ზვიად ციკოლია: “პროგრესისკენ მხოლოდ მეამბოხეებს მივყავართ”

გააზიარე:

ზვიად ციკოლია დღეს მსოფლიოს სამრეწველო დიზაინის ავანგარდშია. მისი სახელი ტექნოლოგიურ პროგრესსა და სიახლეებთან ასოცირდება. თავად კი ამბობს, რომ უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უყვარს:
– ადამიანი გაჩენის დღიდან ქმნიდა საყოფაცხოვრებო ნივთებს და მათ ფუნქციურ დატვირთვაზე, უსაფრთხოებაზე, ერგონომიულ და ესთეტიკურ ასპექტებზე ფიქრობდა. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ეს ნივთებიც განიცდიდა ევოლუციას. იცვლებოდა ადამიანთა წარმოდგენა ესთეტიკაზე, იხვეწებოდა ფორმები, ტექნოლოგიები, მასალები... დღეს, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან საწარმოო დიზაინის პროდუქტია.
ნივთის შექმნისას დიზაინერი მხოლოდ მის სილამაზეზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზეც ფიქრობს, რამდენად გამოსადეგი, კონკურენტული, მოგებიანი იქნება ნივთი. საწარმოო დიზაინი ყველა ამ ასპექტს აერთიანებს.

თავისუფალი აზროვნების შედეგი
მიაჩნია, რომ კარგი დიზაინი თავისუფალი აზროვნების პროდუქტია და რომ მისი წარმატებული კარიერაც სწორედ თავისუფალი აზროვნებისა და მეამბოხე ბუნების დამსახურებაა:
– ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა, რაც ბევრ რამეში ხელსაც მიშლიდა, მით უმეტეს – საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როდესაც განსხვავებული აზრი ისჯებოდა. თუმცა, როგორც ყველა შინაგანად თავისუფალი ადამიანი, რაც მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, მით უფრო მემატებოდა ბრძოლის ჟინი. ყოველთვის ჩუმი მეამბოხე ვიყავი. ვფიქრობ, ყოველგვარი პროგრესი მეამბოხე ადამიანების დამსახურებაა, მხოლოდ მათ შესწევთ უნარი, რევოლუციური იდეები დანერგონ, მოძველებული სტერეოტიპები დაანგრიონ... თუმცა პიონერობა ძნელია.
პროფესიული არჩევანი არასოდეს მინანია. დასანანი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძნელია მიიღო გაწეული შრომის შესაბამისი უკუგება. საზღვარგარეთ უფრო მეტად ფასობს პროფესიონალიზმიც, შრომისმოყვარეობაც და კრეატიული აზროვნებაც.
და მაინც, ისევ და ისევ ჩემი მეამბოხე ხასიათიდან გამომდინარე, ჩემს ქვეყანაში ვამჯობინებ ცხოვრებას. სწორედ აქ მინდა ვიყო პიონერი და ჩემი, თუნდაც მცირე, წვლილი შევიტანო საზოგადოებრივ პროგრესში. განსხვავებული იდეების გამო არაერთხელ მიგრძნია ხალხის პროტესტი და გამკიცხავი დამოკიდებულება, მაგრამ სტერეოტიპები ერთ დღეში არ იმსხვრევა, პროგრესულ იდეებს ადამიანები თანდათან ეჩვევიან და ჩემი ის განცხადებები, რომლებიც თუნდაც სამი წლის წინ უარყოფით გამოხმაურებას იწვევდა, დღეს ბევრისთვის ისეთი მიუღებელი აღარ არის.

გზის დასაწყისში
იხსენებს, რომ მის ოჯახში ჩხირკედელაობა ყველას უყვარდა. თავადაც იტაცებდა ახალი მექანიზმების შექმნა. შვიდი წლისამ ავიამოდელირების შესწავლა მოისურვა. ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინის ლაბორატორიაში მიიყვანეს, სადაც შესანიშნავი პედაგოგი ნოდარ ინჯია გაიცნო. მისი პროფესიული არჩევანიც, როგორ თავად ამბობს, სწორედ ბატონი ნოდარის დამსახურებაა:
– ლაბორატორიაში მხოლოდ ტრანსპორტის დიზაინზე კი არ ვმუშაობდით, არამედ ვსწავლობდით მასალასთან ურთიერთობას, პროექტირების საფუძვლებს, ვმონაწილეობდით კონკურსებში და ვეჩვეოდით კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრებას, რაც ზრდასულ ასაკში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღეს საქართველოში ასეთი ცენტრები აღარ არსებობს. ნორჩ ტექნიკოსთა ყოფილი სადგურის ტერიტორიაზე ბაზრობის საწყობია. ადამიანებმა, რომლებსაც ამაში მიუძღვით ბრალი, ხელი შეუწყვეს თაობების განადგურებას.

ტექნიკოსთა ლაბორატორიიდან მსოფლიო ასპარეზამდე
ფართო აუდიტორიამ 1986 წელს ფოთში, საქართველოს რესპუბლიკურ გამოფენაზე გაიცნო. სატვირთო მანქანის მაკეტი წარადგინა და გრან-პრი მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ მოსკოვში, იმხანად ძალიან პოპულარულ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, ტრაილერის მაკეტის დიზაინისთვის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი მაშინ გადაიშალა, როდესაც Air Georgia-მ მისი დიზაინით გაფორმებული თვითმფრინავებით დაიწყო მგზავრების გადაყვანა. 1997 წელს კი ფრანკფურტის ავტოსალონზე “ბუგატის” თემით შთაგონებულმა ავტომობილის მოდელმა პირველი პრიზი მოაპოვებინა. კონკურსში 150 დიზაინერი მონაწილეობდა, მაგრამ ზვიად ციკოლია იმთავითვე უალტერნატივო ლიდერი იყო.


საერთაშორისო ჯილდო Red Dot design award ორჯერ მიიღო. პირველად – საათების (Fashion Watch), მერე კი შეფუთვების უნიკალური დიზაინისთვის. წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა “Villa D'Este”-სა და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენებშიც. საქართველოშიც აფასებენ – ვახტანგ გორგასლის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერია.
თავად ზვიადს კი თავის უდიდეს მიღწევად საქართველოს უახლეს ისტორიაში შეტანილი მცირე წვლილი – ქართული სამხედრო ტექნიკის დიზაინის შექმნა მიაჩნია.
2010 წლიდან ქართული საკონსტრუქტორო ბიურო “დელტას” მთავარი დიზაინერია. სწორედ აქ შეიქმნა პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის “დიდგორი 914-ის”, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორი მედევაკის” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ლაზიკას” დიზაინი:
– მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და არაერთი მიმართულებით მიმუშავია, “დიდგორი” ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია, რადგან ის საქართველოს ჯარისთვის შეიქმნა.
ავიამოდელირებაშიც შევიტანე მცირე წვლილი. “ლიზის”, შიდაწვის ძრავითა და საჰაერო ხრახნის მექანიზმით აღჭურვილი ერთადგილიანი მსუბუქი თვითმფრინავის შესახებ უკვე დაიწერა. Mეორე პროექტი, რეაქტიულძრავიანი “მიმინო”, დუბაიში გამოფენაზე უნდა წარგვედგინა. სამწუხაროდ, ეს გეგმა ვერ განხორციელდა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაშრომი წყალში არ ჩაგვეყრება და მომავალში ეს მოდელი გამოყენებას აუცილებლად პოვებს.
კიდევ ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს, მაგრამ განხორციელების პერსპექტივაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან რთულ, გაურკვეველ პერიოდში ვცხოვრობთ.

საერთაშორისო ასპარეზი
– საერთაშორისო ასპარეზზე ძალის მოსინჯვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ვფიქრობ, ჩემი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენა შევძელი და შეფასებაც მივიღე არაერთი პრიზისა თუ საქმიანი წინადადების სახით, – ამბობს ზვიადი. ის იყო იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის – Design Club International-ის მთავარი დიზაინერი. თანამშრომლობდა “ჰიუნდაის” იაპონურ სტუდიასთან. მუშაობდა ასევე ჩინეთში ცნობილ ბრენდ “როუვისა” და ინგლისურ ბრენდ “MG-სთვის”.


– თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ ჩემი შესაძლებლობები არ ამომიწურავს. მინდა, კოსმოსურ ტექნოლოგიებში ჩავერთო, საფრენი აპარატების შემუშავებაში შევიტანო წვლილი. მიზიდავს სხვა პლანეტების კოლონიზაციის თემა. როგორც ღმერთმა, ადამიანმაც უნდა შექმნას ახალი რეალობა... შეუძლებელი არაფერია, თუმცა ამ იდეის განსახორციელებლად ისევ საერთაშორისო ასპარეზია საჭირო, რადგან ასეთი მასშტაბის პროექტებს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეჭიდებიან...

საათები ქართული გვარით

2011 წელს ზვიად ციკოლია ახალი პროფილით წარუდგა საზოგადოებას:
– საათები ყოველთვის მიზიდავდა და მიყვარდა. 2006 წელს Red Dot-ის კონკურსზე მიწვევა მივიღე. Red Dot – “წითელი წერტილი” – ერთ-ერთი პრესტიჟული პრიზია დიზაინის სფეროში. საათის დიზაინი შევქმენი და გავგზავნე. კონკურსში გავიმარჯვე. გადავწყვიტე, საათების დიზაინისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. ბრენდს დავარქვი UNIQ. შემდეგ ქართულმა ჯარმა შემიკვეთა საათები. წინადადებები უცხოეთიდანაც მქონდა.

ზვიად ციკოლიას საათების დიზაინი უმეტესად ისტორიული ფაქტებით ან ტრანსპორტითაა შთაგონებული. ავტომობილები და თვითმფრინავები მისი ინსპირაციის მთავარი წყაროა. დღეს ციკოლიას ბრენდირებული საათები შვეიცარიაში იწარმოება.

განათლება კეთილდღეობის საფუძველია
– სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. პირველი ორი წელიწადი შესანიშნავი იყო, მერე ცხოვრება აირია, სწავლის ყოველგვარი პირობა მოისპო, მშობლებმა სამსახური დაკარგეს და გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო. განათლების სისტემაში მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. საზოგადოდ, სანამ განათლება არ დადგება სათანადო სიმაღლეზე, ქვეყნის პროგრესზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ვამპირია – უამრავი ნიჭიერი ადამიანი იბადება და ისე კვდება, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს. საბჭოთა ხელისუფლებას ამ მიმართულებით საინტერესო სისტემა ჰქონდა ჩამოყალიბებული – ადამიანი დასაქმებული იყო და იღებდა სტაბილურ შემოსავალს, ამასთან, თუ სამსახური მის შინაგან მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა, შეეძლო აერჩია ჰობი და თუნდაც იმავე ნორჩ ტექნიკოსთა ლაბორატორიაში საყვარელი საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული... 90-იან წლებში მოისპო სამუშაო ადგილები, პარალელურად ეკონომიკურმა სიტუაციამ თვითრეალიზაციის სხვა შესაძლებლობებიც გაანადგურა. და, რაც მთავარია, ძლიერი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. ახალგაზრდების უმეტესობამ ამ წნეხს ვერ გაუძლო და პროდუქტიული თაობა, პრაქტიკულად, განადგურდა. სამწუხაროდ, რეგრესი დღესაც გრძელდება.


თანამედროვე ლექტორები წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენილ სიახლეებს და აცნობდნენ სტუდენტებსაც, სახელმწიფო აპარატი კი გრძელვადიან გეგმებს უნდა სახავდეს – სულ მცირე, ოცდახუთწლიან პერსპექტივაზე გათვლილს. სწორედ ასე მოიქცნენ ფინელები და დღეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექვსეულში არიან განათლების სისტემის პროდუქტიულობის თვალსაზრიით.
განათლების სისტემის მოშლა ტერორისა და გენოციდის ერთ-ერთი საუკეთესოდ აპრობირებული ფორმაა. გაუნათლებელი ერი იოლი სამართავია, რადგან იდენტობას და ყოველგვარ ამბიციას კარგავს.
ქართველმა ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ კაცობრიობის მომავალი მეცნიერებაა და არა ტაშ-ფანდური, ლექსები და სადღეგრძელოები. დღეს არჩევანი ერთია – ან ხარ ავანგარდში, ან რჩები ლუარსაბად. უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – განათლებული სახელმწიფო თუ...

ლუარსაბია
– საქმე ის არის, რომ ხელოვნება საქართველოში კვლავ პრივილეგირებულ სფეროდ ითვლება. მხოლოდ კულტურითა და ისტორიით ვცდილობთ საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღების მიპყრობას. რა თქმა უნდა, უნიკალური ფოლკლორი და კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს, მე თვითონ ათი წელიწადი ხალხური სიმღერით ვიყავი გატაცებული. საზოგადოდ, მიყვარს მუსიკა. ბოლოს და ბოლოს, ხელოვანთა ოჯახში გავიზარდე: მამაჩემი, ვალერიან ციკოლია, რეჟისორი გახლდათ, დედა, მედეა ბურაძე – მსახიობი. რეჟისურა რომ ამერჩია, შესაძლოა არანაკლები წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ ტექნოლოგიები ვარჩიე. მინდა, საქართველოსთან ასოცირდებოდეს მეცნიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველაფერი, რასაც ქვეყნისთვის პროგრესის მოტანა შეუძლია.

ოჯახი
– ვიტყოდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე მყავს – მარინა ხორავა. ისიც დიზაინერია, Air Georgia-ში გავიცანი და პროფესიამ დაგვაკავშირა. პროფესიონალია, კარგი გემოვნება აქვს, ამიტომ მისი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემს წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის დამსახურებაა.
ორი ვაჟი გვყავს. უფროსი, ბუბა, შესანიშნავად ხატავს, ეზოთერიკა და ფილოსოფია იტაცებს. უმცროსს, ივას, დიზაინი აინტერესებს. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ – ფანტასტიკური ხედვა აქვს. თუ საბოლოოდ ეს გზა აირჩია, მჯერა, დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

ჯანსაღი წესი
ინტერვიუს დასასრულს ზვიად ციკოლიამ თავისი ჯანმრთელობის რეცეპტი გაგვანდო: უნდა სვათ ბევრი წყალი და ბევრი იაროთ ფეხით.
თავად სიგარეტს არ ეწევა და რაციონში ცომეულის შეზღუდვასაც ცდილობს. სულ უფრო ხშირად მიირთმევს ჯანსაღ საკვებს. მიაჩნია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის კულტურის მაჩვენებელია.
ჩვენს მკითხველს კი ბატონმა ზვიადმა ჯანმრთელობა და უკეთესი მომავალი უსურვა – ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა და პროფესიული პერსპექტივა ექნებათ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: