გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებები
გააზიარე:
დაბალი კალორიულობის, ბოჭკოს მაღალი შემცველობისა და მდიდარი ბიოქიმიური პროფილის წყალობით გრეიპფრუტი ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების გამართულ მუშაობას. მოდი, განვიხილოთ, რა როლის შესრულება შეუძლია ამ ციტრუსს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დაავადებების პრევენციაში.
100 გ გრეიპფრუტის
კვებითი ღირებულება
გრეიპფრუტი დაბალკალორიული ხილია. 100 გრამი სულ რაღაც 45-50 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს. მისი კვებითი პროფილი ასეთია:
წყალი – 86.2 გ
ნახშირწყლები – 9.0 გ
ცილა – 0.6 გ
ბოჭკო – 0.6 გ
ცხიმი – 0.2 გ
ვიტამინოვანი შემადგენლობა
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 44 მგ (დღიური ნორმის 44%)
ვიტამინი B3 (ნიაცინის ეკვივალენტი) – 307 მკგ (დღიური ნორმის 2%)
ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 250 მკგ (დღიური ნორმის 2%)
ვიტამინი B1 (თიამინი) – 48 მკგ (დღიური ნორმის 4%)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)– 24 მკგ (დღიური ნორმის 2%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 240 მკგ (დღიური ნორმის 2%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 250 მკგ (დღიური ნორმის 4%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 28 მკგ (დღიური ნორმის 2%)
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0.4 მკგ (დღიური ნორმის 1%)
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) 15 მკგ (დღიური ნორმის 1%)
ფოლიუმის მჟავა – 11 მკგ
ვიტამინი K (ფილოქინონი) – 3 მკგ
მინერალოვანი შემადგენლობა
კალიუმი – 180 მგ (დღიური ნორმის 5%)
კალციუმი – 18 მგ (დღიური ნორმის 2%)
ფოსფორი – 17 მგ (დღიური ნორმის 2%)
მაგნიუმი – 10 მგ (დღიური ნორმის 3%)
გოგირდი – 5 მგ
შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
მცენარეული ნივთიერებები
გრეიპფრუტი მდიდარია ლიკოპენით. ეს ნივთიერება კაროტინოიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ზოგიერთ ნაყოფს, მაგალითად, პომიდორს, გრეიპფრუტს, საზამთროს, დამახასიათებელ წითელ ფერს აძლევს. კვლევების თანახმად, ლიკოპენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მაშასადამე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზოგიერთი ტიპის კიბოს პრევენციას. 100 გ წითელი გრეიპფრუტი დაახლოებით 3-3,4 მგ ლიკოპენს შეიცავს, რაც დღიური ნორმის (დაახლოებით 6 მგ) ნახევარია. აღსანიშნავია, რომ ლიკოპენის ბიოშეღწევადობა გაცხელებისას იმატებს, ამიტომ ამ ნივთიერების უფრო ეფექტურ წყაროდ მიიჩნევა თერმულად დამუშავებული პომიდვრის პროდუქტები, მაგალითად, ტომატ-პასტა.
გრეიპფრუტში ბევრია ნარინგინი – ფლავონოიდი, რომელიც მცირე ოდენობით სხვა ციტრუსებშიც გვხვდება და მათ დამახასიათებელ მომწარო გემოს სძენს. ის ანტიოქსიდაციური თვისებებით გამორჩევა, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების ფუნქციაზე და საუკეთესოა კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციისთვის.
ნარინგინი მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესების რეგულაციაშიც. მიიჩნევა, რომ ის ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, რითაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
გრეიპფრუტი და დიაბეტი
ნარინგინის შემცველობის წყალობით გრეიპფრუტს შეუძლია, ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტის რეგულარული მიღება ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და, შესაბამისად, ინსულინის გამომუშავებას, ამიტომ ვარაუდობენ, რომ გრეიპფრუტს უნარი შესწევს, დააქვეითოს დიაბეტის განვითარების რისკი, მაშასადამე, თამამად შეიძლება მისი ჩართვა დიაბეტიანების რაციონში.
თუმცა არ გამოირიცხება გრეიპფრუტის ურთიერთქმედება დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებთან, მაგალითად, აქტიურ ნივთიერება მეტფორმინთან. ამის შესახებ უფრო ვრცლად იხ. ქვეთავში "გრეიპფრუტი და მედიკამენტები".
გრეიპფრუტი და წონის კლება
წონის კლებაში გრეიპფრუტის პოტენციური როლი ფართო ინტერესს იწვევს, რასაც ინტერნეტში გავრცელებული გრეიპფრუტის დიეტებიც მოწმობს. აქვს თუ არა საფუძველი ამ ვარაუდს?
მექსიკელმა მეცნიერებმა გააანალიზეს რამდენიმე კვლევის შედეგები, რომლებიც მცენარეული საკვების, მათ შორის გრეიპფრუტის, წონაზე გავლენას ეხება.
ვირთხებზე ჩატარებულმა რამდენიმე ექსპერიმენტმა და ადამიანებზე ჩატარებულმა ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ გრეიპფრუტის რეგულარული მიღება ნამდვილად უწყობს ხელს წონის კლებას.
მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ჭარბწონიანმა მონაწილეებმა, რომლებიც სამი თვის განმავლობაში ყოველი ჭამის წინ ნახევარ გრეიპფრუტს მიირთმევდნენ, საშუალოდ 1.6 კგ დაიკლეს.
წონის კლებაზე გრეიპფრუტის გავლენის ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზია დანაყრების შეგრძენება, რის გამოც ადამიანი ზედმეტ კალორიებს აღარ იღებს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ გრეიპფრუტი დადებით გავლენას ახდენს ცხიმების მეტაბოლიზმზე – ხელ უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაშლას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალი რომელი ნაერთი იწვევს ამ ეფექტს, დაუდგენელია.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, წონის კლებაზე დადებით გავლენას ახდენს პექტინი – ხსნადი ბოჭკო. ის ამცირებს მადას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას.
პექტინი სხვა ხილშიც გვხვდება, თუმცა ციტრუსები ყველაზე მდიდარია ამ ნივთიერებით. ქერქში ის უფრო მეტია, ხოლო თეთრ კანსა და რბილობში – შედარებით ნაკლები.
დაავადებათა პრევენცია
მკვლევართა შეფასებით, გრეიპფრუტის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების სიმრავლე მისი მდიდარი ბიოაქტიური პროფილით არის განპირობებული.
ექსპერიმენტული და პრეკლინიკური კვლევების მიხედვით, გრეიპფრუტში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია, ხელი შეუწყოს:
* ჟანგვითი სტრესის შემცირებას;
* ძვლის ქსოვილის რეგენერაციას;
* ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციობას;
* იმუნური სისტემის გაძლიერებას;
* დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL – ცუდი ქოლესტეროლი) შემცირებას სისხლში.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გრეიპფრუტის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ ბიოაქტიურ კომპონენტს ნეიროპროტექტორული ეფექტიც აქვს, რაც ამ ციტრუსს კარგ დამხმარე საშუალებად აქცევს ისეთი დარღვევების მართვის დროს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება და ეპილეფსია.
გრეიპფრუტს ასევე მიეწერება პოტენციური დამხმარე როლი მეტაბოლური სინდრომის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაში, თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
თუმცა კვლევები ჯერჯერობით მწირია – ჩამოთვლილი ეფექტების დასადასტურებლად აუცილებელია კარგად დაგეგმილი, ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები ადამიანებზე.
გრეიპფრუტი და მედიკამენტები
ექიმები და ფარმაცევტები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ გრეიპფრუტსა და მის წვენს შეუძლია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მედიკამენტებთან. ის აძლიერებს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებას (შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტიც კი შესძინოს ამ წამლებს) და ზრდის თანმხლები მოვლენების რისკს, ზოგიერთისას კი ასუსტებს. ამ შემთხვევაში წამალი სათანადოდ ვერ მოქმედებს და ავადმყოფობის გამწვავების ალბათობა იმატებს.
გრეიპფრუტის ამგვარი ეფექტი ნაწილობრივ გამოწვეულია მის შემადგენლობაში შემავალი ფურანოკუმარინების თვისებებით.
მრავალ მედიკამენტს შლის და ანეიტრალებს ღვიძლსა და ნაწლავებში არსებული სპეციფიკური ფერმენტები, ფურანოკუმარინები (მაგალითად, ბერგამოტინი) კი ბლოკავს ამ ფერმენტებს, რის შედეგადაც:
* პრეპარატი ბუნებრივი სიჩქარით ვეღარ იშლება;
* იმატებს მისი კონცენტრაცია სისხლში და შესაძლოა, სახიფათო დონესაც მიაღწიოს;
* იმატებს თანმხლები მოვლენებისა და ტოქსიკური ზემოქმედების რისკი.
ხშირად ერთი გრეიპფრუტი ან ერთი ჭიქა წვენი საკმარისია, რომ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციამ 3-7-ჯერ მოიმატოს. ეფექტი შესაძლოა 24-72 საათს გაგრძელდეს.
კანადელმა მკვლევრებმა გამოავლინეს 85 მედიკამენტი, რომლებიც რეგულარულად ურთიერთქმედებს გრეიპფრუტთან. მათ შორისაა:
* ქოლესტეროლის დონის დამწევი ზოგიერთი პრეპარატი;
* ანტიჰიპერტენზიული და საგულე საშუალებები (მათ შორის – კალციუმის არხის ბლოკატორები და ბეტა-ბლოკატორები), განსაკუთრებით – მაღალი რისკის ჯგუფში;
* სისხლის გამათხელებლები;
* ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალება;
* ანტიბიოტიკები (მათ შორის – კლარითრომიცინი და ერითრომიცინი);
* სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, კეტოკონაზოლი);
* ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
* იმუნოსუპრესანტები;
* ერექციული დისფუნქციის, ასთმისა და კიბოს სამკურნალო ზოგიერთი საშუალება.
თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რეკომენდებულია, ერიდოთ გრეიპფრუტს, მის წვენს და გრეიპფრუტის შემცველ ყველა სხვა პროდუქტს, მათ შორის – მულტივიტამინებს.
ყოველთვის გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას, ხოლო ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ქრონიკული ან ძლიერი მოქმედების მედიკამენტებზე.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
თუ ორსული არ იღებს არავითარ მედიკამენტს, გრეიპფრუტიც და წვენიც მისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ვინაიდან გრეიპფრუტს მრავალ პრეპარატთან ახასიათებს ურთიერთქმედება, ნებისმიერი წამლის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
არსებობს მოარული აზრი, რომ მეძუძური დედები უნდა ერიდონ ციტრუსებს, რადგან მათი მიღება რძის მჟავიანობას ზრდის, დედის რძეში მჟავების სიჭარბემ კი შესაძლოა ჩვილებში კოლიკა, მუცლის შებერილობა, აირების დაგროვება გამოიწვიოს, განავლის მჟავიანობა გაზარდოს და ხელი შეუწყოს კანის გაღიზიანებას და საფენისმიერი გამონაყარის განვითარებას.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დედის რძის PH (მჟავიატუტიანობა) ძალიან სტაბილურია და მჟავები (მათ შორის – ციტრუსებისა) მასზე უშუალო გავლენას თითქმის არ ახდენს. გარდა ამისა, არც ყველა ბავშვი რეაგირებს ერთნაირად, თუმცა სიფრთხილე მაინც სასურველია, რადგან შესაძლოა, ბავშვს ციტრუსებზე ალერგია განუვითარდეს. დააკვირდით მის რეაქციას რძეზე – თუ არაფერი შეიცვალა, შეგიძლიათ, მომავალშიც თამამად მიირთვათ. საფენისმიერი გამონაყარი კი შესაძლოა კანის მოვლის საშუალებამ ან სხვა მიზეზმაც გამოიწვიოს.
გრეიპფრუტი და პოდაგრა
კიდევ ერთი მოარული აზრის თანახმად, გრეიპფრუტს უნდა ერიდონ პოდაგრის მქონე ადამიანებიც.
როგორც ვიცით, პოდაგრის დროს სისხლში ჭარბად გროვდება შარდმჟავა და შესაძლოა, მისი პაწაწინა კრისტალები ჩამოყალიბდეს. ეს კრისტალები სახსრებში ილექება და მწვავე ტკივილსა და ანთებას იწვევს. თავად შარდმჟავა პურინების დაშლის პროცესში წარმოიქმნება, რის გამოც პოდაგრით დაავადებულებისთვის რეკომენდებულია პურინების დაბალი შემცველობის საკვების მიღება.
100 გ გრეიპფრუტში პურინები სულ 5 მგ-ია. შედარებისთვის, 100 გ ქათმის ფრთებში მათი შემცველობა 53 მგ-ს აღწევს. შესაბამისად, თავად გრეიპფრუტი პოდაგრის გამწვავების პირდაპირი მიზეზი ვერ იქნება.
მაშ, საიდან გაჩნდა რეკომენდაცია, რომ პოდაგრით დაავადებულთათვის გრეიპფრუტი არასასურველია?
ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი მედიკამენტებთან მისი ურთიერთქმედებაა. პოდაგრის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება პრეპარატი კოლხიცინი. გრეიპფრუტის მიღებამ შესაძლოა სახიფათო დონემდე გააძლიეროს მისი და მსგავსი პრეპარატების ეფექტი და მკვეთრად გაზარდოს თანმხლები მოვლენების რისკი.
როგორ შევინახოთ
გრეიპფრუტს გრილი და მშრალი ადგილი უყვარს. ის დაახლოებით ორ კვირამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20 °ჩ), 10-15 °ჩ-მდე ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში კი შესაძლოა რამდენიმე თვეც გაძლოს.
გრეიპფრუტი და პესტიციდები
პესტიციდებით ციტრუსების დაბინძურების ხარისხის დასადგენად არაერთი საერთაშორისო კვლევა ჩატარებულა. ციტრუსებთან მიმართებით ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მათ ხშირად ამუშავებენ არა მხოლოდ ზრდის ფაზაში, არამედ მოსავლის აღების შემდეგაც, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.
კვლევები (მათ შორის – ევროკავშირისა და აშშ-ის მონაცემთა ანალიზი) მიუთითებს, რომ არაორგანული ციტრუსების ნიმუშთა 70-95 პროცენტში, მათ შორის გრეიპფრუტშიც, აღმოჩენილი იყო პესტიციდების კვალი.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების დონე უმეტესად არ აღემატებოდა კანონით განსაზღვრულს, რამდენიმე ნიმუშში ნორმის გადაჭარბება დადასტურდა. ნარჩენები თითქმის არ აღმოჩნდა ორგანულ ნიმუშებში. გაითვალისწინეთ, რომ პესტიციდების უმეტესობა კონცენტრირებულია ციტრუსის ქერქში, თუმცა შესაძლოა, ნაწილი რბილობშიც გადავიდეს.
რეკომენდაციები:
* სინთეზურ პესტიციდებთან კონტაქტის მინიმუმამდე დასაყვანად უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ გრეიპფრუტს და ადგილობრივ ნაწარმს.
* გამოყენებამდე ნაყოფი გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყლით, სასურველია, სოდიანი ხსნარითაც, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ გარეცხვა მხოლოდ ზედაპირულ დაბუნძურებას აშორებს.
* თუ გრეიპფრუტის ქერქის გამოყენებას აპირებთ (მაგალითად, ნამცხვარში ან სასმელში), დაბეჯითებით გირჩევთ, აიღოთ მხოლოდ ორგანული ხილი, რადგან ტოქსიკური ნარჩენების კონცენტრაცია, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ქერქშია ყველაზე მაღალი.
ჯილდა გაჩეჩილაძე











