K – მივიწყებული ვიტამინი

გააზიარე:

ცოტამ თუ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია K ვიტამინი ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის. ის არა მარტო სისხლის შედედებას აკონტროლებს, არამედ სისხლში კალციუმის დონესაც არეგულირებს და ძვლის ქსოვილების რეგენერაციასა და წარმოქმნაშიც მონაწილეობს.

კიდევ რა სიკეთე მოაქვს მას ჯანმრთელობისთვის? შესაძლებელია თუ არა K ვიტამინის მარაგის შევსება ბუნებრივი გზით? ამ და სხვა კითხვებით ექიმ ენდოკრინოლოგს, ნუტრიციოლოგს, მედიცინის დოქტორ ლაშა უჩავას მივმართეთ.

რა არის

– K ვიტამინი, რომელიც, A, D და E ვიტამინების მსგავსად, ცხიმში ხსნადია, ბუნებაში ორი: ვიტამინ K1-ისა (ფილოქინონის) და ვიტამინ K2-ის (მენაქინონის) – ფორმით გვხვდება.

ვიტამინ K1-ს უმთავრესად მწვანე მცენარეთა ფოთლები შეიცავს. უფრო აქტიურ, K2 ფორმად მისი გარდაქმნა ორგანიზმსაც შეუძლია.

ვიტამინი K2 კი ცხოველური წარმოშობისაა და მას ფერმენტირებული მცენარეული საკვები შეიცავს. იქ მას საკვებში არსებული მიკროორგანიზმები წარმოქმნიან. K2-ის წარმოქმნა ნაწლავების ბინადარ ზოგიერთ ბაქტერიასაც შეუძლია, რასაკვირველია, მაშინ, როდესაც ნაწლავური ფლორა ჯანსაღია.

ბუნებრივი ნაერთების, K1-ისა და K2-ის გარდა, არსებობს K ვიტამინის სინთეზური ფორმაც – K3 (მენადიონი). წინათ მას K ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ იყენებდნენ, თუმცა ბოლო ხანს თითქმის ამოიღეს ხმარებიდან გვერდითი ეფექტების გამო: აღმოჩნდა, რომ K3-ს ჰემოლიზური ანემიის გამოწვევა და ღვიძლის დაზიანება შესძლებია.

– მაინც რაში იყენებს K ვიტამინს ორგანიზმი?

– საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი K ვიტამინი ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესშია ჩართული. მაგალითად:

არეგულირებს სისხლის შედედებას

სისხლის კოაგულაცია K ვიტამინის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ის მონაწილეობს შედედების ფაქტორების – სისხლდენის მაკონტროლებელი ცილების – წარმოქმნაში და უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ შედედებას, რაც K ვიტამინის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

იცავს სისხლძარღვებს

K ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. ზოგიერთი კვლევის თანახმად, K2-ით მდიდარ საკვებს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს ათეროსკლეროზის და, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

თუმცა გულის დაავადებების პროფილაქტიკაში ამ ნივთიერების როლი მჭიდროდ უკავშირდება D ვიტამინს. ორივე მონაწილეობს მატრიცული Gლა ცილის (Mატრიხ Gლა-Pროტეინ) წარმოქმნაში, რომელიც სისხლძარღვებს მკვრივი ფოლაქების ჩამოყალიბებისგან იცავს, ამიტომ K ვიტამინთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში D ვიტამინის ნორმალური დონეც.

არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს

კალციუმი არა მხოლოდ კბილებისა და ძვლებისთვის არის მნიშვნელოვანი მინერალი, არამედ მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია. ორგანიზმმა მისი სწორად გამოყენება რომ შეძლოს, ის ზუსტად უნდა იქნეს მიტანილი დანიშნულების წერტილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში ძალიან ბევრი კალციუმი დარჩება და შესაძლოა, სისხლძარღვების კედლებზე ან სხვა არასასურველ ადგილას, მაგალითად, თირკმელებში დაილექოს და სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.

კალციუმის განაწილებაზე სწორედ K ვიტამინია პასუხისმგებელი. მას სისხლიდან გამოაქვს ზედმეტი კალციუმი, რათა ის კბილებისა და ძვლების შენებას მოხმარდეს და ამით ხელს უშლის სისხლძარღვებსა და თირკმელებში მის დეპონირებას.

მონაწილეობს ძვლების შენებაში

ძვლებმა სიმტკიცე და სიჯანსაღე რომ შეინარჩუნოს, კალციუმსა და D ვიტამინთან ერთად K ვიტამინიც სჭირდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ კალციუმს კი არ აწვდის ძვლებს, არამედ ძვლების შენებაში მონაწილე ცილასაც ააქტიურებს. პროტეინს, რომელსაც ოსტეოკალცინი ჰქვია, მხოლოდ K ვიტამინის ზემოქმედებით შეუძლია შეიერთოს კალციუმი და წარმოქმნას ძვლოვანი ქსოვილი.

იცავს ძვლებს ოსტეოპოროზისგან და ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეული მოტეხილობების რისკს

ძვლების შენებაში K ვიტამინის როლის შესასწავლად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ K2-ის ნაკლებობა ძვლის სიმკვრივის შემცირებას და ხანდაზმულ ქალებში მოტეხილობათა რაოდენობის მატებას იწვევს, თუმცა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაზე მისი გავლენა მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

ებრძვის ლეიკემიის უჯრედებს

აღმოჩნდა, რომ K2-ს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც ჰქონია. კერძოდ, ის ხელს უწყობს ლეიკემიის უჯრედების თვითგანადგურებას, თუმცა ამ კუთხით ადამიანებზე ჯერ არ არის გამოცდილი.

დღიური ნორმა

– ალბათ მიხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია K ვიტამინის რეკომენდებული ოდენობის ყოველდღიური მიღება.

K ვიტამინის დღიური ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით დაახლოებით ასეთია:

* დაბადებიდან 6 თვემდე – 4 მკგ;

* 4-დან 12 თვემდე – 10 მკგ;

* 1-დან 4 წლამდე – 15 მკგ;

* 4-დან 7 წლამდე – 20 მკგ;

* 7-დან 10 წლამდე – 30 მკგ;

* 10-დან 13 წლამდე – 40 მკგ;

* 13-დან 15 წლამდე – 50 მკგ;

* ქალებისთვის 15-დან 51 წლამდე – 60 მკგ;

* კაცებისთვის 15-დან 51 წლამდე – 70 მკგ;

* ქალებისთვის 51 წლიდან – 65 მკგ;

* კაცებისთვის 51 წლიდან – 80 მკგ.

შედარებით მეტი – დღეში დაახლოებით 60 მკგ – K ვიტამინი უნდა მიიღონ ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა.

თუმცა ეს მაჩვენებლები, სავარაუდოდ, აბსოლუტურ მინიმუმს წარმოადგენს და თავისუფლად შეიძლება გაცილებით მეტი K ვიტამინის მიღება საკვებით.

K ვიტამინით მდიდარი საკვები

– K1-ის საუკეთესო წყარო, როგორც გითხარით, მცენარეული საკვებია, K2 კი მცირე რაოდენობით გვხვდება ხორცში, ღვიძლში, კვერცხში, რძის ნაწარმში. მას ყველაზე მეტს ტრადიციული იაპონური სოიის პროდუქტი ნატო შეიცავს.

K-ით მდიდარია:

. მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული

ვიტამინი K1 განსაკუთრებით ბევრია მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, მაგალითად, ისპანახში, სალათის ფოთლებში, დანდურში. თუ ყოველდღიურ რაციონში ასეთი ბოსტნეულისგან მომზადებულ სასმელს შეიტანთ, მხოლოდ K1 ვიტამინს მარაგს კი არ შეივსებთ, არამედ ბევრ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებასაც მიაწვდით ორგანიზმს.

K1-ის ალტერნატიული წყაროა ბალახების – ხორბლის, სპელტას, ქერის – სმუზი. საუკეთესოა სხვადასხვა ბალახისა და მწვანილის კომბინაცია. მწვანე სმუზის მომზადება ბალახების ფხვნილისგანაც შეიძლება. მაგალითად, 15 გ მაღალი ხარისხის ქერის ბალახის ფხვნილი რეკომენდებულ დღიურ ოდენობაზე თითქმის ორჯერ მეტ K1 ვიტამინს შეიცავს.

. ჭარხლის ფოთლები

ჭარხლის ფოთლები გაცილებით მდიდარია მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით, მათ შორის – K1 ვიტამინით, ვიდრე მისი ბოლქვი.

. კომბოსტო

კომბოსტოს სახეობებს შორის ყველაზე მეტ K1-ს კალე შეიცავს, თუმცა ამ ვიტამინით ასევე მდიდარია ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, თეთრი კომბოსტო. K2-ის შესანიშნავი წყაროა კომბოსტოს მწნილი. 

. ოხრახუში

K ვიტამინით მდიდარია მწვანილიც, მაგალითად, ოხრახუში, მწვანე ხახვი. მეტიც: ოხრახუში არაერთი სასარგებლო ნივთიერებების უხვი წყაროა და ამ კუთხით ზოგიერთ საკვებ დანამატს დიდ კონკურენციას უწევს.

. ავოკადო

ავოკადო არა მხოლოდ K ვიტამინის საყურადღებო ოდენობას შეიცავს, არამედ ძვირფას ცხიმებსაც, რომლებიც აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინის ასათვისებლად.

– როგორ შევივსოთ K ვიტამინის მარაგი?

– K ვიტამინის მარაგის შესავსებად აუცილებელია დაბალანსებული კვება. ვინაიდან ძნელად ასათვისებელი K1-ის თითქმის 90%-ს ორგანიზმი იღებს საკვებიდან, საიდანაც მან შესაძლოა მხოლოდ ნახევარი გამოიყენოს, აუცილებელია ამ ვიტამინით მდიდარი საკვების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა.

K ვიტამინის შემცველობა 100 გ ნედლ პროდუქტში:

ოხრახუში – 790 მკგ

ისპანახი – 280 მკგ

კალე  – 250 მკგ

ბრიუსელის კომბოსტო – 250 მკგ

ბროკოლი – 121 მკგ

– K ვიტამინი, სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, უმნიშვნელო ოდენობით იშლება კულინარიული დამუშავების დროს, რადგან მდგრადია სითბოსა და ჟანგბადის ზემოქმედების მიმართ, თუმცა სინათლისადმი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ სურსათის დიდხანს შენახვისას მისი დიდი წილი იკარგება. K ვიტამინის შემცველი პროდუქტი უმჯობესია ბნელ ადგილას შეინახოთ.

დეფიციტი

– K ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელ ადამიანებში იშვიათია. დიეტოლოგები ვარაუდობენ, რომ დაბალანსებული კვებით დღეში ნორმაზე მეტ K ვიტამინს ვიღებთ. მაგრამ თუ მისი შემცველი საკვების არასაკმარისი მიღება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ვიტამინის დეფიციტი განვითარდეს.

გარდა ამისა, K ვიტამინის დეფიციტის გამოწვევა შეუძლია:

* ზოგიერთ სამედიცინო მდგომარეობას, მაგალითად, ნაწლავური ფლორის დარღვევას – K ვიტამინის წარმომქმნელი ბაქტერიების ნაკლებობას. ასე ხშირად ხდება, როდესაც დიდხანს ვსვამთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ხანგრძლივ დიარეას, ქრონიკულ ანთებას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, ცელიაკიით;

. მდგომარეობებს, რომელთა დროსაც გაძნელებულია ცხიმების შეწოვა, რაც K ვიტამინის აბსორბციასაც აფერხებს.

K ვიტამინის დეფიციტი ემუქრებათ მათ, ვისაც დაზიანებული ან დახშული აქვთ ნაღველსადინარი გზები, რადგან ამ დროს ნაწლავებში საკმარისი რაოდენობის ნაღველი ვერ გადადის და K ვიტამინის ათვისება ძნელდება.

K ვიტამინის დეფიციტი ხშირია მუკოვისციდოზის მქონე პირებთან. ამ დროს პანკრეასი ხშირად საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის ფერმენტებს. რომლებიც ორგანიზმს საკვებიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებების სწორად შეწოვაში ეხმარება.

ვინაიდან K ვიტამინი ღვიძლში ინახება და ნივთიერებათა ცვლაშიც მონაწილეობს, მისი დეფიციტის მიზეზად შესაძლოა იქცეს ღვიძლის დაზიანება, მაგალითად, ციროზი.

ვიტამინის ათვისებას ხშირად ხელს უშლის მინერალური ზეთების დიდი ოდენობით მიღება.

K ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა განუვითარდეთ პაციენტებს, რომლებიც განსაზღვრულ მედიკამენტებს იღებენ, მაგალითად, სისხლის გამათხელებლებს, ზოგიერთი სახეობის ანტიბიოტიკს, ანტიკონვულსანტებს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს) – ისინი ან ხელს უშლიან K ვიტამინის ათვისებას, ან აჩქარებენ მის დაშლას.

K ვიტამინის დეფიციტის განვითარებას შესაძლოა ჭარბმა წონამაც შეუწყოს ხელი – ამ დროს ვიტამინი დიდი ოდენობით გროვდება ცხიმოვან ქსოვილში და ორგანიზმი მას სათანადოდ ვეღარ მოიხმარს.

როგორ ვლინდება

– K ვიტამინის დეფიციტის მსუბუქ შემთხვევებს შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:  ხშირი და უხვი სისხლდენა (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან, ჭრილობიდან), სწრაფად დაღლა, ინფექციების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, სისუსტე იმუნოდეფიციტის გამო, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები, კარიესისადმი კბილების განსაკუთრებული მგრძნობელობა, ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.

თუ K ვიტამინის დეფიციტი დროულად არ იქნა აღმოჩენილი, შესაძლოა, საქმე სერიოზულ გართულებებამდე მივიდეს: დაიწყება უმიზეზო სისხლჩაქცევები ორგანოებსა და ქსოვილებში, მაგალითად, კუჭსა და ნაწლავებში, პანკრეასსა და ღვიძლში, ზოგჯერ – თავის ტვინშიც (სისხლიანი შარდი და განავალი K ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი ნიშანია), შენელდება ჭრილობების შეხორცება, სახსრებში გაჩნდება ჰემატომები, ოპერაციის შემდეგ შესაძლოა პათოლოგიური სისხლდენა განვითარდეს.

ზოგიერთი სიმპტომი საგანგაშოა. მაგალითად, მოულოდნელი დამბლა, ასევე – სახის ან სხეულის ნაწილის (მაგალითად, ენის) გაშეშების შეგრძნება.

K ვიტამინის დეფიციტის მკაფიო ნიშანია მეტყველების დარღვევა. მოსალოდნელია მეხსიერების დაბინდვა და ცალი თვალის დროებითი სიბრმავე. თუ ეს სიმპტომები კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, პაციენტმა დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოს.

– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს K ვიტამინის დეფიციტმა?

– K ვიტამინის მწვავე დეფიციტი ზრდის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, მაგალითად, ინსულტის განვითარების რისკს, იწვევს ძვლების სიმკვრივის შემცირებას, რაც ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას და ზრდის ძვლოვანი სტრუქტურის მოტეხილობათა რისკს, განსაკუთრებით – ქალებთან მენოპაუზის შემდეგ; შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების ანთება, ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი ტიპი 2; ბიძგი მისცეს ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, მაგალითად, ღვიძლის კიბოს განვითარებას.

K ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ემუქრებათ ახალშობილებს: ისინი მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან იღებენ ამ ვიტამინს, დაბადების შემდეგ კი რამდენიმე დღე მათ ნაწლავებში არ არის მისი სინთეზისთვის აუცილებელი ბაქტერიების საკმარისი რაოდენობა. ამან შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს, რომელიც ჰემორაგიული დაავადების სახელწოდებითაა ცნობილი, უმეტესად – სისხლჩაქცევები თავის ტვინში ან მის გარშემო.

სიჭარბე

– საკვებით თუნდაც ჭარბად მიღებული K ვიტამინი ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არ არის, ახალშობილებში კი მისმა სიჭარბემ შესაძლოა სერიოზული გართულებები, მაგალითად, ჰემოლიზი – სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, გამოიწვიოს.

საინტერესოა ისიც, რომ ზრდასრულებში K ვიტამინის სიჭარბე არ იწვევს სისხლის კოაგულაციის მატებას და არ ზრდის თრომბოზის რისკს, რადგან ორგანიზმს მისი ოპტიმალურად გამოყენება შეუძლია – ისე, რომ სისხლის შედედება წონასწორობაში დარჩეს.

– როგორ განისაზღვრება K ვიტამინის დონე?

– K ვიტამინის ნაკლებობას სისხლის ანალიზით ადგენენ – დეფიციტის შემთხვევაში გახანგრძლივებულია პროთრომბინის დრო (Pთ) და შემცირებულია შედედების ფაქტორების დონე.

K2 როგორც დანამატი

– K2, როგორც გითხარით, ვიტამინის უფრო აქტიური ფორმაა, ვიდრე K1. იმასაც ვარაუდობენ, რომ ორგანიზმი K1-ს უფრო მეტად სისხლის შედედების ფაქტორების წარმოებისთვის იყენებს, ხოლო K2-ს – კალციუმის მეტაბოლიზმისთვის. ასე რომ, როცა საქმე სისხლძარღვების, გულის, ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას ეხება, K2 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისიც გითხარით, რომ დაბალანსებული და მრავაფეროვანი კვებით ადვილად შეიძლება K ვიტამინის მარაგის შევსება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მისი მიღება დანამატის სახით. მთავარია, ეს თვითნებურად კი არ მოხდეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ანალიზით დადგენილი K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში და აუცლებლად ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

– ვინც K2-ის დანამატებს იღებს, შეფუთვაზე ალბათ ხშირად შეხვედრია ტერმინები: MK-7, MK-4. რაზე მიგვანიშნებს ეს ასოები და ციფრები?

– ვიტამინ K2-ს, იმავე მენაქინონს, შემოკლებით – MK-ს, აქვს რამდენიმე ფორმა, რომლებსაც რიცხვებით აღნიშნავენ. MK-7 ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა და ყველაზე ეფექტურია. MK4-ის ბიოშეღწევადობა არც ისე მაღალია, MK-9 კი ჯერ სათანადოდ არ არის შესწავლილი.

ფრიდმანის სკოლისა და ტაფტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფმა ახლახან შეისწავლა ვიტამინის როგორც დანამატის პოტენციური სარგებელი და ზიანი. კვლევაში 27.000 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევრებმა შეაფასეს როგორც ბუნებრივი საკვებით, ისე დანამატების სახით მიღებული ვიტამინების სარგებელი და დაასკვნეს, რომ ვიტამინები გაცილებით ეფექტურად მოქმედებდა იმ ჯგუფში, სადაც მათ საკვებიდან იღებდნენ.

ასე რომ, დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონი, რომელიც ორგანიზმს ყველა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით უზრუნველყოფს, ჯანმრთელობის გასაღებია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: