ღვინის კეთილი სული
გააზიარე:
ადამიანმა დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ ყურძნის, ვაშლისა და ზოგიერთი სხვა ხილის წვენი, თუ რამდენიმე ხანს დააყენებდნენ, გემოსა და არომატს იცვლიდა და განსაკუთრებულ, მათრობელა თვისებას იძენდა. თუმცა კარგა ხანს არ იცოდნენ, რა ანიჭებდა ღვინოს ამ თვისებას. ძველმა ხალხებმა ამ უცნაურობას მარტივი ახსნა უპოვეს – დაასკვნეს, რომ ღვინოში უცნობი “სული” იბუდებდა. რომაელებმა მას “ღვინის სული” – სპირიტუს ვინი – შეარქვეს, არაბებმა – ალკოჰოლი.
ალბათ, გეცნოთ ეს ტერმინები – მოგვიანებით, როდესაც სწავლულებმა მოახერხეს ღვინიდან იმ ნივთიერების გამოყოფა, რომელიც მას მათრობელა თვისებას სძენდა, მის სახელწოდებაზე დიდხანს არ უფიქრიათ და ძველი სახელი დაუტოვეს. ასე რომ, მას ამჟამადაც სპირტად ან ალკოჰოლად ვიხსენიებთ.
რა არის ნატურალური ღვინო?
ეს არის ყურძნის ან ხილის გამონაწურისგან ყოველგვარი დანამატის გარეშე, ბუნებრივი დუღილის გზით მიღებული სასმელი.
არის შემთხვევები, როდესაც ყურძნის ან ხილის წვენს წყალს, შაქარს, თაფლს ან სპირტს ამატებენ. ღვინო ამ შემთხვევაშიც ნატურალურად მიიჩნევა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ იგი განზავებული, დამტკბარი ან დასპირტულია.
ღვინოებს, რომლებიც 20%-მდე სპირტს შეიცავს, მსუბუქი ეწოდება, რომლებიც 20%-ზე მეტს – მაგარი.
რა იწვევს დუღილს?
ყველაფრის თავიდათავი საფუარა სოკოა. მას ერთი საინტერესო თვისება აქვს: ნახშირწყლოვან გარემოში მოხვდება თუ არა, მყისვე საოცარი სისწრაფით იწყებს გამრავლებას. სწორედ მისი გამრავლებით არის გამოწვეული ღვინის დუღილი.
სოკო ცხოველქმედებისთვის ღვინოში არსებულ შაქრებს იყენებს, მაგრამ, ადამიანის ორგანიზმისგან განსხვავებით, მათ ბოლომდე არ შლის, მხოლოდ ნაწილობრივ გადაამუშავებს. სწორედ ასეთი არასრულყოფილი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნახშირმჟავა აირი და სპირტი. ეს ყოველივე სოკოს სპეციფიკური ცილების – ენზიმების დამსახურებაა. ენზიმები სხვა არაფერია, თუ არა ფერმენტები, ამიტომ მათი მონაწილეობით მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს ფერმენტაციას უწოდებენ.
სამკურნალო თვისებები
ღვინის სასარგებლო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ და არა მხოლოდ ყოფაში, არამედ მედიცინაშიც იყენებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს სასმელი ორგანიზმზე ზოგადმომამაგრებელ გავლენას ახდენს, ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, ამაღლებს ტონუსს, მატებს მხნეობას, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ამინმჟავებით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას. ნატურალური ღვინოების შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ნივთიერება აფერხებს უჯრედების დაბერებას და ხელს უშლის სიმსივნური პროცესების განვითარებას.
ღვინოს მკაფიოდ გამოხატული ანტიბაქტერიული თვისება აქვს. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევებსაც კი თრგუნავს, როგორიც არის ტუბერკულოზი, ქოლერა და მალარია.
ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაციების, გრიპის, ფილტვების ანთების დროს.
კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს კარგია წითელი ღვინო, რომელიც მთრიმლავი ნივთიერებებით არის მდიდარი. ასეთი სასმელი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ წყლულებსა და ეროზიებსაც კი აშუშებს.
ღვინო სასარგებლოა გაცხიმოვნებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც. მას ორგანიზმიდან წიდა და ტოქსინები გამოაქვს.
ღვინის განსაკუთრებით ფასეული თვისებაა სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითების უნარი, რასაც მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ადასტურებს.
შაქრიანი დიაბეტის დროს კარგია მშრალი ყურძნის ღვინო შაქრის დაბალი შემცველობით.
მსუბუქი თეთრი ღვინო, განსაკუთრებით – შამპანური, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს, აქვეითებს თრომბების წარმოქმნისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ალბათობას. ყოველივე ამასთან ერთად, შამპანური აუმჯობესებს ფილტვების ვეტნილაციას და ხელს უწყობს სუნთქვის ცენტრის აღგზნებას.
წითელი სუფრის ღვინოები კარგია ანემიის დროს.
თეთრ და წითელ ნახევრად მშრალ ღვინოებს ორგანიზმიდან ჭარბი მარილი გამოაქვს.
ღვინო სასარგებლოა ავიტამინოზის დროსაც, საერთო სისუსტისა და უძლურების შემთხვევაში კი განსაკუთრებით კარგია კარგია პორტვეინი. ეს უკანასკნელი ძალიან უხდება უმადობას, რადგან კუჭის წვენის გამოყოფას აუმჯობესებს.
მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ღვინოები სასარგებლოა ძვლების მოტეხილობის დროს.
გახსოვდეთ: ისევე, როგორც ყველა სხვა წამალი, ღვინოც ზომიერადაა კარგი. გადაჭარბებამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ.
ღვინისგან სარგებლობა რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვსვათ და რამდენი. ოდენობა ადამიანის სქესზე, ასაკზე, სიმაღლესა და წონაზე, ასევე _ ორგანიზმის სხვა თავისებურებებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით მიიჩნევენ, რომ ოპტიმალურია დღეში 1-3 ჭიქა ღვინის მიღება, სასურველია, ჭამის დროს. ზრდასრული ჯანმრთელი მამაკაცისთვის ნორმად დღეში 300-350 მილილიტრი მიიჩნევა, ქალისთვის კი – 100-150 მილილიტრი.
როგორ ვსვამთ
ცხადია, ღვინო ჩვეულებრივი წამალი არ არის. მას, უწინარეს ყოვლისა, სიამოვნებისთვის ვსვამთ. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის ტემპერატურას. თუ ტემპერატურა არასწორად არის შერჩეული, ღვინის საუკეთესო თვისებები შეუმჩნეველი დარჩება. ამ შემთხვევაში უძვირფასესი საკოლექციო ღვინოც კი შეიძლება უგემური მოგვეჩვენოს.
სხვადასხვა სახეობის ღვინისთვის სხვადასხვა ტემპერატურაა ოპტიმალური. შამპანური სასურველია 7-9 გრადუსამდე გაგრილებული მივირთვათ, მსუბუქი მშრალი ღვინოები – 10-120ც-მდე (თეთრი) ან 10-140ც-მდე შემთბარი (წითელი), მაგარი ღვინოების 16-180ც-მდე შეთბობა ჯობს. სადასერტო ღვინოებისთვის კი ოპტიმალურია ოთახის ტემპერატურა, დაახლოებით 200ც.
ძველი დავარგებული ღვინო, რომელიც დიდხანს ინახებოდა ბოთლში, უმჯობესია სურაში გადავასხათ (ისე, რომ ნალექი არ გადაგვიყვეს) და ოციოდე წუთი გავაჩეროთ გასანიავებლად. ასეთ ღვინოს საცობი ძალიან ფრთხილად უნდა ამოვაძროთ, რომ კორპის ნამცეცები ბოთლში არ ჩაცვივდეს, თორემ ღვინოს გააფუჭებს. თუ ატყობთ, რომ ამას ვერ მოახერხებთ, ჯობს ბოთლს საცობიანად წაატეხოთ თავი.
საზოგადოდ, უმჯობესია, ღვინის ტემპერატურა ოპტიმალურზე ერთი-ორი გრადუსით ნაკლები იყოს. ამ შემთხვევაში ბოკალს ხელისგულებში იქცევენ და საჭირო ტემპერატურამდე ასე ათბობენ. ამგვარად ღვინის გემო და არომატი უფრო უკეთ შეიგრძნობა.
როდესაც სუფრაზე რამდენიმე სახეობის ღვინოა, თავდაპირველად უფრო ახალი მიაქვთ, მერე – უფრო მეტად დავარგებული; ჯერ შამპანურს და მსუბუქ ღვინოებს სვამენ (ჯერ თეთრს, მერე წითელს), შემდეგ – უფრო მაგარ, მეტი ალკოჰოლის შემცველ ღვინოებს. ყველაზე ტკბილ ღვინოებს – სადესერტოს, ლიქიორისას – სულ ბოლოს მიირთმევენ. რაც შეეხება ვერმუტსა და პორტვეინს, ჯობს, ისინი მადის გასაღვიძებლად ტრაპეზის დაწყებამდე მოსვათ.
შამპანური და თეთრი ღვინოები – მშრალი და ნახევრად მშრალი – შესანიშნავად ეხამება ხილს. გარდა ამისა, თეთრი ღვინოები უხდება ზღვის პროდუქტებს. წითელი ღვინო იდეალურია ხორციან კერძებთან. ფრინველს კი თეთრი და წითელი ერთნაირად უხდება. ღვინოსთან ერთად ნუ შეექცევით ცხარე, სანელებლებითა და ძმრით შეზავებულ კერძებს _ წიწაკა და სხვა საკაზმი ახშობს ღვინის გემოსა და არომატს.
ასე რომ, სული, რომელიც ღვინოში ბუდობს, სულაც არ არის ბოროტი; მთავარია, მასთან ურთიერთობა ვიცოდეთ. გაითვალისწინეთ ეს, სვით ღვინო, დაიბრუნეთ ჯანმრთელობა და ისიამოვნეთ.