5 რამ, რაც ყოველდღე უნდა გააკეთოთ ძაღლის ჯანმრთელობისთვის
გააზიარე:
ძაღლის აყვანა ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრების რიტმს. თუ ასე არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ძაღლს აკლებთ რაღაც მისთვის მნიშვნელოვანს, აუცილებელს.
არსებობს ჩამონათვალი აუცილებლად გასაკეთებელი საქმეებისა, რომლებსაც ვერც გვერდს აუვლით და ვერც ვერანაირ საპატიო მიზეზს გამოუძებნით გადასადებად. ეს ძაღლისკარგად ყოფნისთვის, მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საქმეებია:
1. ძაღლის, სულ მცირე, ორჯერ გასეირნება, საუკეთესო შემთხვევაში – სამჯერ და ოთხჯერაც კი, თუმცა პატრონების უმეტესობა ორჯერადი გასეირნებით შემოიფარგლება და ინტერვალი გასეირნებასა და გასეირნებას შორის ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივია. უნდა იცოდეთ, რომ თუ ძაღლი ხშირად “ითმენს”, ეს უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე. ვეტერინარების რეკომენდაციაა, მოშარდვებს შორის შუალედი 6-8 საათს არ აჭარბებდეს. ხანგრძლივმა შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე სისტემის პათოლოგიები, თირკმლის ანომალიები და სხვა დაავადებები. ამასთან, უბრალოდ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როდესაც 8 საათზე მეტხანს ვერ ახერხებთ მოშარდვის სურვილის დაკმაყოფილებას. როგორი ასატანია?
2. ძაღლთან თამაში. არასერიოზულად ნუ მოეკიდებით ამ მოთხოვნას. ძაღლს ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად გონებრივი დატვირთვაც სჭირდება. თამაში ძაღლის ტვინს ასტიმულირებს. არ არსებობენ სულელი, გაუგონარი, უზნეო ძაღლები. ძაღლი ზუსტად ისეთია, როგორსაც გაზრდით. თამაში მისი გონებისა და ხასიათის წვრთნის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. რა გუნებაზეც არ უნდა ბრძანდებოდეთ, ძაღლთან სათამაშოდ დღეში 15 წუთი მაინც უნდა გამოყოთ. თამაში არ ნიშნავს ბღლარძუნს, დაჭერობანას ან ფერებას. თამაში არის დაგეგმილი მოქმედება, რომლის მიზანია მოძრაობა, ენერგიის დახარჯვა და, იმავდროულად, სიამოვნების მიღება. თამაშის დროს იხვეწება კუნთების კონტროლისა და კოორდინაციის უნარები, უმჯობესდება სოციალიზაცია. თამაში პატრონსა და ძაღლს შორის განსაკუთრებულ კავშირს აყალიბებს.
3. წვრთნა – უკვე დასწავლილი ბრძანებების განმტკიცება ან ახალ ბრძანებებზე მუშაობა ასევე ყოველდღიურად შესასრულებელი პუნქტია. პატრონის პირდაპირი მოვალეობაა, ძაღლმა იცოდეს სახელზე რეაგირება, ესმოდეს "მოდი" `"ჩემთან" ` "გვერდით"; "ფუ!“` "დააგდე"` "არ ჭამო" და სხვა საბაზისო ბრძანებები. არ არსებობს ბრძანება, რომელსაც ვერ დაასწავლით ძაღლს და არ არსებობს ძაღლი, რომელსაც ვერ დაასწავლით სასურველ ბრძანებას. არსებობენ მხოლოდ პატრონები, რომლებსაც არ ჰყოფნით მოთმინება და ცოდნა. ძაღლთან მუშაობა საჭიროა ყოველდღე, სულ მცირე, 10 წუთის განმავლობაში.
4. ხარისხიანი კვება და წყალი – წყლის ჯამი ყოველდღე უნდა დასუფთავდეს და პირამდე აივსოს, კვება კი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. ძაღლი ყოველდღე უნდა გაანებივროთ მისთვის საყვარელი, ოღონდ ჯანსაღი და სასარგებლო სასუსნავით. საუკეთესო კინოლოგები, დარგის სპეციალისტები, ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ზოომაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი სასუსნავების უმეტესობა მავნეა ძაღლისთვის. თუ მზა სასუსნავს შეიძენთ, გაეცანით მის შემადგენლობას. ერიდეთ ქიმიურად დამუშავებულ, ნაირ-ნაირი ზომისა და ფერის “ხელოვნურ ძვლებს”. უპირატესობა მიანიჭეთ შინ დამზადებულ სასუსნავს.
5. გამოხატეთ სიყვარული და სითბო, მოეფერეთ და ესაუბრეთ ძაღლს.
ნინო ლომიძე