რატომ იმატებს წონა
გააზიარე:
ჭარბი წონისა და სიმსუქნის უშუალო მიზეზი ცხიმოვანი უჯრედების ზომისა და რაოდენობის მატებაა. რა იწვევს თავად ამ მატებას?
ადამიანები უმეტესად ვერ აბალანსებენ მიღებულ და დახარჯულ ენერგიას – ზოგი პირის გემოს ვერ ეწინააღმდეგება, ზოგს არაჯანსაღი რაციონი აქვს, ზოგს კი – არაჯანსაღი ჩვევები, მაგალითად, ტკბილეულისა და თხილეულის ცმაცუნი. ასეა თუ ისე, წვეთწვეთობით, კალორია-კალორიობით, წონა იმატებს.
ენერგეტიკული დისბალანსი
ენერგეტიკული დისბალანსი ნიშნავს, რომ მიღებული ენერგია არ უდრის დახარჯულს. ენერგიას, რომელიც კალორიებში იზომება, ვიღებთ საკვებიდან და ვხარჯავთ სუნთქვაში, საჭმლის მონელებაში, მოძრაობაში, სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში...
ამრიგად, საკვებში არსებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმებისგან წარმოიქმნება ენერგია, რომელსაც:
. სხეული ყოველდღიური ფუნქციების შესასრულებლად იყენებს;
. მარაგად ინახავს მომავლისთვის. ნახშირწყლები ღვიძლსა და კუნთებში ინახება გლიკოგენის სახით, ცხიმები კი – ცხიმოვან ქსოვილში, ძირითადად ტრიგლიცერიდების სახით.
ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც სხეული საკვებიდან იღებს, დამოკიდებულია საკვების ტიპზე, მისი მომზადების მეთოდზე და დროზე, რომელიც ბოლო ჭამის შემდეგ გავიდა.
თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ადამიანმა უფრო მეტი კალორია მიიღო, ვიდრე დახარჯა, დაუხარჯავი ცხიმი მარაგად ინახება და ადამიანი წონას იმატებს.
სხეულში სამი სახის ცხიმოვანი ქსოვილია: თეთრი, ყავისფერი და მოყვითალო, რომელსაც პირველ ორს შორის გარდამავალი მდგომარეობა უკავია. ეს ქსოვილები სხეულში სხვადასხვა ადგილას გროვდება. მათი რაოდენობა ასაკზეა დამოკიდებული.
ენდოკრინული დარღვევები
იმის გამო, რომ ენდოკრინული სისტემის მიერ გამომუშავებული ჰორმონები ორგანიზმს ენერგიის ბალანსირებაში ეხმარება, ენდოკრინული სისტემის არასათანადო მუშაობამ შესაძლოა ჭარბი წონა და სიმსუქნე გამოიწვიოს. ენდოკრინული დარღვევის მკურნალობის პარალელურად წონაც რეგულირდება.
ასეთი დარღვევებია:
. ჰიპოთირეოზი – ამ დროს შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება, რაც განაპირობებს მეტაბოლიზმის შენელებას და წონის მატებას მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უფრო ნაკლებს ჭამს.
ჰიპოთირეოზის დროს სხეულში ნაკლები სითბო წარმოიქმნება, სხეულის ტემპერატურა დაბალია და ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს შენახულ ცხიმს ენერგიის მისაღებად.
წონის მატებასთან ერთად ჰიპოთირეოზის ნიშნებია დაღლილობა, სიცივის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა, ყაბზობა, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, კუნთების სისუსტე, სისხლში ქოლესტეროლს დონის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, არარეგულარული მენსტრუაცია, თხელი თმა, შენელებული გულისცემა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება.
. კუშინგის სინდრომი. ამ დროს სისხლში მომატებულია გლუკოკორტიკოიდები (კორტიზოლი). კორტიზოლის მაღალი დონე სხეულს მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს. შედეგად იმატებს მადა და სხეულიც მეტ ცხიმს ინახავს. გარდა მუცლისა და გულმკერდისა, ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება კისერსა (ხარის კუზი) და სახეზეც (მთვარისებური სახე).
კუშინგის სინდრომი შეიძლება განვითარდეს განსაზღვრული მედიკამენტების მიღების შედეგად ან იმის გამო, რომ სხეული ბუნებრივად ძალიან ბევრ კორტიზოლს წარმოქმნის.
კუშინგის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია კორტიზოლის დონეზე. წონის მომატებასა და ცხიმის ჩალაგებასთან ერთად მისთვის დამახასიათებელია ვარდისფერი ან მეწამული სტრიები მუცელზე, ბარძაყებზე, სარძევე ჯირკვლებსა და მკლავებზე, თხელი, ნაზი კანი, რომელზეც ადვილად ჩნდება სისხლჩაქცევები, ჭრილობის, ნაკაწრის, მწერის ნაკბენის ძნელად შეხორცება, აკნე, ქალებში – ჭარბთმიანობა, არარეგულარული მენსტრუაცია ან ციკლის გაქრობა, მამაკაცებში – ერექციული დისფუნქცია, ნაყოფიერების შემცირება, ასევე – ძლიერი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, დეპრესია, შფოთვა და გაღიზიანება, არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, კანის გამუქება.
. თავის ტვინის იმ ნაწილში განვითარებული სიმსივნე, საიდანაც შიმშილი კონტროლდება (მაგალითად, კრანიოფარინგიომა).
წამლები
წონის მატება, შედეგად კი ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე შესაძლოა ზოგიერთი პრეპარატის მიღებასაც უკავშირდებოდეს. ასეთებია ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო, ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებები და სხვა.
თუ ჩამოთვლილი მედიკამენტებით მკურნალობისას წონის მატება შეამჩნიეთ, ექიმს გაესაუბრეთ, ჰკითხეთ, ხომ არ არსებობს იმავე წამლის სხვა ფორმები, სხვა წამლები, რომლებსაც შეუძლია თქვენი დაავადების მკურნალობა, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს წონაზე, ხომ არ შეიძლება დოზის კორექტირება. ექიმთან გასაუბრების გარეშე წამლის მიღებას ნუ შეწყვეტთ.
გენეტიკური სინდრომები
ჭარბი წონა და სიმსუქნე ზოგიერთი გენეტიკური დაავადებისთვისაცაა დამახასიათებელი. ასეთებია:
. პრადერ-ვილის სინდრომი. ახასიათებს კუნთების სისუსტე, კვების დარღვევა, ზრდისა და განვითარების შეფერხება. ასეთ ადამიანებს ბავშვობიდანვე ძლიერი მადა აქვთ, რაც იწვევს ზედმეტ ჭამას (ჰიპერფაგიას) და სიმსუქნეს. პრადერ-ვილის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს დიაბეტი ტიპი 2-იც. როგორც წესი, დაქვეითებულია ინტელექტი და სწავლის უნარები, ხშირია ქცევითი პრობლემები, ძილის დარღვევა. დამახასიათებელია ვიწრო შუბლი, ნუშის ფორმის თვალები, სამკუთხა პირი, დაბალი ტანი პატარა კიდურებით და განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. ყოველი ათი-ოცდაათი ათასი ბავშვიდან ერთი ამ სინდრომით იბადება.
. ბარდეტ-ბიდლის სინდრომი. ყოველ პაციენტთან სხვადასხვანაირად ვლინდება, ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი. მისი ერთ-ერთი ტიპობრივი ნიშანია მხედველობის დაკარგვა, რაც ბადურას დაზიანებას უკავშირდება, მეორე კი – სიმსუქნე. წონის არანორმალური მატება, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში იწყება და მთელი სიცოცხლე პრობლემად რჩება. სიმსუქნე შეიძლება გათულდეს დიაბეტი ტიპი 2-ით, არტერიული წნევის მატებით, ქოლესტეროლის პათოლოგიურად მაღალი დონით. ბარდეტ-ბიდლის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ ზედმეტი თითები (პოლიდაქტილია), ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა, სასქესო ორგანოების ანომალიები. თირკმელების ანომალიები და სხვა.
სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელება სხვადასხვანაირია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბარდეტ ბიდლის სინდრომით იბადება 140.000-160.000-დან ერთი ახალშობილი, კუვეიტში კი – 13.500-დან ერთი.
. ალსტრემის სინდრომი. დამახასიათებელია მხედველობისა და სმენის პროგრესირებადი დაკარგვა, გულის კუნთის დაზიანება (დილატაციური კარდიომიოპათია), სიმსუქნე, დიაბეტი ტიპი 2 და ზრდის შეფერხება. შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო პრობლემებიც პროცესში ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის, ფილტვების ჩართვისას. ალსტრემის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს ემართება შავი აკანთოზი: ნაოჭებსა და ნაკეცებში კანი სქელდება, მუქდება, იძენს ხავერდოვან ფაქტურას.
ალსტრემის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება. ამასთან, ყოველთვის ყველა დამახასიათებელი ნიშანი არ იყრის თავს. დღეისთვის მსოფლიოში ალსტრემის სინდრომის მქონე 900-ზე მეტი ადამიანია აღრიცხული.
. კოენის სინდრომი – ვლინდება განვითარების შეფერხებით, ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდულობით, თავის მცირე ზომით და კუნთების სისუსტით. ამ მდგომარეობის გავრცელებული ნიშნებია ახლომხედველობა, ბადურას დისტროფია, სახსრებში მოძრაობის უჩვეულოდ ფართო დიაპაზონი (ჰიპერმობილობა), გარეგნული ნიშნებიდან – სქელი თმა და წარბები, გრძელი წამწამები, უჩვეულო (ტალღისებრი) ფორმის თვალები დაბლა დაშვებული კუთხეებით, მცირე მანძილი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის, გამოკვეთილი ზედა წინა კბილები (რის გამოც კოენის სინდრომის მქონე ადამიანებს პირი ღია აქვთ). ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია) და უჩვეულო ტიპის სიმსუქნე, რომელიც გვიანი ბავშვობის ან მოზარდ ასაკში ვითარდება: სუქდება ტანი, ხელ-ფეხი კი გამხდარი რჩება.
მსოფლიოში კოენის სინდრომის მქონე ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული.
წონის მატების რისკფაქტორები
არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს წონის მატებას. ზოგიერთ მათგანზე ზემოქმედება შესაძლებელია, ზოგიერთზე კი – არა.
წონის მატების რისკფაქტორებია:
. ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა, რაც ხშირად შედეგია ტელევიზორზე, კომპიუტერსა თუ სხვა ელექტრონულ გაჯეტებზე დამოკიდებულებისა. ფიზიკური აქტიურობის გაზრდა და ეკრანთან ნაკლები დროის გატარება ადამიანს ჯანსაღი წონის დაბრუნებასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.
. არაჯანსაღი კვებითი ქცევა, რაც დახარჯულზე მეტი კალორიის მიღებით გამოიხატება. წესისამებრ, ამ დროს რაციონში ჭარბადაა ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, შაქარი.
. ძილის უკმარისობა – არაერთი გამოკვლევა მოწმობს კავშირს ძილის უკმარისობასა და მაღალ სმი-ს შორის.
. სტრესი – მწვავე და ქრონიკული სტრესი ასტიმულირებს იმ ჰორმონების წარმოქმნას, რომლებიც აკონტროლებენ ენერგეტიკულ ბალანსს და შიმშილს. თუ მწვავე სტრესს შეუძლება გამოიწვიოს ისეთი ჰორმონული ცვლილებები, რომელთა გამოც ადამიანს მადა ეკარგება, ქრონიკული სტრესის თანმხლები ჰორმონული ძვრა მას მეტის ჭამისა და ცხიმის დაგროვებისკენ უბიძგებს.
. ასაკი – წონის არაჯანსაღი მატების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ნორმალური სმი-ს მქონე ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ახალგაზრდობიდანვე იწყებს წონის აკრეფას, რაც 60-65 წლამდე გრძელდება, მერე კი იკლებს. ცალკე საკითხია ბავშვთა სიმსუქნე, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა.
. გარემო ფაქტორები, მათ შორის – დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, არაჯანსაღი ან საფრთხის შემცველი სოციალური გარემო, მარტივი წვდომა სწრაფი კვების ობიექტებზე, შეზღუდული წვდომა რეკრეაციულ ობიექტებსა და პარკებზე, საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გზის არარსებობა, დაბინძურებული გარემო. პლასტმასის, კოსმეტიკური საშუალებების, ჰერბიციდების შემადგენლობაში არსებული ქიმიკატების – ე.წ. ობესოგენების (ბისფენოლი A, ფტალატები და სხვა) ზემოქმედებას შეუძლიათ ჰორმონების შეცვლა და ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის ხელშეწყობა.
. ოჯახური ისტორია და გენეტიკა _ შესაძლოა, ჭარბი წონა და სიმსუქნე გენებით იყოს განპირობებული. კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ს ზოგიერთი ელემენტი ჭარბწონიანობასთან ასოცირდება. აღმოჩნდა ისიც, რომ სიმსუქნეს შეუძლია შეცვალოს ადამიანის დნმ. მაგალითად, თუ დედა ორსულობის დროს ზედმეტად ბევრს ან ზედმეტად ცოტას ჭამს, ბავშვის დნმ შესაძლოა შეიცვალოს, რაც გავლენას მოახდენს მომავალში ორგანიზმის მიერ ცხიმების შენახვასა და გამოყენებაზე. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიანი მამების სპერმატოზოიდში დნმ-ს ცვლილებებია, რომლებიც შეიძლება შვილებსაც გადასცეს.
. რასა და ეთნიკური კუთვნილება. ჭარბი წონა და სიმსუქნე განსაკუთრებით გავრცელებულია ზოგიერთ რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში. ამერიკის ზრდასრულ მოსახლეობაში ჭარბწონიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია შავკანიანებს შორის. მათ ესპანელები მოსდევენ. რაც შეეხება აზიელებს, მათი სმი შესაძლოა დაბალი იყოს, მაგრამ დაგროვილი ჰქონდეთ დიდი რაოდენობით არაჯანსაღი ცხიმი მუცლის არეში.
. სქესი. ჭარბი წონა და სიმსუქნე ხშირია საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალებთან. ეს არის ენდოკრინული მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ოვულაციას და შვილოსნობას.
როგორ ადგენენ
მომატებულია თუ არა წონა, ამის დადგენა ადვილად შეიძლება სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრით. ნორმად ითვლება სმი 18,5-დან 25-მდე. მაგრამ როცა წელის გარშემოწერილობა მომატებულია, ეს მუცლის არეში ცხიმის ჭარბ დაგროვებაზე მიანიშნებს და თუნდაც სხეულის მასის ინდექსი ჯანსაღ დიაპაზონში იყოს, შესაძლებელია, მდგომარეობა სიმსუქნედ შეფასდეს.
სმი-ს ეს ნორმები ბავშვებთან არ გამოგადგებათ. მათი წონის შეფასება სპეციალური სქემებით ხდება, რომლებიც ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ.
გასათვალისწინებელია კვებისა და ფიზიკური დატვირთვის ჩვევები, ოჯახური ისტორია, სხვა რისკფაქტორები.
სმი-ს გამოსაანგარიშებლად ექიმს მოუწევს თქვენი აწონა და გაზომვა. სიმაღლესთან ერთად ის გაზომავს წელის გარშემოწერილობასაც, ბოლოს კი ჭარბი წონის სამედიცინო მიზეზებს გამორიცხავს. ამისთვის შესაძლოა მოითხოვოს რამდენიმე გამოკვლევა:
. ჰიპოთირეოზის გამოსარიცხად – სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცველობის დასადგენი ტესტები (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი – TSH, თიროქსინი – FT4 ან ტრიიოდთირონინი FT3);
. კუშინგის სინდრომის გამოსარიცხად – კორტიზოლისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) გამოკვლევა;
. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის გამოსარიცხად – საერთო ტესტოსტერონისა და დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (DHEAS) განსაზღვრა;
. ექოსკოპია საკვერცხეების გამოსაკვლევად და ცისტების აღმოსაჩენად.
პრევენცია
წონის მატების პრევენცია არა არის ძნელი. თუ სმი-მ მიგანიშნათ, რომ ზედმეტ წონას უახლოვდებით ან გაქვთ ჭარბი წონის რისკფაქტორები, უნდა შეიცვალოთ ცხოვრების წესი – ჯანსაღად იკვებოთ, ფიზიკურად იაქტიუროთ და სრულფასოვნად იძინოთ.
მარი აშუღაშვილი