკეთ გავიცნოთ მისი სასარგებლო თვისებები.
ზოგადი ცნობები
ბალი (Prunus avium) ქლიავის გვარს მიეკუთვნება. ამავე გვარში, გარდა თვითონ ქლიავისა, შედის ატამი, გარგარი, ნუში... მათ ის აქვთ საერთო, რომ მათი ნაყოფი კურკიანია, რბილობი კი წვნიანი, მეტ-ნაკლებად მშრალი ან ბოჭკოვანი.
ბლის ველური წინაპარი ევროპასა და აზიაში ხარობდა. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ მას ათასობით წლის წინათ მიირთმევდნენ. ბლის კულტივირება ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 800 წელს დაიწყეს მცირე აზიაში, მოგვიანებით კი საბერძნეთშიც.
რომის იმპერიაში ეს ხილი ცნობილმა გურმანმა, მხედართმთავარმა ლუკულუსმა ჩაიტანა შავი ზღვის ერთ-ერთი საპორტო ქალაქიდან.
დღეს ბლის უდიდესი მწარმოებელი თურქეთია. მას მოსდევენ შეერთებული შტატები, ირანი, ესპანეთი და იტალია.
ბლის ჯიშები
ბლის უამრავი ჯიში არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილობის პერიოდით, სიმწიფის ვადით, ნაყოფის სიდიდით, რბილობის სტრუქტურით, ფერით. პოპულარული ჯიშებია ნაპოლეონის ვარდისფერი (Royal ann), ფრანგული მორო (Moreau), კანადური ლაპინსი (Lapins), გერმანული რეგინა (Regina)... საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან სიტკბოთი და არომატით გამოირჩევა, მაგალითად, ხარისგულა, ყირიმული შავი, კორდია...
ნუტრიენტები
როგორც ყველა ხილი, ბალიც მდიდარია წყლითა და შაქრით და თითქმის არ შეიცავს ცხიმსა და ცილას. 100 გრამი ბლის გლიკემიური ინდექსი 2.5-ია (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად).
100 გრამ ბალში არის დაახლოებით 82 გ წყალი, 14 გ ნახშირწყალი, 2 გ უჯრედისი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ღირებულებას, 100 გრამი ბალი 60 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს. შედარებისთვის: იმავე რაოდენობის მაყვალში დაახლოებით 30 კილოკალორიაა, ბანანში კი – 95. კიდევ უფრო მკაფიო შედარებისთვის: 100 გრამი ჩიპსის ენერგეტიკული ღირებულება 500 კილოკალორიას აღემატება.
ვიტამინები
ბალი ვიტამინების მაღალი შემცველობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ორგანიზმის კვებაში თავისი წვლილი მაინც შეაქვს. 200 გრამი ბალი ფარავს C ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 30 და ფოლიუმის მჟავას დღიური ნორმის 13-14 პროცენტს.
100 გ ბლის შემადგენლობაში შედის:
. ვიტამინი C – 15 მგ, დღიური ნორმის 15%
. ვიტამინი B1 – 39 მკგ, დღიური ნორმის 3,5%
. ვიტამინი B2 – 42 მკგ, დღიური ნორმის 3,5%
. ვიტამინი B3 – 270 მკგ, დღიური ნორმის 1,8%
. ვიტამინი B5 – 190 მკგ, დღიური ნორმის 3,2%
. ვიტამინი B6 – 45 მკგ, დღიური ნორმის 3%
. ფოლიუმის მჟავა – 75 მკგ
. ვიტამინი E – 130 მკგ, დღიური ნორმის 1,1 %
. ბეტა კაროტინი – 35 მკგ, დღიური ნორმის 1,8%
. ვიტამინი K – 2 მკგ, დღიური ნორმის 2,9%
მინერალები
ბალი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, რკინას, თუთიას, სპილენძს. ამ უკანასკნელს – ყველაზე მეტი ოდენობით. 200 გრამი ბალი ფარავს სპილენძის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 16 პროცენტს.
მცენარეული ნაერთები
ბალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მცენარეული ნივთიერებების წყაროა. მოდენის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ესენია, უპირველეს ყოვლისა, ფენოლური ნაერთები:
*ქლოროგენული მჟავები – არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბუნებრივ ნივთიერებებს აქვთ ანტიოქსიდანტური მოქმედება, აფერხებენ ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის გადასვლას, რაც ამცირებს დიაბეტის განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ქლოროგენულ მჟავებს აქვს ანტიჰიპერტენზიული და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, უხდება კუჭის წყლულსა და ღვიძლის ანთებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
*ფლავონოიდები – ანტოციანები, კატექინი, კვერცეტინი და კაემფეროლი მოქმედებენ თავისუფალი რადიკალების, ანთების, ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. 2019 წელს ხაენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფლავონოიდებით მდიდარ საკვებს აქვს პრევენციული ეფექტი კუჭის, მსხვილი ნაწლავის, მკერდისა და პროსტატის სიმსივნური დაავადების მიმართ.
ითვისებს კი ორგანიზმი მასში შემავალ ნაერთებს საკმარისი რაოდენობით?
მკვლევრები მოდენის უნივერსიტეტიდან გვეუბნებიან, რომ ბალში შემავალი მცენარეული ნაერთების ბიოათვისებადობა ძალიან მაღალია.
ბალში მცენარეული ნივთიერებების რაოდენობა ჯიშზეა დამოკიდებული, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს სიმწიფის ხარისხსაც. კარგად დამწიფებული ბალი გაცილებით მდიდარია მცენარეული ნივთიერებებით, განსაკუთრებით – ანტოციანებით, რადგან ბალს სწორედ ისინი აძლევენ ფერს. ანტოციანების რაოდენობა სიმწიფის პროცესში ნელ-ნელა იმატებს. ამ ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია წითელი ბალი. რაც უფრო მუქია ნაყოფი, მით უფრო მეტი ანტოციანია მასში, შესაბამისად, უფრო მაღალია მისი ანტიოქსიდანტური ძალაც.
ანტოციანები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ძალიან ეფექტურია ანთების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, პარკინსონის, კიბოს პროფილაქტიკისთვის.
ვაშლისა და მსხლისგან განსხვავებით, ბალს, საბედნიეროდ, არ თლიან და ეს ძალიან კარგია, რადგან სასარგებლო ნივთიერებები უმთავრესად კანშია თავმოყრილი.
სამკურნალო ეფექტი
საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებების გამო ბალს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მედიცინაში. მისი ფოთლები, ყუნწები, მერქანი დღესაც მნიშვნელოვანი ფიტოთერაპიული კომპონენტებია.
ბალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მისი ნორჩი ფოთლებისა და ყვავილებისგან, ხშირად – მაყვლის, მარწყვის ან ჟოლოს ფოთლებთან კომბინირებით, ჩაის ამზადებენ. ეს ჩაი შესანიშნავი შარდმდენია და ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებისგან წმენდს ორგანიზმს.
ბლის ყუნწების ნაყენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა. ხის დაფქულ მერქანს რევმატული დაავადებების დროს იყენებენ ანთებით კერებში შესაზელად ან საფენებისთვის.
რამდენიმე თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ ბალი უხდება:
ანთებას
ქრონიკული ანთება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ დიაგნოზი გვიან ისმება. ნებაზე მიშვებული ანთებითი პროცესი სათავეს უდებს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, ალცჰაიმერს.
ბალს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში 22-დან 40 წლამდე ასაკის ათმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ისინი დღეში 2 ულუფა – 280 გრამ – ბალს იღებდნენ. კვლევის დასასრულს მათ ანთების მარკერები გაცილებით დაბალი აღმოაჩნდათ.
პოდაგრას
პოდაგრის შეტევები მტკივნეულია, სათანადო მკურნალობის გარეშე კი დაავადებამ შესაძლოა თირკმელებიც დააზიანოს. აღმოჩნდა, რომ ბალი ხელს უწყობს შეტევების შემცირებას.
ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ჩატარებულ 7-წლიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო პოდაგრის მქონე 633 პაციენტმა. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ყოველდღე მიირთმევდა ბალს, შეტევები დაახლოებით 35 პროცენტით შეუმცირდათ.
დემენციას
დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დაბალანსებულად იკვებებიან, გაცილებით დაბალი აქვთ დემენციის რისკი. დემენციის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებები, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულშია. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ბალი უკვე განვითარებული დემენციის დროსაც ძალიან მარგებელია.
2017 წელს ჩატარებულ 10-კვირიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 70 წელს გადაცილებულმა მსუბუქი ან ზომიერი დემენციის მქონე 49 ადამიანმა. მათი ნაწილი ყოველდღე იღებდა 200 მლ ბლის წვენს, ნაწილი კი პლაცებოს ანტოციანების დაბალი შემცველობით.
აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ბლის წვენს იღებდა, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება გაუუმჯობესდათ.
არტერიულ წნევას
2016 წელს ავსტრალიის ვულონგონგის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 13 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ერთ დღეს ერთბაშად სვამდნენ 300 მლ ბლის წვენს, მეორე დღეს კი – 3-ჯერ 100-100 მლ-ს. აღმოჩნდა, რომ ერთჯერადი მიღების შემდეგ არტერიულმა წნევამ მცირედით დაიწია, ეფექტმა კი 6 საათს გასტანა.
დიაბეტს
ბალი, ვინაიდან დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლოვან პროდუქტებს მიეკუთვნება, იდეალურია ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ის ოდნავ თუ ახდენს გავლენას სისხლში შაქრის დონესა და ინსულინის გამოყოფაზე. შაქრის შემცველობის გამო დიაბეტიანებს ხშირად უკრძალავენ ხილის ჭამას, თუმცა ეს რეკომენდაცია უკვე მოძველებულად ითვლება. შვიდწლიანმა კვლევამ, რომელშიც 500 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ახალ ხილს, იშვიათად აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებები.
საჭმლის მონელებას
ბალი შეიცავს ვაშლის მჟავას, ქინის მჟავას, შიკიმის მჟავას, ფუმარის მჟავას. ბოჭკოსა და მჟავების კომბინაციის წყალობით ბალი საუკეთესოა ყაბზობის დროს.
თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ და ცუდად იტანთ ხილის მჟავებს, უმჯობესია, ისეთ ხილზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელშიც ეს მჟავები ცოტაა, მაგალითად, ბანანზე, მანგოზე ან მსხალზე.
ფრუქტოზისა და სორბიტის აუტანლობა
ფრუქტოზის მაღალი შემცველობის გამო (6.3 გრამი 100 გრამზე) ბალს არ ურჩევენ მას, ვისაც ფრუქტოზის აუტანლობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფრუქტოზისა და გლუკოზის თანაფარდობა საკმაოდ დაბალანსებულია. მაგრამ არც ალუბალია კარგი ალტერნატივა – მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ტკბილია, 100 გრამი დაახლოებით 4 გრამ ფრუქტოზას შეიცავს.
შესაძლოა, ფრუქტოზის აუტანლობა არ გქონდეთ, მაგრამ ბალმა მაინც გამოიწვიოს დიარეა, მუცლის ტკივილი ან გულისრევა. ეს მის შემადგენლობაში შემავალი სორბიტოლის, უფრო სწორად, მისი აუტანლობის ბრალია.
როგორ შევინახოთ
ახალ ბალს უნდა ჰქონდეს ხასხასა, მბზინავი ფერი. უმჯობესია, ყუნწიანი შეიძინოთ – უყუნწო ხილი ადვილად გაფუჭდება. თუ ყუნწი მწვანეა და მყარად ზის ნაყოფზე, ესე იგი ხილი ახალია.
იყიდეთ კარგად დამწიფებული ბალი, რადგან მოკრეფის შემდეგ ის აღარ დამწიფდება.
ბალი ძალიან მგრძნობიარეა და დიდხანს არ ინახება. შესანახად საუკეთესოა 0,5 გრადუსი ტემპერატურა და ჰაერის 90%-იანი ტენიანობა. ასეთ პირობებში ყუნწიანი ბალი ორ კვირასაც გაძლებს, თუმცა რაც უფრო მეტხანს შეინახავთ, მით უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება იშლება. მაგალითად, ანტოციანები 40-50%-მდე იკლებს. შეგიძლიათ, ბალი 2-3 დღე ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახოთ. უკეთესი იქნება, თუ ჭურჭელში ხელსახოცს ჩაუფენთ და თავზეც დაახურავთ. თუ ბევრი გაქვთ, უმჯობესია გაყინოთ.
* გარეცხეთ ცივ გამდინარე წყალში, ყუნწები მოაცილეთ და კარგად გააშრეთ. მერე ულუფებად გაანაწილეთ და თავდახურული კონტეინერებით შეინახეთ საყინულეში. უკეთესი იქნება, თუ კონტეინერებიდან ჰაერს გამოდევნით და შეძლებისდაგვარად შექმნით ვაკუუმს, რომელშიც ბალი 6 თვე შეინახება.
შეიძლება გაყინვა როგორც კურკით, ისე უკურკოდაც.
სამზარეულოში
ბალი უმჯობესია ცოცხალი მიირთვათ. ძალიან უხდება მიუსლის, პუდინგს და ზაფხულის გამომაცოცხლებელ სალათებს რუკოლასთან, რადიჩიოსთან, პომიდორსა და პაპაიასთან ერთად. შეგიძლიათ, მისგან გამაგრილებელი სმუზიც მოამზადოთ.
ბლით ნაირ-ნაირ კერძს აზავებენ. მაგალითად, კუსკუსს და ბოსტნეულის კარის. ბალზამიკოში ან წითელ ღვინოში როზმარინთან, ქონდართან, კურკუმასთან ან სალბთან ერთად დამარინადებული ბალი ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს.
ჯილდა გაჩეჩილაძე