გოჯი – მარჯნისფერი კენკრა
გააზიარე:
Lycuim barbarum-ის მარჯნისფერ ნაყოფს ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში მრავალი საუკუნეა იყენებენ. მისი ეგზოტიკური სახელი გოჯი მრავალ თქვენგანს შესაძლოა არც კი გაეგონოს, რადგან არც ისე დიდი ხანია, ჩვენამდე მოაღწია, ამერიკასა და ევროპაში კი ის ძალიან პოპულარულია. არც არის გასაკვირი, რადგან გოჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების უმრავლესობას ერთ უნიკალურ კომბინაციად აერთიანებს.
მაინც რა შეუძლია ამ პატარა ნაყოფს?
რა არის
გოჯის სამშობლო ჩინეთი და მონღოლეთია, თუმცა მისი გახარება ცენტრალურ ევროპაშიც შეიძლება, რადგან კარგად უძლებს ყინვებს. ამჟამად ეს კენკრა უმთავრესად ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციაში – ნინსია-ხუეიში მოჰყავთ. ყოველ ზაფხულს, გოჯის მოსავლის აღების შემდეგ, იქ დიდი ზეიმი იმართება.
გოჯი ტიბეტის ზოგიერთ რეგიონშიც გვხვდება. იქაური ნაყოფი უფრო წვნიანია, ტკბილი და საკვები ნივთიერებებით გაცილებით მდიდარი, ვიდრე სხვა რეგიონებში მოყვანილი.
პროდუქტები, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების სიმრავლით და ჩვეულებრივზე მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ქმნის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების (Superfood) ჯგუფს. ასეთი ჯგუფები, როგორც წესი, შეიცავს კომბინაციებს, რომლებშიც საკვები ნივთიერებები კიდევ უფრო აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას (ამას სინერგიული მოქმედება ეწოდება). ამ ჯგუფში შედის გოჯის კენკრაც. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის გასაოცარ ძალასა და ენერგიას აძლევს სხეულს.
რას შეიცავს
გოჯის კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მონო– და პოლისაქარიდებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით – პოლიფენოლებით, კაროტინოიდებით. უხვად შეიცავს A (ბეტა კაროტინის ფორმით), C, E ვიტამინებს. ამასთან ერთად, მასში გვხვდება B ჯგუფის ვიტამინები და 21-მდე მიკროელემენტი, მათ შორის – გერმანიუმი, რომელიც ნიადაგის გამოფიტვის გამო თითქმის არ მოიპოვება საკვებში. შეიცავს 19-მდე ამინმჟავას, მათ შორის – ცხრავე ესენციურს (ეს ის ამინმჟავებია, რომლებსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის). განსაკუთრებით მდიდარია რკინით.
მოდი, უფრო მეტი გავიგოთ მის ღირსებებზე:
ძლიერი იმუნიტეტი
გოჯის კენკრაში შემავალი პოლისაქარიდები (რთული ნახშირწყლები) აუმჯობესებს იმუნურ დაცვას – ააქტიურებს T-ლიმფოციტებს, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებსა და ვირუსებს ებრძვის.
ჯანმრთელი თვალები ღრმა სიბერემდე
ორი კაროტინოიდის – ლუთეინისა და ზეაქსანთინის წყალობით გოჯი ძალიან სასარგებლოა თვალებისა და ნერვული სისტემისთვის. მას შეუძლია, დიდი როლი შეასრულოს თვალის გავრცელებული დაავადების – ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის – პროფილაქტიკაში, რომელიც ცენტრალური მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას, ზოგჯერ დაკარგვასაც კი იწვევს. ამიტომ კარგი იქნება, თუ 60 წელს გადაცილებული ადამიანები გოჯის კენკრას მენიუში შეიტანენ.
ნაწლავური ფლორის სიჯანსაღისთვის
გოჯის ნაყოფში შემავალი პოლისაქარიდები ენერგიის საუკეთესო წყაროა ნაწლავის ბინადარი მეგობარი ბაქტერიებისთვის. კენკრა ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის აღდგენას და ზრდის მის შესაძლებლობებს. ჯანმრთელი ნაწლავური ფლორა კი რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის ყველამ იცის.
ქრონიკული ანთების ჩასაცხრობად
ანთებასაწინაღმდეგო მოქმედების გამო აზიაში გოჯის კენკრას აქტიურად იყენებენ ქრონიკული დაავადებების - ასთმის, ალერგიის სამკურნალოდ. იდეალურია იმ ავტოიმუნური დაავადებების დროსაც, რომლებიც ანთებითი პროცესის თანხლებით მიმდინარეობს. მაგალითად, ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, კრონის დაავადების დროს.
ანტიასაკობრივი ეფექტი
გოჯის კენკრას კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ როგორც ანტიასაკობრივ საშუალებას. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ანელებს დაბერებას. ამასთან, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს კანის უჯრედებში სითხის შეკავებას, ააქტიურებს კანში სისხლის მიმოქცევას, რითაც კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.
ჭარბი წონის წინააღმდეგ
მართალია, გოჯი სხეულის წონაზე პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ გახდომის მსურველებს მიზნის მიღწევაში ეხმარება.
როგორ?
* გოჯის გლიკემიური ინდექსი დაბალია და მისი მიღებისას სისხლში შაქრის დონე ოდნავ თუ იმატებს.
* მასში შემავალი უჯრედისი დიდი ხნით ანაყრებს.
* ძლიერი შიმშილის მოსაკლავად რამდენიმე ცალი კენკრაც საკმარისია.
* ესენციური ამინმჟავების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ცილების დეპოს შევსებას, რაც ენერგიის დიდხანს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
* ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებთა და მინერალებით მაშინ, როცა საჭიროზე ნაკლებ საკვებს იღებთ.
სტრესის მართვა
კენკრაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული ნივთიერებები ხელს უწყობს ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის ჯანსაღ პროდუქციას. მას კიდევ უფრო აძლიერებს ამინმჟავები – L არგინინი, L გლუტამინი და კალიუმი. ზრდის ჰორმონი კი ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ხელს უწყობს სტრესისა და არახელსაყრელი გარეგანი ფაქტორების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას. ასე რომ, გოჯის კენკრა ერთგვარი ადაპტოგენია.
გოჯი უხდება ტვინს – ხელს უშლის მასში ამილოიდური პეპტიდების დაგროვებას, რაც ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა.
კენკრაში შემავალი პოლისაქარიდები ორგანიზმს წიდისგან გათავისუფლებაში ეხმარება – ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების გამოძევებას აჩქარებს.
გოჯი საუკეთესო ხემსია სპორტსმენებისა და სპორტულად აქტიური ადამიანებისთვის: ერთი მხრივ, მასში შემავალი პოლისაქარიდები ზრდის კუნთების შრომისუნარიანობას და ხელს უწყობს ძლიერი დატვირთვის შედეგად მათში დაგროვილი რძემჟავას დაშლას, მეორე მხრივ კი გოჯი განაპირობებს კუნთებში გლიკოგენის დაგროვებას, რაც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ძალასა და გამძლეობას მატებს კუნთებს.
გოჯის კენკრა მდიდარია ამინმჟავებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კუნთების მასის გაზრდაზე ოცნებობს.
უხდება გულსა და სისხლძარღვებს, თირკმელებსა და ღვიძლს. კარგია დიაბეტის დროს (ბეტა სისტეროლი ხელს უწყობს სისხლში ცხიმის მოლეკულების შემცველობის დაქვეითებას).
ვიყოთ ფრთხილად
ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად ეკიდება გოჯის შესაძლებლობებს, თუმცა ფაქტია, რომ აზიელები მას დღესაც სასწაულმოქმედ საშუალებად მიიჩნევენ. სიფრთხილე კი მართლაც გმართებთ, რადგან გოჯის მრავალი სახეობა არსებობს, ამასთან, ბუნებაში უამრავია მისი მსგავსი წითელი კენკრა, რომელთაგან ზოგი შესაძლოა მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს და შეიძინეთ ის, რომელსაც აწერია “Lყციუმ ბარბარუმ”.
ექსპერტები სიფრთხილისკენ სხვა მიზეზითაც მოგვიწოდებენ – გოჯი აძლიერებს ანტიკოაგულანტურ ეფექტს, ამიტომ შესაძლოა საშიში იყოს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან ერთად მისი მიღება. თუ სისხლის გამათხელებლებს იღებთ, გოჯიზე უარის თქმა მოგიწევთ.
გოჯის კენკრას ახასიათებს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია პომიდორთან, ატამთან, კივისთან, თხილეულთან, ამბროზიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ პროდუქტებზე ალერგია გაქვთ, გოჯის კენკრამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
დაბოლოს, ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: ჭარბი წამალიც საწამლავია, ამიტომ საკუთარ თავს დათვური სამსახური რომ არ გაუწიოთ, ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ ოდენობას. დღეში 10-15 გ (1-2 სუფრის კოვზი) საკმარისია.
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას კარგად თავდახურული ჭურჭლით.
როგორ გამოვიყენოთ
საჭმელად ვარგისია გოჯის არა მარტო ნაყოფი, არამედ ფოთლები, ფესვები, მერქანი და თესლიც. კენკრას ზაფხულში და შემოდგომაზე ხელით კრეფენ. ის ნედლიც იჭმევა, მაგრამ იმისთვის, რომ სასარგებლო ნივთიერებები დიდხანს შეინარჩუნოს, ახალმოკრეფილს მზეზე აშრობენ. მარკეტებში უმეტესად სწორედ გამომშრალი ნაყოფი იყიდება. გოჯის ჩირში მეტი კაროტინოიდი და პოლიფენოლია, ვიდრე, მაგალითად, ყურძნის ან მოცვის ჩირში.
გამომშრალი გოჯი შეგიძლიათ დაამატოთ ხორციან თუ უხორცო წვნიანს, სალათას, მაწონს, იოგურტს, მიუსლის, მურაბას, სმუზის. შეგიძლიათ, ჩაისავით დააყენოთ და დალიოთ.
მოკლედ, სულერთია, როგორ მიიღებთ, მთავარია, მიიღოთ. ორგანიზმი მადლიერი დაგრჩებათ.
ჯილდა გაჩეჩილაძე