B ჯგუფის ვიტამინები – ძლიერი გუნდი ერთი მიზნისთვის
გააზიარე:
ლათინური ანბანის მეორე ასოთი ვიტამინების მრავალრიცხოვან ოჯახს აღნიშნავენ, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს: აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვანი მუშაობისთვის, პასუხს აგებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, ერითროციტების – სისხლის წითელი უჯრედების – ფორმირებას, ზრუნავს თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე.
ეს B ვიტამინების ოჯახია, მათ ღირსებებზე საუბარი კი ექიმ ენდოკრინოლოგს, ნუტრიციოლოგს, მედიცინის დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სიმსუქნისა და მეტაბოლურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელს, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტს ქეთევან ასათიანს ვთხოვეთ.
– B ვიტამინების ჯგუფი რვა აუცილებელ მიკროელემენტს მოიცავს. ესენია: B1, იგივე თიამინი, B2 – რიბოფლავინი, B3 – ნიაცინი, B5 – პანტოთენის მჟავა, B6 – პირიდოქსინი, B7 – ბიოტინი, B9 – ფოლიუმის მჟავა, B12 – ციანკობალამინი.
ორგანიზმში ამ ნაკრების სინთეზი არ ხდება, – შესაძლოა, უმნიშვნელო ოდენობით, მხოლოდ რამდენიმე მათგანი წარმოიქმნას, რაც საკმარისი არ არის, – ამიტომ ეს ვიტამინები საკვებიდან უნდა მივიღოთ.
B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნადია, ამიტომ მათი უმეტესი ნაწილი ორგანიზმში არ ინახება და მარაგი ყოველდღიურად უნდა შევივსოთ.
აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის ვიტამინების სიჭარბე ადამიანს არ ემუქრება, რადგან მათი აუთვისებელი ნაწილი შარდით გამოიყოფა ორგანიზმიდან.
B ვიტამინების ფუნქცია მრავალფეროვანია. ამასთან, მათი ერთობლივი მოქმედება უფრო ნაყოფიერია, ვიდრე თითოეულისა ცალ-ცალკე. მათი ძირითადი დანიშნულება საკვებიდან ენერგიის მიღება და ორგანიზმში მისი წარმოქმნის უზრუნველყოფაა. დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაში, ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში, იმუნიტეტის გაძლიერებაში...
იმის გასაგებად, კიდევ რა სიკეთე მოაქვთ B ვიტამინებს ჯანმრთელობისთვის, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ვიტამინი B1 – თიამინი
ვიტამინ B1-ის უპირველესი ამოცანა ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნაა – მოგეხსენებათ, ამის გარეშე ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების წარმართვა შეუძლებელია. ის ხელს უწყობს სპეციალური ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია გლუკოზის, ამინმჟავებისა და ცხიმების სრულფასოვანი მეტაბოლიზმისთვის. თიამინი განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს გლუკოზის ცვლაში; რადგან რაც უფრო მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, მით უფრო მეტი თიამინი სჭირდება ორგანიზმს მის გადასამუშავებლად. ისეთი ნახშირწყლოვანი საკვები კი, როგორიცაა თეთრი ფქვილი, ბრინჯი, თიამინს არ შეიცავს.
თიამინი ნერვული უჯრედების მემბრანის შემადგენელი ნაწილია და პასუხისმგებელია ნერვებსა და თავის ტვინს შორის ინფორმაციის გადაცემა-გაცვლაზე, რითაც უზრუნველყოფს კარგ კონცენტრაციას, სრულფასოვან გონებრივ მუშაობას და გაწონასწორებულ ფსიქიკას. მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების წარმოქმნაში.
თიამინი მონაწილეობს ცილა კოლაგენის სინთეზშიც, რომელიც აუცილებელია კანის, თმის, ძვლებისა და ხრტილების სიჯანსაღისთვის.
ორგანიზმი თიამინს მარაგის სახით ვერ ინახავს, ასე რომ, ის ყოველდღე უნდა მივიღოთ საკვებიდან, სამიზნე კონცენტრაციის გადაჭარბება კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
B1 ვიტამინის სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის 1 მგ-ია, მამაკაცებისთვის კი – 1,2 მგ. მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ან სიცხეში მუშაობის დროს. შედარებით მეტი უნდა მიიღონ ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, აქტიურმა სპორტსმენებმა.
დეფიციტი უმეტესად ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს ემუქრებათ, რადგან ალკოჰოლი თიამინის აქტიურ ფორმაში გადასვლასა და ათვისებას აფერხებს. მისი ნაკლებობა შესაძლოა აღმოაჩნდეთ ასაკოვან პირებს, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად კი – შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებსაც. დეფიციტი შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა დაავადებამ და შარდმდენმა მედიკამენტმა, ისევე როგორც ქიმიოთერაპიისთვის გამოყენებულმა პრეპარატებმა.
თიამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინზე აისახება, რაც დაბნეულობით, მეხსიერების დაქვეითებით, კონცენტრაციის დარღვევით გამოიხატება. ამას შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი, თვალების უკონტროლო მოძრაობა, გაღიზიანება, დეპრესია, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, იმუნიტეტის დაქვეითება. ყველაზე რთულ შემთხვევებში მოსალოდნელია პერიფერიული ნეიროპათიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის განვითარება.
B ვიტამინების უმეტესობის მსგავსად, თიამინი ყველაზე მეტია მარცვლეულის გარსში, ამიტომ გარსგაცლილი, გაფცქვნილი მარცვლეული მის კარგ წყაროდ ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, B1-ით მდიდარია ხორცი, ღვიძლი, კარტოფილი, პარკოსნები, მზესუმზირა, ფსტა, წიწიბურა.
ვიტამინი B2 – რიბოფლავინი
ვიტამინი B2 მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნაში. ამასთანავე, საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების სინთეზისთვის, ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას, აუცილებელია თმის, კანის, ლორწოვანისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.
რიბოფლავინის დეფიციტი იშვიათია, მაგრამ თუ წარმოიშვა, მიზეზი შესაძლოა იყოს წამალი (მაგალითად, რომელიმე ფსიქოტროპული ან საძილე საშუალება), ალკოჰოლიზმი.
დეფიციტზე მიგვანიშნებს კანისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება, ნახეთქები ტუჩებზე და პირის კუთხეებთან, ძლიერი დეფიციტის დროს კი მოსალოდნელია ლორწოვანი გარსის ანთება, მხედველობის დაქვეითება, თმის ცვენა, კონცენტრაციის დაქვეითება, ზრდისა და ნევროლოგიური დარღვევები, კატარაქტა, ანემია.
სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის – 1,2, ხოლო მამაკაცებისთვის 1,4 მგ-ია. გაცილებით მეტი უნდა მიიღონ ორსულებმა, აქტიურმა სპორტსმენებმა და ქრონიკულ სტრესში მყოფმა პირებმა.
ვიტამინ B2-ის ნორმის შესავსებად ყოველდღე უნდა სვათ რძე, მიირთვათ რძის ნაწარმი, ხორცი, კვერცხი, თევზი, მთლიანი ანუ გაუფცქვნელი, გარსგაუცლელი მარცვლეული, ზოგიერთი ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი, მწვანე კომბოსტო, კარტოფილი, ასევე – სოკო, ნუში, სეზამის მარცვლები, საფუარი.
ვიტამინი B3 – ნიაცინი
ვიტამინ B3-ის ორი ფორმაა ცნობილი – ნიკოტინმჟავა და ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP). ორგანიზმში ის მრავალ ფუნქციას ასრულებს: მონაწილეობს მიელინის – ნერვული ბოჭკოს შემომგარსველი ნივთიერების – სინთეზში, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის სრულყოფილი მუშაობისთვის, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას, მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, ახალი უჯრედების წარმოქმნასა და რეგენერაციაში, იცავს კანის უჯრედებს ულტრაიისფერი დასხივების მავნე ეფექტისგან, არეგულირებს სისხლში ცხიმის კონცენტრაციას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას.
ნიაცინის უკმარისობა შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბმა ალკოჰოლმა, კრონის დაავადების, ართრიტის, ეპილეფსიის, პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულმა ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ. დეფიციტი ასევე შესაძლოა განვითარდეს ორსულობის, აქტიური სპორტული დატვირთვის, ქრონიკული დიარეის, B2 და B6 ვიტამინების ნაკლებობის დროსაც.
დეფიციტის დროს შეინიშნება კანის სიწითლე და გაღიზიანება, ტუჩის კუთხეები სკდება. ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ნერვული სისტემის ფუნქცია, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ქრონიკული დაღლილობა, კუნთების სისუსტე, ძილის დარღვევა, დეპრესია.
ნიაცინის სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის 13 მგ-ია, მამაკაცებისთვის – 16 მგ. სრულფასოვანი და დაბალანსებული კვებით დღიურ დოზას ადვილად მივიღებთ. ნიაცინის მთავარი წყარო ხორცი, ღვიძლი და თევზია. ის გვხვდება მთლიან მარცვლეულში, თხილეულში, კარტოფილში, სოკოში, ბანანსა და ყავაშიც.
ნიაცინის წარმოქმნა ორგანიზმსაც შეუძლია ამინმჟავა ტრიპტოფანისგან. 60 მგ ტრიპტოფანისგან ორგანიზმი 1 მგ B3 ვიტამინს წარმოქმნის, თუმცა ამისთვის B2 და B6 ვიტამინებია აუცილებელი.
ვიტამინი B5 – პანტოთენის მჟავა
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან “pantothen”, რაც ნიშნავს “ყველგან”. მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ვიტამინი B5 გვხვდება თითქმის ყველა ცხოველურ და მცენარეულ საკვებში და ორგანიზმი მას ფაქტობრივად ყველა სასიცოცხლო პროცესში იყენებს: პანტოთენის მჟავა შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში და ამ გზით მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლის პროცესში, ენერგიის წარმოქმნაში; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტეროლის სინთეზში, რაც, თავის მხრივ, საჭიროა სტეროიდული ჰორმონების ფორმირებისთვის (ასეთებია, მაგალითად, სასქესო ჰორმონები, სტრესის საწინააღმდეგო ჰორმონები, D ვიტამინი), აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, მნიშვნელოვანია უჯრედების რეგენერაციისა და გამრავლებისთვის.
B5-ის დეფიციტი იშვიათია. გვხვდება უმთავრესად ალკოჰოლიზმით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებთან, ასევე – დიალიზზე მყოფ პაციენტებთან. ის შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ორგანიზმის გამოფიტვა, კონცენტრაციის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ჩივილები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, ინფექციებისადმი მგრძნობელობის მომატება, იმუნური სისტემის დაქვეითება, ჭრილობის შეხორცების გართულება. B5-ის ასათვისებლად დიდი რაოდენობით კალციუმია საჭირო.
პანტოთენის მჟავათი მდიდარია კვერცხი, გულ-ღვიძლი, რძის ნაწარმი, კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული, მთლიანი მარცვლეული.
ვიტამინი B6 – პირიდოქსინი
სახელწოდება “ვიტამინი B6” რამდენიმე ნივთიერებას აერთიანებს. ეს ჯგუფი არეგულირებს ცილების მეტაბოლიზმს, ასე რომ, რაც უფრო მეტ ცილოვან საკვებს ვიღებთ, მით მეტი B6 ვიტამინი გვჭირდება.
პირიდოქსინი მონაწილეობს ამინმჟავების სინთეზში, რომლებიც უჯრედის საშენი მასალაა; ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის შენარჩუნებას, რაც წარმართველია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში; არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს; აუმჯობესებს თმის ზრდას; მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების, კერძოდ, სეროტონინის, დოფამინის, ნორადრენალინის წარმოქმნაში; აუცილებელია სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, ამიტომ ფოლიუმის მჟავასა და B12-თან ერთად აუცილებლად უნდა მიიღონ ორსულებმა.
სადღეღამისო ნორმა ქალებისთვის 1,2 მგ-ია, მამაკაცებისთვის კი – 1,5 მგ. შედარებით მეტია საჭირო, თუ ცილოვან დიეტას იცავთ, ორსულად ხართ ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ, მკურნალობთ ეპილეფსიას ან ტუბერკულოზს. დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებით ადვილად შეიძლება B6-ის სადღეღამისო დოზის მიღება.
დეფიციტს ძალიან უსიამოვნო შედეგები მოჰყვება: ნერვული აშლილობა, დეპრესია, კანის სიმშრალე და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კანისა და პირის კუთხეების დახეთქვა. ამ სიმპტომებს შესაძლოა თან ახლდეს ფაღარათი და ღებინება, ძილის დარღვევა, კუნთების სისუსტე. მოსალოდნელია ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, მნიშვნელოვანი მინერალების: მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, – ათვისების შეფერხება.
ვიტამინ B6-ს მრავალი პროდუქტი შეიცავს. მდიდარი წყაროა ორაგული, საქონლის ღვიძლი, მთლიანი მარცვლეული, სოია, ნიგოზი, კეშიუ, სეზამის მარცვალი, ოსპი, მწვანე ბოსტნეული.
ვიტამინ B6-ს იყენებენ კანის დაავადებების, ღებინების, პრემენსტრუალური სინდრომის, რევმატიზმის, დაქვეითებული კონცენტრაციის, დეპრესიის დროს. თუმცა მისი თვითნებური მიღება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ვიტამინი B7 – ბიოტინი
ბიოტინს, იმავე ვიტამინ B7-ს, H ვიტამინსაც უწოდებენ. ის ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ენერგიად გადაქმნაში ეხმარება, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას, ააქტიურებს მთელ რიგს ფერმენტებისა, რომლებიც აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სინთეზისთვის, ამინმჟავების დასაშლელად, ქოლესტეროლის დონის დასარეგულირებლად. ბიოტინი გავლენას ახდენს ემბრიონის განვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.
ბიოტინის დეფიციტი იშვიათია, რადგან მას მრავალი საკვები შეიცავს. გარდა ამისა, თუ ნაწლავური ფლორა ჯანსაღია, ბიოტინის წარმოქმნა მის ბინადარ ბაქტერიებსაც შეუძლიათ. დეფიციტი შესაძლოა გამოიწვიოს მედიკამენტებმა, მათ შორის – ანტიბიოტიკებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევამ, კერძოდ, კრონის დაავადებამ, და ხანგრძლივმა დიეტამ.
ბიოტინის დეფიციტის ნიშნებია: კანის სიმშრალე და აქერცვლა, წითელი გამონაყარი, თვალების სიმშრალე, თმის სტრუქტურის ცვლილება და ცვენა, ფრჩხილების სიმშრალე და სიმყიფე (მტვრევადობა), პრობლემები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, უმადობა, წონის კლება. გამორიცხული არ არის დაღლილობა, კუნთების ტკივილი, უძილობა, დეპრესია.
სადღეღამისო ნორმა ქალებისა და მამაკაცებისთვის 30-60 მკგ-ია. დაბალანსებული კვებით მარაგს ადვილად შეივსებთ.
ბიოტინით მდიდარია საქონლისა და ხბოს ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი, თევზი, განსაკუთრებით – ორაგული, კაკალი, მიწის თხილი, ნუში, ბანანი, სოია, ოსპი, სოკო, მთლიანი მარცვლეული, საფუარი.
ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა
ვიტამინ B9-ს უმრავლესობა ფოლიუმის მჟავას სახელით იცნობს. სინამდვილეში ფოლიუმის მჟავა მისი სინთეზური ფორმაა, ბუნებრივ ფორმას კი, რომელიც საკვებში გვხვდება, ფოლატი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა, უფრო ზუსტად, ფოლატი, მონაწილეობს უჯრედის დაყოფაში, ფორმირებასა და რეგენერაციაში, ამიტომ ის განსაკუთრებით სჭირდება მზარდ ნაყოფს. ამასთან, ის ხელს უწყობს სისხლის წითელი (ერითროციტები) და თეთრი (ლეიკოციტები) უჯრედების ფორმირებას, თავის ტვინის, ნერვების, კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციობას, მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების წარმოქმნაში. B6 და B12 ვიტამინებთან ერთად ხელს უწყობს ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლას, რომლის მაღალი დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკფაქტორი და იშვიათი თანდაყოლილი დაავადების ნიშანია.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტი უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება. მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობა, დიდი ოდენობით სისხლის დანაკარგი. დეფიციტი შესაძლოა ზოგიერთმა მედიკამენტმა და დაავადებამაც გამოიწვიოს, მაგალითად, ფსორიაზმა, კიბომ, თანდაყოლილმა მეტაბოლურმა დაავადებამ. კიდევ ერთი პოტენციური მიზეზია ვიტამინ B12-ის დეფიციტი, რადგან ის აუცილებელია ფოლიუმის მჟავას გასააქტიურებლად.
ფოლიუმის მჟავას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი, კვერცხის გული, პარკოსნები (ოსპი, სოია), სატაცური, კიტრი, პომიდორი, ხორბლის ღივი, საფუარი, ჭარხალი, ასკილი, სეზამის მარცვლები. ის გვხვდება რძესა და რძის ნაწარმშიც. ამ ვიტამინს ორგანიზმი ცხოველური წყაროდან უკეთ ითვისებს.
ფოლიუმის მჟავას უკმარისობაზე მიუთითებს სიფერმკრთალე, მუდმივი დაღლილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის სირთულე, დეპრესიული განწყობა, მეხსიერების გაუარესება, ზრდის შეფერხება, ინფექციებისადმი მგრძნობელობის მომატება, დიარეა. ორსულებისთვის ის შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის ან თვითნებური აბორტის მიზეზად იქცეს ანდა გაზარდოს ახალშობილის ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკი.
ვიტამინი B12 – კობალამინი
ვიტამინი B12 ერთმანეთის მსგავს ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებსაც კობალამინებს უწოდებენ (ერთი მათგანია ციანკობალამინი). განსაკუთრებით დიდია მათი როლი ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. B12-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდისთვის, ცილისა და ცხიმების ცვლისთვის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის, რადგან ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების გარსის ფორმირებასა და რეგენერაციას. ვარაუდობენ, რომ მის ხანგრძლივ დეფიციტს შეუძლია ჭკუასუსტობა გამოიწვიოს. B6-სა და B9-სთან ერთად ხელს უწყობს ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლას, მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების სინთეზში. ამასთანავე, ფოლიუმის მჟავას აქტივაცია მხოლოდ B12-ის მონაწილეობით არის შესაძლებელი.
სადღეღამისო ნორმა მამაკაცებისა და არაორსული ქალებისთვის 3-4 მკგ-ია, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის კი – 5,5 მკგ-მდე. ორგანიზმი B12-ის მარაგს ინახავს, ამიტომ მისი დეფიციტი იშვიათად ვითარდება. დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაავადება, მაგალითად, ლორწოვანი გარსის ანთება, კრონის დაავადება, როცა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დარღვეულია იმ ცილის სინთეზი, რომელიც აუცილებელია B12-ის ასათვისებლად. ეს დარღვევა შესაძლოა ჰქონდეთ ასაკოვან პირებსაც. B12-ის ათვისებას აფერხებს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ომეპრაზოლი, ვაშლში შემავალი პექტინი.
B12-ის სრული დეფიციტი იწვევს პერნიციოზულ ანემიას, რომელიც ვლინდება სიფერმკრთალით, კონცენტრაციის დარღვევით, დაღლილობით. დეფიციტზე მიანიშნებს ხელ-ფეხის მგრძნობელობის დარღვევა, მადის დაქვეითება, წონის კლება, დიარეა ან ყაბზობა, თავბრუხვევა, ინფექციებისადმი მგრძნობელობის მომატება, დეპრესია.
B12-ის მდიდარი წყაროა ხორცი და ღვიძლი. მას ასევე შეიცავს სკუმბრია, კალმახი, ორაგული, რძის ნაწარმი და კვერცხი, ფერმენტირებული პროდუქტები, მაგალითად, მჟავე კომბოსტო.
უკეთ ასათვისებლად
B ჯგუფის ვიტამინები მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ – თერმული დამუშავებისას (შეწვისას, მოხარშვისას) მათი 30-50 პროცენტი იკარგება ან ბულიონში გადადის, ამიტომ სასურველია, მოხარშულ ხორცსა და ბოსტნეულთან ერთად, შეძლებისდაგვარად, ნახარშიც მივირთვათ. ვიტამინები იშლება არასწორ პირობებში, მაგალითად, სინათლეზე, სიცხეში, ასევე – დიდხანს შენახვის დროსაც.
ჯანმრთელი ადამიანი დაბალანსებული კვებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და პროდუქტის შენახვისა და მომზადების წესების ზედმიწევნით შესრულებით შეძლებს B ვიტამინების ადეკვატური დღიური ოდენობის მიღებას.
ჯილდა გაჩეჩილაძე