ბრიუსელის კომბოსტო – ზამთრის არომატული ბოსტნეული

გააზიარე:

კომბოსტო პომიდვრის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ბოსტნეულია. კომბოსტოს მოყვარულებს შევახსენებ, რომ წინა ნომერში მისი ერთ-ერთი სახეობის, ბროკოლის, მოყვანისა და მოვლის პირობებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი გასწავლით, როგორ გაახაროთ ბაღში ბრიუსელის კომბოსტო.

ბრიუსელის კომბოსტოს მოყვანა დიდ ჯაფას არა, მაგრამ მოთმინებას ნამდვილად მოითხოვს, რადგან კულტივაციისთვის ბევრი დრო სჭირდება. ის ადრე გაზაფხულზე ითესება, მოსავალს კი ზამთარში იძლევა, თუმცა ადრეულ ჯიშებს სექტემბერ-ოქტომბერში იღებენ.
სწორი და სათანადო მოვლის შემთხვევაში ეს სასარგებლო ბოსტნეული შრომას დაგიფასებთ და არომატული ნაყოფით მთელი ზამთარი გასიამოვნებთ.

  • ზოგადი დახასიათება

ბრიუსელის კომბოსტო (Brassica oleracea var. gemmifera) ორწლიანი, ჯვარედინად დამტვერვადი ბოსტნეული კულტურაა. ის კომბოსტოს ყველაზე ახალგაზრდა სახეობაა – მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს ბრიუსელის შემოგარენში აღმოაჩინეს. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამ სახეობის კომბოსტო ჯერ ბრიუსელის ბაზარზე გამოჩნდა, მერე კი მთელ ევროპაში გავრცელდა.
თუ ბროკოლი, თეთრი ან ყვავილოვანი კომბოსტო ერთ დიდ თავს იკეთებენ, ბრიუსელის კომბოსტოს დაახლოებით 70 სმ-იან ღეროზე 40-მდე კაკლისოდენა თავაკი ეზრდება. ისინი ძირითადად მწვანე ფერისაა, მაგრამ არსებობს იასამნისფერი ჯიშებიც.

  • რას შეიცავს

ნაკლებკალორიული ბრიუსელის კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს. მასში გვხვდება სხვა მინერალებიც: ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი. მისი მთავარი ფასეულობა კი ვიტამინების ნაკრებია: C, E, A, K და B ჯგუფის (B1, B2, B3, B5, B6, B9). ამასთან, კომბოსტო მდიდარია უჯრედისით და მცენარეული ცილებით.
ვიდრე ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ზამთრის ძილს მისცემია, ბრიუსელის კომბოსტო თავისი შემადგენლობის წყალობით ორგანიზმს წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის გადალახვაში ეხმარება, იცავს გაციებისა და გრიპისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, უხდება ართრიტს და ასთმას. უკანასკნელი კვლევების თანახმად, ბრიუსელის კომბოსტო იცავს უჯრედებს კიბოს გამომწვევი ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოიქმნება, მაგალითად ხორცის ან რომელიმე ცილოვანი პროდუქტის წვის დროს.

  • თესვა

ბრიუსელის კომბოსტო ღია გრუნტში შეგიძლიათ აპრილის მეორე კვირიდანვე დათესოთ. საქართველოში მას ჯერჯერობით არ აშენებენ კომერციული მიზნით, ამირტომ თესლი შესაძლოა ვერ იშოვოთ – ინტერნეთით შეუკვეთეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ სახეობას, რადგან მოსავლის აღების პერიოდი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ბრიუსელის კომბოსტო სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ბაღში საჩითილე კვალი ნათელ ადგილას გაიყვანეთ. წინასწარ კარგად დამუშავებულ და განოყიერებულ ნიადაგში 2-3 სმ სიღრმის ორმოები ამოთხარეთ ერთმანეთისგან 15-15 სმ-ის დაშორებით. თითოეულ ორმოში ჩააგდეთ 3-4 ცალი თესლი და მიწა ოდნავ მიაყარეთ. არ დატკეპნოთ. ზომიერად მორწყეთ და ყურადღება მიაქციეთ, თესლი წყალმა არ ჩარეცხოს. როცა ახალგაზრდა მცენარე 4-5 ფოთოლს გამოიტანს, ბაღში წინასწარ შერჩეულ ადგილას გადარგეთ.


თუმცა გამოცდილი მებაღეები ჩითილების გახარებას მარტში სახლის პირობებში ან სათბურში გვირჩევენ. პატარა საჩითილე ჭურჭლებში სპეციალური საჩითილე მიწა ჩაყარეთ, ოღონდ ბოლომდე არ აავსოთ – პირამდე დაახლოებით 0.5 სმ დატოვეთ. თითოეულ ჭურჭელში ჩააგდეთ 3-4 ცალი თესლი და მიწა თხლად გადააყარეთ. დადგით ყველაზე ნათელ ადგილზე, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე. მთავარია, მზე მთელი დღე არ ადგებოდეს. თავდაპირველად მსუბუქად მორწყეთ. მცენარე ერთ კვირაში დაიწყებს გაღვივებას. როცა ოთხამდე ფოთოლს გამოიტანს, ბაღში გადარგეთ. გადასარგავად ძლიერი ყლორტები შეარჩიეთ, მაგრამ ნურც სუსტებს გადაყრით, მარაგად შეინახეთ.

  • დარგვა

კარგად განვითარებული მცენარე მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ღია გრუნტში გადარგეთ. თუ გადარგვა დააგვიანეთ, ხარისხიან მოსავალს ვერ მიიღებთ. მაგრამ მეტისმეტად ადრე გადარგვაც არ უხდება – თავაკები რბილი გამოვა.
ნიადაგი ღრმად გააფხვიერეთ და გადარგვამდე 4 კვირით ადრე ჰუმუსით, კომპოსტით ან დამწვარი ნაკელით კარგად განოყიერეთ. ბრიუსელის კომბოსტო კარგად ხარობს ოდნავ თიხიან ნიადაგში. ჩითილები – 50-60 სმ-ით, კვლები კი 50 სმ-ით დააშორეთ ერთმანეთს. ფესვი მიწაში კარგად ჩაფალით და მიწაც უხვად მიაყარეთ.
შუა ზაფხულში მცენარე კარგად განვითარებულია, მაგრამ სანამ ფოთლის ძირებში ყლორტებს ამოიყრის, დაახლოებით 5-7 კვირაა საჭირო.
რადგან ბრიუსელის კომბოსტო ძალიან ნელა იზრდება, მებაღეები ცდილობენ, ნარგავებს შორის დატოვებული ადგილი სხვა კულტურებისთვის გამოიყენონ, თუმცა ამისთვის ყველა ბოსტნეული არ გამოდგება. შეგიძლიათ დარგოთ ისპანახი, კიტრი, სტაფილო, ბარდა, ოხრახუში, წითელი წარხალი, ლობიო. მაგრამ არ შეიძლება გოგრის, თეთრი კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბადრიჯანის, ბულგარული წიწაკის, ბროკოლის დარგვა.


ერთსა და იმავე ადგილას კი ბრიუსელის კომბოსტოს განმეორებით დარგვა რეკომენდებული არ არის. ნიადაგმა რომ დაისვენოს და კომბოსტოს დაავადებები თავიდან აიცილოთ, შუალედი 2 წელი უნდა იყოს, სასურველია, მეტიც. არამც და არამც არ დათესოთ კომბოსტო სხვა სახეობების ადგილას.

  • განოყიერება და მოვლა

ბრიუსელის კომბოსტოსთვის ბაღში ადგილი უმჯობესია შემოდგომაზე მოამზადოთ. ღრმად მოხნათ ნიადაგი და ორგანული სასუქი შეიტანოთ. ორგანული სასუქით განოყიერება ბრიუსელის კომბოსტოს წელიწადში ორჯერ – ივლისსა და სექტემბერში სჭირდება. თავაკების გაჩენისთანავე მას ჭინჭრის ნაყენი მოასხურეთ. ამით მას მავნებლებისაგან დაიცავთ.
თუ ფოთლები დროზე ადრე გაყვითლდა, ეს აზოტის დეფიციტზე მიუთითებს. მოგიწევთ მისი ნიადაგში შეტანა. მაგრამ ზედმეტსაც უნდა ერიდოთ, რადგან აზოტის სიჭარბე ნაყოფის ჩამოყალიბებას აფერხებს, თავაკები აღარ იქნება კარგად შეკრული. შესაძლოა მცენარემ ყინვებსაც ვერ გაუძლოს და ნაყოფში ნიტრატებიც დაგროვდეს.
ბრიუსელის კომბოსტოს ზომიერი მორწყვა სჭირდება. სპეციალისტები გვირჩევენ გადარგვიდან 1-2 კვირა არ მოვრწყოთ ან ზომიერად მოვრწყოთ, რადგან ეს ფესვის ზრდას გააძლიერებს. მოგვიანებით კი ნიადაგი მუდამ ნესტიანი უნდა იყოს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მცერენარე ზრდის პროცესშია, და შემოდგომაზე, როცა ნაყოფი უჩნდება, მისი ხშირი მორწყვა მოგიწევთ. ნიადაგში წყლის ჩადგომას ვერ იტანს. გვალვების პერიოდში ნიადაგში ტენს მულჩით შეინარჩუნებთ.


თითოეული ძირი რეგულარულად მოთოხნეთ, განსაკუთრებით – ივლისსა და აგვისტოში. ეს გააძლიერებს ფესვთა სისიტემასა და მთავარ ღეროს. თითქმის ყოველ მეორე დღეს სარეველებისაგან გაწმინდეთ. თუ მცენარე სიმაღლეში ძალიან გაიზარდა, მისი ჯოხზე დამაგრება მოგიწევთ. ფერმერები ახალგაზრდა მცენარეს წვერს აჭრიან, სიმაღლეში რომ არ გაიზარდოს და მთელი ენერგია ნაყოფის განვითარებას მოხმარდეს. ამ მეთოდს მხოლოდ ადრეული ჯიშებისთვის იყენებენ. გვერდით ფოთლებს კი, სადაც ყლორტებს იყრის, უნდა გაუფრთხილდეთ.

  • დაავადებები და მავნებლები

ნორჩი მცენარე ძალიან უყვართ ლოკოკინებს, თუმცა არც ზრდასრულზე ამბობენ უარს. ლოკოკინების დასაჭერად ფერმერები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ: პატარა ჭურჭელში ლუდს ასხამენ და სიახლოვეს დგამენ, ლოკოკინები ლუდს ეტანებიან და მცენარეც შედარებით დაცულია; კვლებზე ყავის ნალექს ფანტავენ, რაც ლოკოკინებზე ცუდად მოქმედებს და მცენარეს აღარ ეკარებიან... ლოკოკინებისა და სხვა მავნებლებისაგან, მაგალითად, კომბოსტოს თეთრულასგან ნარგავების დაცვა ბადითაც შეიძლება. მეტი სიმშვიდისთვის კი ყოველ დილით თითოეული ძირი კარგად დაათვალიერეთ და თუ სადმე ლოკოკინა დაინახეთ, მოაცილეთ.

  • სახეობები

ბრიუსელის კომბოსტოს მოსავლის აღების დრო მის ჯიშზეა დამოკიდებული. მაგალითად, Hilds Ideal-ი ზამთარში მწიფს (ოქტომბერი-თებერვალში). Gronninger-ი მოსავალს ოქტომბრიდან მარტამდე გვაძლევს. Rodnerf-ი განსაკუთრებით არომატული ჯიშია, მკვრივი თავაკებით. მწიფს ოქტომბერ-თებერვალში. თუ გინდათ, მისი ნაყოფით სექტემბერშიც ისიამოვნოთ, შეარჩიეთ Nelson-ი (სექტემბერ-ოქტომბერი), Early Half Tall (სექტემბერ-ნოემბერი)... Falstaff-ს (ოქტომბერ-დეკემბერი) მოლურჯო-იასამნისფერი თავაკები აქვს, ხოლო ყინვაში მისი ფერი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება.

  • მოსავლის აღება

გვიანი შემოდგომა და ზამთარი ბრიუსელის კომბოსტოს სეზონია. ადრეული ჯიშების მოსავალის აღება კი სექტემბრიდან იწყება, როცა ნაყოფის დიამეტრი 3-5 სმ-ია.
ბრიუსელის კომბოსტოს საგვიანო ჯიშები უფრო არომატულია, რადგან განსაკუთრებულ გემოს ყინვების შემდეგ იღებს. პირველი მსუბუქი ყინვების შემდეგ თავაკებში შაქრის დონე იმატებს, რაც მას არომატულ, მოტკბო-თხილისებრ გემოს სძენს.

ბრიუსელის კომბოსტო დამწიფებას ქვემოდან იწყებს და მისი თავაკები დროდადრო მწიფდება, ამიტომ ახლადდაკრეფილი მოსავლით მრავალჯერ ისიამოვნებთ. საგვიანო ჯიშების მოსავალი უმჯობესია პირველი ყინვის შემდეგ აიღოთ. თავაკს ხელი ფრთხილად მოჰკიდეთ, ძალიან არ მოუჭიროთ. ის მკვრივი და კარგად შეკრული უნდა იყოს. როცა მცენარეს მთლიანად მოკრეფთ, დაავადებების თავიდან ასაცილებლად ღერო ძირიანად ამოთხარეთ. ბრიუსელის კომბოსტოს ზოგიერთი ჯიში გაზაფხულამდე მწიფს.
ბრიუსელის კომბოსტოს ყინვაში ნუ მოკრეფთ. თუ ნალექიანი ამინდები დიდხანს გაგრძელდა ან ყინვამ -10 გრადუსს გადააჭარბა, თავაკები შესაძლოა დალპეს, ამიტომ ასეთ ამინდში ჯობია მთლიანად მოკრიფოთ და შეინახოთ.
ბრიუსელის კომბოსტოს ღერო კომპოსტში არ შეურიოთ, რადგან მან შესაძლოა სხვა მცენარეები დააავადოს.

  • როგორ შევინახოთ

ნაადრევად დაკრეფილ კომბოსტოს ბაცი მწვანე ფოთლები აქვს, ხოლო გვიან დაკრეფილს – მუქი მწვანე. ეს არც ხარისხზე, არც სიძველეზე არ მიუთითებს. მთავარია, ფოთლები დამჭკნარი ან ყვითელი არ იყოს – ეს კი ნამდვილად არასწორი შენახვის დასტურია.
ბრიუსელის კომბოსტო ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს ვერ ძლებს, მალე ჭკნება. შეგიძლიათ, რამდენიმე დღით მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახოთ. უკეთესად შეინახება, თუ გაურეცხავ თავაკებს კარგად გაწურულ ტილოში გაახვევთ.
ბრიუსელის კომბოსტო ჯობს დაკრეფისთანავე მოამზადოთ, მაგრამ თუ დიდი მოსავალი მიიღეთ, ხის ყუთებში ჩააწყვეთ, რომლებიც კარგად ნიავდება და ბნელ, მშრალ, ცივ სარდაფში შეინახეთ. ასე შენახული 1-2 თვეც გაძლებს.


კომბოსტოს თავების შენახვა შეიძლება ქილებშიც, პასტერიზებული სახით. ასე 6 თვემდე ინახება.
თუ შესანახად კომბოსტოს გაყინვას ამჯობინებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
* კარგად გაარჩიოთ, მომჭკნარი ფოთლები მოაშოროთ, ყუნწთან ძალიან ახლოს გადაჭრათ და კარგად გარეცხოთ.
* ადუღებულ მარილწყალში ჩაყაროთ და 3 წუთი თუთქოთ. მერე გადაწუროთ და კარგად გაცივებული წყალი დაასხათ. თავაკები კარგად რომ გაცივდება, ხის დაფაზე ცალ-ცალკე დააწყოთ და ისე გაყინოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხერხებული ამოსაღები იყოს. როცა გაიყინება, სპეციალურ პარკებში ან თავდახურულ ჭურჭელში გადაიტანეთ.
მომზადებამდე არ გაალღოთ. გაყინული თავაკები პირდაპირ ადუღებულ წყალში ან საჭმელში ჩაყარეთ.

  • სამზარეულოში

კულინარიაში ბრიუსელის კომბოსტოს უმადაც იყენებენ და დამუშავებულსაც, ძირითადად – გარნირად, თუმცა მისგან შეიძლება გემრიელი წვნიანიც მოამზადოთ, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში შესანიშნავად გაგათბობთ, ან თავაკები შუაზე გაჭრათ, ზეითუნის ზეთის, მარილისა და პილპილის ნაზავში ამოავლოთ და ღუმელში, 200 გრადუსზე, 25-30 წუთი ბრაწოთ. შეიძლება გრილზეც შეწვაც.
თუ მოხარშვას დააპირებთ, ცოტა წყალი დაასხით, რომ თავაკები ბოლომდე არ დაიფაროს. მარილიც ჩააყარეთ და თავახდილი აადუღეთ. როცა ადუღდება, თავზე დაახურეთ და ნელ ცეცხლზე 5-7 წუთი ხარშეთ. ყურადღებით იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან უხდება ახალდაფქული ჯავზი.
სალათებში კი უმად გამოიყენეთ, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება აითვისოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: