სიყვარულის ვაშლი ჩვენი ბაღიდან - როგორ გავახაროთ პომიდორი
გააზიარე:
პომიდვრის მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ საკუთარ ბაღჩაში დაკრეფილი პომიდორი გაცილებით გემრიელია, ვიდრე იმპორტირებული, რომელიც გზაში მწიფს. თუ გინდათ, პომიდვრის ნამდვილი გემო შეიგრძნოთ და იმაშიც დარწმუნებული იყოთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მიირთმევთ, თქვენი ბაღჩის ყველაზე მზიანი ადგილი პომიდორს დაუთმეთ. თუ ბაღჩა არ გაქვთ, აივანზე, ტერასაზე და ფანჯრის რაფაზეც კი თავისუფლად მოახერხებთ მის მოყვანას.
ცოტა რამ ისტორიიდან
პომიდორი (Solanum lycopersicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეა. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ამერიკაა. პომიდვრის ღირსებები ათასეულობით წლის წინ აღმოაჩინეს მაიას ხალხებმა და მისი მოყვანა დაიწყეს, ევროპაში კი ეს მცენარე ესპანელებმა ჩამოიტანეს XVI საუკუნეში. პომიდვრის უფრო მოსავლიანი ჯიშები XX საუკუნეში გამოიყვანეს.
პომიდორი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული პიგმენტებით. მასში შემავალი ლიკოპენი (Lycopin), წითელი პიგმენტი, ძლიერი ანტიოქსიდანტია და, თანამედროვე კვლევების თანახმად, ეფექტურად ებრძვის კიბოს და სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
აღწერილობა
ბოსტნეულად ცნობილი პომიდორი სინამდვილეში კენკრაა. მსოფლიოში მისი 3.000-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული, რომლებიც ნაყოფის ფორმით, ფერით, ზომით, თესლის შემცველობით, გემოთი და კანის სისქით განსხვავდება ერთმანეთისგან.
პომიდორი ერთწლიანი მცენარეა და 20 სმ-დან (ბუჩქოვანი) 2 მეტრამდე (მაღალმოზარდი) სიმაღლისა იზრდება. აქვს ძალიან ლამაზი პატარა ყვითელი ყვავილები, რომლებიც ერთმანეთს მტვერავენ. დაახლოებით ორი თვეში ყვავილები პატარა მწვანე ნაყოფებად იქცევა, რომლებიც თანდათან, ჯიშის მიხედვით, წითლად ან ყვითლად იფერება.
სიმაღლისა და ნაყოფის ზომის მიხედვით პომიდვრები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
* მაღალმოზარდი – ერთ დიდ ღეროს ივითარებს და აუცილებლად სჭირდება დამაგრება;
* ბუჩქისებრი ან აივნისა – უფრო განტოტვილია და არც მაღალი იზრდება;
* ხორციანი – აქვს დიდი, დაღარული ნაყოფი, შედარებით ნაკლებ ხილის მჟავას შეიცავს და ძალიან უხდება თითქმის ყველა ბოსტნეულს;
* ჩერი – აქვს მომცრო, მეტად არომატული ნაყოფი, რომელიც ბალს წააგავს. სახელი “ჩერიც” ამის გამო დაერქვა.
ადგილი და ნიადაგი
პომიდორს კარგად დამუშავებული, ჰუმუსითა და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი უყვარს. 3-5 ლიტრი კომპოსტი კვადრატულ მეტრზე უზრუნველყოფს მცენარეს ორგანული ნივთიერებებით და ნიადაგში ჰუმუსის შემცველობასაც აუმჯობესებს.
ცუდად ხარობს მძიმე ნიადაგში, რომელიც კარგად არ ატარებს წყალს.
სითბოსა და სინათლის მოყვარულია, ამიტომ მზიანი, თბილი, ქარისგან დაცული ადგილი შეურჩიეთ.
კარგი მოსავალი რომ მიიღოთ და სოკოვანი დაავადებებისგანაც დაზღვეული იყოთ, ყოველ წელს ახალ-ახალ კვალში გადარგეთ.
პომიდვრის კარგი მეზობლები არიან დაბალმზარდი და სითბოს მოყვარული მწვანილი (მაგალითად, რეჰანი), სტაფილო, ბოლოკი, ისპანახი, კომბოსტო, ცუდი მეზობლები კი – კარტოფილი, ბარდა, ცერეცო.
პომიდორი შეგიძლიათ სათბურში ან ქოთანშიც გაახაროთ. ქოთანში გასახარებლად შედარებით დაბალ ჯიშებს გირჩევთ. ქოთნის მოცულობა უმჯობესია 10 ლიტრამდე იყოს. მნიშვნელოვანია, მიწა წყალს კარგად ატარებდეს, რომ მცენარეს ფესვებთან არ დაუგუბდეს, ამისთვის კი შეგიძლიათ ქოთანს ფსკერზე დრენაჟი გაუკეთოთ.
თესვა
ბაზარზე პომიდვრის უმთავრესად ორი ტიპის თესლს შეხვდებით: ბიოს და F1-ს. ბიო იმ პომიდვრის თესლია, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და ყოველ წელს ერთი და იმავე თვისებების მქონე ნაყოფს იძლევა, ხოლო F1-ს საკმაოდ რთული ჰიბრიდიზაცია გზით იღებენ და სასურველ თვისებებს სძენენ. ამგვარად მოყვანილი პომიდორი არ არის მდგრადი და თავის თვისებებს მომდევნო თაობას არ გადასცემს.
მებაღეების უმრავლესობა კრიტიკულად უყურებს F1 თესლს. მისი ხშირი გამოყენების გამო იკარგება ტრადიციული ჯიშები, რომლებიც ხშირად ისეთივე გამძლე, გემრიელი და მოსავლიანია, როგორიც ჰიბრიდი.
რომელი თესლიც არ უნდა შეიძინოთ, უმჯობესია, ჩითილი სახლში მოამზადოთ. დათესვა მეტისმეტად ადრე არ მოგივიდეთ, საუკეთესო პერიოდი მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისია. საჩითილე ჭურჭელში ჰუმუსით მდიდარი საჩითილე მიწა ჩაყარეთ და კარგად დატკეპნეთ. შიგ თითო თესლი ჩააგდეთ, ერთ სანტიმეტრამდე მიწის ფენით დაფარეთ და კარგად მორწყეთ. დადგით კარგად განათებულ ადგილას. გასაღვივებლად იდეალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია, გაღვივებას კი 8-10 დღის შემდეგ დაიწყებს.
დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, როცა ამონაყარი თითო-ოროლა ფოთოლს გაიკეთებს, უმჯობესია, შედარებით დიდ (საჩითილეზე 10 სმ-ით მაღალ) ქოთნებში გადარგოთ. ახალგაზრდა მცენარე დილა-საღამოს მორწყეთ, მაგრამ ნუ მორწყავთ გადარგვის წინა დღეს – ამით ფესვები ზრდისთვის კარგ იმპულსს მიიღებს.
დარგვა
ვინაიდან პომიდორს სითბო უყვარს, ბაღში მაისის ბოლოს უნდა გადარგოთ. სათბურში გადასარგავად კი წელიწადის დროს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იქ ყოველთვის თბილა. თუ გადარგვა აპრილში მოგიწიათ, ნარგავებს საღამოობით ცელოფანი გადააფარეთ, დღისით კი გადახადეთ. ჰაერმა რომ იმოძრაოს, ცელოფანი დაჩვრიტეთ. ეცადეთ, ფოთლებს არ შეეხოს – შესაძლოა, სოკოვანი ინფექცია გადაიტანოს.
ნიადაგი გადარგვამდე უნდა მოამზადოთ: შემოდგომაზე ღრმად დაბაროთ, კვლებში გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი შეიტანოთ, გაზაფხულზე, გადარგვის წინ, კიდევ დაამუშაოთ. ჩითილები ერთმანეთს 50-60 სმ-ით დააშორეთ და დარგვისთანავე კარგად მორწყეთ, მომდევნო 1-3 დღე კი წყალს ნუ მიაკარებთ, რომ ფესვის ზრდა გააქტიურდეს. ჩითილი ღრმად ჩარგეთ მიწაში, 8-10 სმ-ით მაინც ფესვის ზემოთ – ღერო დამატებით ფესვებს განივითარებს, რათა მეტი ნუტრიენტი აითვისოს. ამის გამო დარგვისას შესაძლოა ქვედა ფოთლების მოწყვეტაც მოგიხდეთ.
მაღალმზარდ პომიდორს ღეროს დასაფიქსირებლად სარჭი სჭირდება. ყველაზე პრაქტიკულია სპირალისებურად დახვეული უჟანგავი ლითონის ან ალუმინის სარჭი. სასურველია, მას თავიდანვე გაუკეთოთ დეზინფექცია – ცეცხლზე შემოატაროთ ან სპირტით გაწმინდოთ. ჩითილის გადარგვისთანავე ჩაასეთ მიწაში და შეძლებისდაგვარად შემოახვიეთ მცენარის ღერო.
მოვლა
როცა პომიდორს ფესვები კარგად განუვითარდება, გაიზრდება და დაიტოტება, შესაძლოა ყოველდღიური მორწყვა აღარ დასჭირდეს. მის განტოტვილ ფესვთა სისტემა ნიადაგიდან კარგად იწოვს წყალს. თუ დილით შეამჩნიეთ, რომ ფოთლები ჩამოშვებული აქვს ან მიწა მეტისმეტადაა გამოშრალი, ესე იგი მორწყვა სჭირდება. წყლის ნაკლებობამ შესაძლოა ნაყოფი დახეთქოს.
თუ პომიდორი დახურულ სივრცეშია, დღეში ერთხელ მორწყეთ.
ჩერი უფრო გემრიელი და ანტიოქსიდანტებით მდიდარი იქნება, თუ ზღვის მარილით გაჯერებული წყლით მორწყავთ. 4 გრამამდე ზღვის მარილი 1 ლიტრ წყალში (უმჯობესია, წვიმისაში) გახსენით. დოზა ზედმიწევნით დაიცავით, რომ ნიადაგი მეტისმეტად არ დაამლაშოთ, თორემ ზოგიერთ ნივთიერებას, მაგალითად, კალციუმს ვეღარ შეითვისებს.
სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად წყალი მცენარეს ძირში, ფესვებთან დაუსხით, ისე, რომ ფოთლებს არ მოხვდეს. თუ ძირთან ახლოს მაინც დასველდა, როგორც კი მცენარე ცოტათი მოძლიერდება, ეს ფოთლები მოაცილეთ.
თუ მცენარეს ძირში ცოტაოდენ თივას ან ბალახს დაუფენთ, ნიადაგი მალე არ გამოშრება და სიმსუბუქესაც შეინარჩუნებს, მაგრამ მულჩი მხოლოდ კარგად გამთბარ ნიადაგზე დააყარეთ.
პომიდორს ფოთლების ძირთან გამუდმებით ამოაქვს ახალი ყლორტები. მეტი ნაყოფი რომ მოისხას, უმჯობესია, ეს ყლორტები მოაცილოთ, თორემ ფოთოლს უფრო მეტს მოისხამს, ვიდრე ნაყოფს. დარჩენილი ყლორტები გაძლიერდება და ნაყოფიც მალე დამწიფდება. თუ ყლორტი დიდია, დანით მოჭერით ისე, რომ მთავარი ღერო არ დაზიანდეს. თუ მას წყალში ჩადებთ, დააფესვიანებთ და მიწაში ჩარგავთ, ახალი ძირი გექნებათ.
ყლორტები უმჯობესია მშრალ ამინდში, დილით მოაცილოთ.
სხვადასხვა ჯიშის პომიდორს სხვადასხვა სიხშირის განტოტვა ახასიათებს. მაგალითად, ჩერის და ზოგიერთ ბუჩქოვან ჯიშს ყლორტები შეგიძლიათ დაუტოვოთ.
აგვისტოს ბოლოს-სექტემბერში პომიდორს ბოლოებს აწყვეტენ, მეტი ყვავილი რომ აღარ გამოიტანოს, თორემ ნაყოფი დამწიფებას ვეღარ მოასწრებს.
თუ მცენარეს ქვედა ფოთლები გაუყვითლდა, საგანგაშო არ არის, ოღონდ აუცილებლად მოაცილეთ.
განოყიერება
პომიდორი ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებას ითვისებს. მცენარეს ერთ კვადრატულ მეტრზე 3 გ აზოტი, 0,5 გ ფოსფატი, 3,8 გ კალიუმი და 4 გ მაგნიუმი სჭირდება. პირველი ულუფა შეიტანეთ, როცა მცენარეს პირველი ყვავილები გაუჩნდება, მერე კი – ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
პომიდორს უხდება კალიუმით მდიდარი ორგანული სასუქი, რომელსაც სპეციალურ მაღაზიებში შეიძენთ. შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ ჭინჭრის ან ლაშქარას ნაყენი და მოსარწყავ წყალში გააზავოთ.
მოსავალი
მწვანე პომიდორი მომწამვლელ ნივთიერება სოლანინს შეიცავს, ამიტომ, თუმცაღა ზოგან ის დელიკატესად ითვლება, ბევრის ჭამა არ არის სასურველი.
როცა ნაყოფი თავის ფერს მიაღწევს, მოსაკრეფია. დამწიფების დრო ჯიშსა და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ადრეული ჯიშები დარგვიდან 55-70 დღეში მწიფს, მოგვიანო – 90 დღეში. ჩერის დასამწიფებლად დაახლოებით 65 დღე სჭირდება, ხოლო ხორციან ჯიშებს – 85. ღია ცის ქვეშ პომიდორი ივლისის ბოლოდან იკრიფება (ჯიშის მიხედვით), სათბურში კი ერთი თვით ადრე მწიფს. აცადეთ პომიდორს ბოლომდე დამწიფება, რადგან მხოლოდ ამ დროს აღწევს მისი არომატი პიკს.
პომიდორი – მწიფეც და მკვახეც – პირველ ყინვებამდე უნდა დაკრიფოთ. მწვანე ნაყოფი შეგიძლიათ სახლში დაამწიფოთ. სწრაფად დამწიფდება, თუ გვერდით რამდენიმე ვაშლს მიუწყობთ – ხილი ეთილენის გაზს გამოყოფს, რაც დამწიფებას აჩქარებს.
პომიდორს მაცივარში ნუ შეინახავთ.
დაავადებები და მავნებლები
დაავადებებს თავიდან აიცილებთ, თუ არჩევანს გამძლე ჯიშებზე შეაჩერებთ და ნიადაგსაც შესაბამისად დაამუშავებთ. პომიდვრის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ფიტოფტორა, რომელსაც სოკო იწვევს. მის სპორებს ქარი ავრცელებს. განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება, როცა ჰაერის ტენიანობა მაღალია, ხოლო ტემპერატურა – 18 გრადუსზე დაბალი. სოკოთი დასნებოვნეული მცენარის განკურნება თითქმის შეუძლებელია. დაავადება შესამჩნევია როგორც ფოთოლზე, ისე ამონაყარსა და ნაყოფზეც. ნაყოფი ყავისფრდება, მაგრდება და საჭმელად უვარგისი ხდება. თუ ფოთლებს დაზიანება შეატყვეთ და ფიტოპტორა იეჭვეთ, მცენარე მაშინვე ამოთხარეთ. ინფიცირებული ძირი უმჯობესია დაწვათ.
ფოთლების დახვევა მაინცდამაინც დაავადებაზე არ მიუთითებს – მიზეზი შესაძლოა სასუქის სიჭარბე ან წყლის ნაკლებობაც იყოს, მაგრამ თუ დახვევასთან ერთად ფოთოლმა ძარღვების გასწვრივ ფერიც იცვალა, გაბაცდა, ეს უკვე ვირუსული ინფექციის მანიშნებელია. ზოგჯერ ნაყოფს ბოლოში ყავისფერი ლაქა უჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალციუმი აკლია. ეს უმეტესად ცხელ, მშრალ ამინდში ემართება, ამიტომ, როგორც კი ასეთ რამეს შეამჩნევთ, კარგად მორწყეთ.
პომიდორს მავნებლებიც ემტერებიან – ტკიპები, ტრიფსები, აბლაბუდატკიპასებრნი, ნემატოდები, რომლებიც ფოთლებს, ყლორტებს, ფესვებს აზიანებენ. მათგან თავის დაღწევა არც ისე იოლია, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით დაათვალიერეთ მცენარის ფოთლები და პარაზიტის შემჩნევისთანავე, თუ ვერ გაუმკლავდებით, ფესვიანად ამოთხარეთ მცენარე.
ჯილდა გაჩეჩილაძე