სელი – თაობების მკურნალი
გააზიარე:
რეჰანი, ოხრახუში, ზაფრანა თუ ნიახური – საკაზმი, რომელსაც ყოველდღიურ რაციონში ვიყენებთ – მხოლოდ განსაკუთრებულ გემოს კი არ სძენს კერძს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სარგებლობა მოაქვს. მცენარეთა უმრავლესობა ხომ უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. მათი ფესვების, ფოთლებისა თუ თესლის სამკურნალო ძალას კარგად იცნობდნენ ჩვენი წინაპრები. მცენარეებით მკურნალობას დღესაც ბევრი ანიჭებს უპირატესობას.
ჩიას თესლის სასარგებლო თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ. დღეს ის ძალიან ტრენდულია, მისი ადგილობრივი ალტერნატივა კი დავიწყებას მიეცა. ამჯერად სელის თესლზე გიამბობთ.
ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და უჯრედისით მდიდარ ციცქნა ყავისფერ მარცვლებს ხალხურ მედიცინაში გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
სელი ერთ– ან ორწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში ხარობს. აქვს სხვადასხვა ფერის – ცისფერი, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი – ყვავილები და მოყვითალო ან ყავისფერი თესლი. სელისგან ორი სახის ნედლეულს მოიპოვებენ: სართავ ბოჭკოს და თესლს.
ყოფა-ცხოვრებაში
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა მოწმობს, რომ ადამიანი სელს დაახლოებით ათი ათასი წლის წინ იცნობდა. მისი ბოჭკოსგან ქსოვილს ამზადებდნენ, თესლს კი სამკურნალოდ და საკვებად იყენებდნენ. ძველ ეგვიპტეში მიცვალებულებს სწორედ სელის ქოვილში გახვეულს მარხავდნენ. სელის თესლი ყაყაჩოს თესლთან ერთად ზეთის წარმოებისთვის საუკეთესო ნედლეულად მიიჩნეოდა.
სელს საქართველოშიც უძველესი დროიდან იყენებენ. სელის ქსოვილის ანაბეჭდები, რომლებიც შავი ზღვის მთელ სანაპიროზეა მიმოფანტული, ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულით თარიღდება. დღეს კი სელი საქართველოში თითქმის აღარ მოჰყავთ.
სელის ბოჭკოს მეთვრამეტე საუკუნემდე აქტიურად იყენებდენ ქსოვილის წარმოებაში, მერე კი ის ბამბამ და ხელოვნურმა ბოჭკომ შეცვალა, თუმცა სელის ბოჭკო დღესაც ეკოლოგიურად სუფთა მასალად მიიჩნევა. ის დიდი სიმტკიცით გამოირჩევა. სელის ბოჭკოსგან ბატისტს, ტილოებს, სუფრებს, ტომრებს, თოკებს ამზადებენ.
სოფლის მეურნეობაში ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილ ჩენჩოსაც იყენებენ – ის ცილით მდიდარი საკვებია საქონლისთვის.
მედიცინაში
სელის როგორც სამკურნალო მცენარის გამოყენებას, როგორც უკვე ვთქვით, ხანგრძლივი ისტორია აქვს. სელის თესლით და ზეთით ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მკურნალობდნენ კატარს (ლორწოვანის ანთებას), ხველას, ფაღარათს, კუჭის ტკივილს. ტრადიცია დღესაც გრძელდება. სელის თესლი 2005 წლის სამკურნალო მცენარედ აღიარეს.
რას შეიცავს
სელის თესლი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა-3 და ომეგა-6), უჯრედისი და ლიგნანები (მცენარეული ჰორმონები). სელის თესლს სხვა მცენარეებისგან სწორედ მდიდარი შემადგენლობა გამოარჩევს. სასარგებლო ნივთიერებები უმთავრესად მის ქერქშია თავმოყრილი.
სელის თესლში ცხიმის დიდი მარაგია, დაახლოებით 40%. მისი დიდი ნაწილი – დაახლოებით 54% – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, 18% – ომეგა-9, ხოლო 6% – ომეგა-6. 100 გრამი თესლი დაახლოებით 23 გრამ ომეგა-3 და 6 გრამ ომეგა-6ს შეიცავს (ამერიკის მედიცინის ეროვნული აკადემიის მონაცემებით, ომეგა-3-ის დღიური ნორმა კაცებისთვის 1,6 გრამია, ქალებისთვის – 1,1 გრამი, ომეგა-6-ის დღიური ნორმა კაცებისთვის – 17, ხოლო ქალებისთვის – 12 გრამი).
მიუხედავად ამისა, სელის თესლი არ არის მაღალკალორიული. 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 360 კილოკალორიაა. წონის მომატება კი არავის ემუქრება, რადგან ის მცირე დოზით მიიღება – მაქსიმუმ 45 გრამი დღეში, თუმცა 20-30 გრამიც სავსებით საკმარისია.
სელი მდიდარია წყალში ხსნადი და უხსნელი უჯრედისის დაბალანსებული შემადგენლობით. უხსნელი უჯრედისი, ცელულოზა, კარგად იწოვს წყალს. შედეგად ნაწლავის შიგთავსი ბევრდება, რაც პერისტალტიკას (ნაწლავის კედლების ტალღისებურ, თანმიმდევრულ შეკუმშვას) ააქტიურებს. ხსნადი უჯრედისი (წებოვანი ნივთიერება) კი აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, ბოჭავს ტოქსინებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
სელის თესლი გაცილებით მდიდარია ლიგნანებით, ვიდრე რომელიმე სხვა მცენარეული საკვები. ლიგნანებს (პოლიფენოლებს) აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამგვარად უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. მოქმედებს როგორც ფიტოესტროგენები. 100 გრამ სელში დაახლოებით 300-370 მგ ლიგნანია.
სელის თესლი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, თუთია, მანგანუმი, სპილენძი, მაგნიუმი, რკინა.
სელი E და B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა. E ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ნაადრევი დაბერებისგან. მცირე რაოდენობით სელი A, ჩ და K ვიტამინებსაც შეიცავს.
რას უხდება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობაში სელის თესლს, როგორც გითხარით, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. ის, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს მოსანელებელი მასის ნაწლავებში სწრაფ ტრანსპორტირებას, კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებებსაც უხდება, მაგალითად, გასტრიტს. აქვს საფაღარათო მოქმედებაც.
სელი კარგად და დიდი ხნით ანაყრებს, რადგან უხვად შეიცავს ბოჭკოს, თანაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, ამიტომ კარგი საშუალებაა გასახდომად.
ორგანიზმი ლიგნანებს აღიქვამს როგრც ესტროგენებს, ამიტომ სელი ძალიან სასარგებლოა კლიმაქსის პერიოდში. ის ამსუბუქებს მენოპაუზით გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებს, თანაც, სინთეზური ჰორმონებისგან განსხვავებით, უსიამოვნო გვერდით ეფექტებს არ იწვევს.
სელი მდიდარია მცენარეული ცილებით, ამიტომ საუკეთესო საკვებია სპორტსმენებისთვის, რადგან კუნთების შენებასა და დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ცილებს დიდი როლი აკისრია.
სელი ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონის შემცირებას და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ სელი კიბოს პრევენციის შესანიშნავი საშუალებაცაა, განსაკუთრებით – პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბოსი. გარდა ამისა, ამცირებს დიაბეტისა და ინსულტის რისკს. უხდება, როგორც უკვე ვთქვით, ანთებით პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს.
სელის ზეთი
სელის ზეთი იმ სასარგებლო ზეთების ნუსხაშია, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე საკვები. თევზის ცხიმი რომ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, უკვე არაერთი კვლევით დამტკიცდა, მაგრამ სელის ზეთი გაცილებით მეტს გვპირდება, რადგან ის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. იცოდით, რომ სელის თესლი გაცილებით მეტ ომეგა-3-ს შეიცავს, ვიდრე თევზი? 100 გ სელის ზეთში დაახლოებით 45-55 გ ომეგა -3-ია, იმავე რაოდენობის თევზის ცხიმი კი დაახლოებით 3 გრამს შეიცავს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობითვის, ყველამ იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ, შემდეგში სელის ამ მეტად მნიშვნელოვან პროდუქტს ცალკე სტატია მივუძღვნათ.
რისკები და რჩევები
მიუხედავად ყველა ამ ფასდაუდებელი თვისებისა, სელის თესლის მიღება სარისკოცაა: თუ არასწორად გამოვიყენეთ, შეუძლია, ნაწლავები დაახშოს. როგორც გითხარით, ის იწოვს დიდი რაოდენობთ სითხეს, ფუვდება და ნაწლავებში არსებულ ნარჩენებს აწვება, ამიტომ გაუვალობის დროს მისი მიღება არ შეიძლება.
სელი მაშინვე არ მოქმედებს. ეფექტი თვალსაჩინო რომ გახდეს, 2-3 დღეა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში კი დღეში, სულ ცოტა, 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა მოგიწევთ. უშუალოდ მიღების დროს კი სელის თესლს 150-200 მლ წყალი უნდა დააყოლოთ. თუ საკმარისი წყალი არ სვით, სელის თესლში შემავალი წებოვანი ნივთიერება ნაწლავის კედელს მიეკვრება და უარეს შემთხვევაში გაუვალობას გამოიწვევს.
ერიდეთ სელის თესლის მიღებას საყლაპავი მილის შევიწროების დროს, თუ ყლაპვა გიჭირთ, ასევე – გულისრევის შეგრძნების ან ღებინების დროს, მუცლის ტკივილის დროს, როცა ტკივილის მიზეზი უცნობია.
არ გირჩევთ სელის მიღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესის დროს. არც მაშინ მიიღოთ, თუ კრონის დაავადება გაქვთ.
სელის თესლი შეიცავს მცირე რაოდენობით გლიკოზიდურ ციანოგენს, რომლისგანაც ციანიდი წარმოიქმნება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ დოზას. დღეში მაქსიმუმ 45 გრამი (10-15 გრამი თითო ჭამაზე) კი ამ მხრივ სრულიად უვნებელია.
სელის თესლმა შესაძლოა ზოგიერთი წამლის შეთვისება შეაფერხოს, ამიტომ უმჯობესია, წამალთან ერთად კი არ მიიღოთ, არამედ 2-3 საათის შუალედით. თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
ექიმთან კონსულტაციის გავლას ორსულებსაც ვურჩევთ, განსაკუთრებით – სელის ზეთის მიღებამდე, რადგან მიიჩნევა, რომ ეს პროდუქტი მშობიარობას აჩქარებს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ქოლეცისტიტის, პანკრიატიტის, შარდისა და ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ მიიღებთ სელს.
ყაბზობის პროფილაქტიკისთვის გირჩევთ, დილა-საღამოს მიირთვათ თითო სუფრის კოვზი სელის თესლი. მთავარია, საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.
სელის თესლში შემავალი ნივთიერებები კარგად რომ შეითვისოს ორგანიზმმა, უმჯობესია, ის დაფქული ან დანაყილი მიიღოთ, ოღონდ ყოველი ულუფა მიღების წინ უნდა დაფქვათ ან დანაყოთ. დაფქული სელის ყიდვას არ გირჩევთ. მალე გაფუჭდება. დანაყილი სელის თესლი შეგიძლიათ ცოტა ხანს მაცივარშიც შეინახოთ.
ვისაც ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა) აწუხებს, გლუტენის შემცველი მარცვლეულის: ხორბლის, ჭვავის, ქერის, – ნაცვლად შეუძლია სელის ფქვილი გამოიყენოს, რადგან სელის თესლი გლუტენს არ შეიცავს.
როგორ მივირთვათ
სელის თესლის თხილისებური გემო მეტად რომ შეიგრძნოთ, შეგიძლიათ, უმად მოაყაროთ ნებისმიერ საკვებს: მიუსლის, მაწონს, სალათას... შეურიოთ ნამცხვარს, გარნირს, სოუსს ან უბრალოდ ჩაღეჭოთ.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.
სელის თესლისა და შვრიის კექსი
დაგჭირდებათ: 150 გ დაქუცმაცებული სელის თესლი, 150 გ უხეში შვრიის ფანტელი, 100 გ დარბილებული კარაქი, 100 გ თაფლი, 1 სუფრის კოვზი დაფქული ვანილი, 1 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ცედრა, 1 მწიკვი დარჩინი, ცოტაოდენი ზეთი.
ყველა ეს ინგრედიენტი, გარდა ზეთისა, კარგად აურიეთ ერთმანეთში, რომ ცომისებური მასა მიიღოთ. ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. ღუმლის ტაფას ფსკერზე ზეთი მოუსვით და ცომი ზედ სუფრის კოვზით გაანაწილეთ. აცხვეთ 10-15 წუთი.
მოხარშული კარტოფილი არაჟნითა და სელის ზეთით საქსონურად
დაგჭირდებათ: 6 ცალი კარტოფილი, 500 გ დაბალცხიმიანი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი რძე, ერთი პატარა თავი ხახვი, 2 ძირი მწვანე ხახვი, 4 სუფრის კოვზი სელის ზეთი, მარილი და პილპილი -გემოვნებით.
კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, რძე და სელის ზეთი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. კარტოფილი გაფცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით.მოასხით არაჟნის კრემი, მარილითა და პილპილით შეაგემეთ და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი მოაყარეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე