იოგა – გათავისუფლება მატერიის ტყვეობისგან

გააზიარე:

ზოგს იოგა მხოლოდ ვარჯიშთა ერთობლიობა ჰგონია, ზოგს – წონის კლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ზოგს – კვების განსაკუთრებული რეჟიმი და ნებისყოფის გამოცდა, ზოგს – ცხოვრების წესი ან ფილოსოფია, ზოგსაც – ყველაფერი ერთად. ასეა თუ ისე, იოგა დღეს უკიდეგანოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას უამრავი მიმდევარი და მოყვარული ჰყავს.

საქართველომაც აუწყო ფეხი მსოფლიო ტენდენციას და ჩვენს ქვეყანაში იოგას არაერთი კლუბი გაიხსნა. იოგას ფედერაციაც კი არსებობს და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს.
იმის შესახებ, რას წარმოადგენს იოგა, უწყობს თუ არა ხელს სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას და ვისთვის ან რისთვის არის რეკომენდებული, იოგას ფედერაციის ხელმძღვანელს გიორგი ბერძენიშვილს ვესაუბრეთ.

  • – ბატონო გიორგი, რა არის იოგა და საიდან იწყება მისი ისტორია?

– იოგა ფსიქოსომატური დისციპლინის სისტემაა, რომლის ისტორიაც დაახლოებით 2 500 წელს ითვლის (ვარაუდობდნენ, რომ მას ჯერ კიდევ ჰარაპის ცივილიზაციაში ედგა ფესვები, თუმცა ამის სარწმუნო საბუთები არ არსებობს). მისი პრაქტიკული გამოყენების სათავეები ექსტრავედურ, ასკეტურ მოძრაობაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე, მდინარე განგის სანაპიროზე აღმოცენდა. ძველი დროის იოგა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს ვიცნობთ. თავდაპირველად ის მოიცავდა ძველინდურ შამანიზმს, ასკეტიზმს და რიტუალებს. შემდგომ მას ნელ-ნელა შემოეცალა გარეგანი ელემენტები და უფრო გონების კონტროლის საშუალებად გარდაიქმნა. სანსკრიტული სიტყვა “იოგა” აღნიშნავს სულიერი პრაქტიკის შედეგად გათავისუფლებას და ამ მიზნის მიღწევის გზებს.
პრეთანამედროვე ინდოეთში იოგას პრაქტიკას მისდევდნენ ბუდისტები, ჯაინისტები, ბრაჰმანები, მატერიალისტები, შაივები, ვაიშნავები, კაპალიკები (ტანტრული მიმდინარეობა), მუსლიმები (სუფიები), სიქჰები და მოგვიანებით ქრისტიანებიც კი.
იოგას მიმდევრები უმთავრესად განდეგილი ასკეტი მამაკაცები იყვნენ, თუმცა ჰათჰა-იოგასა და ტანტრის განვითარებასთან ერთად ვითარება შეიცვალა და ამჟამად იოგას მეოჯახე ქალებიც მისდევენ.

  • – ზოგისთვის იოგა ვარჯიშია, ზოგისთვის – კვების რეჟიმი და დისციპლინა, ზოგისთვისაც – ცხოვრების წესი. თქვენ როგორ განმარტავთ მას?

– იოგა, მისივე დოქტრინის თანახმად (“იოგა-სუტრა”), “მე”-ს გათავისუფლებაა მატერიის ტყვეობისგან. დანარჩენი პრინციპები მეტად მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია და მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება ვარჯიშს, კვების რეჟიმსა და ცხოვრების წესს, იოგა ამ ყველაფერს აერთიანებს.
ფსიქიკურ ვარჯიშთა და ასანათა ერთობლიობა იოგას ფორმალური მხარეა. რაც შეეხება კვებით ნაწილს, უმეტესად შუა საუკუნეებში მისდევდნენ იოგას ლაქტოვეგეტარიანულ დიეტას. იოგას ცხოვრების წესი საკუთარი სხეულის განვითარებასთან ერთად ორიენტირებულია გარე სამყაროზეც, მაგალითად, იცავს სხვისთვის ზიანის მიუყენებლობის პრინციპს (აჰიმსა). რაც შეეხება იოგას ფილოსოფიას, ის პრაქტიკული უფროა, ვიდრე თეორიული და გარკვეულ მსოფლმხედველობას ეფუძნება.
თანამედროვე ცხოვრებაში იოგა ფიტნესის ნაირსახეობად იქცა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სულიერ პრაქტიკასთან.

  • – ასეა თუ ისე, იოგას დღითი დღე მეტი და მეტი მიმდევარი ჰყავს. როგორ დაიპყრო მან მსოფლიო?

– ერთი მხრივ, მოთხოვნამ განაპირობა იოგას პოპულარობა, მეორე მხრივ კი პროპაგანდისტებმა გააჩინეს მოთხოვნა. იოგა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ე.წ. XX საუკუნის სხეულის იოგაა, რომელიც ამავე საუკუნეში რევოლუციურად განვითარდა და ტანვარჯიშის დახვეწილ სისტემას მიუახლოვდა. ერთი მხრივ, ამას იგივე მიზეზები აქვს, რაც, საზოგადოდ, ფიტნესის პოპულარობას, მეორე მხრივ, იოგა განსაკუთრებულია თავისი ესთეტიკით და იმით, რომ არ არის მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ისე სულიერ განტვირთვასაც, რაც მედიტაციით მიიღწევა.

  • – იოგას რა სახეობები არსებობს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? საქართველოში რომელმა უფრო მოიკიდა ფეხი?

– ყველა ის სახეობა, რომელიც ასანებს (იოგურ პოზებს) მოიაზრებს, ჰათჰა-იოგაა, თუმცა მათ სხვადასხვა სახელით იცნობენ: აშთანგა, კუნდალინი, აიანგარი, ვინიასა... ეს უფრო ქვეკატეგორიებია და იმაზე მიუთითებს, რაზე სვამენ აქცენტს ამა თუ იმ სკოლაში.
იოგას ინდუსტრიას თვალს თუ გადავავლებთ, შესაძლოა, სახეობათა სიმრავლემ დაგვაბნიოს, მაგრამ ეს სიმრავლე დიდწილად მოჩვენებითია, რადგან მხოლოდ იმ სპეციალისტთა ახირების შედეგია, რომლებიც ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს თვისებრივად ახალს გვთავაზობდნენ რამეს. მაგალითად, პოზათა განსაზღვრულ თანმიმდევრობას შეარჩევენ და გვარწმუნებენ, რომ ეს რაღაც უნიკალური მეთოდია (ასეთია მსოფლიოში პოპულარული ბიკრამ-იოგა, რომელშიც მხოლოდ 26 პოზაა განსაზღვრული თანმიმდევრობით).


ამ ზედაპირულ განსხვავებებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, დაგვრჩება რამდენიმე ძირითადი მიმდინარეობა:
1. მსუბუქი იოგა, რომელიც მოიცავს დამამშვიდებელ, სარელაქსაციო ვარჯიშებს და ისეთ პოზებს, რომლებიც ნაკლებად ტვირთავს ფიზიკურად სხეულს;
2. სულიერ პრაქტიკაზე ორიენტირებული იოგა, რომელიც გულისხმობს უმთავრესად მედიტაციას, იოგას ფილოსოფიას, საგალობლებს და ყველაფერ იმას, რაც სულიერ ზრდაში გვეხმარება;
3. დინამიკური იოგა, რომელიც აერობოლური დატვირთვის მატარებელია, თითოეულ პოზაში შეყოვნება მხოლოდ მცირე ხანს ხდება და ერთი პოზა, თითქოს ქორეოგრაფიული გზით, მეორეში გადადის;
4. სისწორეზე ორიენტირებული იოგა – ის ძირითადად ანატომიური და ფიზიოლოგიური პროცესების ახსნითაა დატვირთული, ამიტომ პოზებში დაყოვნებაც უფრო ხანგრძლივია;
5. ფიტნეს-იოგა – ის მოიცავს ვარჯიშებს, რომლებიც სპორტული თვალსაზრისითაა გამოსადეგი, მაგალითად, გაჭიმვებს, სხეულის გამამკვრივებელ მოძრაობებს. ეს სახეობა შესრულების ფორმითაც განსხვავდება სხვებისგან, უფრო გარეგან შედეგზეა ორიენტირებული, ვიდრე თავად პროცესზე.
არსებობს სახეობები, რომლებიც სპეციალიზებულია განსაზღვრულ ჯგუფებთან მუშაობისთვის, მაგალითად, ორსულთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა... აქ ინსტრუქტორს, სპეციალური ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გამოცდილება და ცოდნა მოეთხოვება.
ძნელია, ყველა ინსტრუქტორი ყველა მიმართულებით იყოს განვითარებული, მაგრამ კარგი ინსტრუქტორი ჯგუფის საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს და სახეობას კი არ უნდა მოარგოს ადამიანი, არამედ ადამიანს უნდა მოარგოს სახეობა, რაც მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გარდა ინდოეთისა, იოგა უფრო მეტად ფიზიკურ დისციპლინად მოიაზრება, ვიდრე სულიერად, ვინაიდან თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყნები იოგასგან მხოლოდ იმ ასპექტს იღებენ, რაც მათ კულტურაში ნაკლებადაა წარმოდგენილი. ამიტომ არის, რომ სხვა ქვეყნებში იშვიათად იხილავთ იოგას ზუსტად იმ სახით, რა სახითაც ინდუსებს წარმოუდგენიათ (თუმცა ამ თვალსაზრისით ინდოეთშიც დიდი მრავალფეროვნებაა).

  • – თავად როდის და რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება იოგას?

– იოგათი 14-15 წლის ასაკში დავინტერესდი როგორც საშუალებით, რომელიც პიროვნებას ფარული უნარების გამოღვიძებაში ეხმარება. იოგაში ამ ძალას კუნდალინი ეწოდება. ეს არის პოტენციური შინაგანი, ფსიქიკური ენერგია, რომელიც ნათელს ჰფენს “მე”-ს და მის ნამდვილ ბუნებას ავლენს. ამ გზაზე ჯანმრთელობის გაკაჟება იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც სხეული, როგორც მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი, უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და მისწრაფებებს.

  • – როდის დაარსდა იოგას ფედერაცია საქართველოში და დღეს რა არის მისი საქმიანობის მიზანი?

– იოგას ფედერაცია უკვე ათი წელია არსებობს და მისი მიზანია, დანერგოს იოგა როგორც ფსიქოფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. ეს გულისხმობს როგორც საინფორმაციო, ისე პრაქტიკულ მიმართულებას: ცენტრების გახსნას, ინსტრუქტორთა მომზადება-სერტიფიცირებას და სხვა.

  • – სამედიცინო თვალსაზრისით რა შეუძლია იოგას და რა აქვს მას საერთო ცხოვრების ჯანსაღ წესთან?

– უკვე გითხარით, რომ იოგა სხეულისა და სულის გაჯანსაღების საშუალებაა. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ექიმი ამა თუ იმ დაავადების დროს, ავადმყოფობის ამა თუ იმ სტადიაზე ურჩევს პაციენტს, ხელ მიჰყოს იოგას. საზოგადოდ კი იოგა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის მისაღებია და ცხოვრების წესად მისი დანერგვა ერთგვარი პრევენციაა არაერთი დაავადებისა, თუმცა მას უმეტესად მაინც იმიტომ მისდევენ, რომ მოსწონთ, ან იმისთვის, რომ ფორმაში იყვნენ.

  • – რომელი დაავადებების დროს რეკომენდებულია იოგა და რომელი დაავადებების დროს – აკრძალული?

– იოგა ადამიანს, როგორც აღვნიშნე, მთლიანობად განიხილავს. შესაბამისად, მისი სასიკეთო ეფექტი ყველა მიმართულებით შეიძლება ვიგრძნოთ, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ძვალსახსროვანი ან ნერვული სისტემა იქნება ეს თუ ზოგადი ფსიქოფიზიკური იმუნიტეტი. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ფიზიკურად და სულიერად გვაბალანსებს, შესაბამისად, იოგა ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე სამკურნალო მეთოდი, თუმცა ის ავადმყოფობასაც თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ ინდივიდუალურად, ავადმყოფობის ფაზისა და სიმძიმის შესაბამისად. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც დაავადება მწვავე ფაზაშია, მაგალითად, მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, უმჯობესია, იოგას სისტემით ვარჯიშისგან თავი შევიკავოთ.

  • – რას გვეტყვით იოგაზე როგორც სტრესის მოხსნის საშუალებაზე?

– იოგას ერთ-ერთი მთავარი ღირსება – და დანიშნულებაც – სწორედ სტრესის მოხსნაა. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, უმეტესობა მას სწორედ სტრესის მოსახსნელად მისდევს. შემდეგ მოდის სხეულის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მისი გამკვრივება, მოქნილობის აღდგენა. გარდა ამისა, იოგა არაჩვეულებრივი საშუალებაა სისხლის მიმოქცევისა და ჟანგბადის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ამას კი ორგანიზმის დანარჩენი სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებაც მოჰყვება.

  • – რა ასაკიდან რა ასაკამდე შეიძლება მივდიოთ იოგას?

– ქვედა ასაკობრივი ზღვარი პროგრამაზეა დამოკიდებული და დაახლოებით 5-6 წელია. ზედა ზღვარი არ არსებობს. ის მთლიანად ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

  • – უკუნაჩვენები ხომ არ არის იოგა ორსულებისთვის?

– პირველ ტრიმესტრში ორსულებს იოგასგან თავის შეკავებას ვურჩევთ. აი, მესამე თვიდან კი საჭიროა ასანების სწორად შერჩევა. წარმატების გასაღები აქაც ცოდნაა. ორსულთა იოგადან უმეტესად ამოღებულია ვარჯიშები, რომლებიც მუცლის ზედმეტ დაძაბვას მოითხოვს. აქცენტი დაისმის სუნთქვით, ხერხემლისა და ფეხის ვარჯიშებზე.

  • – კვების მხრივ რა შეზღუდვებს ითვალისწინებს იოგა?

– მიუხედავად იმისა, რომ იოგას დიეტა ხშირად ვეგეტარიანობასთან არის დაკავშირებული, იოგას ბევრი ინსტრუქტორი იზიარებს სამეცნიერო შეხედულებებს, რომლებიც ჩვენს დროში არსებობს ჯანსაღი კვების შესახებ.

  • – ბევრისგან გამიგია, რომ იოგა წონაში კლების საშუალებაც არის, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

– იოგას ზოგიერთი აქტიური სახეობა წონის კლების საშუალებადაც შეიძლება იქნეს განხილული, რადგან ერთი გაკვეთილის განმავლობაში 600-მდე კალორიაც შეიძლება დაიხარჯოს. თუ თავს ჯანსაღი და ზომიერი კვებითაც შევუწყობთ ხელს, შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.

  • – დამოუკიდებლად, ინსტრუქტორის გარეშე თუა შესაძლებელი იოგას სისტემით ვარჯიში?

– დამოუკიდებლად ყველაფრის შესწავლა შესაძლებელია, მათ შორის იოგასიც, უბრალოდ, შეცდომის ალბათობა ამ დროს მეტია. ამისგან თავის დასაზღვევად პრაქტიკის დაწყებამდე საჭიროა თეორიის კარგად შესწავლა და წყაროების გადამოწმება.

  • – რამდენი ხანია საჭირო, რომ ადამიანი იოგას ძირითად ასანებს დაეუფლოს?

– 2-3 თვე საკმარისია ძირითადი პოზების მთავარი ელემენტების ასათვისებლად, მერე კი დამოუკიდებლად გაგრძელებაც შეიძლება. კარგმა ინსტრუქტორმა მოსწავლეს მასწავლებელი საკუთარ თავში უნდა აპოვნინოს.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: