ცხოველები და უფლებები

გააზიარე:

ალბათ დადგება დღე, როდესაც ცხოველები მიიღებენ უფლებებს, რომლებსაც მათ ვეღარავინ ჩამოართმევს ტირანის გარდა... დღე, როდესაც მივხვდებით, რომ ფეხების რაოდენობა, ბეწვის სიხშირე თუ გავის ძვლის მოყვანილობა საკმარისი არ არის, რათა ცოცხალი არსება ჯალათს განუსჯელად ჩავუდგოთ ხელში. მაშ, რა არის საკმარისი? სად გადის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავიდეთ? იქნებ აზროვნებაზე ან მეტყველებაზე? მაგრამ ზრდასრული ცხენი და ძაღლი ხომ გაცილებით გონიერები და კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე ერთი დღის, ერთი კვირის, თუნდაც ერთი თვის ბავშვი! და რომც არ იყვნენ, მერე რა?! ის კი არ არის საკითხავი, ფიქრობენ ან ლაპარაკობენ თუ არა ცხოველები, არამედ ის, იტანჯებიან თუ არა ისინი.

იერემია ბენთამი, ინგლისელი ფილოსოფოსი, სამართალმცოდნე, ერთ-ერთი პირველი, ვინც ცხოველთა უფლებებსა და ადამიანის გვერდით მათ ადგილზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მსჯელობდა


რა უფლებები აქვთ ცხოველებს? რას ნიშნავს, საერთოდ, ცხოველის უფლება? შეიძლება თუ არა, ცხოველს უფლება ჰქონდეს? უნდა ჰქონდეთ თუ არა ცხოველებს ისეთივე უფლებები, როგორიც ადამიანებს აქვთ? გვაქვს თუ არა უფლება, ცხოველები ჩვენი ინტერესებისა და მიზნებისთვის გამოვიყენოთ? ცხოველთა უფლებები და ცხოველთა სამყაროს დაცვა ერთი და იგივეა? – ეს საკითხები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და საზოგადოებებში.


ისტორიული ექსკურსი
უძველესი დროიდანაა შემორჩენილი წყაროები, რომლებიც ცხოველებისადმი ადამიანის ჰუმანურ დამოკიდებულებას მოწმობს. ასეთია ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მონარქის, მაურიების იმპერიის მესამე მმართველის აშოკას ბრძანებები, რომლებიც ქვებსა და სვეტებზეა ამოკვეთილი. ეს ბრძანებები, რომლებიც ძვ. წ. III-II საუკუნეებით თარიღდება, ცხოველების რიტუალურ მსხვერპლშეწირვას კრძალავს.
ადამიანთან ერთად სხვა ცოცხალი არსებების პატივისცემასა და მოფრთხილებაზე მსჯელობდნენ ანტიკურ საბერძნეთშიც. მაგალითად, სენეკა, ოვიდიუსი, ჰორაციუსი, დიოგენე, პითაგორა, პლუტარქე...


“ჩვენ არ შეგვიძლია, გადავაჭარბოთ ჩვენს უფლებებს იმ არსებებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენსავით ხმელეთზე ცხოვრობენ, ჩვენსავით იკვებებიან, იმავე ჰაერით სუნთქავენ და იმავე წყალს სვამენ, რომელსაც ჩვენ. მათი მოკვდინებისას გვზარავს ხმები, რომლებსაც ისინი გამოსცემენ და ჩვენი ქმედებისა გვრცხვენია”, – წერდა პლუტარქე.
ცხოველების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს “ძველი აღქთმა”: აქ ადამიანი მიჩნეულია სამყაროს გვირგვინად, ყველა სხვა ქმნილება კი მას ემორჩილება და მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. “ძველი აღთქმის” საზოგადოებაში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის პრაქტიკასაც საკმაოდ ჰქონდა მოკიდებული ფეხი.
მსხვერპლშეწირვა ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც, განსაკუთრებით – რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში. ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, ტაძრის ეზოში ან სხვა წმინდა ადგილზე კლავენ შეწირულ ცხოველებსა თუ ფრინველებს. მსხვერპლშეწირვა უმეტესად საეკლესიო ან ხალხურ დღესასწაულებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ კი განსაცდელის ჟამს “შეთქმულ” ცხოველს სწირავენ. მსხვერპლშეწირვას ხშირად თან ახლავს წარმართული რიტუალები: არაქრისტიანული “ლოცვა”, საქონლისთვის ბეწვის შეტრუსვა, ყურის გაჭრა, მისი სისხლით შუბლზე ჯვრის გამოსახვა, პირუტყვის კლდიდან გადაჩეხვა...


ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვას წარმართული ფესვები აქვს. ახალი აღთქმის ეკლესიაში ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში – ყოველ კვირა დღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე, ზოგან კი ყოველ დილით აღესრულება წმინდა ლიტურგია (წირვა) – უსისხლო მსხვერპლშეწირვა. წირვის დროს მორწმუნეთა მიერ შეწირული პური და ღვინო იესოს ხორცად და სისხლად იქცევა. ცხოველთა რიტუალური მკვლელობა კი დაუშვებელია.
ევროპაში ცხოველთა უფლებების კანონით დაცვის პირველი მცდელობები მეცხრამეტე საუკუნეში გვხვდება. ცხოველთა უფლებებსა და მათ მიმართ ჰუმანური ქცევის აუცილებლობაზე მოსაუბრე ადამიანებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. მაგალითად, ბრიტანეთის პარლამენტში მამლის, ძაღლისა და კატის ხმების მიბაძვით გამოაჯავრეს ლორდ ერკინსს, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხენების უფლებებზე ალაპარაკდა. 1821 წელს ირლანდიის პარლამენტის წევრი, პოლკოვნიკი რიჩარდ მარტინი, გახდა დაცინვის ობიექტი, როდესაც ცხენებისადმი მოპყრობის კანონპროექტი წარადგინა, მაგრამ ეს მამაცი ადამიანი არ შეუშინდა დაცინვას და 1822 წელს “მარტინის კანონმა” სამეფო სანქცია მიიღო, რაც იმას ნიშავდა, რომ ბრიტანეთში ამოქმედდა პირველი კანონი ცხოველის დაცვის შესახებ.


რიჩარდ მარტინი ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება იყო. დაცინვას იუმორით ხვდებოდა, პიროვნულ ქარიზმას, გამჭრიახობას და სახელს კი თავისი ჰუმანური იდეების საკანონმდებლო სივრცეში მოსაქცევად იყენებდა. სწორედ ის იყო პირველი, ვინც კანონით ისარგებლა და ვირის ცემისთვის დააკავა ხილით მოვაჭრე, ვინმე ბილ ბერნსი. სასამართლო პროცესზე რიჩარდმა შეამჩნია, რომ მოსამართლეები საქმეს სერიოზულად არ ეკიდებოდნენ, პირდაპირ სასამართლო დარბაზში შეიყვანა ვირი და მოსამართლეებს და დამსწრეებს ცემით მიყენებული ჭრილობები აჩვენა. მეორე დღეს გაზეთებში დაიბეჭდა უამრავი კარიკატურა და ხუმრობა იმაზე, თუ როგორ მიიყვანა ადამიანმა ვირი ჩვენების მისაცემად სასამართლოში.
დღეს ერთ-ერთი ნახატი, რომელზეც აღბეჭდილია ვირი სასამართლო დარბაზში, ამშვენებს ცხოველთა უფლებების დამცველი სამეფო საზოგადოების ლონდონში მდებარე შტაბ-ბინის კედელს.

ცხოველთა უფლებები – XX საუკუნე
1977 წლის 23 სექტემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგამ ლონდონში შეიმუშავა ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია. ოფიციალურად დეკლარაცია გამოცხადდა 1978 წლის 15 ოქტომბერს პარიზში, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შტაბში. 1989 წელს დეკლარაციის ტექსტი დარედაქტირდა, 1990 წელს წარედგინა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და იმავე წელს მოხდა მისი მსოფლიო აღიარება.
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მასში ცხოველთა მიმართ ადამიანების დამოკიდებულების ყველა ის ასპექტია წარმოჩენილი, რომელიც ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის პირობებში შეიძლება წარმოიშვას.


პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ:
* სიცოცხლე – ერთია, ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა.
* ყველა ცოცხალ არსებას აქვს ბუნებრივი უფლებები.
* ცხოველთა ამ ბუნებრივი უფლებების უგულებელყოფა, აბუჩად აგდება ან უბრალოდ არცოდნა სერიოზულ ზიანს აყენებს დედაბუნებას და ადამიანებს ცხოველთა მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს.
ადამიანის მიერ ცხოველთა ჰუმანური პატივისცემა განუყოფელია ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემისგან.

სჭირდებათ თუ არა ცხოველებს უფლებები?
ზოგიერთი ოპონენტი, რომელსაც ადამიანების საზოგადოებაში ცხოველთა უფლებებზე საუბარი ზედმეტი და უადგილო ჰგონია, აღნიშნავს, რომ ცხოველს, როგორც არამოაზროვნე, ადამიანს დაქვემდებარებულ არსებას, უფლება ვერ ექნება, რადგან მას ვერ გაიაზრებს და დამოუკიდებლად ვერ გამოიყენებს. მას არ შეუძლია ფიქრი და განსჯა. ცხოველი არ არის და ვერც იქნება ისეთი მნიშნელოვანი, როგორიც ადამიანია. მას არ აქვს ვალდებულებები. იყენებენ რელიგიურ არგუმენტსაც: ღმერთმა ცხოველი იმისთვის შექმნა, რომ გამოვიყენოთ.
ამ არგუმენტების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ცხოველთა უფლებები არ გულისხმობს ცხოველთათვის იმავე უფლებების მინიჭებას, რაც ადამიანებს აქვთ. ამასთან, თუ ვაღიარებთ, რომ ადამიანი მოაზროვნე, ზნეობისა და მორალის მქონე არსებაა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება. მზრუნველობა, ჰუმანურობა, სიკეთე ის ღირებულებებია, რომლებიც ადამიანის როგორც ზნეობრივი არსების ღირებულებათა სისტემაში აუცილებლად უნდა იყოს. შესაბამისად, ცხოველებზე, სხვა ცოცხალ არსებებზე, მთლიანად ბუნებაზე ზრუნვა, მისი მოფრთხილება, უდავოდ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ნინო ლომიძე

გააზიარე: