რა უნდა ვიცოდეთ ბორის შესახებ

გააზიარე:

ბორის როგორც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა მის მიმართ მეცნიერთა ინტერესმა ბოლო ხანს შესამჩნევად იმატა. ვარაუდობენ, რომ ბორი მონაწილეობს ძვლის ფორმირებასა და რეგენერაციაში, ხელს უწყობს D ვიტამინის გააქტიურებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნაში.

ნამდვილად გვჭირდება თუ არა ბორი გადარჩენისთვის, რას იწვევს ამ ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარბე და სად ვიპოვოთ ის? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “მედკაპიტალის” ოჯახის ექიმს მარინე კოპალიანს ვესაუბრეთ.

– რა არის ბორი და რა სიკეთე მოაქვს მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

– ბორი ნახევრად ლითონია. ის ბუნებაში უმთავრესად ჟანგბადის შემცველი ნაერთების – ბორაკის (ნატრიუმის ბორატი), კერნიტის, ბორის მჟავას – სახით არის გავრცელებული და ქანების, ნიადაგის, ზღვის წყლის, მტკნარი წყლის შემადგენლობაში გვხვდება. ბორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარეებისა და ცხოველებისთვის. ადამიანისთვისაც აუცილებელია თუ არა ის, ამის თაობაზე მეცნიერები და ექიმები ვერ თანხმდებიან, თუმცა ბოლო დროს ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ბორი მნიშვნელოვანია:

ძვლების სიმტკიცისთვის

ბორი ხელს უშლის კალციუმისა და მაგნიუმის სხეულიდან გამოდევნას, აუმჯობესებს მათ ათვისებას და ძვლებში ჩალაგებას. კალციუმი და მაგნიუმი კი ძვლების ჯანმრთელობის აუცილებელი ელემენტებია, მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს, ამიტომ მათი ბალანსი მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

გარდა ამისა, ბორი აფერხებს ესტროგენების, ქალის სასქესო ჰორმონების, დაშლას, ესტროგენების დონის დაქვეითება კი, განსაკუთრებით – კლიმაქსურ პერიოდში, ძვლის განლევის ერთ-ერთი მიზეზია.

ძვლების ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია D ვიტამინიც, ბორი კი მონაწილეობს მის ცვლაში და აძლიერებს მის მოქმედებას.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორი ხელს უწყობს ოსტეობლასტების – ძვლის წარმომქნელი უჯრედების – გააქტიურებას და გამრავლებას, აუმჯობესებს ძვლების მინერალიზაციის პროცესს.

ანთების წინააღმდეგ

ქრონიკული ანთებითი პროცესი მხოლოდ დაავადების გართულებას კი არ უწყობს ხელს და განკურნებას აფერხებს, არამედ ახალი დაავადებების მიზეზადაც იქცევა. მაგალითად, ათეროსკლეროზი, დიაბეტი ტიპი 2, ღვიძლის გაცხიმოვნება, გულის კორონარული დავაადება, ინსულტი, ძუძუსა და პროსტატის კიბო, ართროზი, ართრიტი და სხვა ასეთი პროცესების შედეგია. ასე რომ, ანთებითი პროცესის დათრგუნვა მათი მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორი  ხელს უწყობს ანთების მარკერების – C რეაქტიული ცილის ან სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას (TNF Alpha) დონის დაქვეითებას. 

ანთების დათრგუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსრების დაავადებების – ართრიტისა და ართოზის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბორი დადებითად მოქმედებს ამ დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ართროზის მქონე პაციენტებს ძვლებსა და სასახსრე სითხეში ბორის კონცენტრაცია ჯანმრთელ ადამიანებზე გაცილებით ნაკლები ჰქონდათ. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ბორი საგრძნობლად ააქტიურებს სისხლის წითელ უჯრედებში ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფერმენტს – სუპეროქსიდდისმუტაზას (სოდ). ეს ფერმენტი ანეიტრალებს მავნე თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სახსრების დაავადების დროს, იწვევს ანთებას და აზიანებს სახსრებს.

ესტროგენისა და ტესტოსტერონის ბალანსის შესანარჩუნებლად

ბორი ხელს უშლის სასქესო ჰორმონების ნაადრევ დაშლას. ასე რომ, ბორით მდიდარი საკვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზისა და ანდროპაუზის პერიოდში.

D ვიტამინის გასააქტიურებლად

D ვიტამინს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ბორი ზრდის მის ბიოშეღწევადობას და  ზრდის მისი ნახევრად დაშლის პერიოდს (დრო, რომელიც საჭიროა ნივთიერების საწყისი რაოდენობის ორჯერ შემცირებისთვის), რადგან თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც D ვიტამინის დაშლას იწვევს.

გარდა ამისა, ბორი ხელს უწყობს ტვინის გამართულ მუშაობას, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს და ხანმოკლე მეხსიერებას.

თუმცა აქამდე ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბორის ეს თვისებები მეცნიერულად იქნეს დადასტურებული.

– რამდენი ბორი უნდა მივიღოთ დღე-ღამეში?

– ბორის სადღეღამისო ნორმა არ არის განსაზღვრული, თუმცა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაცია (EFSA) რეკომენდაციას უწევს  შემდეგ ოდენობებს:

1-დან 3 წლამდე – 3 მგ

4-დან 6 წლამდე – 4 მგ

7-დან 10 წლამდე – 4 მგ

11-დან 14 წლამდე –  7 მგ

15-დან 17 წლამდე – 9 მგ

ზრდასრულებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის – 10 მგ

– რომელი საკვებია ბორით მდიდარი?

– ბორი ორგანიზმში ხვდება არამხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლით – ის კანიდანაც შეიძლება შეიწოვოს ორგანიზმმა ბორის შემცველი ნივთიერებასთან კონტაქტისას.

PH-ბუფერული, კონსერვანტული, ცეცხლგამძლე და ანტისეპტიკური თვისებების გამო ბორის არაორგანული ნაერთები გამოიყენება მზა საკვებისა და კოსმეტიკის წარმოებაში, მედიცინასა და ფარმაციაში. ბორის ნაერთები ასევე გვხვდება სარეცხ საშუალებებში, ადჰეზივებში, საღებავებში, ინსექტიციდებში. ასე რომ, ამ ელემენტს ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან, თუმცა ყველაზე მეტს –საკვებიდან.

რაც შეეხება საკვებს, ბორით განსაკუთრებით მდიდარია ბოსტნეული, თხილეული, ჩირი, ღვინო და ლუდი. ხორცში, თევზსა და რძის ნაწარმში ბორის შემცველობა საკმაოდ დაბალია. თუმცა ამ ელემენტის მთავარ წყაროდ შეიძლება ბორით ღარიბი საკვებიც იქცეს, თუ მას დიდი ოდენობით მოვიხმართ, მათ შორის – ყავა, კარტოფილი და ზოგიერთი ხილი, სასმელი წყალი. ერთი ლიტრი ონკანის წყალი 0,1-0,3 მგ ბორს შეიცავს, იმავე რაოდენობის მინერალური წყალი კი – საშუალოდ 0,75 მგ-ს.

ბორის საუკეთესო წყაროა:

ქლიავის ჩირი –  2,7 მგ`100 გ

ქიშმიში – 2,5 მგ

ფინიკი –  0,92 მგ

ნუში – 2,3 მგ

არაქისი – 1,8 მგ

თხილი – 1,6 მგ

ავოკადო – 1,4 მგ

ვაშლი (კანიანად) – 0,27 მგ

ბროკოლი – 0,18 მგ

პური – 0,02 მგ

ბორის ათვისებას ხელს უშლის ქლორირებული წყალი და ალკოჰოლი.

დეფიციტი

– რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ ბორის ნაკლებობა?

– ბორის ნაკლებობის ნიშნებია:

  • ჰორმონული დისბალანსი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ალერგიული გამონაყარი, ეგზემა, აკნე;
  • გონებრივი მუშაობის უნარის დაქვეითება;
  • D ვიტამინის  დონის დაქვეითება.

თუ ბორის უკმარისობა დიდხანს გაგრძელდა, იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ბავშვებში შეინიშნება ზრდის შენელება.

სიჭარბე

– რამდენად საშიშია ბორის სიჭარბე?

– საკვებიდან ბორის ჭარბი მიღება არ გვემუქრება. გაცილებით საშიშია ბორის დანამატები. ამ ელემენტის ოდენობამ დღე-ღამეში 10 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.  ზედმეტი 1-3 მგ-ც კი შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

როცა ბორს გამუდმებით ჭარბად ვიღებთ, თირკმელები ვერ ასწრებს მის გამოყოფას და ელემენტი ორგანიზმში გროვდება, რამაც შესაძლოა მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს: თავის ტკივილი, დიარეა, დაღლილობა, კრამპი (კუნთების უნებლიე კრუნჩხვა), ანთებითი პროცესები კანზე, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, თმის ცვენა, კოლაფსი (არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება), შეშუპება, ეპილეფსია, დაბნეულობა და სხვა.

ცოტა რამ საკვებდანამატების შესახებ

– საკვებდანამატებში ბორი ძირითადად ბორაკის (ნატრიუმის ბორატი) ან ბორის მჟავას სახით შედის. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დანამატებში ბორის ოდენობას. ის არ უნდა აღემატებოდეს 1-3 მგ-ს.  დანამატები საკვებ ნივთიერებებს კონცეტრირებული ფორმით შეიცავს, ამიტომ მათი დანიშვნა ექიმის კომპეტენციაა.

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი (Bფღ) მოსახლეობას აფრთხილებს, თავი არიდოს ბორის დანამატების თვითნებურ მიღებას – ამან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

ეს განსაკუთრებით ეხება:

  • ბავშვებს;
  • ორსულებს;
  • მეძუძურ დედებს;
  • ქალებს, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში ჰორმონულ თერაპიას იტარებენ;
  • რეპროდუქციული პრობლემის მქონე მამაკაცებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: