ვეგეტარიანული და ვეგანური კვების რაციონი: სარგებელი და რისკები
გააზიარე:
ახალი კვლევა განიხილავს კვების რაციონიდან ხორცის პროდუქტების ამოღებით განპირობებულ სარგებელს და რისკებს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის, ვინც ხორცს არ ჭამს, ინსულტის რისკი იმატებს.
ამის საპირისპიროდ, ვეგეტარიანელებს ნაკლები აქვთ გულის დაავადებების განვითარების ალბათობა.
ვეგეტარიანული და ვეგანური კვების პრინციპები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც, ერთი მხრივ, ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი გარემოსა და ცხოველებზე ზრუნვით არის განპირობებული.
აღიარებულია, რომ მცენარეული რაციონი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ახლახან ჩატარებული კვლევით კი დადგინდა, რომ ის შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემასთანაც – ინსულტთანაც იყოს დაკავშირებული.
ბრიტანული BMJ-ის ბაზაზე გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის ავტორებიც, ერთი მხრივ, ვეგეტარიანელებს, მეორე მხრივ კი ხორცისა და თევზის მჭამელებს 18 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დადგინდა, რომ პასკეტარიანელებსა (თევზის მჭამელები) და ვეგეტარიანელებს გულის დაავადებები, შესაბამისად, 13 და 22 პროცენტით იშვიათად ემართებოდათ.
მეცნიერებმა კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი მიიღეს: ვეგეტარიანელებს ინსულტის რისკი ხორცის მჭამელებზე 20%-ით მაღალი აღმოაჩნდათ. უმეტესად აღირიცხებოდა ინსულტის ჰემორაგიული ტიპი, რომელსაც დასუსტებული სისხლძარღვების გახეთქვა და თავის ტვინში სისხლის ჩაღვრა იწვევს. წესისამებრ, ადამიანი აქამდე მიჰყავს მაღალ, უკონტროლო არტერიულ წნევას, თავის ტვინის ანევრიზმის ან პათოლოგიური სისხლძარღვის გახეთქვას. ამ ტიპის ინსულტს უფრო მეტი ზიანი მოაქვს და უფრო ხშირად სრულდება სიკვდილით, ვიდრე თრომბით გამოწვეული იშემიური ინსულტი.
ზემოაღნიშნული კვლევა სიმსივნისა და კვების ევროპული პროსპექციული კვლევის ბაზაზე ჩატარდა და 48 188 ადამიანის შესახებ არსებულ ინფორმაციას დაეფუძნა. მონაწილეებს, რომელთა საშუალო ასაკი კვლევის დაწყებისას 45 წელი იყო, არ ჰქონდათ არც ინსულტის, არც გულის იშემიური დაავადების (გიდ) სამედიცინო ისტორია. გამოსაკვლევი პირები დაყოფილი იყვნენ ხორცის მჭამელებად, პესკეტარიანელებად (თევზის მჭამელებად), ვეგეტარიანელებად და ვეგანებად. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს იყო კვლევის იდეალური დიზაინი კვების რაციონის ჯანმრთელობაზე შორეული ეფექტის შესასწავლად. კვლევის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს სოციალურ-დემოგრაფიულ და ცხოვრების წესთან დაკავშირებულ კრიტერიუმებზე და მკაცრი სტატისტიკური მეთოდები გამოიყენეს.
წამყვანმა მკვლევარმა ტემი ტონგმა ივარაუდა, რომ ქოლესტეროლის ძალიან დაბალი დონე ზრდის ჰემორაგიული ინსულტის რისკს, მაშინ როდესაც დამცავი ფაქტორია გულის დაავადების წინააღმდეგ. საერთო რიცხვებში ასახვისას, გიდ-ის დაბალი რისკი აჭარბებს ინსულტის მაღალ რისკს ვეგეტარიანელებში. ინსულტის რისკის მომატება, გარდა ქოლესტეროლის დაბალი დონისა, შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერების, მათ შორის – ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B6-ის, D ვიტამინის მუდმივ დეფიციტს.
ავტორთა თქმით, მათ მიერ მიღებული შედეგები არ განსხვავდება იაპონიასა და ჩინეთში ჩატარებული მსგავსი კვლევების შედეგებისგან. რა გავლენას ახდენს ხორცის პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობაზე, ამ კითხვის პასუხი ტვინის სტრუქტურაში დევს. საქმე ის არის, რომ თავის ტვინი ცხიმოვანი ორგანოა. მისი დაახლოებით 60% ცხიმია, რომლის 20% – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, იგივე დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA), ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი ძირითადი ფუნქციებია მიელინის ფორმირება, სისხლსა და ტვინს შორის ერთიანობის შენარჩუნება, ტვინის ქერქის განვითარებაში მონაწილეობა. DHA-ს გარეშე სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს პრობლემის გადაჭრისა და მენტალური ფოკუსირების უნარი. მცენარეულ საკვებში კი ეს ნივთიერება არ მოიპოვება. ასეთ საკვებში (მაგალითად, ლობიოსა და სელში) არსებული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა – ალფა ლინოლენის მჟავა (ALA) – DHA-დ ადამიანის ორგანიზმში ძალიან ძნელად გარდაიქმნება.
მარიამ რამაზაშვილი